ურბანულ სივრცეს არ შეუძლია ახალ ხმებთან წინააღმდეგობის გაწევა. ის, რაც გუშინ მისთვის არაბუნებრივი იყო, დღეს მის ხასიათსა და ჟღერადობას განსაზღვრავს. ასე გაითავისა თბილისმა მშენებლობისა თუ საცობებიდან წამოსული სიგნალის ხმები, ტრანსპორტისა თუ შენობებზე დამონტაჟებული კონდიციონერების ძრავების რახრახი. ეს ინდუსტრიული ხმაური ხშირად აუტანელია, თუმცა როდესაც ქალაქი ნებდება, ნებდება მისი მოსახლეობაც და ახალ ხმებთან ერთად იწყებს ცხოვრებას.

სიტყვა „ხმას“ ლექსიკონში ამდაგვარი განმარტებაც მოეპოვება: ცნობა, ამბავი, რომელიც გავრცელდა.

ხმა ამბავიცაა და მოყოლის ფორმაც. და რადგანაც ეს ფორმა ხშირად აბსტრაქტულია, ეს უწესრიგობა მუსიკოსს თავისუფლებას აძლევს, თავად განსაზღვროს, თუ რა აითვისოს მისგან. ეს სემპლინგის პრინციპია, როდესაც სხვის მიერ უკვე წარმოებული ბგერათა ერთობლიობიდან, შენთვის სასურველ მონაკვეთს იღებ და საკუთარი მუსიკალური კონტექსტის ნაწილად აქცევ და იმავე ფორმის, სრულიად ახალ ამბავს იღებ.

ინტერვიუების ამ ციკლში, კითხვებს თბილისში მცხოვრები, ოთხ განსხვავებულ ჟანრში მომუშავე მუსიკოსი პასუხობს. 

 

ლექსო რატიანი (დ. 2002)
თვითგამოცემული კომპოზიტორი და მომღერალი 

დაუკრავს სხვადასხვა ადგილობრივ ფესტივალზე, მათ შორის, Tbilisi Open Air-ზე, როგორც სოლო არტისტს, ასევე ჯგუფ "არა-სთან" ერთად. უცხოვრია თბილისსა და მთიულეთში. ლექსოს ვხვდები რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის სკვერში. საუბრისას გვესმის პარლამენტის წინ აქციაზე გამომსვლელი მომიტინგეების ხმა, მანქანების მოძრაობა და სიგნალი, ასევე გვერდით სკამზე მჯდომი წყვილის საუბარი. 

ინდიგო: როდის აღმოაჩინე ხმა, როგორც სამყაროს აღქმისა და მოყოლის ერთ-ერთი ფორმა?

როცა ცხრა წლის ვიყავი, გამიტაცა იდეამ, რომ თურმე რაღაცას – იმ შემთხვევაში, გიტარას – შემიძლია გამოვაცემინო ხმა. ანუ სამყაროს ასე აღქმაში, თავიდანვე მუსიკა დამეხმარა. შეპყრობილი ვიყავი იმით, რომ როცა მინდოდა და როგორი ხმაც მინდოდა, ისეთი შემეძლო ამეჟღერებინა გიტარის წყალობით. არ მანაღვლებდა, რომ აუწყობელ გიტარაზე ვუკრავდი, რომ არ ვიცოდი სიმღერის აკორდები და ა.შ. და ამ პირველმა შეგრძნებამ წელიწადზე მეტხანს გასტანა, ვუკრავდი ყოველდღე და თან არ მანაღვლებდა მუსიკისა და სხვა ხელოვნების კანონის არსებობა. მით უმეტეს, რომ ვერც ვარჩევდი, გიტარა აშლილი რომ იყო.

ინდიგო: როდის დაიწყე ამ სამყაროს მოსმენა, რას უსმენდი ხოლმე?

რამდენიმე მომენტი იყო, როცა დავინახე, რომ სამყაროს მოსმენა შეიძლებოდა. პირველი, რაც მახსენდება, იყო ბავშვობაში, ღამით, დაძინებას რომ ვცდილობდი, საათის წიკწიკი არ მაძინებდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ყური ეჩვეოდა ამ წიკწიკს, მანამდე რომ შეუმჩნეველიც შეიძლება ყოფილიყო. ეს მაგრძნობინებდა, რომ სამყაროს თავისი ხმა აქვს და რომ ამ ხმის ფონად – თუ პირიქით – გადის დრო, ცხოვრება შეუსვენებლივ ტემპში გრძელდება. ასევე მახსოვს ონკანიდან წამოსული წყლის წვეთის დაცემის ხმები, რომელიც ჩემთვის ყველაზე სევდიანი ხმები იყო.

თუმცა სამყაროს მოსმენაში ინსპირაცია მაინც ისევ და ისევ მუსიკამ მომცა, ჯერ იყო ბიტლზი – Magical Mystery Tour და Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band – და მოგვიანებით Animal Collective. მივხვდი, რომ ბუნების ხმები, რომლებიც ამ ბენდების ალბომებშია გამოყენებული, რეალურად მუსიკალური ხმებიცაა და ამ ჩანაწერების ხასიათშიც დიდი როლი აქვთ. ბგერასთან დამოკიდებულება შემეცვალა მაშინაც, როცა მიკროტონალური ჯაზი მოვისმინე პირველად, ფილიპ გერშლაუერის Mr. P, სადაც ჩვეულებრივი თორმეტტონიანი სისტემით კი არ უკრავენ, არამედ მიკროტონებს იყენებენ და ავტორი რესა და რე დიეზს შორის არსებული ბგერის წარმოჩენას ცდილობს. დავფიქრდი იმაზე, რომ საერთოდ ნოტები ადამიანებმა მოვიფიქრეთ იმიტომ, რომ მუსიკა უფრო ორგანიზებული გავხადოთ. არადა, რეალურად, მუსიკისთვის ყველა ნოტი, სიხშირე, ბგერა ხომ თანასწორია?! და ძაან სასაცილოა, რომ ამ მილიონობით ბგერისგან ვირჩევთ მხოლოდ თორმეტს და თან ეს თორმეტიც მაინც იმხელა შესაძლებლობას გაძლევს, რომ ჯერაც ამოუწურავი ფორმატია.

დღეს კი, ხდება ხოლმე ისე, რომ ზოგჯერ ძილის წინ ან სიზმარშიც კი ჩამესმის ინტენსიური ფიუჟენ ჯაზი, შევადარებდი ჯონ სკოფილდის მუსიკას. ეს მუსიკა გამოღვიძებულზეც მახსოვს ხოლმე. ფაქტობრივად სიზმარსაც ვუსმენ და რამდენად სასაცილოც შეიძლება იყოს ეს, იმდენად საშიშიცაა, ძალიან შიზოფრენიული მომენტია. თუმცა, ამ შიშმა მერე დამაფიქრა და ვიპოვე გამომწვევი მიზეზი: ბოლო წლებია მელოდიის შექმნაზე ვარ მიჯაჭვული, რაზეც დიდი გავლენა იმპროვიზაციის და ჯაზის ხელოვნების სწავლამაც იქონია. თითქმის ყველგან გიტარით დავდივარ და თუ თან გიტარა არ მაქვს, უგიტარობას ვინაზღაურებ იმით, რომ ხელებითა და პირით მუსიკის იმიტაციას ვცდილობ, შეიძლება რაღაც დამღერება დავიწყო ხოლმე, სკეტი. მერე ეს ქვეცნობიერში გადადის და იღებს ისეთ ფორმას, როგორიც წეღან აღგიწერე. სასაცილოც მგონია და საშიშიც, მაგრამ მთავარია, ახსნა შემიძლია.


ლექსო რატიანი - ბანალური სიმღერა (lekso ratiani - banal song)

ინდიგო: როგორ ფიქრობ, არის თუ არა რაიმე რეალური საზღვარი ინსტრუმენტულ და ბუნებრივ ხმებს შორის?

საზღვარი არსებობს, მაგრამ ეს ის საზღვარია, რომელიც მაინც დანგრევისთვის არის განწირული. ისედაც მუდმივად ინგრევა და ინგრევა. სხვადასხვა ეპოქებმა შექმნეს ეს საზღვარი; იყო დრო, როდესაც მუსიკალური კონტექსტით რიგ ჟღერადობებს საერთოდ არ იყენებდნენ, ახლა ეს აღარ ხდება. თუმცა ისევ არსებობს ბევრი გამოუყენებელი ხმა, რომელსაც შემდეგ ათწლეულებში გამოიყენებენ.

ჩემთვის ორი მომენტია, როდესაც საზღვარი ინგრევა: განმეორებითობა და ყურადღება; როცა ვიჭერ გარკვეული ხმის განმეორებითობას, ის უკვე მუსიკალური ხდება ჩემთვის, იყოს ეს თუნდაც მანქანის სიგნალი. განმეორებად ფაქტურას შეუძლია, რომ ნებისმიერ ხმას მიგაჩვიოს და მერე აღგაქმევინოს ის მუსიკალურ კონტექსტში.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად ყურადღებით უსმენ ხმას. უყურადღებოდ მოსმენისას ეს არის ხმაური. თუ ყურს დაუგდებ და ბოლომდე გაჰყვები, რაღაც დროის შემდეგ, ყველა ხმაში დაინახავ მწყობრ ჟღერადობას.

ინდიგო: როგორ ჟღერს შენთვის მნიშვნელოვანი ადგილები?

ერთადერთი მნიშვნელოვანი ადგილი მაქვს და ეს ჩემი სოფელია, ნაღვარევი. პირველ რიგში უნდა ვთქვა არაგვის ხმა, რომელიც ძალიან შორიდან ისმის და ეს შეუჩერებელი, ნონ-სტოპ შიშინი ქმნის მთლიან ხმოვან ატმოსფეროს. ამის ფონზე არის მთის სიჩუმე, რომელიც შემდეგ წარმოშობილ ყველა ბგერას უფრო მძაფრად გაგრძნობინებს. მერე, ვიქნები ბანალური და ვიტყვი, რომ ესაა ჩიტების ჭიკჭიკი, რომელიც საოცრად მიყვარს.

ინდიგო: როგორ მუშაობ ხმაზე, რომ მიიღო შენი ჟღერადობა?

ჩემთვის ხმა ისეთი უნდა იყოს, რომლის მიღმაც პიროვნებაც გამოჩნდება. უკვე წლებია, ძირითადად გიტარაზე ვწერ მელოდიას, ჩემს თავსაც რამდენჯერმე დავუსვი ეს შეკითხვა და პასუხი ისაა, რომ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ასი პროცენტით ისე ავაჟღერო, როგორც მე მინდა, ჩემი რომ დავარქვა. როგორც ადამიანთან სწავლობ ურთიერთობას, ისეა ინსტრუმენტთანაც – გარკვეული პერიოდის შემდეგ რაღაც ჟღერადობისკენ მივყავარ.

ინდიგო: თუმცა შენ შენივე სიმღერების მომღერალიც ხარ და როცა ლექსო რატიანის ჟღერადობაზე ვლაპარაკობთ, ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ის განმასხვავებელი ფაქტორი, რასაც შენი ვოკალი ქმნის.

სიმართლე გითხრა, ჯერ არც ვოკალის მართვაში ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც მინდა რომ ვიყო. თუმცა ვაკვირდები და რაღაც-რაღაცებს უკეთესობისკენ ვცვლი; მაგალითად, ძველი ჩანაწერებისგან განსხვავებით, დღეს მარტო უხეში და აგრესიული აღარ ვარ, ცოტა სინაზე შევაპარე ხმას. ყურადღებას ვაქცევ, რომ სუნთქვაც სულ ვთვალო. ესეც ვოკალის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია და მინდა, ყოველი შესუნთქვა ისეთ მონაკვეთზე დავასვა, სიმღერაში ორგანულად რომ გამოჩნდეს. მერე და მერე სხვადასხვა ხმებსაც ვრთავ ხოლმე, მაგალითად, კისრის გატკაცუნებას, რაც შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს ბევრს – ან ეს ტკაცუნი საერთოდაც უყურადღებოდ დარჩეს – მაგრამ მე მომწონს და ამიტომაც მივყვები ამ მეთოდს.

ინდიგო: მუსიკალური ფორმა, რომელიც შენ აირჩიე, არის ერთ-ერთი ყველაზე პირველყოფილი და თანაც ისეთი ფორმა, რომელიც დროს არ ექვემდებარება და ნებისმიერ ეპოქაში იარსებებს. რატომ გგონია, რომ არ იცვითება ეს ფორმა – მომღერალი გიტარით?

ავირჩიე იმიტომ, რომ ერთი მხრივ ამაზე მიმიწვდებოდა ხელი, და თან მუსიკა, რომელიც მომწონდა, ახლოს იყო ამ სტილთან – ბობ დილანი, ლეონარდ კოენი – ზოგადად სინგერ-სონგვრაიტერების მუსიკას ვგულისხმობ.

ეს ის მუსიკაა, რომელიც ერთი ადამიანისგან მოდის, კომპოზიტორზე პირდაპირაა მიბმული და მსმენელისთვის უფრო გულწრფელია. ამ ჟანრის ერთ-ერთი მთავარი იდეა ისაა, რომ შენი თავი გამოავლინო, თუნდაც პატარ-პატარა ტყუილებით. და სანამ ადამიანს საკუთარი თავი აინტერესებს და სანამ უნდა, რომ მოყვეს, რას გრძნობს და განიცდის, მუსიკის ეს ფორმაც – ადამიანი გიტარით – იქნება უცვეთი.

#აკუსტიკა ლექსო რატიანი - თევზის სიმღერა