Ulver-ის ახალი ალბომის შესახებ

დღეს უკვე წყლის ნაყვაა, არკვიო, თუ რა არის არტისტის დანიშნულება, დაუდგინო მას, თუ როგორი მუსიკის წერა ჯობია: ზოგი მედიატენდენციებს ერგება და ეპოქის თანადროულ პოპულარულ მუსიკას წერს; ზოგი კი, პირიქით, შემოქმედებით პროცესში – თუნდაც ხელოვნურად – უძალიანდება გაბატონებულ პროცესს.

ვეღარც აკუსტიკურ ტერიტორიას განსაზღვრავ: ვიღაცას უკვე არსებულ და თავის თავზე მორგებულ ჟანრში ურჩევნია მუშაობა, თუნდაც მისი ამოწურვა არ ჰქონდეს მიზნად დასახული, ვიღაც კი მუდმივად ძიების თუ გაქცევის პროცესშია. მაშინ, როდესაც ეკრანებსა და სცენებს მიღმა, უამრავი „საძინებლის არტისტი“ ყოველწუთს წერს და ყიდის საკუთარ მუსიკას ონლაინ, როცა ყოველდღე იბადებიან თუ იქმნებიან ახალი ვარსკვლავები, რომლებიც მედიისთვის უკვე უინტერესო არტისტებს ცვლიან, რთულია, მოხვეჭილი რეპუტაცია რისკის ქვეშ დააყენო და ახალ სივრცეში გადაბარგდე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი მუსიკალური ტერიტორია წინაზე უფრო კომერციულია – ასეთ დროს შესაძლოა ის აუდიტორიაც დაკარგო, შენი რომ ერქვა, ახალ კონკურენტულ ბაზარზე კი, სადაც გაცილებით მეტი მოთამაშე გხვდება, საერთოდ შეუმჩნეველი დარჩე. სწორედ ამ გამბედაობისა და გარისკვის უნარის გამო ვგულშემატკივრობ განსაკუთრებით იმ არტისტებს, რომლებიც საკუთარი სტილისადმი ნულოვან ლოიალურობას იჩენენ, სწორხაზოვნად არ მიუყვებიან შერჩეულ, გარანტირებულ ჟანრს და შემოქმედების აკუსტიკური სიმდიდრისთვის „სხვის მიწაზე“ იჭრებიან.

2017 წელსაც სხვის მიწაზე გადასვლა არაერთმა არტისტმა მოინდომა; ზოგი მეზობელ, ზოგიც რადიკალურად მტრულ სივრცეში შეიჭრა. დიდმა, გავლენიანმა გამოცემებმა წლის მიწურულს თავიანთი რჩეულების სიებიც გამოაქვეყნეს (უმეტესწილად, ერთმანეთის მსგავსი) და, სამწუხაროდ, მეინსტრიმმედიის ყველა წარმომადგენელმა უყურადღებოდ დატოვა ნორვეგიული კოლექტივის Ulver-ის უნიკალური ჩანაწერი – The Assassination of Julius Caesar – რომელიც ბენდის ფრონტმენს, კრისტოფერ რიგს ეკუთვნის და სტუდია House of Mithology-ს ლოგოს ქვეშ გამოიცა.

რიგმა მოღვაწეობა 1990-იან წლებში ოსლოში დაიწყო – მაშინდელი ექსტრემალური, ბლექ მეტალის ეპიცენტრში და მისი მუსიკაც აქედან განვითარდა. 18 წლისამ ჩაწერა ალბომი Bergtatt – Et eeventyr i 5 capitler, რომელიც წლების შემდეგ ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერად იქცა. Ulver-ის ბლექ მეტალ ტრილოგიის მეორე ალბომში (Kveldssanger, 1996) სტილის ესთეტიკა მოულოდნელად სრულიად შეიცვალა, შემდეგ ნამუშევარში Nattens Madrigal-ს კი ძალიან თვითმყოფადი ბლექ მეტალის ჟღერადობა გამოიკვეთა. 1990-იანების ბოლოს ბენდის მუსიკაში ყველასთვის მოულოდნელად ელექტრონიკის ელემენტები შემოდის, შემდეგ წლებში კიდევ უფრო მკვეთრად იჭრება პროგ როკის კომპოზიციურობა, 2000-იანი წლების შუიდან კი რიგს თავისი მუსიკა აქამდე ფაქტობრივად გამოუკვლეველი პოსტროკის სივრცეში გადაჰყავს. სწორედ ამ ახალ განზომილებაში გადასვლის შემდეგ ერწყმება Ulver-ის ჩანაწერებს ემბიენტის, პროგ როკისა და პოსტროკის ელემენტები. ამავე პერიოდში გამოდის ბენდის ბევრისთვის საუკეთესო ალბომი Shadows of the Sun (2007).

თითქოს ახალი რაღა უნდა გვითხრას არტისტმა, რომელმაც უკვე მოასწრო ამდენ უმნიშვნელოვანეს ჟანრში თავისი სიტყვის თქმა, მაგრამ 2017 წელს კრისტოფერ რიგი ერთი შეხედვით მართლაც რომ „მტრულ“, სინთპოპ ტერიტორიზე გადადის და, მიუხედავად ასეთი რადიკალური ცვლილებისა, ახერხებს, შექმნას არა რიგითი ალბომი, არამედ შესაძლოა ამ ჟანრის საუკეთესო ჩანაწერიც ბოლო პერიოდში.

დიდ დროს წაიღებს იმაზე მსჯელობა, თუ რატომ არ მიაქცია მეინსტრიმმედიამ სათანადო ყურადღება „იულიუს კეისრის მკვლელობას“, ამიტომ პირდაპირ ის მიზეზები ვთქვათ, თუ რატომ არის ეს ალბომი მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანაწერს ერთ კონკრეტულ ჟანრს ადვილად მივაკუთვნებთ, ის მაინც ძალიან ეკლექტურია და სხვადასხვაგვარ აკუსტიკურ ჟღერადობასა თუ კომპოზიციურ სტრუქტურას აერთიანებს. მაგალითად, მძიმე და რაფინირებულ ბიტზე აგებული სიმღერა Rolling Stone ხანგრძლივი, მდორე ნაწარმოებია, რომელიც ბოლოში მაღალ, ტექნო მუსიკისთვის დამახასიათებელ დინამიკას იძენს. აქვეა შედარებით უფრო მარტივ კომპოზიტორულ ქარგაზე აგებული საცეკვაო პოპსიმღერა Transverberation. ალბომის ბოლო კომპოზიცია Coming Home კი, ეზოთერული და პირქუშია, თითქოს სკანდინავიური ფოლკლორიდან ამოზრდილი, Ulver-ისავე ბლექ მეტალივით. ეკლექტიზმი კი ოდნავადაც არ არის ხელოვნური – რიგი ახერხებს, მთელი ჩანაწერი ერთ მთლიან სხეულად შეკრას მაშინ, როცა ყოველი სიმღერა დამოუკიდებლადაც თავისუფლად ისმინება. ეკლექტიზმს რომ ბუნებრივად ირგებს, ეს რიგის ემბიენტში მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება და სინთეზატორთან ინტენსიური მუშაობის შედეგია. დინამიკა და ტემპორითმი, რომელიც ჩანაწერში 43 წუთის განმავლობაში არა და არ ეცემა, ბლექ მეტალ გამოცდილებისა და Ulver-ის ბოლოდროინდელი კრაუტროკ ექსპერიმენტების ნაყოფი უნდა იყოს. ბენდის პრო გროკ პერიოდი კი არანჟირების დახვეწილობაში იჩენს თავს: თემები მაქსიმალურ ნიშნულამდე მუშავდება და ვითარდება იქამდე, სანამ ბოლომდე არ ამოწურავს თავს; არანჟირებას – შაბლონურად რომ ვთქვათ – არაფერი აკლია და არც არაფერია ზედმეტი. ტექსტები, როგორც პოპმუსიკისთვისაა დამახასიათებელი, მოკლე და მოქნილია. ერთი ტექსტუალური სტრიქონი უმეტესწილად ერთ მუსიკალურ სტრიქონს მიუყვება. მისამღერი თუ სხვადასხვა საკვანძო პარაგრაფი მეორდება იმ რაოდენობით, როგორც კარგ, დახვეწილ პოპმუსიკას შეეფერება. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ალბომის მოსმენისას სადღაც აუცილებლად გაგახსენდებათ 1980-იანების Depeche Mode, მაინც ესაა ყველასთვის მოულოდნელი მასტერკლასი ჟანრში, რომლის კლასიკოს ფლაგმანებსაც – უკვე ხსენებული Depeche Mode-ის ჩათვლით – ბოლო წლებში აშკარად უჭირთ საკმარისი აღმაფრენის პოვნა. ალბათ სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი, რომ ახალი, საჭირო ენერგია სინთპოპში სრულიად სხვა სივრციდან შემოჭრილ არტისტს შემოეტანა, თანაც ისე, რომ შეენარჩუნებინა ის მუსიკალური ტერიტორიები, რომელიც მანამდე ჰქონდა ათვისებული.

კრისტოფერ რიგი ყოველთვის წარმატებით თავისუფლდება და დისტანცირდება მსმენელისგან და წერს ისეთ მუსიკას, როგორის ხასიათზეც მოცემულ პერიოდში თვითონ არის. სწორედ ამ მიდგომის წყალობით ახერხებს, შექმნას ჩანაწერი, რომელსაც მეტ-ნაკლებად თანაბარი სიამოვნებით მოუსმენენ მეტალის, პოპისა და ემბიენტის მსმენელები და რომელსაც ერთნაირი ინტენსივობით დაუკრავენ ელექტრონული მუსიკის კლუბშიც და პრო გროკ ფესტივალზეც.