„ვოდკასტის კოლექტივი გეპატიჟებით ინსტორ წვეულებაზე. დავუკრავთ ჩვენი კოლექციის ყველაზე ღრმა ჯურღმულებიდან ამოქექილ ჯაზს, ფანკს, სოულს, აფროს, დისკოს, ჰაუსს და სხვა მარგალიტებს“, – გამიმართლა და ასეთ მოსაწვევებს ბოლო წლებში ხშირად ვიღებ ხოლმე. კიდევ იმითაც გამიმართლა, რომ ამ პატარა მოსაწვევში, რაც კი უცხო სიტყვებია, არც ერთი არ მაბნევს. სიტყვა „ინსტორის“ მნიშვნელობაც კი მესმის. ანუ ასეა საქმე: მაღაზია „ვოდკასტის“ კოლექტივი მეპატიჟება წვეულებაზე, რომელსაც მაღაზიაშივე (ანუ ინ სტორ) მართავს და იქ მომასმენინებენ, თუ მომასმენინებენ! სულ დავიწყებულებს და საუკეთესოებს, ყველანაირ მუსიკას, რის ხასიათზეც შეიძლება ვიყო და არ ვიყო, მაგრამ – დავდგე.

მუსიკის მოსმენა რიტუალია – აი, გხედავთ კიდეც, ვინც ამას კითხულობთ, უკლებლივ ყველა თანხმობის ნიშნად მიქნევთ თავს. თუმცა, დავამატებდი:

მუსიკის მოსმენა, ზოგჯერ ნებით და ზოგჯერ უნებლიეთ, ჩვენ თვითონვე ვაქციეთ მონოტონურ, ერთფეროვან აქტად. სტანდარტულ და კარგად გაჩვეულ აკომპანიმენტად იმ დროისთვის, რომელსაც ანგარიშის წერაში, ჭურჭლის რეცხვასა თუ ტრანსპორტით მგზავრობაში ვხარჯავთ.

კი, ასეთი რუტინული საქმიანობისას მუსიკა მისწრებაა, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს გავუკეთებთ კარგ საქმეს, თუ ზოგჯერ, ათასში ერთხელ მაინც, ისე ვისიამოვნებთ მუსიკით, რომ ამ პროცესს სრულფასოვანი რიტუალი დაერქვას.

სწორედ ამიტომ გითხარით, „ვოდკასტის“ მოსაწვევების მიღებით მიმართლებს-მეთქი – 2015 წლის სექტემბრიდან, თბილისში ვინილების პირველი მაღაზიის გახსნის დღიდან – დავდივარ ნიკოლაძისა და ქიაჩელის კუთხეში მდებარე, ერთ ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც შუადღის 3-დან საღამოს 9-მდე სულ მუსიკის ხმა გამოდის. აქ უამრავი ფირფიტა, დიჯეებისთვის განკუთვნილი დასაკრავი ადგილი და კიდევ ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი ნივთი მხვდება – ფირსაკრავი, რომელზეც შემიძლია ნებისმიერ ფირფიტას მოვუსმინო და გადავწყვიტო, ვიყიდი თუ არა. შეიძლება საერთოდაც არ ვიყიდო და ახალ მუსიკას ისე, უბრალოდ, ვუსმინო.

როგორც ყველა მსგავს მაღაზიაში, აქაც ინსტორ წვეულება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ დროს ვინილების მაღაზიაში თბილისში სტუმრად მყოფი ან ადგილობრივი დიჯეები თავიანთ მუსიკას უკრავენ.

ახლა ჯერ ცოტა ადრეა. წვეულება საღამოს 7-ზე იწყება, ამიტომ ჩემი მეგობარი თამუნა მორჩილაძე და მე გარეთ გამოვდივართ.

– შენი პირველი ვინილი რა იყო?

– ერთ-ერთი პირველი ვინილი შენ მაჩუქე, ამ მაღაზიის გახსნაზე, ჯონ ტალაბოტის ალბომი იყო – FIN.

გული სიამაყით მევსება. სწორედ ესაა ამ მაღაზიის მთავარი „მუღამი“, რომ რაღაც შენსას აუცილებლად იპოვი ან, ბოლოს და ბოლოს, მეგობარს მაინც გაახარებ და ახალ, საინტერესო მუსიკას აპოვნინებ.

თამუნა მეუბნება, რომ „ვოდკასტ რეკორდსისთანა“ ადგილები მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მაღაზია. „ჩვენ, ვინც აქ მოვდივართ, ამ ჩვენი პატარა ქალაქიდან გაუსვლელად ვხდებით რაღაც დიდის ნაწილი და აქ ეს განცდა არასოდეს არ მტოვებს“.

ვინილია ის, რაც მუსიკის მოსმენას რუტინულობას აცილებს და ამ პროცესს ინტიმურ რიტუალად აქცევს. ბევრისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, ვინილი რაღაც ძალიან შორეულს და ნაცნობს უკავშირდება. ალბათ უფრო ბავშვობას. მახსოვს ბიძაჩემის პირველი ფირსაკრავი და პირველი ფირფიტები. ასევე მახსოვს საბჭოთა ხმის ჩამწერი ფირმა „Мелодия“-ს მაღაზია და მერე უკვე მშრალი ხიდი, სადაც ზოგადად, ყველანაირი სიძველე და ბევრი ჩვენგანის მოგონებებით სავსე ნივთები იყიდება.

თბილისური ვინილების მაღაზიის დამაარსებელ ვახო გამცემლიძესთან ერთად ვიხსენებთ, რომ ვინილების ისტორია 1940-იანი წლებიდან იწყება, 2000-იანებიდან კი მას ციფრული ფორმატის შემოჭრა ანაცვლებს უკანა პლანზე. ვახო ამბობს, რომ ეს დიდწილად ეკონომიკურ მდგომარეობასთანაა კავშირში: ვინილი გაცილებით ძვირია, ვიდრე მუსიკის ციფრული მოხმარება. საქართველოშიც ნაწილობრივ ეს იყო ვინილების გაქრობის მიზეზი, ჩვენთან მელომანები ჰყიდდნენ როგორც ფირფიტებს, ასევე ფირსაკრავებსაც.

დღეს კი, მთელ სამყაროში, ეს ხელშესახები მუსიკალური მედიუმი აღზევებას განიცდის და ელექტრონულ მუსიკაშიც მისი როლი არნახულად იზრდება. ალბათ, ამ პროცესს რამდენიმე მიზეზი აქვს: მისი ჟღერადობა უფრო ხარისხიანია, ვიდრე – ციფრულ ფორმატში შექმნილი მუსიკის. და თან მიზეზია ის ზემოთ ნახსენები „ნოსტალგიურობაც“: სწორედ ეს ისტორიული მედიუმი ინარჩუნებს „ნამდვილობის“ ეფექტს ციფრულ მუსიკალურ სამყაროში.

„ჩანაწერების მაღაზიის შექმნაზე საუბარი თბილისის მუსიკალურ წრეებში 2013 წლიდან დაიწყო, რადგან ასეთი კლუბური აქტივობის ქალაქს ერთი ასეთი მაღაზია აუცილებლად სჭირდებოდა. შემდეგ მე და ზურკინს მოგვივიდა იდეა, გამოჩნდა ადგილიც, რომელიც მეგობარმა დაგვითმო და ეგრევე ვთქვით: ვაკეთებთ!“ – ამბობს ვახო გამცემლიძე. ის დიჯეინგით დაახლოებით 2002 წლიდანაა დაკავებული. 2010 წლიდან კი ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერთან, გიო ბაქანიძესთან ერთად ინტერნეტპროექტს აკეთებდა, სახელწოდებით VODKAST-ი. ეს პროექტი ქართველ დიჯეებსა და მუსიკოსებს აერთიანებდა და მათი ჩანაწერების მოსმენა ნებისმიერ მსურველს სოუნდცლოუდ-ზე დღესაც შეუძლია.

თბილისური ვინილების მაღაზიის სახელიც VODKAST-იდან მოდის. ჩანაწერების უმრავლესობა აქ ელექტრონული საცეკვაო მუსიკაა. მომხმარებლები დაახლოებით 20-დან 40 წლამდე არიან. მაღაზიაში სულ ორი ოთახია, მთავარში ვინილების დიდი კოლექცია და დიჯეი-პულტი დგას, მეორეში კი ფირფიტები ჟანრების მიხედვითაა განლაგებული. აქვეა მეორადი ფირფიტებიც, რომლებიც შედარებით იაფი, მაგრამ ძალიან საინტერესოა.

ანა კუბლაშვილს, იგივე NEVA-ს, სწორედ ამ ფირფიტებთან ვხვდები, დგას და დაუსრულებლად ათვალიერებს. მეუბნება, რომ ჯერ ჩვენთან არ არსებობს ფირფიტების მაღაზიაში დიგგინგ-ის, ანუ ძებნის, ჩხრეკის ჩვეულება, რაც მუსიკის ონლაინ ძებნისგან სრულიად განსხვავდება, მაგრამ თვითონ ამ მაღაზიაში სწორედ ასე იქცევა ხოლმე. ფირფიტებში ქექვა მას სასურველი „განძის“, ანუ მისთვის ძვირფასი მუსიკის მოძებნაში ეხმარება.

მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიჯეი ზურა (ზურკინ) ჭყონიას თქმით, თბილისური ვინილშოპი მსოფლიოს სხვა ასეთი მაღაზიების მსგავსად, ყველასთვის გახსნილია. აქ მეგობრული გარემოა, რომელიც სტუმარს ახალი მუსიკის აღმოჩენაში ეხმარება. თუმცა, მასპინძლების თქმით, NEVA-სგან განსხვავებით, ქართველი მსმენელი ხშირად ისევ ნაცნობ მუსიკას ირჩევს:

„ადამიანები ძირითადად მოდიან იმის საყიდლად, რაც იციან. არადა, ასეთი მაღაზიის მთავარი იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოუსმინო ახალს, გაეცნო შენთვის უცნობ მუსიკას. სულ 5-10 წუთი გინდა, რომ ახალი მოიძიო, და მოისმინო. ასე რომ, ჩვენში ეს კულტურა ადამიანებთან ერთად იზრდება“, – ამბობს ზურა (ზურკინ) ჭყონია და დასძენს, რომ VODKAST RECORDS-ში ამიტომაც ცდილობენ, ფირფიტების საკუთარი კოლექცია ინტერნეტში არ განათავსონ და ამით „გვაიძულონ“ და გაგვახსენონ, თუ რამხელა სიამოვნებაა ძებნის ეს პროცესი და რომ მასთან დოწნლოად-ის ღილაკზე თითის დაჭერა ახლოსაც ვერ მოვა.

ვახო გამცემლიძე ამბობს: „ვინილს ყიდულობ გამიზნულად. ვინილს ყველგან ვერ მოუსმენ. ეს ინტიმური რიტუალია. უნდა მოგწონდეს, გიყვარდეს, დრო უნდა დაუთმო. ფულიც უნდა დახარჯო. იაფი სიამოვნება არ არის. ცხადია, უფრო იაფია გადმოწერა“.

იაფი სიამოვნება არც ვინილების ტრანსპორტირების და განბაჟების პროცესია. ერთი ფირფიტის ჩამოტანა შეიძლება 10 ევრო ღირდეს.

VODKAST RECORDS-ს, ფირფიტების დიდი მაღაზიების მსგავსად, თავისი ლეიბლიც აქვს და, ძირითადად, ქართველი არტისტების ფირფიტებს გამოსცემს. პირველი ასეთი ვინილი ქართული ელექტრონული ტრიოს „3 სულის“ EP-ია სახელად DESNA.

„DEშNA“ ჩვენი ტრეკების კომპლიკაციაა. საქართველოს კვალობაზე საკმაოდ კარგად გაიყიდა. ვინილზე მუსიკის გამოცემა მოგვწონს იმიტომაც, რომ ეს მუსიკა დროს უძლებს. შეიძლება არ გახდეს ბესტსელერი და ტოპჩარტებში ვერ მოხვდეს, მაგრამ დარჩენა გარანტირებული აქვს. ფირფიტა მოგონებაა, რომელიც შენს საყვარელ მუსიკას სხვებსაც აყვარებს“, – მეუბნება მუსიკოსი ბექა ელოშვილი.

მალე VODKAST RECORDS-ის ლეიბლზე ახალი ვინილი გამოვა – ახალგაზრდა ავტორის ლუკა დგებუაძის მუსიკა. ის რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს. ვინილი ლონდონში იბეჭდება და EP-ის სახე ექნება. საქართველოში 100 ცალი ჩამოვა და სხვა ქვეყნების ვინილების მაღაზიებშიც გაიყიდება.

თუმცა მე სულ მაინც ამ ვინილების მობრუნების პარადოქსზე მეფიქრება. რამდენჯერაც არ უნდა მივიდე „ვოდკასტ რეკორდსში“ – ფირფიტებში საქექად თუ ისე, წვეულებაზე, მაინც ეს კითხვა ამეკვიატება ხოლმე: რატომაა საჭირო, მაინცდამაინც ვინილზე გამოვიდეს ყველაზე თანამედროვე ელექტრონული მუსიკა, რომლის მთავარი წყაროც ინტერნეტია? შეიძლება, ეს სრულფასოვანი პროტესტი თუ არა, „ამოსუნთქვის“ მცდელობა მაინც იყოს ციფრული სამყაროსგან. ეს გლობალურად, ჩემთვის, პერსონალურად კი, ფირფიტების მაღაზიაში სიარული საკრალური რიტუალია ზუსტად იმ მიზეზით, რაც ჩემმა მეგობარმა აღწერა: აქ მუსიკაში ქექვისას, მუსიკის ცოცხლად მოსმენისას, რაღაც დიდის ნაწილად ვგრძნობ ხოლმე თავს, ამ ჩვენს პატარა ქალაქში.