გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მე მაქვს ოცნება

23 იანვარს, 17:30 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლო, 10 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით, თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის, პაატა საბელაშვილის განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო პროცესი 10 იანვარს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ შსს პაატა საბელაშვილს წვრილმან ხულიგნობასა და ორგანიზატორის მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავება. გთავზობთ პაატა საბელაშვილის მიმართვის ტექსტს, რომელიც მან 10 დეკემბრის აქციაზე გააკეთა.

მინდა გავიხსენო ადამიანები, ვინც ნარკოფაშიზმს შეეწირნენ. ჩვენ მხოლოდ ერთეულების სახელების თქმა შეგვიძლია: დემურ სტურუა და ლევან აბზიანიძე. ჩვენ ასეულობით ტრაგედიის უშუალო მოწმეები გავმხდარვართ. უამრავი ადამიანი დავკარგეთ ზედოზირებით. თუმცა, მათი სისხლი დაკარგულია, რადგან სიკვდილის შემდეგაც კი, მათ ოჯახებს რცხვენიათ, რომ ისინი ნარკომანები იყვნენ. მათი სისხლი დაკარგულია, რადგან ჩვენ ჯერაც ვერაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს მსხვერპლი აღარასოდეს განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც ნარკოფაშიზმს შეეწირა.   

მე მაქვს ოცნება. ქართული ოცნება არა, არც ამერიკული. მე მაქვს ნარკომანის ოცნება! მინდა ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს, მხოლოდ სიკეთის სწამდეს და სიყვარულით იცხოვროს. მე მდევნიან იმის გამო, რომ მაქვს ოცნება. მდევნიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ბედნიერი ვარ. მიკრძალავენ მხოლდ იმას, რაც მინდა. მართმევენ მხოლოდ იმას, რაც ჩემია - თავისუფლებას. მართმევენ ყოველდღე, დღისით და ღამით, ქუჩის რეიდით, თუ სახლში შემოვარდნით, მოშარდვინებით თუ დავერბოვკებით, სროკებით და პირობითებით, ჯარიმებით და ყადაღებით, დამცირებით და ადამიანური ღირსების წართმევით. ეს არ არის ჩემი ოცნება, ეს შეიძლება მხოლოდ ნარკოფაშისტის ოცნება იყოს.


მინდა მივმართო ჩვენს ხალხს:

დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ნარკოტიკის მოხმარების ავკარგიანობაზე. ნივთიერების მოხმარებასთან შედარებით, განუზომლად დიდია ბოროტება, რაც სისტემას მოაქვს. ისინი ამბობენ, რომ პოლიციური რეჟიმით ნარკომანიის პრევენციას აკეთებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი ნარკოდანაშაულის პრევენციას კი არა, მის პროვოცირებას ახდენენ. უამრავ ადამიანს აკრიმინალებენ, ხოლო მათ, ვინც გამოიარა ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ციხე ჰქვია, ყველა ხერხით აბრკოლებენ უკან დაბრუნების ისედაც რთულ გზაზე.

მივმართავ ნარკო-პოლიციას:

აბა დაფიქრდით, როგორ შეიძლება პოლიციას და პროკურატურას იმაზე კარგი უნდოდეს ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ? ჩვენ არ ვართ ისინი და ჩვენ უფრო მეტი რამ გვემეტება მათთვის, ვიდრე მათ საკუთარი თავებისთვის. ისინი დღეს ჩვენი შარდის შეგროვებით, დაშინებით, შეურაცხყოფით და გაუბედურებით არიან დაკავებული. ჩვენ კი გვინდა, მეტიც, ჩვენ პირდაპირ ინტერესშია, რომ მათ ღირსეული სამუშაო ჰქონდეთ. კი არ გვდევნიდნენ - გვიცავდნენ. მე მინდა, მათ შვილებს ჰქონდეთ პასუხი, როდესაც ჰკითხავენ - სად იყვნენ თქვენი მამები და დედები, როდესაც საქართველოში ადამიანებს ჯვარს აცვამდნენ საკუთარი თავისუფლების გამო? მე მჯერა, რომ მათში ადამიანური უფრო დიდია, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. გუშინ შემხვდა ადამიანი, რომელმაც მადლობა მითხრა იმისთვის, რომ ვამბობთ იმას, რასაც ის ვერ ამბობს. მითხრა, რომ ვერც კი „დააეთენდა“ ეს ღონისძიება, და რა თქმა უნდა ვერ იქნება აქ, ჩვენ გვერდით. მაგრამ მან, შსს-ს თანამშრომელმა მთხოვა გადმომეცა თქვენთვის, რომ ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ. და ჩვენში მან საკუთარი თავიც იგულისხმა.

მინდა მივმართო ინფორმანტებს, ნასედკებს:

ჩვენს თემში დიდია ზიზღი მათ მიმართ. არადა ვინ არიან ისინი, თუ არა ჩვენი თემის ნაწილი. ჩვენი თემის ყველაზე საძულველი და გაუბედურებული ნაწილი. ნურავინ იტყვით გადაჭრით, რომ იცით როგორ მოიქცევით, როდესაც 20 აბ „ექსტაზის“ დაგიდებს წინ პოლიციელი და არჩევანის წინაშე დაგაყენებს. კი, ჩვენ უფრო ძლიერნი აღმოვჩნდით, მოვნახეთ მხარდაჭერა და რესურსი, რომ თავი დაგვეღწია ამ ხაფანგისგან. მაგრამ ისინი? მათ დარდის გამზიარებელიც კი არავინ ჰყავთ.

დებო და ძმებო, მოგმართავთ თქვენ. თქვენ ჩემი, ჩვენი ნაწილი ხართ და ის, რომ სისტემამ თქვენ ყველაზე მეტად გაგჭყლიტათ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის გამო კიდევ უფრო უბედურ ადამიანებად გაქცევთ. მოდით ჩემთან, ჩვენთან. დაგველაპარაკეთ, გამოეცალეთ სისტემას და დაგვეხმარეთ ამ ომის მოგებაში. ყველა ცოდვა ნაპატიები იქნება, ყველა ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი:

მინდა მივმართო ყველა ჩვენ დას და ძმას, რომელიც ციხეებიდან გვისმენენ და გვიყურებენ. სხვაობა ჩვენ შორის მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად ჩვენ გაგვიმართლა, თქვენ არა. მაგრამ, იცოდეთ არასდროს, დღე-ღამის არც ერთ მონაკვეთში არ არის მომენტი, როდესაც ჩვენ თქვენზე არ ვფიქრობთ. არ გეგონოთ, რომ ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ იყინება წამი მაგ წყეულ კედლებში, არ ვიცით, თუ როგორ გექცევიან და რას იტანთ. არასოდეს დაკარგოთ იმედი თავისუფლების, ჰო - სვაბოდის, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მალე დაგვიბრუნდეთ და შემოგვიერთდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში.

მივმართავ თითოეულ თქვენგანს მარგარეტ მიდის ცნობილი სიტყვებით.

„არასოდეს დაეჭვდე, რომ მზრუნველი და გულანთებული მოქალაქეების მცირე ჯგუფს  ქვეყნის შეცვლა შეუძლია. სინამდვილეში, სამყარო სხვას, არაფერს და არასდროს შეუცვლია ის.“  

ფოტო :
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა