თიბისი სტატუსი და კინოთეატრი „ამირანი“ ამჯერად ყველაზე ახირებული ნიუ-იორკელის, ვუდი ალენის ფილმებს წარმოგიდგენთ. 12-20 ოქტომბერს თქვენ ალენის 5 გამორჩეულ ფილმს იხილავთ. 10 ოქტომბერს კი, მარათონის ფარგლებში, ამერიკელი რეჟისორის ბოლო ფილმის „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ პრემიერა გაიმართება. 

„არ მეშინია სიკვდილის, უბრალოდ მინდა, იმ დროს იქ არ ვიყო“ - ვუდი ალენი.

ნიუ-იორკელი ნევროტიკი, სათვალიანი ინტელექტუალია, რომელიც გაუთავებლად წუწუნებს და უსასრულოდ განიხილავს სამ რამეს: სექსს, სიკვდილსა და სიცოცხლეს. უამრავი კომპლექსი სტანჯავს და დარწმუნებულია, რომ მას ყველა „ერთ უცნაურ ეგზემპლიარად“ აღიქვამს.  პატარაა, 165 სანტიმეტრამდე იქნება. ასაკმაც თავისი ჰქნა და მისი შემყურე, ეს „165“-იც რაღაც გაზვიადებულად გეჩვენება. ამბობს, რომ ცხოვრებაში საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობია და რომ სინამდვილეში, მხოლოდ ორი როლის თამაში გამოსდის: ან ინტელექტუალია ან ნაძირალა.

ალენ სტიუარტ კონიგსბერგი ბრუკლინში გაიზარდა. ებრაულ ოჯახში დაიბადა და იდიშზე (დასავლეთ გერმანული ენა, ებრაული და სლავური ელემენტებით) საუბრობდა. იმისათვის, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს საკუთარი ჯიბის ფული ჰქონოდა, ებრაული სკოლის გაზეთისთვის იუმორისტულ ტექსტებს წერდა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კომუნიკაციასა და კინემატოგრაფიას სწავლობდა. მართალია, კინემატოგრაფიის ფაკულტეტი ვერ დაამთავრა, გამოაგდეს, თუმცა მისმა მწარე ენამ და ტექსტების წერის უნარმა მაშინვე მიიქცია ყურადღება და ძალიან მალე, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუსთვის და მისი კომიკოსებისთვის ხუმრობების წერა დაიწყო. ეს ის პერიოდია, როდესაც კოლუმბიის უნივერსიტეტიდან პროფესორი დაიქირავა ლიტერატურა და ფილოსოფია რომ ესწავლა და როდესაც  გადაწყვიტა, ამიერიდან ალენ სტიუარტ კონიგსბერგი ვუდი ალენი გახდებოდა. დღისით ტექსტებს წერდა, კვირაში 6 ღამე კი მაინც სცენაზე იდგა და ხუმრობდა. მისი ნომრები სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ტექსტების მთავარი გმირი, აი ის, ვიზეც მთელი დარბაზი გულიანად ხარხარებდა თავადვე იყო: დაბალი ებრაელი ბიჭი, რომელსაც ღრმად ფილოსოფიური აზრები აწუხებდა და ქალებთან ურთიერთობაში, ქრონიკული უუნარობით გამოირჩეოდა. ზოგჯერ, იმდენს ხუმრობდა საკუთარ თავსა და გარშემო მყოფ ადამიანებზე, რომ თავადვე კარგავდა ზომიერების შეგრძნებას. ამის გამო პირველმა ცოლმა სასამართლოში უჩივლა და 1 მილიონი დოლარის კომპენსაციაც მოითხოვა.

ბროდვეისთვის პიესებს წერდა და ჯაზის დიდი მოყვარული იყო. მისი გატაცების შესახებ ყველამ იცოდა, ასევე იცოდნენ, რომ ყოველ ორშაბათს თავის ბენდთან ერთად ჯერ პაბში „Michael's“, შემდეგ კი მანჰეტენზე,Carlyne Hotel-ში იჯდა და კლარნეტზე სიდნი ბეშეს, ჯორჯ ლუისის, ლუი არმსტრონგის მელოდიებს უკრავდა. ალენ კონიგსბერგი მოგვიანებით ვუდი ალენი გახდა, მაგრამ როგორც ჯაზშემსრულებელი ის მუდამ ვუდი ჰერმანად მოიხსენიებოდა.

ფილმების გადაღება 1966 წელს დაიწყო. რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და  ხშირ შემთხვევაში, მთავარი როლის შემსრულებელიც თავად იყო. „ხუმრობის მანქანა“, როგორც მას ერთხელ გამოცემა „როლინგ სთოუნმა“ შეარქვა, იდეალურად ახერხებდა ერთმანეთის გამომრიცხავი თემების დაკავშირებას, ცხოვრების აბსურდულობის შავი იუმორითა და სარკაზმით აღწერას. ზუსტად ეს იყო მისი საფირმო ნიშანი, ის, რაც ალენის ხელწერას განასხვავებდა. კომედიებით დაიწყო, რომელიც მერე  ბერგმანთან აურია და კინოში თავისი ენა - „ინტელექტუალური კომედია“ შექმნა; ახალი ფორმა სადაც დადიოდნენ, საუბრობდნენ, იწვნენ, ეწეოდნენ და ისევ საუბრობდნენ. 

ინგმარ ბერგმანის მიმართ, ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. აღმერთებდა, უყვარდა კიდეც. მაშინაც, როდესაც ნიუ-იორკში კარიერის ასაწყობად ჩამოსულ ინგმარის ყოფილ ცოლს, ნორვეგიელ მსახიობს ლივ ულმანს შეხვდა პირი არ გაუჩერებია, სულ „ბერგმანს“ და „ბერგმანს“ გაიძახოდა. იმ დღეს ლივმა ინგმარს დაურეკა, ვუდის შევხვდი და მგონი ძალიან უნდა შენი გაცნობა. ჩემ სანახავად თუ ჩამოხვალ, ბარემ მასაც გაგაცნობო. ვახშამზე წასაყვანად ვუდიმ ლივს ლიმუზინით მიაკითხა. მთელმა ვახშამმა უხერხულ სიჩუმეში ჩაიარა. კაცებს ხმა არ ამოუღიათ, კრინტიც კი არ დაუძრავთ, მაშინ როდესაც უხერხულობის დასაფარად ბერგმანის ყოფილი და ამჟამინდელი ცოლები ათას სისულელეს  მაინც მიედ-მოედნენ: ხან საჭმელები განიხილეს და ხან ამინდზე ჩამოაგდეს სიტყვა. უკვე ქუჩაში იყვნენ გამოსულები, რომ ვუდიმ ლივს დიდი მადლობა გადაუხადა და როგორც იქნა ამოილუღლუღა - „ლივ, ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო“. სახლში ახლადდაბრუნებულმა ლივმა ძლივს მიუსწრო ტელეფონს - „მადლობა ლივ, ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო“ - გაისმა ყურმილში ბერგმანის ხმა. „ინგმარი ვუდისთვის ნამდვილი კერპი იყო, თუმცა მგონი ვუდიც ასეთივე იყო ინგმარისთვის, უბრალოდ ის ამას არასდროს აღიარებდა. როგორც ვიცი, - ამატებდა ხოლმე ამ ისტორიას ლივი, - მათ ამის შემდეგ არასდროს უსაუბრიათ ერთმანეთთან. იცით, გენიოსები ძალიან ფრთხილები არიან“.

ერთში კი ნამდვილად უმართლებდა ამ „ფრთხილ გენიოსს“, ყოველ წელს ახალ ფილმს იღებდა. თუ არ ჩავთვლით ტელევიზიისთვის გადაღებულ დოკუმენტურებსა და მოკლემეტრაჟიანებს, 53 წლის მანძილზე ალენმა 50 მხატვრული ფილმი შექმნა. 2000-ანი წლებიდან მოყოლებული ხშირად იღებს ევროპაში. ამბობს, რომ ასე უფრო იაფია. მაგალითად „მატჩ პოინტი“ ნიუ-იორკში უნდა გადაეღო, თუმცა იმის გამო, რომ პროექტი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ისტორიის გადაწერა და მისი ლონდონში გადაღება მოუწია. ამას მოყვა ბარსელონაში გადაღებული „ვიკი კრისტინა ბარსელონა“ (რომელსაც თავის ყველაზე პესიმისტურ ფილმს ეძახის), “შუაღამე პარიზში“ (რომლის პრემიერაზეც ამოიოხრა „აღარ შემიძლია ეს სასიყვარულო დრამებიო“) და „რომის არდადეგები“. თუმცა ფაქტია, არჩევანი რომ ჰქონოდა, ფილმებს აწ და მარადის, მუდამ ნიუ-იორკში გადაიღებდა. მის ნიუ-იორკში, რომელიც ყოველთვის, ვუდი ალენის მთავარი და დიდი სიყვარული იყო. იმ ნიუ-იორკში, რომელშიც მთელი არსით გადაეშვა და სადაც მისი შემოქმედების საუკეთესო ფილმები შექმნა: „ენი ჰოლი“, „ინტერიერები“, „მანჰეტენი“...

„იცით, მსახიობები ჩემთან მხოლოდ მაშინ მუშაობენ, თუ მიმზიდველ პროექტებს შორის თავისუფალი დრო აღმოაჩნდებათ, - ჩინოს ფორმის ყავისფერ შარვალსა და თეთრ, სადა პერანგში გამოწყობილი მიუყვება ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩას. თავზე პანამა ახურავს და ცალი ხელით სათვალეს ისწორებს. რა თქმა უნდა, ისევ ენერგიულად განაგრძობს წუწუნს - „აი მაგალითად, მსახიობს თუ მე და სტივენ სპილბერგი ანდა მარტინ სკორსეზე ერთიდაიგივე დროს დავურეკავთ, ის ჩემთან მოსვლაზე არც კი იფიქრებს. მაგრამ, თუ მან ახლახანს დაამთავრა ფილმზე მუშაობა, მიიღო თავისი 9 მილიონი დოლარი და პრინციპში აგვისტომდეც თავისუფალია, აი მაშინ რაღა თქმა უნდა დამთანხმდება! რატომაც არა?!... არადა იცით, რეჟისურა არც ისეთი რთული რამაა“ - უცბად ცვლის თემას - „და წერა ხომ საერთოდ, ძალიან იოლად გამომდის. სწრაფად ვწერ და არასდროს ვეწამები წინადადებების გამო. ჩემი საქმე გაცილებით მარტივია ვიდრე პოლიციელის ანდა სკოლის მასწავლებლის“. მერე ცოტა ხნით ჩერდება, ზემოთ იხედება და ამატებს - „აქ მირჩევნია გადავიღო, ნიუ-იორკში. იქ ვიმუშავო, სადაც ვცხოვრობ. რომ აღარ მჭირდებოდეს იმაზე ნერვიულობა, თუ რატომ ალაგებენ სასტუმროს ოთახებს ასე ნელა და კიდევ... საღამოობით, სასტუმროსკენ გზის მისაგნებად არ მჭირდებოდეს ვიღაც... რავიცი მე, ლიტველი ტურისტების გაჩერება და გზის კითხვა.

- ეგ კარგი, მაგრამ 50 ფილმის შემდეგ რას ფიქრობთ აბა, იპოვეთ ცხოვრების აზრი?, - ისმის კადრს მიღმა. 

- არა, ჩვენ ვერასდროს ვიპოვით მის ღრმა აზრს. მგონია, რომ მთელი ცხოვრება ერთი და იგივე შეცდომებს ვუშვებთ 20, 40 და 60 წლის ასაკშიც. იგივე საკითხებზე ფიქრით ვიტანჯავთ თავს, რაზეც ყველა დროის ცნობილი ფილოსოფოსები ფიქრობდნენ. განწირულები ვართ გვქონდეს იგივე ეჭვები, წინაღმდეგობრივი აზრები და იმედგაცრუებები, რომელსაც ადამიანები ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად განიცდიდნენ. პირადად მე, ამ სფეროში (რეჟისურა) პასუხების მოსაძებნად არ მოვსულვარ. ჩემი ფილმები გიჩვენებს თუ როგორი არასაიმედოა ბედნიერება, როგორ ვერ ვპოულობთ ჰარმონიას და როგორი მოულოდნელობებითაა აღსავსე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები. ურთიერთობებში ხომ ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. შეიძლება შეხვდე შენს ფსიქოანალიტიკოს ანდა ქორწინების კონსულტანტს, დაოსდე ტირილისგან მეგობრებთან, სხვა ქალებთან დაიწყო შეხვედრები... მაგრამ ეს არ გიშველით. არაფერი არ გიშველით. პრობლემა ისაა, რომ მამაკაცებს თავისი უნიკალური მოთხოვნილებები და ინტერესები აქვთ, ხოლო ქალებს - თავისი. შანსი იმისა, რომ ეს ორი დაემთხვევა ერთმანეთს, ძალზედ მცირედია".

დიდი ხანია იმაზე ოცნებას შეეშვა, რომ ისეთ ფილმს გააკეთებს, რომელიც რომელიმე ფესტივალის სახე გახდება, ანდა რომელსაც მაყურებელი ბერგმანისა და ფელინის შედევრებს შეადარებს. მუდამ გამწარებული უმტკიცებს ყველას, რომ არაფერ ღირებულს არ ქმის, რომ მისი ფილმები საშუალო დონისაა და რომ წლების შემდეგ, ისინი აღარავის ემახსოვრება. საკუთარი თეორიის განსანმტკიცებლად ამატებს: „ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ ის ფილმები, რომელთაც თქვენ ჩემს საუკეთესო ნამუშევრებად თვლით, სინამდვილეში სულ სხვანაირად მქონდა ჩაფიქრებული. აი „ენი ჰოლი“ უნდა ყოფილიყო ჩანახატების სერიები და ამ დროს რა გამოვიდა? ტრადიციული თხრობით მოყოლილი ამბავი. ანდა „მანჰეტენი“... ისე შემზიზღდა ეგ ფილმი, რომ საერთოდაც, მინდოდა სტუდიისთვის მილიონი დოლარი მიმეცა და მათგან გამომესყიდა.“ შემოდგომის სუსხის გამო პანამას კიდევ უფრო მაგრად იფხატავს და დარჩენილ გზას სიჩუმეში აგრძელებს.

სულ ახლახანს, 83 წლის რეჟისორმა, მსახიობმა, კომიკოსმა და მწერალმა ვუდი ალენმა კიდევ ერთი წიგნის, მემუარების გამოცემა გადაწყვიტა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბოლო დროს გახმაურებული ამბების გამო, ამერიკულ გამოცემებს ვუდი ალენი აღარ აინტერესებთ. Amazon Studio-მ უარი თქვა მისი ახალი ფილმის „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ გაქირავებაზე და მასთან ერთად დაგეგმილი სამი სამომავლო პროექტიც ჩაშალა. რამდენიმე ცნობილმა მსახიობმა, რომლებიც მის ბოლო ფილმში თამაშობენ ბოდიში მოიხადეს და საკუთარი ჰონორარები ფილმიდან, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ნაციონალურ ქსელში (RAINN) გადარიცხეს. მართალია, მია ფეროუსა და ვუდი ალენის ნაშვილები გოგონა, დილან ფეროუ ოც წელზე მეტია სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა ყოფილ მამობილს და ამბობდა, რომ რეჟისორი მასზე ბავშვობაში ძალადობდა, თუმცა 27 წლიანმა გამოძიებამ დაზუსტებით ვერაფერი დაადგინა. ხოლო მას შემდეგ, რაც სამყარო მოძრაობა #MeToo-ს გარშემო დატრიალდა, ამერიკამ თაროდან გადმოიღო დილან ფეროუსა და ცნობილი რეჟისორის საქმე, რომლის გარშემოც მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და ამ უკანასკნელს, ახალი წესებით შეუტია. ამ ბრალდებებს ზურგს ყოველთვის ერთი ამბავი უმაგრებდა. სკანდალი, რომელშიც ალენი 1992 წელს გაეხვა, როდესაც ის და მია ფეროუს კიდევ ერთი შვილად აყვანილი ქალიშვილი, 22 წლის სუნ-ი პრევინის ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა - „სიყვარული? იცით ეგ როგორაა, შეიძლება შეხვდე ქალს, რომელიც ყველაფერში იდეალურია. ყველა შენი მეგობარი თვლის, რომ ის მართლაც შენთვისაა გაჩენილი და შენც, მასში ყველაფერი მოგწონს. ჭკვიანია, მომხიბვლელი, კარგია საწოლში და ფიქრობს, რომ შენ სულ მთლად გენიალური ხარ. იდეალურია, არა?! მაგრამ შენ ის არ გიყვარს. შენ გიყვარს მეორე, მდივანი, რომელიც გიჟდება ბლოქბასტერებზე და ნამდვილი ბოზივით იცმევს. მისი შეყვარება სიგიჟეა, მაგრამ შენ მაინც გიყვარდება და ამას ვერაფერს უხერხებ. სიყვარულის კონტროლი შეუძლებელია და ვერავითარი სიბრძნე თუ ცოდნა ვერასდროს შეცვლის ადამიანის ბუნებას“. 1997-ში ალენმა სუნ-ი ცოლად მოიყვანა.

„მე MeToo-ს დიდი გულშემატკივარი ვარ, და არაუშავს, თუ ამერიკა ასე რეაგირებს ამ ცრუ ბრალდებებზე, ევროპაში წავალ“. ალენის მემუარებით ევროპელი გამომცემლები უკვე დაინტერესდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი მან განაცხადა, რომ „ლა სკალაში“ ჯაკომო პუჩინის ოპერას „ჯინი სკიკის“ დგამს. მანამდე კი, მილანის კინოს მუზეუმი მისი ფილმების რეტროსპექტივას გამართავს. ხოლო თავად, სან-სებასტიანში მიდის, სადაც ოპერის პარალელურად, ახალ ფილმზე მუშაობს.

- „ვუდი, თქვენ რომ ტატუირება გაგეკეთებინათ, რას დაიწერდით თუ საიდუმლო არ არის?

- „დედას“.  

ვუდი ალენის მარათონი კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.

სეანსები 20:00-ზე დაიწყება. ყველა ჩვენება ინგლისურ ენაზეა. 

10 ოქტომბერი - „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ (პრემიერა)

12 ოქტომბერი   - „ენი ჰოლი“

13 ოქტომბერი - „მანჰეტენი“

18 ოქტომბერი - „ჰანა და მისი დები“

19 ოქტომბერი - „კაიროს მეწამული ვარდი“

20 ოქტომბერი - „შუაღამე პარიზში“