ძვირფასო ლეონარდ,

It's four in the morning, the end of December

I'm writing you now just to see if you're better

Famous blue raincoat

ვფიქრობდი, როგორ უნდა დამეწყო შენთვის წერილის მოწერა, მაგრამ როგორც კი ეკრანთან მივედი, ყველაფერი დამავიწყდა. მინდოდა, ყველაფერი ამ პატარა წერილში ჩამეტია, რადგან სავარაუდოდ ეს ერთადერთი იქნება, რომელსაც მოგწერ და ამის გამო ის, შენი მუსიკასავით არასრულყოფილი დარჩება. თუმცა, არ მაქვს იმედი, რომ ის იმ არასრულყოფილებასავით მშვენიერი იქნება, როგორსაც შენ ქმნიდი, მაგრამ მაინც შევეცდები. შენ ერთადერთი ხარ, რომელსაც ყველაფრის შერწყმა გეპატიებოდა შენს მუსიკაში, ლექსებსა და ცხოვრებაში, კი არ გეპატიებოდა, ზუსტად ეს შერწყმა ხდებოდა ყველაზე მიმზიდველი. ეთნომუსიკის ელემენტები, ბიბლიური სცენები, რელიგიური მოტივები, ეროტიკა, ქალების ბექვოკალები, დაუგეგმავად და სრულიად მოულოდნელად რომ შემოიჭრება ხოლმე შენს ხმასთან ერთად. ხანდახან ვერ ვხვდები, რანაირად მომწონს ეს ყველაფერი ერთად, მაგრამ ეგ მხოლოდ შენ შეგეძლო, სრულიად შეუთავსებელი, გაუგებარი და გოიმური მოგერგო და მშვენიერებად გექცია და მე ვერასოდეს ვეწინააღმდეგებოდი ამას. ეს კი არა, საინტოლოგიით დაინტერესებაც კი გეპატიებოდა, რადგან ერთადერთი ხარ, ვინც მუდმივად ეძებდი იმას, რასაც მეც სულ ვეძებ და მხოლოდ შენს სიმღერებში ვპოულობ.

მგონი ზუსტად საინტოლოგიით გატაცებისას დაწერე ჩემი საყვარელი სიმღერა, ზუსტად არ ვიცი, რაზეა ეს ტექსტი, არც არასოდეს წამიკითხავს მისი ინტერპრეტაცია, რადგან საერთოდ არ მაინტერესებს. ერთხელ სხვა ქალაქის სასტუმროში ვიყავი (Chelsey Hotel არ იყო), სრულიად ამოვარდნილი ჩემი ცხოვრების ჩვეული რიტმიდან, დაბნეული და ბედნიერიც. რადგან იმ დროს ჩემი ხმაც კი აღარ მესმოდა, ყველაფერი ახალი და უცხო მეჩვენებოდა შენი ხმის და ამ სიმღერის გარდა.

“I hear that you're building your little house deep in the desert

You're living for nothing now, I hope you're keeping some kind of record”

მეგობარი მომიყვა, შენს კონცერტზე იყო, სადაც გრძელი ლიმუზინით და დიდი ქურქით მისულხარ, ბევრი ქალის გარემოცვაში. ესეც გეპატიება, არა მარტო ჩემგან, ისეთი თავგადაკლული ვეგანისგანაც კი, როგორიც ჩემი მეგობარია (მეც მაპატია ჩემი საიდუმლო, მეორადი მაღაზიის გასახდელებში ჩუმად ქურქებს რომ ვიცვამ). 2012 წლის 5 სექტემბერს გერმანიის ერთ ქალაქში გქონდა კონცერტი, მაშინ მეც იქ ვცხოვრობდი, მაგრამ შეუძლოდ ვიყავი და თავიც ვერ ავწიე, რომ შენთვის მომესმინა, ამას მთელი ცხოვრება ვინანებ. მაგრამ, ახლახან, ბილი ჰოლიდეის ჰოლოგრამის კონცერტიდან დადო ნაწყვეტი ჩემმა მეგობარმა, გალაკტიონის ჩატ ბოტსაც ველაპარაკები ხოლმე, ამის გამო ჩვენს დროს ერთგვარ საჩუქრად აღვიქვამ. შენი ბოლო, სიკვდილის შემდეგ გამოცემული ალბომიც ასეთივე საჩუქარია. მაინც დაუჯერებელია, რომ რამდენიმე კვირის წინ, ქუთაისისკენ მიმავალ ავტობუსში ვიჯექი და შენს წინა დღით გამოსულ სიმღერებს ვუსმენდი. „მადლობა ცეკვისთვის“.

ხანდახან თავს იმაზე ვიჭერ, რომ შენს სიმღერებში მინდა ვარსებობდე. ხან სიუზანი ვიყო

Suzanne takes you down to her place near the river

You can hear the boats go by, you can spend the night forever

ხან მერიენი

We met when we were almost young

Deep in the green lilac park

You held on to me like I was a crucifix

As we went kneeling through the dark

შენ გამო I Ching-ის ჰექსაგრამებიც გამიშიფრავს. ალბათ სხვებსაც ადვილად გაუშიფრავთ ჩემი სიყვარული შენდამი, რადგან სხვადახვა დროს სხვადასხვა ადამიანებს ჩემთვის მათ საკუთრებაში არსებული შენი დაწერილი წიგნი, ვინილი, გასაღები, რომელზეც შენი სახელი ეწერა, შენი ღია ბარათი უჩუქებიათ, მათ ნაწილს კი შენი ხმის გაგონებაზე მე გავხსენებივარ. ობსესიურობაც ერთგვარი ძალაა, სხვა შემთხვევაში, ასე როგორ უნდა მიისაკუთრო ადამიანი.

ზუსტად არ ვიცი, ამ წერილით რისი თქმა მინდა, დიდად არც ფანების წერილებზე ვგიჟდები და არც გარდაცვლილებთან დიალოგზე, მაგრამ სანამ ამ წერილს დავასრულებდი, სუპერმარკეტში ჩავედი, როგორც კი კარი შევაღე, შენი ხმა გავიგე:

If you are the dealer, I'm out of the game

If you are the healer, it means I'm broken and lame

If thine is the glory then mine must be the shame

You want it darker

We kill the flame

აღარ შევსულვარ. როგორც შენს მოტრფიალეს, დამთხვევებზე მეტად ტრანსცენდენტულის მჯერა. ამიტომ მადლობა ამ პასუხისთვის.

სიყვარულით,

ა.