15 წელზე მეტია, სრული შემადგენლობით ერთად არ დაგიკრავთ. როგორ გადაწყდა, რომ წლევადნელ Open Air-ზე Soft Eject გამოსულიყო სცენაზე?

პეჩო: ბოლო 2 წელია პერიოდულად ვიკრიბებოდით და ცოტ-ცოტას ვმუშაობდით ხოლმე. პატარა  სტუდია გავაკეთეთ და გვინდოდა ჩვენთვის რაღაცები ჩაგვეწერა.  თუმცა, Soft Eject-ის აღდგენაზე არ იყო ლაპარაკი. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც  Tbilisi Open Air-ის ორაგანიზატორებმა შემოგვთავზეს ფესტივალზე დაკვრა. არც დავფიქრებულვარ, როცა გია ქარჩხაძემ დამირეკა, მაშინვე თანხმობა ვუთხარი. ყველა ერთად რომ შევიკრიბეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ არც არასდროს ვყოფილვართ ცალცალკე, ჩვენი ურთიერთობა მარტო ჯგუფი ხომ არაა, მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ.

პეჩო, თქვენი მთავარი პროფესია ექიმობაა, როდესაც ისევ სცენაზე დადექით და უყურებდით, როგორ მღეროდა თვქენს სიმღერებს უამრავი ადამიანი, ხომ არ მოგინდათ მუსიკაში დაბრუნება?

პეჩო: ძალიან ემოციური მომენტი იყო, თითქოს, აბსოლუტური თავისუფლების შეგრძნება. უცებ ისევ იმ ბედნიერ პერიოდში დავბრუნდი, ჩემს ყველაზე ბედნიერ პერიოდში. მერე სიცარიელის შეგრძნება დამრჩა: ეს იყო ბოლო კონცერტი? მორჩა ყველაფერი? - ვფიქრობდი. მთელ ჯგუფს გვქონდა ეს გრძნობა, რომ კიდევ გვინდოდა რაღაცის გაკეთება.

ყოფილი მუსიკოსი ალბათ არც არსებობს. ეს წლები თუ წერდით რამეს, თუნდაც თქვენთვის?

პეჩო: მქონდა რაღაც იდეები, მგარამ როცა მიზანი არ გაქვს და ეს არის მხოლოდ სიამოვნებისთვის, ამისთვის  წლებთან ერთად სულ უფრო ნაკლები დრო გრჩება.

ძალიან დატვირთული ვარ ჩემი საქმით, ნეიროქირურგიით, მაგრამ ამ კონცერტმა ისეთი სტიმული მომცა, მინდა, ისევ ვცადო.

ვახო: ჩვენ ვერ ვიქნებით აქტიური ბენდი, მაგრამ აქტიური მუსიკოსები ვართ, მუსიკალურ იდეებს ვერც ნეიროქირურგია გააჩერებს და ვერც ატომური ომი, მაინც იქნება, სანამ ცოცხლები ვართ, ისეა ყველა ჩვენგანში გამჯდარი.

რა შეიცვალა თქვენში ან აუდიტორიაში ამ წლების განმავლობაში?

ვახო: ჩვენ როცა ვუკრავდით, აუდიტორია მაშინაც დიდი იყო და ასეთსავე სიყვარულს გამოხატავდნენ, მაგრამ არ მახსოვს, დარბაზს ასე ემღერა ჩვენი სიმღერები. დაუჯერებელი იყო, რაც ვნახე: რამდენიმე ათასი ადამიანი იდგა – თინეიჯერები თუ ჩვენი ხნის ადამიანები – და მღეროდნენ; თან არა მხოლოდ Please, just carry on-ს, სხვა სიმღერებსაც. პეჩოს ახასიათებს ხოლმე პესიმიზმი. „ ვინ გვისმენს, რა გვინდა...“ ახლაც, კონცერტის დღეს, რეპეტიციაზე, გახედავდა მდელოს და უცებ იტყოდა: “ეჰ, ერთი 50 კაცი მოვა, ალბათ, მაგრამ არაუშავს, მათთვის ვიმღერებთ." საბოლოოდ კი რამდენიმე ათასი  ადამიანი გვისმენდა. თანაც, დავინახე, რომ ეს არ იყო ნოსტალგია, პირიქით დღევანდელობაში გატარებული ამბავი იყო. ვიგრძენით, რომ არ ვართ მხოლოდ ნოსტალგიური, წარსულის ბენდი. იმ ადამიანებისთვისაც კი ნაცნობი აღმოჩნდა ჩვენი მუსიკა, რომლებიც მაშინ დაიბადნენ, როცა ჩვენ დაკვრა დავიწყეთ.

პეჩო: მით უმეტეს, ახლა მუსიკალური ბაზარი იმდენად სავსეა, იმდენად ყველაფერი ხელმისაწავდომია, რომ ამ ფონზე ამდე ხალხს რომ უყვარს შენი მუსიკა, ხვდები რომ რაღაცას სწორად აკეთებ.

კარიერის დასაწყისში, 1992 წელს, მთელი ჯგუფი გერმანიაში წახვედით. რა მოგცათ იმ წლებმა როგორც მუსიკალურად, ისე პიროვნულად?

პეჩო: თავიდან მე გავყევი მამაჩემს კლინიკებში თარჯიმნად და მერე ესენი ჩამოვიდნენ, დავრჩით და დავიწყეთ დაკვრა. უზარმაზარი როლი ითამაშა იმ პერიოდმა ჩემს აზროვნებაში. უცებ მოხვდით იქ, სადაც ჩვენ თვითონ უნდა გაგვექაჩა ყველაფერი, მიგვეღო გადაწყვეტილებები. მთლიანობაში ოთხწელიწადნახევარი დავდიოდით აქეთ- იქით, წელიწადში რამდენჯერმე ვიყავით გერმანიაში. რაღაც პერიოდი ქუჩაშიც ვცხოვრობდით  და ვუკრავდით. პირველად რომ დავბრუნდით, მეგობრებმა გვითხრეს, დაბერებულხართო. მე ვუთხარი, კი არ დავბერდით, გავიზარდეთ–მეთქი. არანორმალურად ბევრს ვშრომობდით, განუწყვეტლივ  ვუკრავდით, დღეში სამჯერაც გვქონია კონცერტი. მუდმივი მუშაობა კი ხარისხს ძალიან ზრდის.

ვახო: პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ აქციებზეც  ვუკრავდით, გვქირაობდნენ ხოლმე ზოგჯერ. ერთ დღეს ერთთან, მეორე დღეს მეორესთანაც კი დაგვიკრავს. CDU-ს ყრილობაზე დავუკარით მახსოვს, და მერე SPD -ის 90 წლის თავზე. ერთადერთი პრინციპი გვქონდა, რომ ფაშისტებთან არ დავუკრავდით. ქორწილშიც დაგვიკრავს,  ერთი გასვენებაში არ დაგვიკრავს მგონი მარტო. ბორდელშიც კი გამოვედით ერთხელ, ყველაზე ფეშენებელურ ბორდელში.

დღეს მუსიკაში იმხელა არჩევანია, რომ ასე გამორჩეული და საყოველთაოდ აღიარებული ახალი ბენდები აღარ არიან, როგორც, ვთქვათ, ბითლზი ან როლინგ სთოუნზი იყო. როგორ ფიქრობთ, ციფრული ქაოსის მიუხედავად, მაინც გაიფილტრება მომავალში კარგი მუსიკა? რა არის თქვენთვის საინტერესო, ან უინტერესო დღევანდელ  მუსიკალურ ინდუსტრიაში?

ვახო: კლასიკად რომ იქცე მუსიკოსი, ჯერ საკმარისი დრო არ გასულა, ამიტომ ბოლო ათწლეულების მაგარი ტიპების ვინაობას ცოტა ხანში გავიგებთ; გავიგებთ, ვინ დარჩება და ვის მოუსმენენ 20 წლის მერეც, ვინ შეძლებს ამ ორომტრიალში დარჩენას. ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ, რა ფულიც არ უნდა ჩადო.

არჩევანი მეტია რა თქმა უნდა, მაგრამ, მაგარი მუსიკა მაინც არ დაიკარგება.

პეჩო: გაჯერება მოხდა მუსიკალური ინდუსტრიის, გადმოცემის ყველანაირი ფორმა არსებობს უკვე. ტექნოლოგია ყველაფრის საშუალებას გაძლევს. ერთადერთი, ჩემი აზრით, მელოდიის, მთავარი ხაზის  დეფიციტი  შეინიშნება ცოტა. იმდენი წელია, იმდენნაირი მუსიკა იწერება, თითქოს რაღა უნდა დაწერო. ამდენი რიმეიქი რაც ახლა კეთდება ძველი სიმღერების, არ მახსოვს. თუმცა, პერიოდულად მაინც გამოჩნდება ხოლმე რაღაც ძალიან კარგი. შეიძელება არა ისეთი ფორმით, მე რომ მიყვარს, მაგრამ მაინც. ასაკთან ერთად უფრო კონსერვატორი ხდები ადამიანი  და ზოგჯერ ახალი მუსიკის ძებნა ცოტა მეზარება, არის რაღაც რაც მოწმონს და ის მყოფნის. რაც შეეხება საქართველოს, აქ დღეს შოუბიზნესი ძირითადად კონკურსებამდეა დაყვანილი. რეალიზების საშუალება ძალიან შეზღუდულია. აწყობენ ამ შოუებს, გამოდიან  ბავშვები, წვალობენ და საბოლოოდ, რესტორანში იწყებენ სიმღერას, ეს სამწუხარო რეალობაა. ვიღაცის სიმღერის თუნდაც ძალიან კარგი შესრულება არა თუ მუსიკოსად, კარგ მომღერლადაც ვერ გაქცევს, თუ ინდივიდუალიზმი, შენი ხელწერა არ გაქვს და უბრალოდ კოპირებას აკეთებ. მუსიკოსობა მხოლოდ კარგი ვოკალი და ხმის მაღლა აწევის უნარი არაა, მისი მეორედ მოსმენა უნდა მოგინდეს, რაღაც უნიკალური, გამორჩეული  უნდა ჰქონდეს. ტომ  უეითსის ხმა რომელი კრიტერიუმით უნდა შეაფასო მაგალითად, ჩათვალე რომ ჩვენი კონკურსების ჟიური პირველივე დღეს გააგდებდა.

ვახო: Sex Pistols-საც... თუმცა, საინტერესო მუსიკოსებიც არიან და თუნდაც ის, რომ ამდენი განაცხადი შემოდის ყოველ წელს ოუფენ ეარზე, უკვე საინტერესოა. Kill Ages მაგალითად არაჩვეულებრივი ახლაგაზრდები რუსთავიდან, რომლებიც წელს ნიუ ქამერებში გვყავდა. პრობლემა ისაა, რომ სივრცეების ნაკლებობაა, სადაც ცოცხალი კონცერტები გაიმართება. ადრე უფრო იყო პატარა სცენები, არადა თუ არ არის დუღილი, ძნელია მუსიკალურ პროცესზე ლაპარაკი. მაგრამ ახალგაზრდებს  შეუძლიათ სხვა ქვეყნებშიც სცადონ ბედი, დაუკრან ყველგან, იცხოვრონ თუნდაც ქუჩაში, იმუშაონ ბევრი, მთავარია, შემოქმედებითი კომპრომისი არ დაუშვა, დანარჩენი ყველაფერი უნდა მოსინჯო. ახალგაზრდა ხარ, ოჯახი არ გაწევს ზურგზე, წადი, გაატრაკე, მიიღე გამოცდილება...

Please just carry on- ის კლიპი ერთ-ერთი პირველი პროფესიულად გადაღებული მუსიკალური ვიდეო იყო საქართველოში. 1995 წელს ამის გაკეთება ადვილი არ უნდა ყოფილიყო, როგორ იმუშავეთ ვიდეოზე?

პეჩო: ჭაბუა ამირეჯიბმა ჩამოგვიტანა ფირი, გვაჩუქა, ვიდეოს რეჟისორი, ქუცნა მისი შვილია. მაშინ საქართველოში კოდაკის ფირი ასე არ იშოვებოდა. მერე წავედით გერმანიაში და მონტაჟი არ გვინახავს. როცა ქუცნამ კასეტა გამოგვიგზავნა და პირველად ვნახეთ, საშინელ ხასიათზე დავდეგით, სხვა რაღაც წარმოგვედგინა, მაგრამ ჩამოვედით საქართველოში და აღმოჩნდა, რომ აქ მთელი ამბავია ატეხილი, ყველა ამას უსმენს.

ახლაც ხომ არ გეგმავთ გადაღებებს? რას მოიცავს თქვენი უახლოესი გეგმები?

ვახო: ვითომ, ღირს ახლა ჩვენი გამოჩენა ეკრანზე? არ ვიცი როგორი ფორმა ექნება, მაგრამ ალბათ, რამეს გადავიღებთ. ერთი, რაც დაზუსტებით ვიცი, მალე გვექნება ჩვენი ალბომის Wanderer–ის ახალი გამოცემა ცნობილ Abbey Road Studio-ში ლივერპულში. ვაპირებთ ახალი ალბომის ჩაწერასაც, რომელშიც ადრე დაწერილი და გამოუცემელი სიმღერებიც შევა და – ახალიც. მუსიკალურად გავაქტიურდით ყველანი. Soft Eject–ი, როგორც იდეა, გააქტიურდა. ალბათ, ხშირად ვერ დავუკრავთ, მაგრამ ახალი ამბები გვექნება. აი, ახლაც, 20 წუთში რეპეტიცია გვაქვს.

ავტორი :
  • ნინო ჩიმაკაძე