ურბანულ სივრცეს არ შეუძლია ახალ ხმებთან წინააღმდეგობის გაწევა. ის, რაც გუშინ მისთვის არაბუნებრივი იყო, დღეს მის ხასიათსა და ჟღერადობას განსაზღვრავს. ასე გაითავისა თბილისმა მშენებლობისა თუ საცობებიდან წამოსული სიგნალის ხმები, ტრანსპორტისა თუ შენობებზე დამონტაჟებული კონდიციონერების ძრავების რახრახი. ეს ინდუსტრიული ხმაური ხშირად აუტანელია, თუმცა როდესაც ქალაქი ნებდება, ნებდება მისი მოსახლეობაც და ახალ ხმებთან ერთად იწყებს ცხოვრებას.

სიტყვა „ხმას“ ლექსიკონში ამდაგვარი განმარტებაც მოეპოვება: ცნობა, ამბავი, რომელიც გავრცელდა.

ხმა ამბავიცაა და მოყოლის ფორმაც. და რადგანაც ეს ფორმა ხშირად აბსტრაქტულია, ეს უწესრიგობა მუსიკოსს თავისუფლებას აძლევს, თავად განსაზღვროს, თუ რა აითვისოს მისგან. ეს სემპლინგის პრინციპია, როდესაც სხვის მიერ უკვე წარმოებული ბგერათა ერთობლიობიდან, შენთვის სასურველ მონაკვეთს იღებ და საკუთარი მუსიკალური კონტექსტის ნაწილად აქცევ და იმავე ფორმის, სრულიად ახალ ამბავს იღებ.

ინტერვიუების ამ ციკლში, კითხვებს თბილისში მცხოვრები, ოთხ განსხვავებულ ჟანრში მომუშავე მუსიკოსი პასუხობს. 

 

მამუკა ცხადაია  (დ. 1994)
HOROOM-ის რეზიდენტი 

სასცენო სახელი:
hamatsuki

გამოცემული აქვს ორი EP ქართულ შოტლანდიურ ლეიბლებზე (Bassiani da Sensu). უცხოვრია ზუგდიდში, თბილისსა და ჰავაიზე. ათონელის ქუჩაზე ვხვდებით, ელექტრონული მუსიკის სკოლაში. ინტერვიუს დროს, გვერდით სტუდიიდან გვესმის დეჯეის რეპეტიციის ხმა. 

ინდიგო: როგორ აღმოაჩინე ხმა, როგორც მოყოლის ერთ-ერთი ფორმა?

GIPA-ში ვსწავლობდი, იქ საველე ხმის ჩამწერი ვიპოვე და ვიფიქრე, რამეში გამოვიყენებ-მეთქი. ქუჩაში ვიწერდი ხმებს, ხმაურებს, გარემოს ემბიენსს და მერე დავფიქრდი, თუ რეალურად რა არის ხმა, რა ინფორმაციის წყაროა. ხმის ჩამწერმა მომცა მიმართულება, რომ უფრო სერიოზულად შემეხედა სემპლინგისთვის და დამენახა, რეალურად საით შეიძლება წასულიყო ეს პროცესი. მანამდეც ვწერდი მუსიკას, მაგრამ ძალიან დილეტანტურად; ეს უფრო თამაში იყო, ვიდრე მუსიკის შექმნის პროცესი – FL Studio-ში რაღაც ბანძ ბიტებს ვაწყობდი. არანაირი მოტივაცია მაშინ არ მქონია, რომ ჩემს მუსიკას რამე გადმოეცა. ეს ალბათ ბავშვობაში Sony Ericson-ის ტელეფონში თამაშს ჰგავდა, უმარტივეს მუსიკას რომ ვწერდი მობილური ღილაკებით. თუმცა მოხდა ისე, რომ ეს ხმის ჩამწერი აღმოვაჩინე და მთლიანად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება სამყაროში არსებული ხმების და მუსიკის შექმნის მიმართ.

ინდიგო: როდის დაიწყე ამ სამყაროს მოსმენა, რას უსმენდი ხოლმე?

ვერ ვიხსენებ ცხოვრებაში ისეთ პერიოდს, როცა სამყაროში რაიმე ხმებს ვუსმენდი ხოლმე, ალბათ არ მქონია და ამიტომ. თუმცა მახსოვს ერთხელ, გიტარის ტუნინგის დროს, როცა სიმებს ვუჭერდი, დავაკვირდი ძალიან მარტივ რაღაცას - რამდენადაც უფრო დაჭიმავ სიმს, იცვლის ტონს და იმ მომენტში გავაცნობიერე, რომ მთელი სამყარო ზუსტად იმ მოდელზე იყო მოწყობილი, როგორც იმ მომენტში გიტარა იყო.

ინდიგო: როგორ ჟღერს შენთვის მნიშვნელოვანი ადგილები?

სამივე ადგილს, სადაც მიცხოვრია, განსხვავებული ჟღერადობა აქვს. ზუგდიდი ყველაზე მშვიდია. ღამის სიჩუმეა ჩემთვის ეგ ქალაქი, ჩიტების ჭიკჭიკის გარდა, ხმა არ ისმის.

ჰავაიდან ჩამრჩა პალმების ხმა ქარში, და ეს ადგილი მუდმივად ასე ჟღერს ჩემთვის. მაქვს გამოუქვეყნებელი ტრეკები, იქ გამოყენებული ხმები ჰავაის მახსენებს.

თბილისში მუდმივი ხმაურია. ჩემთვის ძალიან ქაოტურია ეს ქალაქი და ფაქტობრივად ერთადერთი ინდუსტრიული სივრცეა, სადაც მიცხოვრია – აქ სულ რაღაც გესმის, სიმშვიდე არასდროსაა – ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც მე ვცხოვრობ – ან მანქანის ბღუილი, ან ძაღლის ყეფა, მეზობლების ხმამაღალი ლაპარაკი, სადღაც ხმამაღლა ჩართული ტელევიზორის ხმა. ესაა ამ ქალაქის ჟღერადობა, მაგრამ მიუხედავად ამ ქაოტურობისა, უნდა ვაღიარო, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, თავიდან ბოლომდე თბილისით არის განპირობებული.

Hamatsuki - Unfolding

ინდიგო: როგორ მუშაობ ხმაზე, რომ მიიღო შენი ჟღერადობა?

დღეს შეგიძლია ნებისმიერი მეთოდით იპოვო საკუთარი სტილი და ნებისმიერი ჟღერადობა მიიღო. რამდენიმე წელია შევეშვი გარემოს ხმების ჩაწერას, მაგრამ სამაგიეროდ ვზივარ სტუდიაში და სინთეზატორზე ვმუშაობ. მინდა ვიყიდო სხვა მოდელებიც და ჟღერადობა უფრო განვავრცო, განვავითარო. მინდა, რომ ჩემი დაწერილი ყველა ბგერა უფრო მკვეთრად ჟღერდეს. თუნდაც იმიტომ, რომ კლუბშიც მიწევს დაკვრა, მინდა ყოველი ბგერა იქამდე მივიყვანო, რომ მკაფიო ჟღერადობა მაღალ ხმაზეც შეინარჩუნოს.

ინდიგო: შენს მუსიკაში ჩანს სხვადასხვა ისტორიული გარემო; მუსიკის შექმნისას ჯერ ბგერა და ხმა მოდის და ესადაგება კონკრეტულ ეპოქას, თუ პირიქით?

ვიტყოდი, რომ ჯერ მაინც მოდის ბგერა. თუმცა ეს პროცესი ქვეცნობიერ დონეზე მიდის. წინასწარ არასდროს ვგეგმავ, რომ მოდი, ჯერ ამას ვიზამ, ასე გავაკეთებ და შედეგად ამას მივიღებ. მე პროცესი უფრო მაღელვებს, პროცესმა უნდა მასიამოვნოს, შედეგი – რომ ამას და ასეთს მივიღებ – არაა ჩემთვის მოტივაცია. სტუდიაში Ableton-ს ვხსნი და ყოველთვის ექსპერიმენტით ვიწყებ იმიტომ, რომ ამ გზით მინდა მივიდე რაღაც დასრულებულ ფორმამდე. როდესაც ნამუშევარი საბოლოო სახეს იღებს, მერე ვხვდები, რა გავლენიდან წამოვიდა ეს ტრეკი, რა ეპოქას შევეხე და ა.შ. თავისუფლად უნდა მივუშვა ბგერა და მეც გავყვე. აი, Unfolding-ის შემთხვევაში, კინტოების მელოდია მოვისმინე, დილის საარი, დუდუკებზე რომ სრულდება, დავსემპლე და მივყევი. ასე მივიღე ის, რაც მივიღე. თუმცა, მაგალითად, Gum Sucks Urdia-ს შემთხვევაში იყო პირიქით, ჯერ გამსახურდიას სფიჩმა მიმიზიდა, რომელიც ძალიან მჟღერი იყო და მიმაჩნდა, რომ ატარებდა ეპოქის ჟღერადობას. ჰოდა, მისი გამოსვლის სიტყვა ჩავაგდე პროგრამაში და დავიწყე ფიქრი, თუ რა გამეკეთებინა მისთვის, რა დამეშენებინა ზემოდან. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ ტრეკების დაწერისას, გაცილებით ცოტა ვიცოდი მუსიკის შექმნის შესახებ და მას მერე ბევრი მიდგომაც შეიცვალა ჩემში.

Hamatsuki - Gum Sucks Urdia