Archive, Anathema, Leningrad - წლევანდელი Tbilisi Open Air-ის მთავარი ჰედლაინერები არიან. 

ბრიტანული ჯგუფი Archive ფესტივალს  მეორედ ეწვევა. 2015 წლის ზაფხულის კონცერტი ფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბრიტანეთიდანაა მეორე ჰედლაინერიც - Anathema,  90-იანების დასაწყისში ძირითადად Goth metal-სა და Death metal-ს ასრულებდა, მოგვიანებით კი progressive rock-ს.

რუსულ ჯგუფს, Leningrad საქართველოში, დღესაც ბევრი მსმენელი ჰყავს და ეს მათი პირველი ვიზიტია ქვეყანაში.

ფესტივალს პირველად სტუმრობს ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი მუსოკოსიც - Sevdaliza, რომელმაც თავისი გამორჩეული ხმის ტემბრითა და იმიჯით ბოლო წლებში ევროპაში დიდი ინტერესი გამოიწვია. Open Air-ის ღამის სცენაზე დაუკრავენ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, უკვე ვეტერანი ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი OXIA და გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Alex Do, რომელიც პოპულარული ლეიბლის Dystopian-ის წევრია.

წელს სპეციალურად Open Air-სთვის ორი ქართული ჯგუფი შეიკრიბება, Soft Eject და Kung Fu Junkie, რომელთაც დიდი ხანია კონცერტი აღარ ჰქონიათ. მათთან ერთად მსმენელი Young Georgian Lolitas-ის, Loudspeakers-ის, Eko&Vinda Folio-ს და სხვა ქართველ არტისტებს მოუსმენს.

ფესტივალი ამჯერადაც ლისი ვანდერლენდში ჩატარდება და სამი დღე გაგრძელდება (16, 17 და 18 ივნისი).

ბილეთები 12 აპრილიდან გაიყიდება. 28 აპრილის ჩათვლით ლიმიტირებული ( 1,500 ცალი ) აბონემენტის ფასი 100 ლარი იქნება.

TBC ბანკის ნებისმიერი ბარათით ყიდვისას კი 20%-იანი cashback სისტემა იმოქმედებს.

29 აპრილიდან ყოველდღიური ბილეთებიც გაიყიდება. აბონემენტის საბოლოო ფასი კი 150 ლარამდე გაიზრდება.