– მსჯელობს ბრაიან ენო

ბარსელონაში Sonar ფესტივალზე მუსიკის მოსასმენად 23-ედ კი შევიკრიბეთ, მაგრამ მგონი, დღეს სივრცე აღარ რჩება, სადაც მომავლის გააზრებას, ადამიანური გამოწვევების პერსპექტივაში დანახვას არ ცდილობდნენ. Sonar-იც ასეთი აღმოჩნდა. ამ ელექტრონული მუსიკის და მედიახელოვნების (Media Art) ფესტივალის მთელი ფილოსოფია პირველივე საჯარო ლექციაში დავინახე. ბრაიან ენოს გამოსვლა სათაურით – why we play – იმდენად ინსპირაციული, გულწრფელი და მნიშვნელოვანი აზრებით იყო სავსე, რომ გადავწყვიტე, მხოლოდ მასზე გიამბოთ.

ბრაიან ენო ბრიტანელი მუსიკოსი, მწერალი, ვიზუალური არტისტი და თანამედროვე პოპმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეორეტიკოსია, რომლის არსენალში ოცდაათამდე დისკი და ათამდე წიგნია. 

„სულ ვფიქრობდი, რომ ჩემი, როგორც არტისტის მისია იყო, შემექმნა ისეთი რამ, რაც მომავლის ნაწილი იქნებოდა, – თქვა ენომ, – ჩემი აზრით, ხელოვნების დანიშნულებაც სწორედ ეს არის. ჩვენ წინ ვისვრით რაღაცას და ვცდილობთ, აწმყო მისკენ გადავქაჩოთ. როდესაც მიზანს მივაღწევთ, ისევ იმავეს ვიმეორებთ და ასე დაუსრულებლად. მგონია, რომ ამას საზოგადოება, როგორც ერთი მთელი – ისე აკეთებს, რადგან ცალკეულ ინდივიდებს ამის მიღწევა არ შეუძლიათ“.

სხვადასხვა დროს U2-ს, Coldplay-სა და David Bowie-ის პროდიუსერმა, ნეოლიბერალური პოლიტიკა გააკრიტიკა, აშშ-ში ციხეების პრივატიზაციის იდეა და ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემა კი აბუჩად აიგდო, შემდეგ ისევ თანამედროვე სამყაროს ღირებულებათა სისტემის კრიზისზე მოჰყვა ლაპარაკს. „როდესაც არსებობს პლაჟი ან ქუჩა, სადაც ადამიანებს სიარული და დროის გატარება სიამოვნებთ, რა არის მისი ღირებულება? და როგორ დავიცვათ ეს ადგილი, თუკი ბიზნესმენი იქ სასტუმროს აშენებას მოინდომებს?“ – ბიზნესმენი ასახელებს თანხას, მაგრამ ჩვენ როგორ დავთვალოთ დოლარებში ის სარგებელი, რაც თავისუფალ, საჯარო სივრცეს საზოგადოებისთვის მოაქვს? რა შეგვიძლია გავაკეთოთ ღირებული ქუჩაში?  

მუსიკაზე საუბრისას, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ნამდვილი ხელოვნების არცერთი ფორმა არ შეიძლება ფუფუნების საგნად ვაქციოთ, რადგან ხელოვნების მიზანი სულ სხვა რამეა. გახსოვთ? იდეების წინ გადასროლა... ბრაიან ენომ გენდერის და სექსუალობის საკითხის დღის წესრიგში შემოტანა სწორედ მუსიკალური სამყაროს ახლებურ მოწყობას დაუკავშირა. ძალაუფლებრივი იერარქიის ცვლილებაში კი, განსაკუთრებული როლი როკ-ენ-როლს და ზოგადად პოპმუსიკას მიანიჭა: „განსხვავებით კლასიკური მუსიკისგან, რომელსაც მკაცრი იერარქიული სტრუქტურა აქვს, როკმუსიკა მარგინალური ჯგუფებისგან მოდიოდა. ქვემოდან, მიწიდან და არა ზემოდან. აქ მსმენელი და შემსრულებელი ყოველთვის ერთ სიმაღლეზე იყო, რისი მიღწევაც კლასიკურ მუსიკაში შეუძლებელია“, – ენო აღნიშნავდა, რომ სწორედ ამიტომ შეძლო როკმუსიკამ და მოგვიანებით პოპსამყარომ ადამიანების ერთ დიდ ჯგუფად შეკრება:

„ამიტომაც ვუკრავთ, ამიტომაც უნდა დავუკრათ"...

„და თუკი ერთად, ორგანიზებულად ვიმოქმედებთ, შევქმნით საზოგადოებას, რომელიც შექმნის კულტურას, ხელოვნებას, რომელიც თავის მხრივ სადილის (როგორც ყოფითი პრობლემების მეტაფორა) შემდეგ დესერტის ჭამასავით ტკბილი იქნება... და გარწმუნებთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ".

ავტორი :
  • რეზი ხუნწელია (REZZ)