წელს „ბათუმის ფოტოდღეები“ ახალი მთავარი თემით და მრავალფეროვანი პროგრამით ბრუნდება. 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალი სტუმრებს გამოფენებსა და ღამის ჩვენებებს სთავაზობს.

„ბათუმის ფოტოდღეების“ 2019 წლის მთავარი თემაა “Mirror Land” – „სარკისებრი სამყარო“. ის დღევანდელი სამყაროს იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რომელსაც მედია ყალბი ინფორმაციითა და პოლიტიკური მოვლენების არაზუსტად გავრცელებით ქმნის. 

მთავარი გამოფენა 30 აგვისტოს, 18:00 საათზე, სასტუმრო „ო. გალოგრეში“ (მისამართი: ზ. გამსახურდიას #29) გაიხსნება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენის ფარგლებში კონკურსის წესით მთელი მსოფლიოდან შერჩეული 31 არტისტის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. გამოფენის მიზნია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ხელოვანების პირადი გამოცდილება, მათ ქვეყნებში არსებული პრობლემები ასახოს და ეს ფოტოდღეების მთავარ კონცეფციას დაუკავშიროს – წარმოაჩინოს უსამართლო და ყალბი რეალობა.

30 აგვისტოს, 13:00 საათზე, „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ (მისამართი: ზ. გამსახურდიას #1/5) ფოტოლაბის გახსნა შედგება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყებ არტისტებს იდეების დახვეწასა და განვითარებაში. შერჩეული მონაწილეები მენტორებს შეხვდებიან, ფოტოლაბის გამარჯვებულების ვინაობა კი 1 სექტემბერს, 15:00 საათზე გახდება ცნობილი.

1 სექტემბერს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ორ განსაკუთრებით საინტერესო გამოფენას  დორიან ტეტის „ვიზიტს“ და ლაშა (Fox) ცერცვაძის „გიორგის“ უმასპინძლებს (კურატორი: დინა ოგანოვა).

საფრანგეთში მომუშავე ფოტოგრაფის, დორიან ტეტის „ვიზიტი“ ინტიმურობასთან დაკავშირებულ მითებს ეხება: ოჯახს, ურთიერთობებს, სახლებს, მოგონებებს და იდენტობას. ეს არის ფოტოამბავი ადამიანების ყოველდღიურობაზე, სიცარიელის შევსების მცდელობაზე, ძებნასა და გაუცხოებაზე.

ლაშა (Fox) ცერცვაძის „გიორგი“ პირველი შიშველი ქვიარ ფოტოპროექტია, რომელიც საქართველოში შეიქმნა და გამოიფინა. 2018 წელს ფოტოგრაფმა ქვიარ აქტივიზმისთვის „თანასწორობის ჯილდო“ მიიღო.

„ბათუმის ფოტოდღეების“ ფინალურ გამოფენის  იუსუკე ჰაშიდას „კორეა/საზღვარი“ გახსნას, 1 სექტემბერს, 18:00 საათზე, კაფე K2 (მისამართი: ნ. დუმბაძის #12-14) უმასპინძლებს (კურატორი: ჟეაუკ კანგი).

ფესტივალის მიმდინარეობისას, „თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველდღიურად, 20 საათიდან გაიმართება ღამის ჩვენებები, რომელზეც ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ღამის ჩვენებების პარტნიორები არიან: CIRCULATION Photo Festival (საფრანგეთი), სააგენტო Prospekt (იტალია),Vilnius Photo Circle (ლიეტუვა) და ISSP (ლატვია).

„ბათუმის ფოტოდღეები“ პროფესიონალ ფოტოგრაფებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს სივრცეს შესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვისა და იდეების გაცვლისთვის, ემოციების გაზიარებისა და პროფესიული განვითარებისთვის. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად მასშტაბების სიმცირისა, „ბათუმის ფოტოდღეები“ უნიკალური პლატფორმაა, რომელიც არაერთ პროექტს, ექსპერიმენტს, საერთაშორისო თუ სექტორთაშორის თანამშრომლობას უყრის საფუძველს.