“მზის ამოსვლამდე” - შეხვედრა, 1995 წელი

სანამ ლინკლეიტერის ტრილოგიის პირველ ფილმს - “მზის ამოსვლამდე” ვნახავდი, მანამდე ეს წინადადება წავიკითხე ჩემს ერთ-ერთ საყვარელ წიგნში: “რომ ვითომ მოულოდნელი შეხვედრა ყველაზე მოსალოდნელია ცხოვრებაში და რომ შეხვედრის წინასწარ დათქმა მარტო იმ ადამიანებს სჩვევიათ, რომლებსაც მხოლოდ ხაზიან ქაღალდზე შეუძლიათ წერა და რომლებმაც ტუბს ძირში უნდა მოუჭირონ ხელი რომ პასტა გადმოადინონ” - ხულიო კორტასარი, “კლასობანა” (მერი ტიტვინიძის თარგმანი).

ტრილოგიის პირველი ფილმი - “მზის ამოსვლამდე” ამერიკელი ბიჭი ჯესის და ფრანგი გოგო სელინის შემთხვევით შეხვედრაზეა. მეც შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ფილმი, შემთხვევით ჩართულ ტელევიზორში, შემთხვევით მოსული შუქის დროს, “ფსიქოში”, გოგი გვახარიას გახმოვანებით. აღმოვაჩინე და ვერც მოვწყდი, ერთი ნახვით შეყვარებასავით იყო ჰენრი ჯეიმსის გმირი - “დეიზი მილერივით” ევროპაში სამოგზაუროდ ჩასული ამერიკელი ბიჭის და ფრანგი გოგოს შეხვედრის ისტორია და მათი ერთდღიანი ხეტიალი ვენის ქუჩებში.

მხატვრული კინო ყველაზე პერვერსიულია ხელოვნების დარგებს შორის, მოგონილი ხატებით და გამოსახულებით, რომელიც მუდმივად დარჩება ჩვენს წარმოსახვაში და გარკვეულწილად განსაზღვრავს კიდეც წარმოდგენებს ცხოვრებაზე, შეხვედრებზე და განშორებებზე; მატარებლით ყოველი მოგზაურობის შინაარსზე წინასწარ გვაოცნებებს, მაგრამ თითქმის მუდმივად იმედგაცრუებას განგვაცდევინებს, რადგან ჯესის და სელინის ისტორია შეიძლება ზუსტად არასოდეს განმეორდეს ჩვენს ბიოგრაფიაში და ამ სიზუსტის არ-არსებობა იქნება ჩვენი მუდმივი იმდედგაცრუების მიზეზი.

თუმცა, ლინკლეიტერს ამ ფილმის შთაგონებად თავისი პირადი ბიოგრაფია აქვს გამოყენებული, ფილადელფიის ქუჩაში ერთი დღის გაცნობილ ემისთან ერთად სეირნობა და ლაპარაკი ყველაფერზე, მერე კი დიდი ხნით კონტაქტის გაწყვეტა და წლების შემდეგ გაგება, რომ ემი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

პირველი ნახვის მერე, კიდევ რამდენჯერმე შემხვდა ეს ფილმი შემთხვევით. მაშინ ყველაფერს, რაც გვიყვარდა კასეტებზე ვიწერდით, რადგან შაზამი და იუთუბი არ გვქონდა. სანამ ვიდეოს ჩართვა მოვასწარი, მანამდე ის ეპიზოდიც დასრულდა რომელსაც ველოდი, უფრო სწორად ქეთ ბლუმის სიმღერა მინდოდა მქონოდა, რომელსაც მერე წლები ყველგან ვეძებდი. https://www.youtube.com/watch?v=UDhmnoBVYlQ

There's wind that blows in from the north
And it says that loving takes this course
Come here 
Come here

No I'm not impossible to touch 
I have never wanted you so much
Come here 
Come here

             “მზის ჩასვლამდე” - გადაწყვეტილება, 2004 წელი

კლასობანას ის აბზაცი, რომელიც ტექსტის თავში გამახსენდა ესე იწყება:

“შევხვდები კი მაგას? რამდენჯერ ყოფილა, სახლიდან რომ გამოვიდოდი, სენის ქუჩას გავუყვებოდი, მერე თაღიდან კონტის სანაპიროზე გავიდოდი, მდინარეზე მონაცრისფრო-ზეთისხილისფერ ნისლში ძლივს ვარჩევდი საგანთა მოხაზულობას, მაშინ დავლანდავდი ხელოვნების ხიდზე მის სიფრიფანა სილუეტს, ხან აღმა-დაღმა რომ მიდი-მოდიოდა, ხანაც რკინის მოაჯირს დაენდობოდა და წყალს ჩააჩერდებოდა. რაღა თქმა უნდა, მეც მაშინვე გადავირბენდი ქუჩაზე, ავევლებოდი ხიდის კიბეებს ერთბაშად გავვარდებოდი ვიწრო გასასვლელში და უმალ მასთან გავჩნდებოდი, ის კი გაიღიმებდა, მაგრამ გაკვირვებით კი არ გაიკვირვებდა, რადგან, მასაც ჩემსავით სჯეროდა, რომ ვითომ მოულოდნელი შეხვედრა ყველაზე მოსალოდნელია ცხოვრებაში და რომ შეხვედრის წინასწარ დათქმა მარტო იმ ადამიანებს სჩვევიათ, რომლებსაც მხოლოდ ხაზიან ქაღალდზე შეუძლიათ წერა და რომლებმაც ტუბს ძირში უნდა მოუჭირონ ხელი, რომ პასტა გადმოადინონ”.

როდესაც “მზის ჩასვლამდე” გამოვიდა, მცირე ცოდნები მეც დამიგროვდა, მართალია “ლირიკის” ნაწილები ჯერ კიდევ არ მეთმობოდა, მაგრამ ის დრო იყო, როდესაც ნელ-ნელა რაღაცეების გადაფასებას ვიწყებდი. ამ ტრილოგიის მეორე სერია, ალბათ, ზუსტად გადაფასებაზეა, გაშვებულ შანსებზე ან განმეორებით  მცდელობებზე; ზრდაზე და გადაწყვეტილებების სირთულეზე, რომელიც ჩვენს გარდა, შესაძლებელია ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას უკავშირდებოდეს. ასევე შეუძლებლობებსა და შესაძლოობებზე.

ლინკლეიტერი ტრილოგიის სამივე ნაწილს მსახიობებთან ერთად წერდა. ჟული დელფი და ითან ჰოუქი მონოლოგებზე, დრამატურგიასა და დიალოგებზე რეჟისორთან ერთად მუშაობდნენ. მართალია, მეორე ნაწილის შთაგონება ისევ  რეჟისორის ბიოგრაფია და პარიზში წიგნის პრეზენტაცია გახდა, მაგრამ ფილმში მსახიობების ცხოვრებაში იმ დროს მომხდარი დრამატული ცვლილებებიც აისახა.

ყველაზე საინტერესო აქ ისევ ლინკლეიტერის დროსთან თამაშია, ტრილოგიის მეორე ფილმი მთლიანად პარიზშია გადაღებული ნამდვილ დროში; ფილმში მიმდინარე ამბავი და ფილმის ქრონომეტრაჟი ერთმანეთის იდენტურია.

ფილმის ემოციური შინაარსი კი ნინა სიმონეს ამ სიმღერაში ეტევა, რომელიც სულ ბოლო ეპიზოდში ისმის https://www.youtube.com/watch?v=K7nmdi0u4T0.

Just in time

Just in time you found me just in time
Before you came my time was running low
I was lost them losing dice were tossed
My bridges all were crossed nowhere to go
Now you're here now I know just where I'm going
No more doubt or fear I've found my way
Your love came just in time you found me just in time
And changed my lonely nights that lucky day
Just in time
Before you came my time was running low oh baby
I was lost them losing dice were tossed
My bridges all were crossed nowhere to go
Now you're here now I know just where I'm going
No more doubt or fear I've found my way
Your love came just in time you've found me just in time
And changed my lonely nights and changed my lonely nights
And changed my lonely nights and changed my lonely nights
And changed my lonely nights that lucky day

            “შუაღამემდე” - შეგუება, 2013

ზუსტად 9 წლის შემდეგ, 2013 წელს ტრილოგიის ბოლო ნაწილი - “შუაღამემდე” გამოვიდა. გამიმართლა, რომ უკვე ილუზიებისგან დაცლილმა, ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ეს ნაწილი მაინც ვნახე კინოში, დიდ ეკრანზე, სიმღერებიც “დავაშაზამე” და სიამოვნებით შევეგუე იმას, რომ დრო გადის, ვიზრდებით და 19 წლის წინ დაწყებულ ამბავს ჩემს ცხოვრებას მშვიდად ვადარებ.

თან სულ ლინკლეიტერის დროსთან ურთიერთობასა და წინასწარმეტყველებაზე მეფიქრება, როგორ შეიძლება “კარდაშიანის” ეპოქაზე ბევრად ადრე გააკეთო სიყვარულის ამბავი ზედმეტი პათეტიკის გარეშე “რეალურ დროში” და ეს ყველაფერი დღის ერთ მონაკვეთამდე დაიყვანო: მზის ამოსვლამდე, ჩასვლამდე და შუაღამემდე ჩაატიო ამდენი ხნის სათქმელი და ისტორია.

ლინკლეიტერი დროზე დამკვირვებელი რეჟისორია (მისი ბოლო ფილმიც boyhood ასევე ამის მცდელობაა), ამით ის მუდმივად პროცესზე ორიენტირებულ დოკუმენტალისტს მახსენებს, თუმცა მომენტის დაჭერის მაგივრად ის დროს უსაფრდება, წყნარად ელოდება მის გასვლას და სამ ტრილოგიას 9 წლიანი პაუზებით იღებს. ჟული დელფი, რომელიც ამ ტრილოგიაში სელინის როლშია, ამბობს: “დღევანდელ ახალგაზრდებს “მზის ამოსვლამდე” ძალიან მოსწონთ, რადგან ჯესისა და სელინში საკუთარ მშობლებს ხედავენ. რა თქმა უნდა, თქვენც ატყობთ, მე და ითანიც ასაკში შევდივართ ამ ფილმებთან ერთად. ეს სერია გარკვეულად დროზე დაკვირვება და მისი შესწავლის მცდელობაა”.

თიბისი სტატუსის და კინოთეატრ „ამირანის“ თანამედროვე კინოკლასიკის სერიების თებერვლის რეჟისორია - რიჩარდ ლინკლეიტერი.

21 თებერვალი - მზის ამოსვლამდე

22 თებერვალი - მზის ჩასვლამდე

23 თებერვალი - შუაღამემდე