ურბანულ სივრცეს არ შეუძლია ახალ ხმებთან წინააღმდეგობის გაწევა. ის, რაც გუშინ მისთვის არაბუნებრივი იყო, დღეს მის ხასიათსა და ჟღერადობას განსაზღვრავს. ასე გაითავისა თბილისმა მშენებლობისა თუ საცობებიდან წამოსული სიგნალის ხმები, ტრანსპორტისა თუ შენობებზე დამონტაჟებული კონდიციონერების ძრავების რახრახი. ეს ინდუსტრიული ხმაური ხშირად აუტანელია, თუმცა როდესაც ქალაქი ნებდება, ნებდება მისი მოსახლეობაც და ახალ ხმებთან ერთად იწყებს ცხოვრებას.

სიტყვა „ხმას“ ლექსიკონში ამდაგვარი განმარტებაც მოეპოვება: ცნობა, ამბავი, რომელიც გავრცელდა.

ხმა ამბავიცაა და მოყოლის ფორმაც. და რადგანაც ეს ფორმა ხშირად აბსტრაქტულია, ეს უწესრიგობა მუსიკოსს თავისუფლებას აძლევს, თავად განსაზღვროს, თუ რა აითვისოს მისგან. ეს სემპლინგის პრინციპია, როდესაც სხვის მიერ უკვე წარმოებული ბგერათა ერთობლიობიდან, შენთვის სასურველ მონაკვეთს იღებ და საკუთარი მუსიკალური კონტექსტის ნაწილად აქცევ და იმავე ფორმის, სრულიად ახალ ამბავს იღებ.

ინტერვიუების ამ ციკლში, კითხვებს თბილისში მცხოვრები, ოთხ განსხვავებულ ჟანრში მომუშავე მუსიკოსი პასუხობს. 

 

მუსიკოსი ნიკა საბანაძე (დ. 1993)
მოძრაობა LTFR-ის და kayakata-ს წევრი. მათი პირველი, თვითგამოცემული ალბომი Sadaa, 2019 წლის აგვისტოში გამოვიდა.

სასცენო სახელი:
sabanadze

ნიკას ვხვდები მის ბინაში, დოლიძის ქუჩაზე, სადაც გვესმის გამათბობლის გიზგიზის და ჩაიდნის ხმები, ასევე გარედან შემომავალი ქუჩის ხმაური.

ინდიგო: როგორ აღმოაჩინე ხმა, როგორც სამყაროს აღქმისა და მოყოლის ერთ-ერთი ფორმა?

აღმოჩენის ეს პროცესი ჩემთვის ისევ მუსიკით დაიწყო. მახსოვს მომენტი, როდესაც მუსიკამ ტრანსში ჩამაგდო; მაშინ არ ვიცი, რამ გადამიტრიალა გონება, მაგრამ ერთ სიმღერას – დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურ ტრეშს, Flobots-ის Handlebars-ს – ორი დღის განმავლობაში ვუსმენდი. ამ ორდღიანმა ტრანსმა დამამუღამებინა ის, რომ მუსიკას აქვს უნარი, მოერგოს შენს ხასიათს, ის გაძლევს არჩევანის საშუალებას, რომ თავად გადაწყვიტო, რომელ ხმას აედევნები – დრამს, გიტარას, ვოკალს თუ სხვას – თავად გადაწყვიტო, თუ რომელი არის მასში მთავარი ჟღერადობა. და როდესაც ამას აღმოაჩენ, მერე უკვე სულ სხვანაირად იწყებ საუნდის აღქმას. ამ პროცესს ცოტა სასაცილო სახელი მოვუფიქრე და ტრიალს ვეძახი.

ჩემი უფროსი ძმა და მისი მეგობრები ჰევი მეტალს უსმენდნენ. მათ რომ ვუყურებდი, ვცდილობდი, მეც იგივე გამეკეთებინა. მერე ნელ-ნელა პოპმუსიკას შევეხე, მაინტერესებდა, რა განსაზღვრავდა მის პოპულარობას – კლიპებსაც ვიწერდი ხოლმე ტელევიზორიდან კასეტაზე. და ერთ დღესაც, მოულოდნელად, ჩემმა ძმამ, რომელიც უკვე სტუდენტი იყო, გადაწყვიტა, რომ თავად დაეწყო მუსიკის კეთება და კომპიუტერზე დააყენა FL Studio. მაშინ ინტერნეტი ჯერ არ გვქონდა, 12 წლის ვიყავი და რადგანაც ამაზე კარგი გასართობი არაფერი იყო კომპიუტერში, მეც დავიწყე მუსიკის წერა. თან ისე გამოვიდა, რომ ვერცერთ ინსტრუმენტზე ვერ შემიყვანეს. ეს დამატებითი მოტივაცია იყო, რომ თავად მესწავლა მუსიკის წერა.

16 წლამდე ასე ვერთობოდი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ უნდა მესწავლა მუსიკალური თეორია და ამ საქმეს ორი წელი დავუთმე. ონლაინკურსები, წიგნები, ტუტორიალები – მეცნიერულ დონეზე შევისწავლე ყველაფერი, პოპმუსიკის თუ ჰიპ-ჰოპის სტრუქტურები, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დავკარგე ის, რის გამოც მსიამოვნებდა მუსიკის კეთება. უკვე წინასწარ ვიცოდი, რა bpm-ში უნდა დამეწერა რაღაც, მინორში თუ მაჟორში, მისამღერი ამეყვანა ერთი ტონით მაღლა თუ არა და ამ ტექნიკურმა დეტალებმა მიმახვედრა, რომ ინფორმაცია, რომელსაც ამდენ ხანს ვითვისებდი, რეალურად შემზღუდველი სპამი გამოდგა ჩემთვის. მუსიკა, რომელსაც ამის მერე და ასე ვქმნიდი, ჩემთვის სრულიად ბრტყელი იყო და მას არ გააჩნდა reply value, მეორედ აღარ მოვუსმენ. და მაშინ გადავწყვიტე, რომ ისევ ბავშვობის ემოციებს დავბრუნებოდი, რადგან მუსიკაში მთავარი მართლა ის ყოფილა, რომ არჩევანის საშუალება მოგცეს, მოსმენის დროს ტრანსში ჩაგაგდოს. წეღან როგორც ვთქვი, უნდა დაგატრიალოს. ამიტომ გადავწყვიტე, ყველა ღონე მეხმარა და დამევიწყებინა ის, რის სწავლასაც 2 წელი შევალიე.

ნაწილობრივ ეს ყველაფერი მოვახერხე, ახლაც არ ვითვალისწინებ ასეთ რაღაცებს, ერთადერთი გამონაკლისი დავუშვი Polo Palace-ის შემთხვევაში, როცა ზურამ [ჯიშკარიანი] მთხოვა, რომ, ჩემი „წიკების“ მიუხედავად, მაჟორში დამეწერა რამე, წინასწარ მცოდნოდა, რომ მაჟორი იქნებოდა. დავთანხმდი ამას და ერთი ჩაჯდომით, 20-30 წუთში დავწერეთ ამ სიმღერის ბიტი, მელოდია და ა.შ. ფაქტობრივად, ერთადერთი ტრეკია ჩემთვის, რომლის დაწერამდეც წინასწარ ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყო happy-sad სიმღერა.

ინდიგო: მიგაჩნია, რომ ამ გარემოებამ იმოქმედა იმაზე, რომ Polo Palace გამოსვლისთანავე აფეთქდა და დღეს უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოისმინა და მოიწონა?

კი, მგონია, რომ იმოქმედა. მე ხომ ვიცოდი, რა იყო და როგორ იწერებოდა ის სტანდარტები, რაც ტოპებში გადიოდა, წინასწარ ვიცოდი, თუ როგორ მუსიკას მოელოდა ხალხი. იმ სტანდარტებს მაინც შევეცადე, დავშორებოდი, მაგრამ სრული უკუგდებაც არ მინდოდა. ერთ რაღაცას გაგიმხელ: ფულის და ბრენდინგის ფაქტორი რომ არ არსებობდეს, ძალიან ბევრ ტრეკს დავწერდი სხვადასხვა ფსევდონიმით. იმიტომ, რომ არ მინდა, არსებობდეს გარემოება, რომელიც გვეუბნება, რომ აი, ეს არის kayakata და sabanadze და ისინი წერენ ასეთ მუსიკას. ვერ ვიტან ამას. ის საჭირო ფაქტორები რომ არ არსებობდეს, სულ სხვადასხვა სახის პროექტი მექნებოდა, ხასიათის ცვალებადობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახელის ქვეშ შექმნილი. იმიტომ რომ, ტრეკებს, რომელთაც ვაკეთებ, ვაკეთებ იმიტომ, რომ მე მომწონს ასეთი ტრეკების მოსმენა. ეგოისტი ვარ და ვქმნი ისეთ ბიტებს, რომლებიც, პირველ რიგში, მე გამისწორდება. მოეწონოს თუნდაც მხოლოდ ათ ადამიანს მსოფლიოში, იმ ათში თუ ერთი მეც ვიქნები, უკვე ოკეია, ჩემთვის მწვანეა!

KayaKata - Polo Palace

ინდიგო: როგორ მუშაობ ხმაზე, რომ მიიღო შენი მუსიკის განმსაზღვრელი ჟღერადობა?

ეს ძალიან ველური პროცესია და არანაირ წესრიგს არ ცნობს. საერთოდ ვერ ვაკონტროლებ, თუ როგორ ვიღებ ჩემს საუნდს. არ მაქვს არანაირი ფილტრი, სტანდარტი, უბრალოდ რაღაც მომწონს და თუ დავუმუღამე, მივყვები კიდეც ბოლომდე. 18 წლის ასაკში, როდესაც გარშემო ხმების მოსმენა დავიწყე, ერთგვარი გასხივოსნება მქონდა, მივხვდი, რომ ყველა ხმიდან – თუკი მას შენს გემოზე დავარცხნი – გამოიყვან მუსიკას. იმიტომ, რომ თუნდაც მანქანა, რომელიც გარკვეულ ხმას უშვებს, თავისი რიტმით უშვებს ხმას, ამიტომაც წავსულვარ და ჩამიწერია ეს ხმა, როგორ ჩამიქროლებს მანქანა მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით. მერე წავსულვარ და ამით შთაგონებულს ბიტიც დამიწერია.

ხელის მიკროფონით, ზუმს რასაც ვეძახით, ბევრ ხმას ვიწერ და ამ ყველაფერს ვიყენებ რიტმულ პალეტად. თუ, მაგალითად, ჩავიწერ რაღაც მთლიანობის ოცდაათ წუთს, შეიძლება აქედან გამოვიდეს სამი ისეთი რიტმული მონაკვეთი, რომელიც თითქოს შემთხვევით მოხვდა ბუნებაში, მაგრამ ამ მონაკვეთით და მისი რიტმით უკვე მთლიანი ტრეკის აწყობა შეიძლება.

ცხოვრების ერთ ეტაპზე უსწრაფესი ტემპით მუშაობა დავიწყე. ერთთვიან მონაკვეთებს ვუწესებდი თავს, როცა ამ ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღეს ხუთი ბიტი უნდა დამეწერა. თითქმის წელი გავიდა ასე და როცა ამ ბიტებს გარკვეული პაუზების შემდეგ ვუბრუნდებოდი, ვხვდებოდი – მათ აშკარად ემჩნევათ, რომ ერთი ავტორი ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გამიზნული, ისე მოხდა, რომ ავტომატურად ვიღებდი ახლო-ახლო საუნდს. დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ, სულ ათი იდენტური ბიტი დამიწერია, თანაც ყველა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა განწყობით, შეიძლება ათივე აბსოლუტურად იდენტური არა, მაგრამ ძალიან მსგავსი. თუმცა მგონია, რომ თავში მაქსიმუმ ოცი მელოდია მაქვს – ოცი შაბლონი, ესაა ჩემი პრესეტი და ყველა ბიტი ამ შაბლონების სხვადასხვა კომბინაციით დგება.

ხდება ისეც, რომ ვცდილობ, თავი შევიზღუდო და დიდი არჩევანიდან ლიმიტი დავიწესო. ძალიან მთრგუნავს დიდი არჩევანი, მანგრევს ის ფაქტი, რომ შემიძლია ნებისმიერი ინსტრუმენტი ისე გამოვიყენო, როგორც მინდა. ამის გამო, როცა ბიტების წერის აქტიურ რეჟიმში შევდივარ, ასეთი დისციპლინა მაქვს: ერთი კვირა უნდა ვწერო მარტო ისეთი ბიტები, სადაც თითოში არ გამოვიყენებ სამ ხმაზე მეტს, მეორე კვირას მარტო პიანინოთი უნდა დავწერო ბიტები, ან მარტო დრამით და ა.შ. ეს შეზღუდვები ჩემს შემოქმედებით პროცესს ძალიან ადგება, სულ მიწევს, რომ რაღაც გამოწვევის წინაშე ვიდგე. ხმასთან ასე მუშაობის უნარი, რაღაც აკუპუნქტურასავითაა, აზიელი მასტერივით წერტილოვნად მიჰყვები ყველაფერს.

ინდიგო: როგორ ფიქრობ, არის თუ არა რეალური საზღვარი ინსტრუმენტულ და ბუნებრივ ხმებს შორის?

საზღვარს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ყური აწესებს, ისე კი ხმებს შორის გამყოფი არ არსებობს. მგონია, რომ ადამიანებს ევოლუციურად გამოგვიმუშავდა გარკვეულ ხმებზე განგაშის სიგნალის ჩართვა, რადგან ეს ხმა დღემდე უცხოდ დარჩა ჩვენთვის. მაგრამ იმ ხმებს, რომლებიც ყოველდღიურად გვესმის – მაგალითად, ფოთლების შრიალი – ბუნებრივად ვიღებთ, რადგან ისინი წლების განმავლობაში ბიოლოგიურად შეთვისებული, მიჩვეული ბგერებია. ეს ზოგადად, თორემ ჩემთვის სინთეზატორზე დაწერილი თუნდაც ავანგარდული ნოიზი – მარტო ჟჟჟჟჟჟჟ რომ მიდის – საერთო ჯამში, ზუსტად ისეთივე ჟღერადობაა, როგორც ფოთლების შრიალი.

მგონია, რომ საზღვარს ყველა ადამიანი სხვადასხვა ადგილზე ავლებს, შეიძლება გენეტიკაც იყოს კავშირში, პირად გამოცდილებასთან ერთად. შეიძლება ის, რაც ჩემთვის ბუნებრივი ხმაა, სხვისთვის არ იყოს და პირიქით. ჩემი მეზობელი რომ ბურღავდეს ყოველდღე რაღაცას და ეს სამი წელი გაგრძელდეს, შევეჩვევი და ჩემთვის ეს ხმაც ბუნებრივი გახდება. ამ დროს, მე, მაგალითად, ვერ ვუსმენ ბერლინურ ტექნოს, უბრალოდ, არ შემიძლია და ვერ ვხვდები, რატომ უსმენს მას ამდენი ადამიანი. ადრე თავს ვიმართლებდი, ნაზი ყური მაქვს-მეთქი, მაგრამ რეალურად პასუხი ისაა, რომ ვინც ამას უსმენს, იმას სხვანაირი საზღვრები აქვს დაწესებული, მე – სხვანაირი. ამ განსხვავებებს ისიც განაპირობებს, თუ რას უსმენდი ბავშვობაში. მე, მაგალითად, საყვარელ ჩანაწერებად დღემდე ისინი მაქვს, რომელთაც ბავშვობაში ვუსმენდი მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა ჩანაწერები, რომლებიც არანაირად არ მომწონდა, მაგრამ რახან იძულებული ვიყავი, მესმინა – რადგან სხვა საშუალება არ იყო, საბოლოოდ, ყური მელოდიას ეჩვეოდა და ზოგი მათგანი მერე საყვარელი მუსიკის კატეგორიაშიც გადამყავდა.

ვიდეოთამაშებში ხომ არის – რაღაც „აითემები“ შეგიძლია სცადო და ნახო, რა შეუძლიათ – ზოგი შელოცვას შეგაძლებინებს, ზოგი კიდევ სხვა ძალას მოგცემს, ეგრეა მუსიკალური ბიბლიოთეკაც: იღებ ახალ-ახალ აითემებს, ხმებს და იხსნება ახალ-ახალი კარებიც. ეგ მინდა ვაკეთო, ახალი კარი გავუხსნა მსმენელს, ისეთი ფორმით მივაწოდო მუსიკა, რომ აღქმა შეძლოს და როცა აღიქვამს, მისთვის სხვა კარიც გაიხსნას.

SABANADZE - Cherry

ინდიგო: კარის გახნის მეტაფორაზე გამახსენდა, რომ ერთი ძველი ჩანაწერი მაქვს დაახლოებით ამდაგვარი სტივ რაიშზე. სულ რომ მუსიკასთან მჭიდრო კავშირი არ ჰქონდეს ადამიანს, მგონია, რომ ეს გადმოცემის ფორმები, მაინც რაღაც გავლენას ახდენს ყველაზე, ვინც მას მოისმენს. ვიცი, რომ შენც ძალიან გიყვარს რაიშის მუსიკა და მითხარი, შენ რა კარი გაგიხსნა რაიშმა?

რაიში! უჰ, ეს ზუსტად ის მუსიკაა, რომელსაც სადაც არ უნდა ჩაეჭიდო, სადღაც წაგიყვანს და რაღაცას გაჩვენებს, რომელ მელოდიასაც არ უნდა გაჰყვე. ის სიგიჟე რომ აქვს – Music for 18 Musicians – მანდ რაც გააკეთა, მიმაჩნია, რომ იმით მთლიანად ამოწურა როგორც მუსიკალური, ისე მათემატიკური შესაძლებლობები – თითოეული ინსტრუმენტის პარტია, სხვადასხვა სიგრძისა და სიმოკლის, ერთად იწყება, მერე ერთმანეთს სცდებიან, თავისთვის დანავარდობენ და ბოლოს ისევ ერთმანეთს უბრუნდებიან. და წარმოიდგინე, ეს ხდება 18 ინსტრუმენტის გამოყენებით. მუსიკის ტრიალი ისევ რომ ვახსენო, სხვა რა არის, თუ არა ეს?! ისეთი რამაა, რომ თავიდან ბოლომდე თუ მოუსმენ, ტრანსი ტრანსად და აუცილებლად მიხვდები, რა არის მასში ფასეული.

რაიშის გახსნილი კარის შედეგი კი ჩემთვის ისაა, რომ ახლა უკვე Drum n’ Bass-ში, Hip-Hop-სა და სხვა ჟანრებში თუ წავიღებთ ამ კომპოზიციაში მოსმენილ ელემენტებს, თორემ კლასიკურ საორკესტრო მუსიკას რასაც ეძახიან, იქ ამის მიღმა რაღა უნდა დაიწეროს?!

არ ვიცი, რამდენად სერიოზულად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ არსებობს იდეალური გრაფიკული დიზაინი, როცა ერთი წერტილი შეგიძლია, მიიყვანო იდეალურ ფორმამდე – თუკი საქმის ოსტატი ხარ – და რაიშიც ასეა, ესაა მუსიკა, რომელსაც იდეალურს ვარქმევ. ნამდვილი ფსიქოდელია ეგაა.

ინდიგო: როდის დაიწყე ამ სამყაროს მოსმენა, რას უსმენდი?

თან ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ თან ძალიან მჯერა იმ იდეის, რომ სამყაროში ყველანაირი საუნდი ერთდროულად ერთი მიმართულებით მიედინება. თბილისში ძაღლი ყეფს ან ჰონგ-კონგში ფოიერვერკის აფეთქება ისმის, ერთად გროვდება სადღაც და, სხვა მილიარდობით ხმასთან ერთად, ერთ გზას გადის. ზუსტად არ ვიცი, როდის, მაგრამ რაღაც მომენტში სამყაროს მოსმენა ასე დავიწყე და თავს დავაჯერე, რომ ის ერთი დიდი ბიტია. დავდივარ და ვუსმენ და ვხვდები, რომ ძაღლის ყეფაც რიტმულია და სხვა დანარჩენიც, თან ერთგვარი თამაშიცაა ჩემთვის ამ რითმების დაჭერა.

ხშირად მიფიქრია, რომ სამყარო შეიძლება აღიქვა, როგორც ერთი დიდი დრამ-მანქანა, სადაც ერთდროულად იწერება უამრავი ლოკაცია – თბილისი, ჰონგ-კონგი, ლონდონი, ნიუ-იორკი – და ეს ქალაქები თავიანთი რიტმების მიხედვით სამყაროს მელოდიას ცვლიან. აი, თუ ძაღლის ყეფა იქნება თბილისის ხმა, მაშინ როცა ძაღლი დაიყეფებს, სამყაროს მელოდია თბილისის ტემპზე გადაეწყობა და ა.შ.

 
KayaKata - Dilas

ინდიგო: როგორ ჟღერს შენთვის მნიშვნელოვანი ადგილები?

ერთადერთი მნიშვნელოვანი ადგილი მაქვს ჩემთვის და ახლა ვართ აქ, ჩემს სახლში. დოლიძე, საბურთალო, ხილიანი, ეს კორპუსები ისეთ შეგრძნებას მიტოვებს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკაში ვცხოვრობ და ეს ინდუსტრიული ხედები, მგონია, რომ ჩემს აზროვნებაზე და მუსიკაზეც დიდ გავლენას ახდენს. ამ სახლის ერთ კუთხეში მანქანა რომ გაივლის, ხმა ბინაში ჯერ ერთი ფანჯრიდან შემოდის და მოგვიანებით, საპირისპირო ფანჯრიდან, სტერეო ეფექტი მოაქვს. ზუსტად ამ ეფექტს ვხმარობ ბიტებშიც.

რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ის, რაც ამ ფანჯრებიდან ჩანს, ბუნებისგან დაშორებული კი არაა, ადამიანური ბუნების ნაწილია – ცივილიზაციის შედეგი – სხვანაირად არ შეუძლია ადამიანს, ასეთი ყოფაც მისთვის ბუნებრივია. როგორც ჭიანჭველები აკეთებენ მიწისქვეშა ცივილიზაციას, ისე ადამიანებს მიწის ზემოთ გაჰყავთ თავისი. ამ მიდგომით დავიწყე ტომური მუსიკის დაწერაც, ოღონდ ინდუსტრიული ხმებით. Kayakata-ს Hood Tennis-ის დრამი და ყველა სხვა ხმა, მთავარი მელოდიის გარდა, ბუნების ხმაა, ასეა პოლო პალასიც. დრამის ქიქი არის კარების მიხურვის ხმა, და ა.შ.

უნიკალური კიდევ ის არის, რომ ეს მუდმივი ინდუსტრიული ქაოსი, ნებისმიერ ბუნებრივ ხმას ამძაფრებს. სრულიად შავ ტილოზე რომ თეთრი წერტილი დასვა, ზუსტად ასეა. ჩემი სახლის კედელზე, ფანჯრების ქვემოთ, ჩიტებმა ბუდეები მოიწყეს და, ამ სიგნალებისა და უთავბოლო ყაყანის ფონზე, დილით ჩიტების ჭიკჭიკი და ღუღუნი ისე მძაფრად ჩამესმის, ვერ წარმომიდგენია, სხვაგან ასევე შევძლო ამის შემჩნევა და დაფასება.

ინდიგო: ბოლოს Kayakata-ზე მინდა გკითხო; შენ იმ ჟღერადობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხარ, რის გამოც ათასობით ადამიანს უყვარს Kayakata. როგორ მუშაობთ მთლიანად ჯგუფი ამ ჟღერადობაზე?

ჩვენი პროცესი ასეთია: რაღაც მომენტში ვიკეტები, ვწერ ძალიან ბევრ ბიტს. ეს პროცესი უკონტროლოა და დამოკიდებულია იმ წუთის განწყობაზე. ერთ დღეს რომ დავწერ ბიტს, მეორე დღეს შეიძლება ვეღარაფრით გავიმეორო. მერე ვიკრიბებით ერთად, ვსაუბრობთ, ვუსმენთ ამ ბიტებს, ზოგს პირდაპირ ადგილზე ვუწერთ ტექსტებს, ან პირიქით – ტექსტს ვუწერთ ბიტს – მაგრამ მთელი მუღამი ისაა, რომ მუშაობისას ყველანი ვხედავთ, თუ სად რა გადაიკვეთება და რა და რატომ აირჩევა. ჩვენ დღეების უმეტესობას ერთად ვატარებთ და თითქმის ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, ბიტებსა და ტექსტებში იხარშება. ერთმანეთს ვუზიარებთ ყველა ახალ აღმოჩენას, მსოფლმხედველობის ყოველ ახალ ელემენტს. ზურამ იცის ხოლმე, რომ რაღაც კარგს წაიკითხავს და აუცილებლად ჩვენც ყველას უნდა წაგვაკითხოს, რომ ესეც გადავხარშოთ ერთად.

შეთამაშებულები ვართ ერთმანეთთან და ზოგჯერ წინასწარაც ვხვდები ხოლმე, რომელი ბიტი ამოირჩევა და მათაც წინასწარ იციან, თუ რას დაამღერებენ ამ ბიტს. უსიტყვოდ გვაქვს ყველაფერი ერთმანეთთან გარკვეული, ძალიან კარგ სინქრონში ვართ. ხშირად ნიკაკოისთანაც გადავიკვეთებით ხოლმე. ეს ჟღერადობა ერთიანობის შედეგი არის, მარტო მე რომ ვიყო, ან მარტო ზურა, ან მარტო მაქსი, სულ სხვანაირ საუნდს მივიღებდით, ამ ჟღერადობას დამოუკიდებლად ვერცერთი მივაღწევდით.

KayaKata - Sarbeni