გამწვანება დაიწყო

კავკასიური აკაკი, აღმოსავლეთის ტუია, ჩვეულებრივი იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი, საღსაღაჯი, ჰიმალაის კედარი, კვიპაროსი, ელდარის ფიჭვი – სულ მალე მთაწმინდის გადამწვარ ფერდობს რომ გავხედავთ, ამ ხეების ახალ ნარგავებს დავინახავთ. უკვე ორი თვეა, ხეებს რგავენ იქ, სადაც შარშან ზაფხულში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და გამონაბოლქვითა და სხვა ფაქტორებით ისედაც დაბინძურებულ ქალაქს წარმოუდგენელი დარტყმა მიაყენა. ბევრისთვის, განსაკუთრებით, მჭიდროდ დასახლებული ვერის უბნის მცხოვრებლებისთვის, მთაწმინდის სიმწვანის შორიდან დანახვაც კი ნამდვილი შვება იყო, ამიტომ მოქალაქეების ნაწილი ორმაგად განიცდიდა ხანძარს, რომელმაც მთაწმინდის აღნიშნულ ფერდობზე ასაკოვანი ხეები და მინდვრები დაფერფლა და ეკოსისტემა დააზიანა. თუმცა, არც ამ ადამიანების ნაწილმა იცოდა ის, რომ მთაწმინდის ფერდობის აღდგენაზე მუშაობა შარშან აგვისტოშივე დაიწყო. კერძოდ, 9 აგვისტოს, კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ კონსულტაციები გამართა თბილისის მერიასთან, გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ეკოლოგიის დარგის სპეციალისტებთან, შემდეგ კი მთაწმინდის გატყევება-აღდგენის პროექტის მომზადება „თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს“ დაუკვეთა. დასრულებული პროექტი სპეციალისტებს გააცნეს და შესრულების ეტაპზე მხოლოდ მათი მოსაზრებების მიღების შემდეგ გადავიდნენ. საბოლოო ჯამში, დადგინდა, რომ 2017-2020 წლებზე გაწერილი პროექტის განმავლობაში დაიკვალებოდა 26 000 კვ.მ-ის ფართობი, მოეწყობოდა ტერასები და სარწყავი სისტემა, განახლდებოდა სარგავი ორმოები, დაირგვებოდა 3 000 ხე-მცენარე და ამით ნახანძრალ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემო შეიქმნებოდა.

მომავალ დროში ჩამოწერილი ამ სიის განხორციელება დაწყებულია, სამუშაოების ნაწილი კი – დასრულებულიც. ნიადაგის დამუშავების და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, მარტიდან დაიწყო ხე-მცენარეების ჩარგვის პირველი ეტაპი და დღეისთვის თითქმის დასრულდა.

თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი მოხალისეების ჩართულობით გაგრძელდა. რამდენიმე თვით ადრე, მისამართზე gaamtsvane.ge აიტვირთა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ყველას, ვისაც სურდა ხეების დარგვაში მონაწილეობა, ამავე ვებსაიტზე უნდა გაევლო ონლაინრეგისტრაცია და მიიღებდა კიდეც კონკრეტულ დავალებას. საიტზე ახლაც დევს მოხალისეთათვის განკუთვნილი განცხადება, რომ მონაწილეობისთვის „საჭიროა რეგისტრაციის გავლა საიტზე, შემართება და თბილი ტანსაცმელი...“ თუმცა, რადგანაც ფერდობი დაქანებულია, სამუშაოების დიდი ნაწილი მხოლოდ პროფესიონალებმა ითავეს, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

როდესაც პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კითხვა, რაც მოქალაქეებმა დასვეს, ნერგების ასაკს ეხებოდა. ხშირად გვინახავს, როგორ ხმება თბილისში საზეიმოდ დარგული ნერგები, მოუვლელობისა თუ მცირეწლოვანების გამო და, როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილის სკეფსისიც ამ უსიამოვნო გამოცდილებიდან მოდიოდა. თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ცნობით კი, ნახანძრალ მთაწმინდაზე 3-4 წლის მცენარეები დარგეს, რომელთა სიმაღლეც 800 სმ-დან 1 მეტრამდეა და რომელთა ფესვთა სისტემაც უკვე დახურულია.

გარდა ამისა, თუ ხანძარმა რეალურად 428 ძირი მცენარე გაანადგურა, პროექტის ფარგლებში, ამავე ტერიტორიაზე ჯამში 3 000 ძირი დაირგვება. როგორც ვებსაიტზე გამოქვეყნებული პრეისტორიიდან ვიგებთ: „მთაწმინდის ფერდობის გატყევება 1930-იან წლებში ხელოვნურად მოხდა. რადგანაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კლდოვანი ზედაპირია და იქ ნიადაგი არ გვხვდება, სარგავი ორმოები აფეთქებების შედეგად ამოიღეს. თავდაპირველად იქ 428-ზე ბევრად მეტი მცენარე იყო, მაგრამ წლების განმავლობაში კულტურები ეტაპობრივად კვდებოდა, ხანძარმა კი – საბოლოოდ გაანადგურა. პროექტის ფარგლებში მოხდება უკვე არსებული ორმოების ამოსუფთავება, ადგილზე ახალი ნიადაგის შეტანა და ყველა არსებული ორმოს ათვისება“.

გაჩნდა კითხვა პროექტის ხანგრძლივობაზეც – რეალურად ეს პროცესი 2020 წელს სრულდება და საინტერესოა, რა ეტაპამდე აპირებს „m²“ დაწყებული საქმის მიყვანას, თუ მცენარეების დარგვის პროცესი უკვე ფაქტობრივად დასრულებულია. საქმე ისაა, რომ წლევანდელი მაისიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით, „m²“ იზრუნებს დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობაზეც. სპეციალისტების სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დროის განმავლობაში წინასწარ განსაზღვრული კალენდრის მიხედვით, მცენარეებს მორწყავენ, შეწამლავენ, გამოკვებავენ და ტერიტორიაზე გეგმურ აგროტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ. ასევე, მცენარეებს, რომლებიც ვერ გაიხარებენ, სხვა ნერგებით ჩაანაცვლებენ.

თავიდანვე გაგაცანით ის სახეობები, რომლებიც მთაწმინდის ფერდობზე დაირგო და ცხადია, თითოეული მათგანი სპეციალისტების მიერ განხილული და შეჯერებული მოსაზრებების გამო შეირჩა. ზოგიერთი ხე-მცენარე ფერდობზე ადრეც იყო, ზოგი ადგილობრივი სახეობა კი სიას დაემატა იმიტომ, რომ მათ თვითგანახლების კარგი უნარი აქვთ, ეს კი მთაწმინდის ფერდობის ბიომრავალფეროვნებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

კომპანია „m²“ მოხალისეებს კვლავაც უხმობს. საიტზე რეგისტრაციის გავლა საკმარისია იმისთვის, რომ ახალი ინფორმაციაც მივიღოთ პროექტის შემდეგი ეტაპების შესახებ. ინფორმაციის გავრცელება კი კარგია იმითაც, რომ ასე ეკოგანათლებაც უფრო ვრცელდება. ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოვიჟენის“ აღმასრულებელი დირექტორი სერგი სოფაძე ვებგვერდზე gaamtsvane.ge წერს, რომ: „ტყის ხანძრების დაახლოებით 80% ადამიანის ფაქტორით არის გამოწვეული. „m²“-ის ინიციატივით, თბილისის 50 სკოლის ეკოკლუბში, ტყის ხანძრების პრევენციის პროგრამა დაინერგება. გამოიცემა ხანძრის პრევენციის სახელმძღვანელო და სილაბუსი, ჩატარდება ტრენინგები მასწავლებლებისთვის“.

gaamtsvane.ge ძალიან კარგი საიტია არა მარტო იმით, რომ ამ მრავალმხრივ პროექტს სრულად წარმოაჩენს, არამედ იმითაც, რომ ეკოაქციებში ჩართვას ბევრ ადამიანს მოანდომებს. ამისთვის მთაწმინდაზე მომუშავე მოხალისეების ფოტოების დათვალიერებაც კმარა, თუმცა, თუ უფრო მეტია საჭირო, მაშინ ურბანულ სიმწვანეზე ზრუნვის დაწყება იქნებ საიტის ქვედა ნაწილში თავმოყრილმა ფაქტებმა მოგანდომოთ. შეიძლება, ისედაც იცოდით, მაგრამ ასე, ერთად დაჯგუფებული ამბები, უფრო ახდენს ეფექტს:

„ბალტიმორში მწვანე საფარის 10 პროცენტით გაზრდას დანაშაულის 12 პროცენტით შემცირება მოჰყვა“;

„წლის განმავლობაში 1 აკრ ტყეს შეუძლია გადაამუშაოს იმ რაოდენობის CO2, რომელსაც მანქანა 40 000 კილომეტრის გავლისას გამოყოფს“.

„ქალაქის პირობებში ხეები საშუალოდ 13 წლით უფრო ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ბუნებრივ გარემოში“...