ინდიგო: როგორ ასწავლით ხმებზე მუშაობას და შეიძლება თუ არა, ყველამ ისწავლოს ხმაში მუსიკის ამოცნობა, მისი მოსმენა?

ბოლო კითხვიდან დავიწყებ: სწავლა ყველას შეუძლია. ამ საქმიდან რა გამოუვა, სრულად მასზეა დამოკიდებული. მე რას ვასწავლი, თითქმის არანაირ როლს არ თამაშობს საბოლოოდ. კი არ ვასწავლი, ფაქტის წინაშე ვაყენებ – მოუსმინოს.

სმენა ისეთივე რამეა, როგორიც ხედვა. შემოქმედება იწყება რაღაცის დანახვით – რაღაც სრულიად ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის დანახვით, ხო სწორია? ვცდილობ, ეგეთ სმენას კი არ მივაჩვიო, ეგრე მოსმენის საჭიროება დავანახო. სულერთია, რას უსმენენ – რომელიმე ყალბი პოლიტიკოსის სისულელეებს, რომელიმე პათეტიკური ქართველი კლასიკოსის ნაწარმოებებს, თუ რომელიმე მათთვის ძვირფას ადამიანს – ყოველთვის ვურჩევ, ეცადონ, ამ ჩანაწერის ჟღერადი თვისებები დაინახონ. კი არ გაიგონონ, არამედ დაინახონ. რაც უფრო მალე დაინახავენ, რომ რაღაც მთლად „ჩვეულებრივად“ არ არის, თუნდაც მათთვის ძვირფასი ადამიანის ხმის (ან ხმების) მოსმენაში, მით უკეთესი, რადგან ეს უკვე, თავისთავად, განვითარების მაჩვენებელია.

ინდიგო: რით იწყებთ პირველ ლექციას – რა უნდა გაიგოს პირველად მოსწავლემ მუსიკის შესახებ?

პირველ ლექციას საკმაოდ უცნაურად ვიწყებ, უკვე რიტუალად გადამექცა, ჩავურთავ ხოლმე ტრევორ ვიშარტის ერთ ჩემს საყვარელ ნაწარმოებს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე „პოზიტიურ“ და, ამავე დროს, ვირტუოზულ ნაწარმოებად მიმაჩნია – Vox 5... ჩათვალე, რომ მის მოსმენაზე არაერთგვაროვანი რეაქცია უკვე გარანტირებული მაქვს, დაპროგრამებულივით: შეიძლება, ეგრევე დისკუსიაში ჩავებათ (ეს უკეთესი ვარიანტი იქნებოდა), ან – უარესი – ჩემთვის საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, როცა ყველა მოკუმავს პირს და ჩუმად, თავისთვის გადაწყვეტს – „ვააა, ეს სად მოვხვდიო“. ასეთ დროს ძალიან დიდი ენერგია და „ზედმეტი“ მრავალსიტყვაობა სჭირდება შთაბეჭდილების ისევ კარგისკენ მობრუნებას. ელექტროაკუსტიკური მუსიკა, ინსტრუმენტულ და ცოცხლად დაკრულ მუსიკასთან შედარებით, რამდენიმე ნაკლით გამოირჩევა, მაგალითად იმით, რომ სრულიად მოკლებულია ჟესტის – ხილული საშემსრულებლო აქტივობის – კომპონენტს. ეს „უჟესტობა“, სანამ ერთგვარი ჟესტი გახდება თვითონ, დისკომფორტს იწვევს როგორც მსმენელში, ისე – ნაწარმოების შემოქმედშიც კი.

ამიტომ ვცდილობ ხოლმე, რომ ნაწარმოების მსვლელობას ხანდახან რამე შედარებით „მუსიკალური“ ჟესტიკულარული აქტივობა, მსუბუქი მოძრაობა, მეტიჩრულად კი არა – მოზომილად, არაპათეტიკურად გაყოლებული ხელი თუ მიმიკა შევაშველო და ამით სტუდენტებს ცოტათი მაინც მივანიშნო იმ მომენტში მჟღერი და პირველი შეხებისას მაინც ალბათ „უცხო“ მუსიკალობა. მერეც, პირველი აღშფოთების, კითხვის ნიშნების, არასწორი შთაბეჭდილებების ტალღა რომ ჩაივლის, უფრო პირდაპირ და დეტალურ ეპითეტებსაც შეიძლება მივმართო, მაგალითად – რომ ეს ნაწარმოები სიყვარულით / სიკეთით / იუმორით (და ა.შ.) არის გამსჭვალული, რომ მასში ბევრია ირონია, თვითირონიაც და მაიმუნობაც კი, ინდუისტური შივას მრავალსახეობის შესატყვისი ვირტუოზული ტრანსფორმაციების დროს. კურსის განმავლობაში ამ ნაწარმოებს ერთი-ორჯერ კიდევ ვუსმენთ, ერთხელ – ოთხარხიანი ვერსიითაც (თან თავს ვიწონებ ხოლმე, რომ ამის კვადროფონული ვარიანტი მაქვს). ვერბალურ ტექსტს ვავალებ თემაზე „რა არის მუსიკა?“ და ა.შ... ასე გადის პირველი თვეები სმენის და მოსმენილ-განცდილის გააზრების სწავლაში, იმაში, რომ სტილისტურად ოდნავ მაინც გათავისუფლდნენ კლიშეებისგან, რითაც მთელი ჩვენი განათლებაა გაჟღენთილი. თუ საშუალება გვაქვს, ვცდილობ ხოლმე, რომ შევიკრიბოთ სადმე პარკში, დავსხდეთ და, სანამ ორნი წასულები არიან ხმებზე „სანადიროდ“ და და აკუსტიკური თავგადასავლების ჩასაწერად, დანარჩენები ვისხდეთ, ვსვამდეთ ლუდს, ვბაასობდეთ თემებზე, ამ კომფორტულ სიტუაციაში რომ უფრო ადვილად ითქმება, ვიდრე – სალექციო რეჟიმში.

ინდიგო: საერთოდ როგორ ხედავთ თქვენი, როგორც მასწავლებლის ფუნქციას?

სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ მასწავლებლობა მომიხდებოდა. იძულებული ვიყავი, ჯერ საქსოფონის სწავლება დამეწყო, იმის მიუხედავად, რომ საქსოფონისტად არ ვთვლი თავს. მერე ჯაზის იმპროვიზაციის მასწავლებელი, ესეც – მარტო ერთი და არამთავარი ასპექტია ჩემი მუსიკოსობის და ასე, ნელ-ნელა, ამოვყავი თავი მასწავლებლის ამპლუაში. როცა სტუდიის ასისტენტი გავხდი და ძალიან ბევრი და ინტენსიური სწავლა დამჭირდა მე თვითონაც, რომ სხვა სტუდენტების საჭიროებები და კითხვები დამეკმაყოფილებინა – მაშინ დავინახე ალბათ მთელი სიცხადით, თუ რა მნიშვნელოვანია სწავლება იმისთვის, რომ უკეთ ვისწავლო. ეს ეხლაც ჩემს ბუნებრივ მდგომარეობად მიმაჩნია და ძალიანაც მომწონს, როცა მოსწავლე არ არის „გურუს“ ხელებს შემყურე, მისი დაღეჭილი სიტყვის გამგრძელებელი და როცა პირიქით, სწავლა ინტერაქციული პროცესი ხდება და სწორედ ამ ინტერაქციაში იხსნება მოსწავლეც, მთელი თავისი სასწავლო შესაძლებლობებით და მასწავლებელიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზოგჯერ როლები იცვლება და მოსწავლეებისგან უკან მომიბრუნდება ხოლმე ბევრი კითხვის ნიშანი, ან სულაც პასუხი, აქამდე არსებულ პასუხზე უფრო სწორი და ჩემი აქამდელი ცოდნის რაღაცნაირი „update“...

ინდიგო: როგორ ხსნით ჩაკეტილ, სტერეოტიპების ტყვეობაში გამოკეტილ მოსწავლეს?

სტერეოტიპულად თავდაჯერებულ მოსწავლესთან ურთიერთობით (და, რაღა დაგიმალო, ნერვების მომშლელიც შეიძლება იყოს მასთან ჭიდაობა), ჩნდება ისეთი კითხვა, რომელიც ძალიან ღია ტიპთან ურთიერთობაში შეიძლება არც კი დაისვას. ხოლო თუ კითხვები არ მიჩნდება, ვზარმაცდები. ასე, სრულიად ზარმაცულად შემეძლო მემუშავა გერმანელ სტუდენტებთანაც – მათ უკვე იმდენი რამე იცოდნენ, ისიც კი, რისი სწავლა უნდოდათ. აქ ალბათ სხვანაირად ვიქცევი, რადგან ასეთ დროს ვხედავ სასიცოცხლო საჭიროებას, რომ ჰორიზონტი გაიხსნას, რომ მოსწავლეს რწმენა ოდნავ „მოუჯაყჯაყდეს“, შეეშინდეს კიდევაც, საკუთარი თავდაჯერებულობა ცხვირში მოხვდეს. ამ დროს პედაგოგიური ფხის გამოჩენა მმართებს – თუ ყველამ ყველაფერი ვიცით – მეც და მათაც, აბა, რა უნდა გამოგვივიდეს საინტერესო? ამიტომ ჩემი თავისთვის კითხვების დასმით ვიწყებ. თუ ეს კითხვები მათაც გადაედებათ, ესე იგი, მაინც რაღაც გამოდის. თუ ერთად დავფიქრდებით იმაზე, თუ მაინც როგორ უნდა ვიურთიერთოთ მუსიკასთან, რომლის ენაც ჩვენთვის უცხოა, ან რატომ უნდა ვიურთიერთოთ – უკვე კარგია. სტუდენტი, რომელიც ჯიუტობს, ხანდახან უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ჰო, სტუდენტი, რომელიც ყველაფერზე კვერს გიკრავს, ასევე მეტ ყურადღებას ითხოვს, რადგან ისიც „შეჯანჯღარების“ ღირსია, რადგან თუ ყველაფერში უპირობოდ გეთანხმება, შეიძლება თავის გზასა და აზრს ვერც ვერასდროს მიაგნოს. ამიტომ – „სიტუაციურად ვმოქმედებ“.

ინდიგო: როგორ ცვლის ხმას და ჟღერადობას ახალი დრო, ვთქვათ, ჯაზის შემთხვევაში?

ჯაზს ძალიან დაეტყო ახალი მუსიკა, მაგრამ ჯაზი ყოველთვის ასე იყო – ნიადაგი, რომელშიც ახალი მუსიკის ნებისმიერი ასპექტი რომ ჩაგეთესა, იმ წუთშივე აყვავდებოდა ხოლმე; სკრიაბინის მუსიკა იქნებოდა თუ მანამდე – მალერის, თუ კიდევ მანამდე – ბახის – ყველაფერი აისახა ჯაზში.

ამიტომ ჯაზი შეცვალა თანამედროვე მუსიკამო – ვერ იტყვი: ჯაზი ყოველთვის ცდილობს, თანამედროვე მუსიკა იყოს. თომას ედისონის შემდეგ, როცა აუდიომოვლენის ფიქსირება და რეპროდუცირება გახდა შესაძლებელი, მთლიანად თავდაყირა დადგა მუსიკა და არა მხოლოდ ჯაზი – უკვე მუსიკის შენახვის ადრინდელი საშუალება – ნოტაცია, აღარ არის მუსიკის ფიქსირების ერთადერთი საშუალება, პარტიტურა კი – ერთადერთი მედიუმი, რომ მუსიკა, ერთ დროს შექმნილი, მერეც ისე აჟღერდეს, როგორც ის ადრე – ვთქვათ, 300 წლის წინ – შეიქმნა.

ჩარლი პარკერის მემკვიდრეობა, მაგალითად, მისი დატოვებული ჩანაწერებია და არა ნოტებით ან ვინმეს ზეპირი გადმოცემით შემორჩენილი პრაქტიკა. ჩარლი პარკერიც ფირფიტებიდან სწავლობდა ლესტერ იანგის დაკრულს. ჯაზის განვითარება ისეთივეა, როგორიც ზოგადად მუსიკის და ხელოვნების ყველა დარგის: რაც მოხდება ჩვენ გარშემო, ყველაფერს ირეკლავს და მუსიკაში რაც მოხდება, ხომ – მით უმეტეს. მუსიკაც თვითონ არის ეგეთი – რაც ხდება, სულერთია, ატომური ბომბი იქნება თუ სოციალური რყევები, ყველაფერს ასახავს თავის თავში. ხელოვნების დარგებში იქნებ სწორედ მუსიკა იყოს, თუ ყველაზე რეფლექსიური არა – ერთ-ერთი მაინც... ელექტროაკუსტიკურმა ტექნოლოგიამაც ხომ ძალიან ბევრი რამ შესძინა, სწორედ – მუსიკას: მუსიკოსი პირველად გახდა ჟღერადობის (საუნდის) კომპოზიტორი, როცა მანამდე მხოლოდ არსებული ჟღერადობების ერთმანეთთან შემრევად გვევლინებოდა: ტემბრი იყო გარდაუვალი ფიზიკური აუცილებლობა, განპირობებული ობერტონული სტრუქტურით – დაუძლეველი ფიზიკური რეალობით. დღეს – ელექტრონული საშუალებით მიღებული სუფთა, უობერტონო, ელემენტარული რხევის მეშვეობით, უკვე ყველა ტემბრის – არსებულის თუ არარსებულის – შექმნა და უზუსტესი კონტროლია შესაძლებელი. ეს არის მიღწევა, რომელზეც მუსიკა ვერასდროს იტყვის უარს. მუსიკას, მთელი თავისი აბსტრაქტულობისა და თავისუფლების ფონზე, მაინც გარკვეული სიზუსტისა და წესრიგისადმი აქვს მიდრეკილება. მუსიკაში ქაოსიც კი რიცხვებშია დაზუსტებული და ასე მოდელირებული. პირიქითაც რომ ვთქვათ: ყველაფერი, რაც რიცხვებში შეიძლება აღიწეროს, პირდაპირ შეიძლება „გადაითარგმნოს“ მუსიკად, რომლის პარამეტრებიც – რიცხვებია, რაც არ უნდა პირველადი გვეჩვენოს ჩვენი ფიზიკური შეგრძნებები და ესთეტიკური აღქმა.

ზოგი ამბობს ხოლმე, დანანებით, რომ მე-20 საუკუნემ და ტექნოლოგიურმა წინსვლამ მუსიკას ბევრი რამ დაუკარგა, „გააღარიბა“, „გააცია“ და ა.შ. მე მგონი – მრავალსიტყვაობა, პათეტიკურობა და ესთეტიკური „მუზეალობა“ დაუკარგა და ამაში არაფერი ცუდი არ უნდა იყოს: რატომ უნდა შერჩენოდა დღეს შექმნილ მუსიკას ის „სამუზეუმო“ ატრიბუტიკა და კონტექსტი, თუკი ყველაფერი დანარჩენი, პირველ რიგში კი აზროვნება და სახეთმეტყველება – დღეის და დღევანდელობის ანარეკლია? წარმოიდგინეთ, დღეს რომ ვინმემ დავით გურამიშვილის ენით წეროს ან ილაპარაკოს, ან მობილური ტელეფონის  და ელექტრონული ფოსტის ნაცვლად მტრედები აფრინოს წერილებით აქეთ-იქით...

ინდიგო: ერთ დროს ანჩისხატში გალობდით და საქსოფონზე უკრავთ. ჯაზს და საგალობლებს თუ აქვთ შეხების საერთო წერტილი?

ერთი შეხედვით, არც არაფერი, მაგრამ, მეორე მხრივ, მთლად ეგრეც არ არის. საერთო წერტილი – მუსიკაა და კიდევ ალბათ ის, რომ მუსიკის მრავალგვარობა, უფრო სწორად – ამ მრავალგვარობის ავთენტურად, „ორიგინალში“ განცდა და პრაქტიკა, როგორც პერსპექტივა, ყოველთვის მიზიდავდა. ანჩისხატის მგალობელი ვიყავი 1988 წლიდან, დაფუძნების დროიდან, სანამ გერმანიაში წავიდოდი და როგორც მუსიკალური, ისე ადამიანური (სულიერი, გონებრივი) გამოცდილების თვალსაზრისით – სრულიად განუმეორებელი რამ იყო ჩემთვის. ამას წინათ კვლავ მომიწია ანჩისხატის ანსამბლთან ერთად მუზიცირება პოლონეთის ქალაქ ლიუბლინში, თანამედროვე და ტრადიციული მუსიკალური სინთეზის ფესტივალზე, სახელად kody. ოღონდ ამჯერად – ისინი გალობდნენ და მღეროდნენ, მე კი ჩემი საქსოფონით და ელექტრონიკით ვუკრავდი ინტერლუდიებად ერთგვარ რეფლექსიებს. ჩემთვის უაღრესად ემოციური ეს მუსიკალური სიტუაცია მსმენელისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და – თვითონ ანჩისხატელებისთვისაც: მოგვიანებით გავიგე და ძალიან გამიხარდა, რომ მათ ერთობლივი მუზიცირება ჰქონიათ მოდულარული სინთეზატორით მომუშავე ჩემს ყოფილ სტუდენტთან, ამასობაში კოლეგასა  და მეგობართან (ბერლინში გვაქვს სულ მალე კონცერტი სხვა ქართველ ელექტრონიკოსებთან ერთად!) – თორნიკე მარგველაშვილთან.

ამგვარ გადაკვეთებს და გადახლართვებს მუსიკაში იქნებ არც ეწეროს ძალიან დიდი პოპულარობა, მაგრამ შემოქმედებითი პერსპექტივაც და ემოციური მუხტიც, მე მგონი, უზარმაზარი აქვს.

ინდიგო: თანამედროვე დროში შექმნილი საგალობელი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გაიჟღერებს? უნდათ ადამიანებს კვლავაც საგალობლები?

დღეს ლექციაზე ვასმენინებდი ალვინ ლუსიეს I’m sitting in a room-ს. ეს არის კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებაც თითქმის მთლიანად ემყარება სხვადასხვა ფიზიკური მოვლენის და ფენომენის ესთეტიკურ განცდას. 45-წუთიანი ფრიად ძნელი ნაწარმოებია, ამიტომ „მოთელვისთვის“ ლუსიესავე სხვა ნაწარმოები მოვისმინეთ, „ფორტეპიანოსა და სუფთა ტალღური ოსცილატორებისთვის“. აქ ფორტეპიანო უკრავს იმ ტონებს, რომლისკენაც მიისწრაფვიან, ან რომელსაც შორდებიან სინუსტონები. ლექციაზე ვთქვი, როგორი მედიტაციური ნაწარმოებია-მეთქი, არა? კიო, დამეთანხმნენ, მაგრამ მერე გავამძაფრე: მხოლოდ მედიტაციური კი არა, ლიტურგიულსაც კი დავარქმევდი-მეთქი. ჩემთვის მართლა გალობასავით იყო. მართლაც რაღაცნაირი ღვთისმსახურებრივი განცდა აღიძვრებოდა ამ ინსტრუმენტისა და ტალღების ინტერფერენციით! ვინმეს, ზედმეტად ტრადიციულად მოაზროვნეს, შეიძლება მკრეხელობად მოეჩვენოს, მაგრამ მგონია, რომ რელიგიური განცდა არ არის  მხოლოდ რომელიმე სარწმუნოების ან აღმსარებლობის საქმე ან კომპეტენცია, ან საკუთრება, ისევე, როგორც სილამაზეს ვერ დაისაკუთრებს ხელოვნების ვერცერთი დარგი ან სტილი. ყველამ შეიძლება ადიდოს ღმერთი თავის ენაზე. ხანდახან შეიძლება ისეთი დახვეწილი ფორმითაც, რომ მთელი ტრადიციული, მანამდე არსებული ფორმოლოგია და მეთოდიკა გვერდზე დაგვრჩეს. ყველამ შეიძლება წეროს საგალობლები, ზოგმა – შეგნებულად – ძველ სტილში, ზოგმა კი ახალ ენას, ახალ ბგერებს და ახალ საშუალებებს მიმართოს.

ინდიგო: რა მოგწონთ ჯაზში – ამდენი წლის მერე, ახლა როგორ გასცემთ ამ კითხვას პასუხს?

ჯაზში მომწონს ზუსტად ის, რაც კომპოზიციაში გადამწყვეტი არ არის – მისი წამიერება. ჯაზი წამიერი ხელოვნებაა. იმ წამში რაც ჟღერს და როგორც ჟღერს, ეგ არის. ადამიანები ერთმანეთთან სულ სხვანაირად უკრავენ და კომუნიცირებენ, ვიდრე – ორკესტრში, დაწერილი, დადგენილი და დირიჟორის მიერ მართული მუსიკოსების კრებულში. ბევრი კომპოზიტორი, ჩემსავით, უშვებს ხოლმე შეცდომას, როცა წერს ორკესტრისთვის და არ დაფიქრდება, რომ 100 ერთად შეკრებილი ინსტრუმენტალისტისთვის კი არა – ორკესტრისთვის, ერთი (!) ინსტრუმენტისთვის წერს! მეც ყოველთვის ვიცი, რომ ვუშვებ ამ შეცდომას, როცა ორკესტრისთვის ვწერ და – მაინც ასე ვაკეთებ, ვერ გადამილახავს ბევრი მუსიკალური ინდივიდუუმის ერთად დაკვრის მხატვრული ცდუნება, თუ, რა დავარქვა, ხიბლი ალბათ… კომპოზიციის სპეციფიკად იმასაც ვახსენებდი, რომ იქ თითოეული რამ, რაც ხდება, მართლაც რომ – „მოსახდენია“, წინასწარ განსაზღვრული, დადგენილი და – კომპონირებული. ჯაზში კი სწორედ ამის საწინააღმდეგოა ჩემთვის ძვირფასი: ყველაფერი, რაც ხდება – მართლაც რომ ხდება, შეგემთხვევა, ან შენი, ან კოლეგების ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც შეცდომა, მხოლოდ და მხოლოდ გარემოებაა, „მომხდარი“, რომელზეც ახალი შემოქმედებითი აქტივობა უნდა აიგოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს „შემთხვევა“ და „მოხდენა“. ორივე ეს მომენტი, კომპოზიციისაც და იმპროვიზაციისაც, უმნიშვნელოვანესი მუსიკალური კატეგორიებია, რომელთა ერთმანეთისგან რადიკალურად გამიჯვნა შეუძლებელიცაა: ერთი რაღაც დოზით მუდამაა მეორეში და მეორე – პირველში. ამ ორის ურთიერთობა და დოზირება – კიდევ ერთი ფასდაუდებელი მუსიკალური განცდაა, ურომლისოდაც, ალბათ, არც დამაინტერესებდა მუსიკოსად ყოფნა...

ინდიგო: კლასიკური მუსიკა როგორ ცოცხლობს თანამედროვე ყოფაში, რატომ არ კარგავს აქტუალურობას და უფრო რომელ მოსაზრებას ემხრობით: კლასიკურმა მუსიკამ თავი ამოწურა, თუ თანამედროვე კლასიკური მუსიკის არსებობაა ამ პესიმისტურ თეორიაზე პასუხი?

კლასიკური მუსიკა ჩემთვის არ არის არც ვენის კლასიკა, არც ახალი ვენის სკოლა, არც რომანტიზმი და არც ბაროკო. კლასიკური მუსიკა არის მთავარი არხი, მთავარი ხნული მუსიკის ისტორიაში; ის კვებავს ყველა დანარჩენ მუსიკალურ სტილს. მასზე ვერ იტყვის უარს ვერც ის, ვისაც არანაირი მუსიკალური ფონი არ ჰქონია და, მით უმეტეს, ვერც ის, ვინც „კლასიკურ მუსიკას წარმოადგენს“, შემსრულებელი იქნება, კომპოზიტორი თუ – კრიტიკოსი. ამ ყველას, უბრალოდ, ხშირად უნდა შევუძახოთ ხოლმე, რომ თავიანთი თანამედროვეების მუსიკაც გაიაზრონ, განიცადონ, „წარმოადგინონ“, რასაც, მაგალითად, ნანა ხუბუტია და რეზო თავაძე მუდამ ემსახურებოდნენ, მაგრამ რასაც შემსრულებელთა უმრავლესობა დღეს კვლავაც გვერდს აუვლის ხოლმე და უკვე ნახსენებ „მუზეალობას“ მიმართავს, გამოცდილ, აღიარებულ, „აპრობირებულ“ ღირებულებებს...

„რატომ წერენ დღეს ასეთ მუსიკას ჩემი თანამედროვეები?“ – მუსიკოსი, შემსრულებელი თუ ამ კითხვას თავის თავს არ უსვამს, ის ჩემთვის კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი კი არ არის, არამედ სწორედ იმ მუზეალური ესთეტიკური კონვენციის, ერთგვარი სექტის მიმდევარივით, გეტოსავით ჩაკეტილა მისთვის გასაგებ და მყუდრო „კლასიკურ მუსიკაში“.

ამიტომ შენი ნახსენები კითხვა „ამოწურვის“ შესახებ ალბათ თავისთავადაა არასწორი: თავისი თავი შეიძლება ამოწუროს რომელიმე სტილმა, მანერამ, ესთეტიკურმა ხედვამ ან ტექნიკურმა არსენალმაც კი. კლასიკური მუსიკა კი მუდამ იქნება ყველაზე ღრმა, ყველაზე ექსპერიმენტული და ყველაზე დამაჯერებელი სფერო, რომელშიც მუსიკა მართლა ვითარდება. დანარჩენი მუსიკა ამ განვითარებას აუწყობს ხოლმე ფეხს, ხანდახან გაუსწრებს, მერე კლასიკა საზრდოობს ამ რაღაცებით, მაგრამ ინტერაქციაში კლასიკური მუსიკა მთავარ კალაპოტად და ლიანდაგად რჩება და იცი, რატომ? იმიტომ, რომ მუსიკა არ არის არც მარტო ლოკალური, არც მარტო გასართობი, ან სამომხმარებლო თუ საპიჟონო თუ სასნობო ხელოვნება, ეს არის აზროვნება. კლასიკური მუსიკის ისტორია კი მუსიკალური აზროვნების ისტორიაა.

ინდიგო: მუსიკის სმენა, ვთქვათ, თქვენს თინეიჯერობაში, ნიუანსობრივად რით განსხვავდება მუსიკის სმენისგან დღეს?

ბავშვობის მოსმენები ალბათ მაინც ძალიან გულუბრყვილო იყო და მაინც – ორი, ახლაც რომ მომწონს, ისეთი მუსიკალური მოგონება მაქვს: შუბერტის ექსპრომტი, 90-ე ოპუსის – მეოთხე, As Dur; და – პროკოფიევის „პეტია და მგელის“ ის მომენტი, კლარნეტის დაკრული, კატა ჩიტს რო ეპარება… შემდეგი მუსიკალური მოგონებებიც, „წმინდა“ მუსიკალური იქნებოდა თუ ცოტა „ელექტრონულიც“, დღევანდელი გადასახედიდან (მაგ. ძილისპირულის მელოდიის დროს სახლის რადიოს დისტორციული ხრიალი ან – ფეხბურთის მოედნის ახლოს მაღალი ძაბვის ბუნკერის ზუზუნი, ჩიტების ჭიკჭიკში და ბავშვების ყვირილში არეული...) – მაინც უფრო ღიმილისმომგვრელი და სუბიექტურად ემოციური მგონია. არ მავიწყდება ბრამსის სავიოლინო კონცერტი, რომელიც, მოგვიანებით, სხვა ათასი შესრულების და თეორიული ანალიზის კონტექსტში განცდილი, მაინც ერთ მოტრიალე ფირფიტასთან ასოცირდება, შუაში რომ AMIGA ეწერა, ტრიალებდა და მე რომ მონუსხულივით დავშტერებოდი. პრეფერენციებიც, რა თქმა უნდა მუდმივ ცვალებადობაშია და ამ ცვლილების და ჰორიზონტის გაფართოების, ცოდნის გაღრმავების და გემოვნების დახვეწის ფონზე მაინც აღმოჩნდება ხოლმე „საკვანძო”, განუმეორებელი, უცვლელი ღირებულებები, რომელთაც დრო ვერაფერს აკლებს… ეს ცვლა, მდინარება, გადასინჯვა, მივიწყება, დაბრუნება, ხელახლა აღმოჩენა – დღესაც გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ასე იქნება...

ინდიგო: სადამდე მიდის თქვენი ცნობისმოყვარეობა მუსიკაში – რა ტიპის/ჟანრის მუსიკისთვის მოგისმენიათ მხოლოდ იმიტომ, რომ გინდოდათ, ჩაწვდომოდით? არის მუსიკა, რომელსაც ვერ მოუსმენდით?

ახლა ხომ იცი, საიდან მოვდივარ? – ელექტროაკუსტიკური მუსიკის ისტორიის და ესთეტიკის კურსთან ერთად მოვისმინე 45-წუთიანი I’m sitting in a room (მეორედ ვახსენებ უკვე). ამას ვუსმენ სემესტრში ერთხელ თუ არა, წელიწადში ერთხელ თუ არა, ორ წელიწადში ერთხელ – ნამდვილად. ეს ნიშნავს, რომ 15-ჯერ მაინც მაქვს მოსმენილი. წესით, უნდა ვიცოდე, რა მელოდება და მზადაც ვიყო, მაგრამ ძალისხმევა, რომელიც ამ ნაწარმოების მოსასმენად არის საჭირო, არცერთ ჯერზე არ მიმსუბუქდება, პირიქით, ყოველთვის არის საკმაოდ მძიმე.

რა თქმა უნდა – ყოველთვის მზად ვარ, კიდევ ერთხელ განვიცადო რამე, რამაც პირველ მოსმენაზე ვერც დამაჯერა, ვერც თავი მომაწონა, ვერც ვერაფერი, მაგრამ არსებობს რამდენიმე მუსიკალური გაელვება, რომელიც ახლაც კი მზარავს და რომელსაც შეძლებისდაგვარად მუდამ ავუვლი გვერდს. მაგალითად, რამდენიმე ქართველი რომ გამოვა და შლაგერულ, პოპულარულ, ქართულ სიმღერას იმღერებს, უცბად დაიღრიალებს, მაღალი სუფთა ხმით, მოტკეცილი პიჯაკით, ისეთი შემზარავია ხოლმე ჩემთვის, ცუდად მხდის. ასევე მემართება გერმანულ შლაგერზე, რომელსაც როგორ მღერიან და უსმენენ, ვერასდროს ჩავწვდები. ხანდახან კლუბური ელექტრონიკის „შედევრების“ მოსმენა მიხდება ხოლმე დამწყები სტუდენტებისგან, რომელიც პრეტენზიულია და, ამავდროულად, პრიმიტიული – არაფერი ახალი არ აქვს ნაპოვნი და მიბაძვით იწერება. ეგეთი ტრეკი ერთიც კი არ შემიძლია მოვისმინო ბოლომდე, მაგრამ ამ დროს ირთვება რაღაც მექანიზმი, სპორტული აზარტივით, სტუდენტის „გადმობირებისა“ უფრო სერიოზული და გულწრფელი მუსიკალური აზროვნებისკენ, ხანდახან არცთუ ისე წარუმატებლად… მაგრამ, იცი – მუსიკის ხარისხი და „სიკარგე“ ხანდახან იქნებ არც იყოს არაფერ შუაში: მაგალითად, მიყვარს ტანგო, როგორც მუსიკა, მაგრამ თუ არ ცეკვავენ, მარტო მუსიკალური სამი ნომრის მერე, შეიძლება ვეღარ გავუძლო და სახლში მომინდეს. შემიძლია დაუსრულებლად ვუსმინო, მაგალითად, თავისუფალ იმპროვიზაციას, ჯაზსაც და კიდევ – შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ კომპიუტერული ალგორითმული პეჩის მიერ გენერირებულ მუსიკას, უსასრულოდ რომ მიდის და არაფერი რომ არ მეორდება, სანამ დენი არ გაითიშება…