სოფი ვილი (იგივე სოფი ხუციშვილი), ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და დახვეწილი მუსიკოსია, ვინც ბოლო წლებში გამოჩნდა ჩვენში და უკრაინაშიც (პერიოდულად იქაც მოღვაწეობს). უკრაინაში მასზე უკვე წერენ, მისგან ინტერვიუებს იღებენ, მის მუსიკას აფასებენ. ამერიკაშიც მართავს მოკლე ტურნეებს და გარკვეული აუდიტორიის ინტერესსაც იწვევს. მასთან ერთად სცენაზე გამოდის ომარ ტორესი (ტომ უეტსის ყოფილი გიტარისტი) და რაიან ვონი (ლანა დელ რეის დრამერი), მისი სიმღერები როტაციაში ხვდება პრესტიჟულ რადიოსივრცეში SXSW, ხოლო ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ მის ტრეკს თვის ერთ-ერთ საუკეთესო ტრეკად აღიარებს. აი, ჩვენში, საქართველოში, მას მხოლოდ ვიწრო, დაინტერესებული წრე თუ იცნობს და ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც სოფი ვილის მუსიკაში, ბანალური, ყურის საამებლად აშკარად გამოკვეთილი „შტუკები“ არ არის, და ის საერთოდ მოკლებულია პათეტიკას. ჩვენთან კი, ასეთი მუსიკა დიდად არ უყვართ და არც არასდროს უყვარდათ. სოფი ვილის უფრო დაკვირვებით შეფასებისას აღმოვაჩენთ, რომ მის მუსიკაში გვხვდება ინდი-როკიც, ფანკ-გრუვიც, ბლუზიც, ე.წ. დაუნტემპოც და ტრიპ-ჰოპიც, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მინიშნებების სახითაა მოწოდებული და ამიტომ ლაპარაკი კონკრეტულ ჟანრულ დეფინიციაზე, ანდა ტრენდების გამიზნულ ექსპლუატაციაზე, შეუძლებელია.

პირველი, რაც ყურში გხვდება, არის ის, თუ როგორ მუშაობს „ცოცხალი“ რიტმსექცია, როგორ ხდება რიტმული აქცენტების გადანაწილება, როგორ უთმობენ ინიციატივას ერთმანეთს მუსიკოსები ტემპის ცვლილების დროს, რაც იწვევს კიდეც იმგვარ არაერთგვაროვან დინამიკას, როგორიც ქართულ რეალობაში საერთოდ არ შემხვედრია. ვილი გიტარისტიცაა და დაკვრისას, ხშირად იყენებს ინდი-როკისთვის დამახასიათებელ ე.წ. ტვანგ (twang) მეთოდს. ხანდახან აპელირებს ოლდ სქულ ბლუზზეც, მაგრამ მისი დაკვრის მანერა იმდენად მოუხელთებელია (ან გადაფარულია მო-ბრეიქბიტ-ო რიტმით, ანდაც ფანკ ბასით), ძნელია, სადმე კონკრეტულად მიუთითო, თუ რასთან გვაქვს საქმე.

მელოდიური შემადგენელი სოფი ვილის მუსიკის უმძლავრესი მხარეა, მისი ალბომები და ხანდახან ცალკეული ტრეკებიც კი, ისეა გაჯერებული მელოდიური ფრაზებით, რომ მათი განვითარების ვექტორი, ხშირად, სრულიად არაპროგნოზირებადია. ასეთი ეფექტის მისაღწევად მან შეიძლება გამოიყენოს გიტარა, ფორტეპიანო, სიმებიანი ინსტრუმენტები და საყვირიც კი. მისი სპეციფიკური ხმა და შესრულების მანერა, შეიძლება, ერთდროულად ცივიც იყოს და ემოციურიც, მაგრამ ამასთანავე ისეთი გულწრფელი და უშუალო, ყოველთვის რომ მოგისყიდის და დაგაჯერებს. ერთი შეხედვით, მისი ყველა ტრეკი და ალბომი ერთნაირი განწყობილების და, ზოგადად, ერთნაირი მუსიკალური ფაქტურის ილუზიას ქმნის, მაგრამ ყურადღებით მოსმენის შედეგად აშკარა ხდება, რომ მისი სამივე ალბომი სხვადასხვა იმპულსით არის ინსპირირებული და, როგორც საბოლოო პროდუქტი, განსხვავებული და არაერთგვაროვანია.

პირველი ალბომი – Mother Fish (2002) სოფიმ 22 წლის ასაკში ჩაწერა, მაშინ ის ცარიელი ფურცლიდან იწყებდა ყველაფერს, ამიტომაც არანაირი წნეხი, არანაირი „პასუხისმგებლობა“ საკუთარი რეპუტაციის მიმართ მას ჯერ არ აწვალებს, ამიტომაც იგრძნობა სპონტანურობის, სილაღის, ხანდახან უდარდელი აკუსტიკური თამაშის ილუზია. ყველა ტრეკი სტაბილურია, ერთნაირად მომხიბლავი და მელოდრამატულიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სენტიმენტალური. ფაქტობრივად, ყველა ის ვექტორი, რითაც გამოირჩევა სოფი ვილის მუსიკა, აქ უკვე ნათლად იკვეთება. განსაკუთრებით ეს ეხება ვოკალურ მხარეს, რომელიც იმდენად ავთენტურია, ქარიზმატული და ფარულად სექსუალურიც, რომ შეუძლებელია არ განგაიარაღოს.

მეორე ალბომში Dress (2014) უფრო მეტი რამ ხდება, მასში მეტია დრაივი და უფრო მეტ ასოციაციებსაც აღძრავს. ის თითქოს რამდენიმე ნოველისგან შედგენილი, ერთი მთლიანი ლიტერატურული ნაწარმოებია. არის ნარატიული ისტორიებიც და მათზე კომენტარიც (Who). ხოლო Drift Around – საერთოდ ერთ-ერთი საუკეთესოა მის შემოქმედებაში. Dress სოფი ვილის ყველაზე მახვილგონივრული ალბომია, ყველაზე ეფექტურად და რთულად არანჟირებული.

მესამე, 2017 წელს გამოსული ალბომის, Planet A-ს ჩაწერას სოფიმ ყველაზე დიდი დრო მოანდომა და სწორედ ამ ძალისხმევის ანაბეჭდი ადევს ალბომს. ის უფრო მრავალფეროვანია, არაერთგვაროვანი ჟღერადობით და ცოტა ეკლექტურიც. უნდა ითქვას, რომ როგორც პროდუქტი, ეს ალბომი უკეთესია წინა ორზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სხვადასხვა ტრეკი სხვადასხვა პროდიუსერის გაკეთებულია, რაც ძალიან ეფექტურია. ალბომის უმეტესი ნაწილი ძალიან ძლიერია, მარტო მშრალი პერკუსიული რიტმი Reveal-ში რად ღირს, ანდაც მოულოდნელად განვითარებული მელოდიური ხაზები Don’t Grow Up Boy-ში. ალბათ ჯობდა, Empty Pool ინსტრუმენტული ტრეკი ყოფილიყო, რადგანაც ულამაზეს მელოდიურ ფრაზას ვოკალი აშკარად ჩაგრავს. ნიშანდობლივია ნიკა მაჩაიძესთან ერთად გაკეთებული ტრეკი Swim On, რომელიც პირობითად შეიძლება ტრიპ-ჰოპსაც მივაკუთვნოთ, აქაც ყველაფერი კარგია, თუმცა ცოტა პროგნოზირებადია, ნაკლები სიურპრიზებით.

რაც შეეხება ვოკალს, სოფი თითქოს ცდილობს, უფრო გაადრამატულოს იგი, თითქოს უფრო მონდომებულია, ვიდრე ადრე და უფრო ნერვიულიც. შეიძლება ითქვას, რომ პროდიუსინგზე ორიენტაციამ ცოტა შეავიწროვა არანჟირების ელემენტი, თუმცა ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აღქმაა. მთავარი სოფი ვილის შემოქმედებაში არის ის, რომ პოზიტივიზმით და რომანტიზმით განმსჭვალული მისი მუსიკის მიღმა აშკარად იკვეთება მტკიცე, ნებისყოფიანი არტისტის ფიგურა. მთავარია, მისი მუსიკა არ დარჩეს მხოლოდ „გემოვნებიან“-ად და „ხარისხიან“-ად. თუმცა ეს სამომავლოდ, ჯერჯერობით კი, სოფი ვილის მოსმენის პროცესი მართალაც რომ ერთ სასიამოვნო თავგადასავალს წააგავს, რაც უკვე ძალიან კარგია.