როცა სადმე წასვლას ვაპირებ, წინასწარ საკმაოდ შრომატევად კვლევას ვატარებ. პირველ რიგში, ქალაქის ბაზრებსა და ქუჩის საკვებ ჯიხურებს ვეძებ ხოლმე. და მიმართლებს კიდეც - ონლაინ ტურისტულ პლატფორმებზე ბევრ ქალაქში ვპოულობ ქუჩის ფესტივალებსა და ბაზრობებს, რომლებზეც წამყვანი თემა სწორედ ქუჩის კულინარიაა - ჰამბურგი, ლისაბონი, ბერლინი, ლონდონი, მადრიდი, მელბურნი - ბლოგერები და მიმომხილველები ყველგან აფასებენ ქუჩის საჭმელს და დაინტერესებულ მოგზაურებს საინტერესო წერტილების მისამართებსაც აძლევენ. მეც დიდი სიამოვნებით შევჩერდები ხოლმე რომელიმე უცხო ქალაქის მოედანზე მოწყობილ ჯიხურთან, ავირჩევ დახლს მიღმა, ჩემს თვალწინ მომზადებულ ცხელ კერძს, რიგში მდგომი დავაკვირდები სხვებს, გამოველაპარაკები მზარეულს და მერე ჩამოვჯდები გრძელ მაგიდასთან. თან ვილუკმები, ვაჭაშნიკებ უცხო გემოებს და თან იქაურობის გაცნობას ვიწყებ. თვალიერება და ჭამა, ჩემი დასკვნით, ყველაზე მოკლე გზაა ქალაქისა და მისი კულტურის, ხასიათის გამოსაცნობად.

ჰოდა, მიკვირს - აქამდე, თბილისის ქუჩის კვებაზე არც ერთ ტურისტულ გამოცემაში არ წამიკითხავს. თუმცა, ვფიქრობ, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ მაგ საქმისთვის მრავალფეროვანი კერძები არ გვაქვს, ან ჭამა არ გვიყვარს. არა, უფრო, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენთან ყველაფერი ახლა იწყება. სიტყვა “ყველაფერში” კი ვგულისხმობ სწორედ იმ დიდ და მხიარულ ქალაქურ თავყრილობას, რასაც ქუჩის საკვების ბაზრობა ჰქვია.

პირველი ასეთი ზეიმი თბილისში ერთი თვის წინ გაიმართა. “დააგემოვნე თბილისის ქუჩებში” ასე დაერქვა ორდღიან ფესტივალს, რომელიც გასტრონომიული აღმოჩენების ზეიმად უკვე იქცა. მზარეულები, შეფები და სხვა საკვები თუ სასმელი პროდუქტის მწარმოებლები სახელდახელოდ ქუჩაში შესაჭმელად მოფიქრებულ კერძებს გვთავაზობდნენ და იქაურობას ერთ დიდ სადეგუსტაციო დაფას ამსგავსებდნენ, სადაც გასინჯავდი ყველაფერს, რისი დანახვაც თვალს გაეხარდებოდა.

ახლა ეს ყველაფერი თავიდან მეორდება. “დააგემოვნე თბილისის ქუჩებში” კიდევ ერთხელ გვიწვევს გურმანული გამოცანების ამოსახსნელად: რომელ ქართულ კერძს უხდება ქუჩაში ჭამა და როგორ? რომელ არაქართულს და რატომ? ყველაზე მარტივი და იოლი კერძი რომელია, რომელსაც გარეთ შეჭამ? მართლა იცნობა ქალაქი ჭამა-ჭამით? მართლა მოგწონს დახლს მიღმა მდგომი შეფებისა და მზარეულების გაცნობა, საუბრის გაბმა? გაუსინჯავდი კერძს გვერდზე მჯდომ უცნობ ადამიანს? იქნებ შენ მისი სუში მოგწონს, მას შენი - ჰოთ-დოგი? გავლა-გამოვლა, გასინჯვა და ახლის დამატება, შთაბეჭდილების გაზიარება - ქუჩის კულინარიულ ბაზრობაზე ისეთ ადამიანებთან შეიძლება დამეგობრდე, ერთ ორბიტაზე თქვენი მოხვედრის შანსი თეორიულადაც რომ არ არსებობდა და შეიძლება გასინჯო კერძები, რომლებზე მანამდე წარმოდგენაც არ გქონდა.

ერთი სიტყვით, თავგადასავლებს რა დალევს და დროც დიდია. თან, ღია სივრცეში, ბევრნაირ ოხშივარში, უცხო და ნაცნობ ადამიანებს შორის, გემოვნური ცნობისმოყვარეობა ერთი-ათად იზრდება - ესეც ჩემი პრაქტიკაზე დაფუძნებული მორიგი დაკვირვება, რომლის ჭეშმარიტებასაც დედა-ენის ბაღში ამ შაბათ-კვირას ერთხელაც გადავამოწმებ. წამო, არ გინდა?