საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi  სლოგანით „ჩაუღრმავდი რეალობას" გთავაზობთ 60-ზე მეტ დოკუმენტურ ფილმს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. 3 – 8 მაისი, 2018
cinedoc-tbilisi.com

ქალი ტყვეობაში
რეჟისორი  ბერნადეტ ტუზა-რიტერი (უნგრეთი/გერმანია)
ეს არის ფილმი 52 წლის უნგრელ მარიშზე, რომელიც ათი წელია ემსახურება ერთ ოჯახს და დღეში ოცი საათი ანაზღაურების გარეშე მუშაობს. იგი დღეებს გამუდმებულ შიშსა და საკუთარი ცხოვრების დაბრუნებაზე ოცნებაში ატარებს. მარიშს სწორედ კამერა ეხმარება, გააცნობიეროს, რომ ის მარტო არ არის.

ქალი ტყვეობაში

ჰარი ჰარალე დედაო, გადავჯექ კურდღელზედაო
რეჟისორი  ლეო გაბრიაძე (რუსეთი)
ფილმი მოგვითხრობს ქართველ მხატვარზე, მწერალსა და მარიონეტების თეატრის დამაარსებელზე, რეზო გაბრიაძეზე მისივე შექმნილი ნახატების მეშვეობით. ეს არის ავტობიოგრაფიული ანიმაციური დოკუმენტური ფილმი, რომელიც ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა ადამიანურობა, სიკეთე და სიმხნევე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რთულ პერიოდში. მარტოსული და მორცხვი ბიჭის, რეზოს, ცოცხალი მოგონებები უპირისპირდება მის წარმოსახვით სამყაროს...

გამჭვირვალე სამყარო
რეჟისორი  ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო)
26 წლის ბექას მამამისი პროფესიის დაუფლებაში ეხმარება. ბექა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული, ამავდროულად ფილმს იღებს ფიზიკოსსა და კომპოზიტორზე. მისი ფოტოგამოფენა ახლახან გაიმართა. მამის მოთმინებისა და გაგების უნარი შვილს ზრდასრულ ცხოვრებაში დამოუკიდებლობას აჩვევს, საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში არწმუნებს.

გამჭვირვალე სამყარო

გზაზე
რეჟისორი  დმიტრი კალაშნიკოვი (ბელარუსი/რუსეთი/სერბეთი/ბოსნია  ჰერცეგოვინა/ხორვატია)
ფილმში ასახულია „ასფალტის თავგადასავლები“ და ლანდშაფტის მომაჯადოებელი მოზაიკა. მანქანაზე მისამაგრებელი კამერებით გადაღებული მასალა რუსეთის საშიშსა და აბსურდულ ბუნებას გვიჩვენებს. გზაზე მომხდარ უცნაურ საგზაო შემთხვევებთან ერთად, კამერები სხვა სანახაობებსაც აფიქსირებენ. მაგალითად, ქორწილის ისტერიულ სტუმრებს, დაბნეულ კაცსა და ცხენების მარხილს...

გზაზე

უსასრულო ფეხბურთი
რეჟისორი  კორნელიუ პორუმბოიუ (რუმინეთი)
ფილმის რეჟისორი, კორნელიუ პორუმბოიუ იხსენებს: „ერთ დღეს, ჩემი ბავშვობის მეგობარმა მიამბო, რომ მისმა ძმამ, ლაურენტიუმ, ფეხბურთის წესები შეცვალა...მალევე გავათვითცნობიერე, რომ ამ ამბის მიღმა გარკვეული კონფლიქტი იმალებოდა  წესები თავისუფლების წინააღმდეგ, თემა, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა“.

უსასრულო ფეხბურთი

ზღვარს მიღმა
რეჟისორი  მარტა პრუსი (პოლონეთი/გერმანია/ფინეთი)
„შენ ადამიანი კი არა, ათლეტი ხარ“, ამ სიტყვებით მიმართავს სიმკაცრით გამორჩეული მწვრთნელი 20 წლის რიტას. ის რუსეთის სახელით უნდა წარდგეს რიტმულ ტანვარჯიშში ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებზე. რიტას ძალიან რთული ფიზიკური წვრთნის გავლა უწევს, მაგრამ არანაკლები წნეხის ქვეშაა მისი გონება...

ზღვარს მიღმა

ტარზანის სათესლე ჯირკვლები
რეჟისორი  ალექსანდრუ სოლომონი (რუმინეთი/საფრანგეთი)
სოხუმი არაღიარებული რესპუბლიკის, აფხაზეთის დედაქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე. მის ყველაზე მაღალ მთაზე მდებარეობს 1920 წელს, საბჭოთა კავშირში დაფუძნებული სამედიცინო ინსტიტუტი, რომელიც ერთ დროს მაიმუნების კვლევაზე მუშაობდა. ლეგენდის მიხედვით, კვლევების მიზანი მაიმუნისა და ადამიანის ჰიბრიდის შექმნა იყო. ეს არსება, კომუნისტური ხედვის „ახალი ადამიანის“ მსგავსად, სიცოცხლეს არასდროს მოსწრებია.

ტარზანის სათესლე ჯირკვლები

ბობი ჯინი
რეჟისორი  ელვირა ლინდი (დანია/შვედეთი)
ისრაელში, ბატშევას დასში ათწლიანი ვარსკვლავური კარიერის შემდეგ ამერიკელი მოცეკვავე, ბობი ჯინი, საკუთარ თავს ახალ გამოწვევებს უსახავს: ის გადაწყვეტს, რომ დატოვოს მენტორი და თავისი ცხოვრების სიყვარული, რათა ამერიკაში დაბრუნდეს. რეჟისორის, ელვირა ლინდის ფილმთან ცოცხალი და ინტიმური კავშირი თანამედროვე ცეკვის ჭრილში ვითარდება და მძაფრ ემოციებს უხსნის კარს.

ბობი ჯინი

ისევ ხვალინდელი დღე
რეჟისორი  იან ფანი (ჩინეთი)
ფილმი ასახავს პოეტი ქალის გულწრფელსა და ინტიმურ პორტრეტს. ის ცერებრალური დამბლით იტანჯება. ერთ ღამეში ხდება ცნობილი, რაც ფინანსურ თავისუფლებას ანიჭებს. შედეგად ის იწყებს თავისი ცხოვრებისთვის ალტერნატივების ძიებას, სანამ ის მშობლების ფერმაში მუშაობასა და გულგრილ ქმართან თანაცხოვრებას აგრძელებს.

ისევ ხვალინდელი დღე

მზიანი ღამე
რეჟისორები  სოსო დუმბაძე, ლეა ჰარტლაუბი (საქართველო/გერმანია)
„მზიანი ღამე“ მოგვითხრობს 1989 წლის დასაწყისიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვითარებულ ქვეყნის პოლიტიკურსა და სოციალურ მოვლენებზე. სხვადასხვა ფორმატის წყაროებიდან შემდგარი მასალები ასახავს პროტესტს, აჯანყებას, ომებსა და რელიგიურ იდენტობასთან დაკავშირებულ მოვლენებს, ფილმში ასევე ნაჩვენებია თუ როგორ ხდებოდა ერთადერთ „ჭეშმარიტ" რელიგიასა და სახელმწიფოს შორის ძალაუფლების გადანაწილება.