აბსოლუტური, ნიუტონური დროის გარდა, ყველას საკუთარი დრო გვაქვს. მას შენვე ქმნი. 

HIC ET NUNC, აქ და ახლა - ეს ლათინური ტერმინი სტოელების მთავარ პრინციპს გამოხატავს. სტოელებისთვის ცხოვრების ყოველი დღე ახალი პასუხისმგებლობაა, ახალი გადაწყვეტილებებია, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა, დროის გაფლანგვა მიუღებელია. 

სტოელების ამ პრინციპის მსგავსად, ბიბლია ამბობს - ვინც არ აგროვებს ქრისტესთვის, ის ფანტავს. ნამდვილ ფასეულობებზე დამყარებული ცხოვრება, ყოველი წუთის სიკეთისთვის გამოყენებაა - აქ და ახლა. და HIC ET NUNC - დროის გაუფლანგავად ცხოვრებას ნიშნავს. 

დრო ძალიან ცოტაა მათთვის, ვინც უკვე მიაგნო საკუთარ ნიჭს და მის გამოხატვას და განვითარებას ცდილობს. თუ ასე ცხოვრობ, ხედავ, რომ ამისთვის ხანდახან ერთი ცხოვრებაც არ კმარა. ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ხარ, როცა ყოველ წუთს მათ გამოკვებას უთმობ. 

სამყარო შეიძლება ვერ შეცვალო, მაგრამ საკუთარ თავს სძლიო და პატარა გამარჯვებები შენივე სამყაროში მოიპოვო. გამარჯვებები არასდროს იკარგება. 

ყოველი დღე საკუთარ ბაობაბებთან ბრძოლაა. ეგზიუპერის პატარა პრინცმა თავისი პატარა პლანეტა ყოველ დღე გულისყურით უნდა დაათვალიეროს და ცუდი თესლისგან, ბაობაბებისგან გაასუფთაოს. ის ხანდახან ვარდის ბუჩქს ჰგავს, მაგრამ როგორც კი ამოიცნობ, მისი პატარა ნერგები მაშინვე უნდა ამოძირკვო, რათა ყვავილები გაახარო. 

აწყმოს შეგრძნება მომენტის სილამაზის შეგრძნებაცაა. ხანდახან მას სულ არ ვაფასებთ, ვერც იმ სიხარულს, რაც ურთიერთობებს მოაქვს. „ცხოვრებაა ისაა, რაც შენს თავს მაშინ ხდება, როცა გეგმებს სახავდი“ (Life is what happens to you when you’re busy making other plans) - თქვა ჯონ ლენონმა. ზოგჯერ ცხოვრება მართლაც ისაა, რაც შეუმჩნეველი დაგრჩა. ის მომენტები, რომლებიც აღარ მეორდება - ის, რაც არ გავაკეთეთ. ტოლსტოის „ომი და მშვიდობაში“ ანდრეი ბალკონსკი წუხს, რომ ცოლს საკმარისად არ აჩვენა სიყვარული. შეეძლო და არ გააკეთა. თუმცა, შეიძლება ამან რაღაც მოგცეს კიდეც და  მომავალ ურთიერთობაში დაინახო ის, რამაც იქამდე  შეუმჩნევლად ჩაგიარა.

„იარეთ, სანამ სინათლეა“ - ეს ბიბლიური ფრაზაა. სანამ ენერგია გაქვს, გამოიყენე. მოგივა ფიქრი ან შთაგონება, მაშინვე ჩაავლე, ხელიდან არ გაუშვა. ის შეიძლება დიდხანს ან საერთოდ აღარ დაგიბრუნდეს. გაჰყევი შთაგონებას, ბოლომდე დაიხარჯე. ფანჯარა ცოტა ხანსაა ღია, მერე დაიხურება.