„მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ,

იმიტომ, რომ მშიშარა ვარ“

დევიდ ბოუი

 

ალბათ 1982 წელი იდგა. ჭავჭავაძეზე, მიწისქვეშა გადასასვლელში „ხმის ჩამწერ სტუდიაში“ დევიდ ბოუის უკანასკნელი ალბომის კასეტაზე ჩაწერა ვითხოვე. შეკვეთის მიმღებმა, რა თქმა უნდა, მელომანმა, ეჭვის თვალით ამომხედა და მკითხა, მოსმენილი მქონდა თუ არა საერთოდ ბოუი. როცა ჩემს გათვითცნობიერებულებაში დარწმუნდა, უკმაყოფილომ ზურგი შემაქცია. გამიკვირდა ეს უდიერი დამოკიდებულება. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რა იყო მისი გაღიზიანების მიზეზი – არ ესიამოვნა „უცხო სხეულის“ შეჭრა იმ კონტროვერსიულ სამყაროში, რომელში ყოფნის პრივილეგიაც მხოლოდ ბოუის მუსიკასთან განდობილებს ჰქონდათ. თითქოს, ის მხოლოდ მათი მონაპოვარი იყო. მე კი, რიგით მოკვდავ მოზარდს, არ მქონდა ბოუის ორდენის წევრობის უფლება.

დევიდ ბოუის სიკვდილით თითქოს ადამიანთა მოდგმამ საკუთარი მეს, საკუთარი იდენტობის ნაწილი დაკარგა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ეს განცდა დაეუფლა მათაც, ვისაც არც ბოუი მოსწონდა და არც მისი შემოქმედება.

ბოუი ბევრს არ უყვარდა, თუმცა ყველა აღიარებდა. აღიზიანებდათ მისი მანერულობა და ნარცისიზმი. ბევრი ბრალს სდებდა, რომ როკმუსიკა დეკადენტურ-გლამურული მიმართულებით წაიყვანა. ბევრს კი მიაჩნდა, რომ ბოუი არტისტი იყო, რომელიც ყოველთვის სხვისი იდეებით, მონაპოვარით სარგებლობდა და უნიკალური ალღოთი ახერხებდა, სხვისი იდეები საკუთარ პერსონასთან გაეიგივებინა. ბოუის პარადოქსი იმაშია, რომ ყველა მისი მოწინააღმდეგე მართალია, მაგრამ ყველა მათი მოსაზრებაც ფერმკრთალდება იმასთან, რასაც ბოუი ჰქვია.

ის როკენროლის ნამდვილი ქამელეონი იყო. საოცრად ზუსტად გრძნობდა განწყობებისა და მენტალობის ცვლილებებს, თითქოს ერთი ფაზით ყოველთვის წინ ასწრებდა ყველას თავის ნამუშევრებში კულტურული არტეფაქტების შექმნა-დაფიქსირებას.

მაგრამ მას არასდროს მოუკლავს ის მუსიკალური ტენდენციები, რომელიც მანამდე არსებობდა. ბოუიმ უბრალოდ ალტერნატიული გზა გაკვალა და შემდგომი თაობის არტისტებს დაანახა, რომ კომპლექსები, ფობიები, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, ეჭვიც კი, უდიდესი შემოქმედებითი სტიმული შეიძლება გახდეს. თუ მისმა ბევრმა მიმდევარმა ამ ვექტორის გაღრმავება ვერ მოახერხა, ამაში ბოუი არ არის დამნაშავე. მოლიპულ გზაზე სიარული, უმძლავრეს ტალანტს და პიროვნულ გამბედაობას მოითხოვს.

უკანასკნელი 30 წელი ბოუი მასზე შექმნილ ფეტიშებს ებრძოდა და საკუთარ დემისტიფიკაციას ცდილობდა. უნდოდა, ყველაფერი ზედმეტი ჩამოებერტყა, რაც თავის დროზე თავადვე შეექმნა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „თუ ჩემში არასრულფასოვნების კომპლექსს განდიდების მანია გადაწონის, ე.ი. მე საკუთარი თავისთვისაც არაფერი მქონია სათქმელი“. ამიტომ გასაგებია, რატომ ასაიდუმლოებდა საკუთარ ავადმყოფობას ბოლო ალბომზე მუშაობის დროს. რატომ არავინ, მისმა უახლოესმა მეგობრებმაც კი, არ იცოდა, რაში იყო საქმე. ბოუის არ უნდოდა, მისი ბოლო ნამუშევარი გენიოსის გედის სიმღერად შეეფასებინათ, რომელიც ტრიუმფისთვისაა განწირული. და მან ეს მოახერხა. წააგო ბრძოლა სიცოცხლისთვის და მოიგო მთავარი ბრძოლა – ბრძოლა საკუთარ თავთან. ასე მხოლოდ ბუმბერაზი ადამიანები ტოვებენ წუთისოფელს.