ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

მზის ენერგია საქართველოში | ინტერვიუ თორნიკე დარჯანიასთან

  • მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ოჯახი წყალს დღეს მზის კოლექტორებით აცხელებს.
  • მზის ენერგიით მოსარგებლე შინამეურნეობა ყველაზე ბევრი არის ჩინეთში.
  • 2012 წლის დასაწყისში, მსოფლიოს 118 ქვეყანა უკვე ითვალისწინებდა განახლებადი ენერგიების მნიშვნელობას ყოველდღიურ პრაქტიკაში.
  • 2050 წლისთვის განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნახევრის ელექტროენერგიით მომარაგება.

ეს მზის ენერგიის გამოყენების ოცდამეერთე საუკუნის მცდელობებია – გაცილებით მასობრივი, ვიდრე მეოცეში იყო, უფრო ორგანიზებული და ბევრისთვის უალტერნატივოც, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამიწის ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზე, გარემოს დაბინძურებაზე ვმსჯელობთ.

მზისა და ადამიანის ურთიერთობის ამბავი კაცობრიობის განვითარების გზას შორეული წარსულიდან მოჰყვება.

6 000 წლის წინ, ქვის ხანაში, ჩინელები სახლებს ისე აგებდნენ, რომ ზამთარში, გასათბობად, მზის გამოსხივება მაქსიმალურად აეთვისებინათ.

საბერძნეთის ქალაქებშიც სახლების მზის მიხედვით მოწყობის წესი ჰქონდათ.

ჩინელები ბრინჯაოს ხანაშიც, პატარა ზომის მინებს ცეცხლის დასანთებად იყენებდნენ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ დღეს ასანთს ან სანთებელებს ვხმარობთ.

აღორძინების ეპოქაში, გალილეო და მისი თანამედროვეები მზის ამრეკლავ სარკეებს აწყობდნენ ისე, რომ იარაღად გამოეყენებინათ – მათი საშუალებით მტრის ფლოტებისა და პატარა ქალაქების გადაწვა შეძლებოდათ. ლეონარდო და ვინჩის გაცილებით მშვიდობიანი მიზანი ჰქონია. ის დიდ იმედს ამყარებდა დაახლოებით ნახევარი მილის სიგრძის სარკეებზე, რითაც შალის მწარმოებელ საამქროებში წყლის გაცხელებას შეძლებდნენ.

მზის პირველი პანელები, რომლებიც ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიდა, ნიუ იორკის სახურავზე, 1884 წელს გამოჩნდა. კიდევ უფრო ადრე, 1860-იან წლებში ფრანგ ინჟინრებს მზის ენერგია ორთქმავლის სამართავად გამოუყენებიათ. სამხრეთკალიფორნიელ ფერმერს კი, 1901 წელს მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრონული ძრავით ციტრუსის ხეებით გაშენებული ბაღები მოურწყავს.

ყველა ეს მაგალითი ერთ უნიკალურ ამბავს ჰყვება: სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ქვეყანაში, ადამიანი მზის ძალას ცხოვრების უკეთ მოსაწყობად იყენებდა. იგივე შეგვიძლია ჩვენც.

ტექსტი ამოკრეფილია ჯონ პერლინის წიგნიდან „დაე, იკაშკაშოს“ (LET IT SHINE), რომელიც მზის ენერგიის გამოყენების ექვსიათასწლიან ისტორიას აღწერს.



თორნიკე დარჯანია: 2010 წელი იყო, გერმანიაში სტიპენდიით ვიყავი სასწავლებლად, როცა ერთ პატარა დასახლებაში მოვხვდი, სტუმრად გერმანელ კაცთან სახლში, რომელიც ყველაფერს საკუთარი მზის ელექტროსადგურით ამუშავებდა. გვითხრეს, ეს რა არის, სხვა სახლები ამ პატარა ქალაქში მთლიანად ქარის ენერგიით არისო. მერე წაგვიყვანეს და ქარის ელექტროსადგურის მუშაობაც გვანახეს. ეს ყველაფერი იქაც ახალი იყო, გერმანიაც მაშინ იწყებდა განახლებადი ენერგიების განვითარებას. იმ კაცს, ვისი სახლიც გვაჩვენეს, საკუთარი ელექტროსადგურის გარდა, თავისი ხელით აწყობილი ელექტრომობილიც ჰყავდა. დაახლოებით 20 კილომეტრს ფარავდა, მაგრამ დასხედით, გაატარეთო, გვითხრა და გავოგნდით, ეს ხელით აწყობილი მანქანა ძაან კარგად დამამახსოვრდა.

სათამაშო რობოტი ჰქონდა კიდევ ამ კაცს, Mars Explorer ერქვა, ზუსტად იმ რეალური „მარს ექსპლორერის“ პროტოტიპი იყო, რომელიც მერე მართლა გაუშვეს მარსზე, საკვლევად. მზეზე რომ დადებდი, რობოტი მოძრაობას იწყებდა. ეს კაცი გვეხუმრა, მარსზე ოდესმე ასეთივე რობოტს გააგზავნიან და მარსის საფუძვლიან კვლევასაც აი, ნახავთ, თუ არ დაიწყებენო. ბევრი ვიცინეთ. ზუსტად ათი წლის შემდეგ ახდა. დაკვირვებული ვარ, ყველა სიახლე საქართველოშიც, ათი წლის შემდეგ შემოდის. გვინდა ეს თუ არა.

ეს სათამაშო იმ წელსვე ვიყიდე. 35 ევრო გადავიხადე, ჩემი ყოველთვიური სტიპენდია 200 ევრო იყო. ახლაც მაქვს, პატარა პანელი ადგას თავზე, მზეზე ენერგიას გამოიმუშავებს, მოტორიც აქვს და დადის.

თან ვფიქრობდი, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე ლაპარაკის სერიოზულად დაწყება რა დროსია-მეთქი, ფანტასტიკის სფეროდ მეჩვენებოდა. სულ ის მახსენდებოდა, რუსეთმა გერმანიას 2006 წელს გაზის მიწოდება რომ შეუწყვიტა და რომ საქართველოს ომიდან ორი წლის თავზე სულ სხვა მიმდინარე პრობლემები ჰქონდა.

მზის პანელებიც ძალიან ძვირი ღირდა. 2012 წელს დავბრუნდი გერმანიაში და მაშინ ვიყიდე ოცვატიანი პანელი, 60 ევრო ღირდა. დღეს 6 დოლარად იყიდი. აკუმულატორს და განათებებს მუხტავდა და ვერთობოდი. მაგრამ უფრო დიდ მასშტაბში ამის წარმოდგენა მიჭირდა.


2016 წლამდე ჩვენთან მზის ელექტროსადგურს ქსელზე არავინ არ მიგაერთებინებდა. ერთი კომპანიაა ასეთი „მზის სახლი“ და მაშინ, მზის ელექტროსადგურები თუშეთში დაამონტაჟა. გრანტით გააკეთეს, თორემ მოსახლეობას იქ მაგის ფული საიდან, აბა.

2016 წლამდე, ელექტროენერგიის მოგროვებას აკუმულატორი სჭირდებოდა. წელს კი, მზის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება შევძელით. სახელმწიფომ თქვა, რომ ნებისმიერს შეუძლია ჰქონდეს ელექტროსადგური (მარტო მზის ელექტროსადგურს არ ეხება ოღონდ ეს, ჰესსაც ეხება და ქარის ენერგიასაც), მიაერთოს ქსელს და ელექტროენერგია საერთო ქსელში გაუშვას.

ეს ცვლილება კი შევიდა კანონმდებლობაში 2016 წელს, მაგრამ კაციშვილმა არ იცოდა, ჩემი ჩათვლით. მხოლოდ ერთმა კაცმა. სოსო აბჟანდაძემ. ამ კაცს, ვარკეთილში აქვს საკუთარი ჰესი, 100 კილოვატი სიმძლავრის ჰესი ააშენა. თბილისის ზღვიდან ჭუჭყიანი, გაუფილტრავი წყალი რომ გადაედინება მტკვარში, იმ წყალს იყენებს. მტკვრის შესართავთან დახვდა ამ წყალს და ჩაავლო, თავისკენ გადაისროლა. ოღონდ პრობლემა შეექმნა სოსოს, ქსელზე არ აერთებინებდნენ. ბოლოს ადგა და სათბურები გააკეთა, რომ ეს ელექტროენერგია რამეში მაინც გამოეყენებინა. სემეკშიც ყველა იცნობდა სოსო აბჟანდაძეს. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი როცა გახდა საქართველო, მაშინ უთხრეს მთავრობას, რომ ეგრე არ შეიძლებოდა, თუ ადამიანს უნდოდა, სადგური ჰქონოდა, ქსელზეც უნდა მიგვეერთებინა. ვალდებულება ავიღეთ და ცვლილებაც შევიტანეთ კანონმდებლობაში.

ამ დროს მზის პანელებიც გაიაფდა და ჩინეთში შევუკვეთე.

საქართველოში მეხუთე ადამიანი ვიყავი, ვინც ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩაერთო.

ბევრი საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, Youtube-ზე ვნახე, როგორ აწყობდნენ. ამაზონზე წიგნები შევუკვეთე და წავიკითხე... სინამდვილეში არაფერში მჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვისწავლე, როგორ კეთდება ლითიუმის აკუმულატორების მენეჯმენტი.

ასე ავაწყვე ელექტროსადგური.

მამა მეხმარებოდა, სადგურის კონსტრუქციული ნაწილი მთლიანად მამამ ააწყო. ელექტრული ნაწილი – მე. ბიძაჩემიც გვეხმარებოდა. ჩემი კერძო სახლია. სახურავზე გავაკეთეთ.

მეზობლებმა მზის ელექტროსადგური ვერ შეამჩნიეს, მაგრამ მერე მამაჩემმა დაიჩემა, ქარის ელექტროსადგურიც დავაყენოთო. ქარის ელექტროსადგური ნამდვილად ადვილად შესამჩნევია. რომ ტრიალებდა, მეზობლები კარგად ერთობოდნენ, თორნიკე, რას აპირებ, გამოგვიტყდიო. ქარის ელექტროსადგურს დაახლოებით ისეთი ხმა ჰქონდა, თვითმფრინავს რომ აქვს აფრენისას. მეზობლები წუხდებოდნენ, მაგრამ მაინც გვიჭერდნენ მხარს. ბოლოს მოვხსენი, სანზონაში ვცხოვრობთ და მხოლოდ გაზაფხულზეა საკმარისი ქარი – არ იმუშავა.

მაგრამ ჩავიფიქრე, რომ მთლიანი სამეზობლო განახლებად ენერგიაზე გადამეყვანა. აუცილებლად ვიზამ ამას.

შეიძლება ის თანხა, რასაც ელექტროენერგიაში იხდიან, ლიზინგში გადაიხადონ და გამოისყიდონ ბოლოს. ოღონდ, ჯერჯერობით, ლიზინგის იდეაც არარეალისტურია. რთულია არასტაბილურ გარემოში ამის გაკეთება.

ჩვენ რომ ბიზნესი დავიწყეთ, 2017-2018 წლებში, მზის ელექტროსადგურის დაყენება ღირდა 1000 დოლარი ერთი კილოვატი. დღეს 30 პროცენტით გაიაფდა და 700$ ღირს. ინდუსტრია ვითარდება და იაფდება პროდუქცია.

კომპანიებთან მუშაობა დღემდე გვიჭირს. ძირითადად, კერძო პირები გვიკვეთავენ. სულ სხვადასხვანაირი ადამიანები არიან, ისინი, ვისაც აინტერესებს განახლებადი ენერგიები, ანდა ფული აქვს გადადებული ამისთვის, ანდა ერთი მერსედესი ჰყავს, აღარ აინტერესებს მეორე მერსედესის ყიდვა და უნდა, რომ ფული რაღაც უფრო ღირებულში ჩადოს.

საქართველოში, დაახლოებით, 600 კილოვატამდე გვაქვს დაყენებული, რაც საკმაოდ სოლიდური სიმძლავრეა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავაყენეთ საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურიც – თავისუფალი უნივერსიტეტის სახურავზეა, ბიბლიოთეკის თავზე.

მაგრამ მეინსტრიმული ეს სფერო მაინც ვერ არის. ჩვენნაირი სულ სამი კომპანიაა ბაზარზე. ოღონდ ზუსტად ვიცი, ახალი მოთამაშეებიც გაჩნდებიან. როგორც კომპიუტერები შემოვიდა თავიდან და მხოლოდ ცოტას ჰქონდა, ასე ვართ. დღეს ხომ ყველას გვაქვს კომპიუტერი? ასე იქნება მზის ენერგიაც. ყველას ექნება მზის ელექტროსადგური სახლში. დროის ამბავია.

უკვე მთელი კომუნა ვართ, საქართველოში ყველა გულშემატკივარი რომ შეგვკრიბოთ, ათასიდან ათას ხუთასამდე ვიქნებით.

სულ სხვადასხვა პროფესიის ხალხი. ჰელიოს ენერჯის აკადემიაც გვაქვს. ახალგაზრდებს ვასწავლით ელექტროსადგურისა და მზის პანელების დაყენების ტექნოლოგიას. სამასი ლარი ღირს თვეში. სულ სხვადასხვა პროფესიის ხალხი გვყავს. ოთხი ნაკადი გავუშვით, დაახლოებით ასი სტუდენტი. მერე თვითონაც თანამოაზრეთა წრეებს ქმნიან. ენერგოდამოუკიდებლობა ის საკითხია, რომელიც ყველას ეხება. თქვენც გეხებათ.

ჩვენ ამ საკითხს მარტო პანელების დაყენების ჭრილში არ ვხედავთ. ჩვენ გვინდა, ისეთი სახლების მშენებლობაში ჩავერთოთ, რომლებსაც ენერგეტიკულად დადებითი ბალანსი ექნებათ. ანუ სახლი, რომელიც უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მოიხმარს. მზის ელექტროსადგურს აყენებთ სახურავზე, რომელიც ამ სახლს ათბობს კიდევაც, აგრილებს კიდევაც, ყველაფრით ამარაგებს და პლუს ქსელში უშვებს ელექტროენერგიას, რისთვისაც ფულს გიხდიან.

გვაქვს ასეთი სახლის მაგალითი, გორშია. ერთმა კაცმა ააშენა დამოუკიდებლად. თავიდან ელექტროენერგიაში, თვეში სულ 30-40 ლარს იხდიდა. შემდეგ ჩვენ დავუყენეთ მზის ელექტროსადგური და ახლა იმ 30-40 ლარის გადახდაც აღარ სჭირდება.



ალტერნატიულ ენერგიებზე ფიქრისას გრძელვადიანი გათვლაა საჭირო. როცა გერმანელი მზის ელექტროსადგურს აშენებს და ანგარიშობს, რომ უკუგების პერიოდი ათი წელია – უკვე ბედნიერია. სადგური 20 წელიწადს მაინც იმუშავებს, 10 წელში ფულს ამოიღებს, არც ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება შეეხება – ყველა შემთხვევაში მოგებულია. საქართველოში კი შორეულ გათვლებს ხალხი ვერ აკეთებს – ომის თანმხლები კრიზისები, არასტაბილურობის მუდმივი შეგრძნება, სამსახურის დაკარგვის შიში, მოკლედ, რთულია.

მარტივ მაგალითს გეტყვით. 125 ლარის ელექტროენერგიის გადასახადი რომ გაანულოთ, 5-კილოვატიანი სადგური გჭირდებათ. დღეს ასეთი სადგურის აშენება 3500 დოლარამდე ჯდება. ჩვენთან კი, ბევრს ურჩევნია, 3500-დოლარიანი ოპელი ჰყავდეს, ვიდრე მზის ელექტროსადგური, ამას ახალი შესაძლებლობების დატესტვისადმი სკეპტიციზმი ემატება.

თუმცა, პანდემიამ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გამოაჩინა. კარანტინის დროს ორი ცალი აკუმულატორის სისტემა გავყიდეთ. ადამიანებმა თავი დაიზღვიეს იმ შემთხვევისთვის, ქსელში შუქი რომ გათიშულიყო. სხვა რამდენიმე კლიენტიც გვყავს, მზის ელექტროსადგურები იმიტომ დაგვიკვეთეს, რომ აპოკალიფსი თუ დაიწყო, მომზადებულები შეხვდნენ. საბოლოოდ, მათი ეს გადაწყვეტილებები სიტყვებში ასე ითარგმნება: „მშვიდად ვარ, რადგან ჩემი ელექტროენერგია მაქვს“.

დამოუკიდებლობის ეს შეგრძნება მართლა მაგარია.

თუმცა, ენერგოდამოუკიდებლობა მხოლოდ ელექტროენერგია არ არის. გათბობაცაა და გაგრილებაც. გლობალური დათბობის პირობებში, სულ უფრო ხშირად დადგება ხოლმე ისეთი ზაფხულები, როცა გაგრილება ფუფუნება კი აღარ იქნება, აუცილებლად დაგვჭირდება. ამიტომ გაცილებით მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურები გვჭირდება, რაც გაცილებით ძვირი ჯდება, ამისთვის კი მზად არ ვართ, არც ხალხი და არც ქვეყანა.

ჩემს სახლში ყველაფერს მზის ენერგიაზე ვამუშავებ: კომპიუტერს, სარეცხ მანქანას, თმის საშრობს – 4.8-კილოვატიანი სადგური მაქვს.

ეხლა, მე და თქვენ რომ ვლაპარაკობთ, ჩემი სადგური გამოიმუშავებს 2 კილოვატსაათს და მე რომ ლეპტოპი მაქვს ჩართული, ჩემს ცოლს სარეცხი მანქანა, დანარჩენი, მიდის პირდაპირ ქსელში, მრიცხველს გაივლის და დადებით ბალანსში ჯდება.

გათბობა გაზზე მაქვს, ჯერ ვერ გადავიყვანე. ეს რომ გავაკეთო, პირველ რიგში, სახლი უნდა დავთბუნო. დანარჩენი ყველაფერი ელექტროენერგიაზე მაქვს, ელექტრომობილის ჩათვლით. ერთი წელია საწვავი არ ჩამისხამს.

რატომ არ დაფიქრდა კაცობრიობა აქამდე, რომ მზის ენერგია გამოეყენებინა?

იმიტომ, რომ ნავთობის ინდუსტრია ძალიან მარტივია. ამერიკაში, 1960-70 წლებში ნავთობის კრიზისი რომ შეექმნათ, მზის ენერგეტიკის განვითარებაზე დაიწყეს ფიქრი, მაგრამ მალევე დაივიწყეს. იმიტომ, რომ აღმოაჩინეს ნავთობით სავსე საუდის არაბეთი. ამის გამო ამ ტექნოლოგიურმა განვითარებამ გადმოიწია და ხომ ხედავთ, 21-ე საუკუნეშიც საბრძოლველი გვაქვს. არადა, მართლა მიკვირს, დღეს, როცა ასეთი ტექნოლოგიური პირობები გაქვს და შესაბამისი ფინანსებიც, როგორ შეიძლება დიზელს ან ბენზინს ასხამდე მანქანაში?

მზე არის ღმერთისგან ნაჩუქარი ცაში ჩამოკიდებული გენერატორი, რომელიც ადამიანებისთვის ერთადერთი და პირველადი ენერგიის წყაროა.

დამთავრდა. წერტილი. დამატებითი ენერგიის წყარო, რომელიც დედამიწას აქვს, არ არსებობს. ის წყლის ცირკულაციაც, რაც ჰესებს ამუშავებს, მზისგანაა. მზე ყველაფრის წყაროა.

პირველ რიგში, ჩვენმა ქვეყანამ სტრატეგია უნდა დაწეროს და თქვას, რომ ენერგოდამოუკიდებლობა მისი პრიორიტეტია; რომ ნავთობი და ენერგომატარებლები პოლიტიკური მანიპულაციის ბერკეტია და ამიტომ უნდა მოვიფიქროთ, როგორ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთსა და აზერბაიჯანზე. უნდა ვთქვათ, სად გვინდა ვიყოთ 10 წლის შემდეგ? გერმანიამ წლების წინ თქვა, რომ 2025 წელს მისი ენერგიის გენერაციის 40 პროცენტი უნდა იყოს მწვანე. თუმცა კი უკვე 50 პროცენტზე არიან.

ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი კლიმატური პირობები აქვს. გერმანიასთან შედარებით 30 პროცენტით მეტი გვაქვს მზის ენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი, ბრიტანეთზე – 40 პროცენტით მეტი. მზის ელექტროსადგურის კარგად მუშაობისთვის გვჭირდება გრილი, ატმოსფერულად სუფთა ჰაერი, დახრა უნდა ჰქონდეს და სამხრეთს უყურებდეს. შეიძლება ზღვის დონიდან მაღალზე საერთოდ არ იყოს, მაგრამ იყოს გრილ ადგილას. მზის სხივი უნდა ხვდებოდეს – ეს არის მთავარი. მართვა არ სჭირდება. წელიწადში ერთხელ შეიძლება პანელები გადარეცხო ან გაწმინდო, მაგრამ წვიმაც რეცხავს მშვენივრად.

ჩვენთან მოწინააღმდეგეები არ ჰყავს ამ იდეას, არც რთული ბიუროკრატია გიშლის ხელს. იმდენად უპრობლემოა ეს ტექნოლოგია, – გამოსხივება არ აქვს, რადიაცია არ აქვს, არც ადამიანს აზიანებს და არც გარემოს. წინააღმდეგობა მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს, თუ მიწაზე დავიწყეთ სადგურების დაყენება მასიურად და სასოფლო-სამეურნეო ადგილები ავითვისეთ. მაგრამ აქამდე ჯერ შორია; ჯერ ყველა სახურავი ავითვისოთ და მერე ვილაპარაკოთ.