მულტიფუნქციური საკონცერტო -კულტურული სივრცე კლუბ BASSIANI-ს ოჯახის ახალი წევრი და ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტის Muzame-ს ახალი ბინა

SPACEHALL ახალი ჟღერადობის ცოცხალი მუსიკის და სხვადასხვა კულტურული მოვლენის სივრცეა, რომელიც იმ  პროცესებმა შექმნა, რამდენიმე წლის წინ რომ დაიწყო და ახლაც ვითარდება. 

საკლუბო სცენამ განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა. კლუბმა BASSIANI თავიდანვე განსაზღვრა თავისი თავი, როგორც არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მუსიკალური სივრცე, არამედ როგორც მოძრაობა, რომელიც ჰუმანურ ღირებულებებზე, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებზე დაშენდებოდა.

თანამედროვე სოციო-კულტურულ ცხოვრებაში, სოციალური უთანასწორობა, ჰომოფობია და არსებული უმძიმესი ნარკოპოლიტიკა განსაკუთრებით აწუხებდა ადამიანებს. ეს ყველაფერი ქვეყნის არა ერთი უდანაშაულო მოქალაქის კისერზე ტყდებოდა, სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა გაერთიანება თანასწორობის იდეების გარშემო და მიზანმიმართული ბრძოლის დაწყება. კლუბი BASSIANI საფუძველშივე სთავაზობდა ადამიანებს თანასწორ სივრცეს, სადაც ყველას, ვინც კლუბის უსაფრთხოების პოლიტიკას აკმაყოფილებდა, ექნებოდა მუსიკის მოსმენის საშუალება, განურჩევლად სოციალური, პოლიტიკური, გენდერული თუ სხვა ნებისმიერი კუთვნილებისა. იქნებოდა სივრცე, სადაც ყველაზე განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანებიც ერთად ცეკვას, გაერთიანებასა და დამეგობრებას შეძლებდნენ და ასეც მოხდა, დიახ, ჩვენ ვცეკვავთ სოციალური ცვლილებებისთვის. 

ამ დამეგობრების შედეგი გახლდათ “თეთრი ხმაურის მოძრაობა - მოძრაობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის”, რომელიც საზოგადოების ერთ-ერთ უმწვავეს საკითხს ეხებოდა. დაიწყო აქტიური ბრძოლა სადამსჯელო პოლიტიკის შესაცვლელად, ხოლო შემდეგ კი შეიქმნა HOROOM - პირველი მასშტაბური ქვიარ ფართების სერია საქართველოში, რომლის მიზანიც ქვიარ თემის მობილიზება, გაერთიანება და ჰომოფობიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის დაწყება გახდა.

ყველაფრის მთავარ საუნდტრეკად ბუნებრივია, ტექნო მუსიკა იქცა, როგორც ყველაზე სოციალური და მებრძოლი ადამიანების  მუსიკა თანამედროვე სამყაროში. ეს არც უცხოურ, საერთაშორისოდ აღიარებულ მუსიკალურ გამოცემებს დარჩენიათ უყურადღებოდ. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გამოცემები (Resident Advisor, The Guardian, Vice, Electronic Beats და.ა.შ.) ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებდნენ სტატიებს თბილისზე, როგორც ტექნო მუსიკის ახალ მექაზე, სადაც მუსიკა არამხოლოდ გართობისთვის არსებობს, არამედ რევოლუციური სოციალური და კულტურული ცვლილებებისთვის. გამოცემები აგრეთვე აკეთებდნენ აქცენტს თანამედროვე საქართველოს ახალგაზრდულ, პროგრესულ კულტურაზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კულტურაზე პოსტ-საბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში.

ამავე პერიოდში ქართულ მუსიკალურ სივრცეში გამოჩნდა ახალი ინდივიდუალური, ექსპერიმენტული პროექტი Muzame, რომელმაც ორიენტირად თანამედროვე ჟღერადობის ცოცხალი მუსიკა და ლაივ ბენდები აიღო. მიზანი აქაც იგივე გახლავთ: ცვლილებები მუსიკით. პროექტის თითოეული მოწვეული არტისტი არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ დიდი სოციალური მნიშვნელობის ბენდებს წარმოადგენს, რომლებსაც მუსიკისა გარდა, უამრავი ახალი იდეა ექნებოდათ გასაზიარებელი ქართველი მსმენელისთვის. Muzame-მაც წარმატებით აიღო გეზი და მსმენელის დიდი ინტერესისა და ერთგულების დამსახურებით, საქართველოში განვითარებული ტექნო სცენის გვერდით, გაჩნდა ექსპერიმენტული ცოცხალი მუსიკალური სცენის ჩანასახიც.

BASSIANI-სა და Muzame-ს საერთო ღირებულებებისა და მიზნების გათვალისწინებით, გაჩნდა საქართველოსთვის სრულიად ახლებური ტიპის, ალტერნატიული, თავისუფალი, მრავალფუნქციური კულტურული სივრცის შექმნის საჭიროება, რაც კლუბმა BASSIANI საკუთარ თავზე აიღო. ასე შეიქმნა SPACEHALL - თანამედროვე, საერთაშორისოდ აღიარებული ტექნიკური მონაცემებით აღჭურვილი, 1,000 ადამიანზე გათვლილი სივრცე-პლატფორმა, რომელიც ახლა უკვე თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და გააერთიანებს.

შეიძლება ითქვას, SPACEHALL ერთგვარი ქოლგა-პლატფორმაა, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ იდეასა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რადგან მისი მუშაობის პროფილი გაცილებით ფართო, მრავალფეროვანი და მასიურია. ცოცხალი მუსიკის გარდა, მოეწყობა ვორქშოპები, კინოჩვენებები, თეატრალური წარმოდგენები და საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა ღონისძიებები.

SPACEHALL უკვე მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, გამოცემა Electronic Beats-მა მას “რეივის ახალი მექა” უწოდა და სივრცის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ადგილობრივი კულტურისა და არტისტების განვითარებასთან ერთად, იქცეს ისეთივე გლობალური მასშტაბის მოვლენად, როგორც BASSIANI.

SPACEHALL 19 ნოემბერს გაიხსნება დეტროიტ ტექნოსა და ჰაუსის ცოცხალი ლეგენდის, Omar S-ის სეტით, ხოლო დეკემბერში დარბაზი Muzame-ს ფარგლებში თანამედროვე ელექტრონული პოპის სრულიად ახალ სახეს - Easter-ს, მოგვიანებით კი ალტერნატიული როკისა და ინდი პოპის ლეგენდარულ ჯგუფს, The Radio Dept-ს უმასპინძლებს.