საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნას კომპანია GD Alco განსაკუთრებულად აპირებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა დარჩიაშვილის ინიციატივით, ცნობილი ერთალაოიანი ვისკი Glenfiddich 26-წლიანი დაძველების კასრიდან სპეციალურად ჩამოისხმება.

საიუბილეო Glenfiddich უნიკალური საკოლექციო თვისებებით იქნება გამორჩეული: ის წარმოადგენს 1991 წლის კასრის 53.8-პროცენტიან ვისკის, რომელიც ცივი ფილტრაციის გარეშეა დისტილირებული.

ამ საიუბილეო ვისკის ეტიკეტი ქართული დროშის ფერებში ექნება.

Glenfiddich-ის სახელი ნოვატორ, არაკონფორმისტ, გაბედულ ადამიანებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი იყო მისი დამფუძნებელი ‒ უილიამ გრანტი: წარმოება საკუთარი ძალებით, ცხრა შვილთან ერთად დაიწყო და მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთალაოიანი ვისკი შექმნა. ვისკის საიუბილეო ჩამოსხმის რამდენიმე ბოთლი სახელობითი იქნება და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ის გამორჩეული ადამიანები დასაჩუქრდებიან, რომელთაც ქვეყნის განვითარებასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციაში დამსახურება მიუძღვით. ამ ნომერში ქართველ პიანისტ ელისო ბოლქვაძესა და პოეტ გიორგი კეკელიძეს წარმოგიდგენთ.

 

ელისო ბოლქვაძე

„უნიკალური ტალანტი“ – The New York Times

„მსოფლიოს არტისტი“ – Los Angeles Times

„ბრწყინვალე ვირტუოზი და დიდი პიროვნება“ – Classica Magazine

„ფენომენალური პიანისტი“ – Figaro Magazine

ასე აფასებენ ცნობილ ქართველ პიანისტს – ელისო ბოლქვაძეს საერთაშორისო მედიაში. მისი შემოქმედებითი ენერგიისა და ინტერპრეტაციის მრავალფეროვნების შესახებ ხშირად საუბრობენ. მისი ბგერა უნიკალურია, მსუბუქი და ისეთ სამყაროში გამოგზაურებს, სადაც შენით ვერასოდეს მოხვდები. ტოკიოში ხარ თუ კუვეიტში, მისი მუსიკის ენა ერთნაირად გესმის.

„მუსიკა ძალიან ეფემერული მომენტია. როდესაც მოცემულ დროს, მოცემულ სიტუაციაში მარადისობის განცდის გადმოცემა შეგიძლია, ესაა ძალიან დიდი რამ და ყველაზე რთულიც.

ეს ტრანსცენდენტული სუბლიმაციის მომენტია, რომელიც პირველ რიგში შენ უნდა დაიჭირო და უნდა დაიჭიროს მსმენელმაც. ძალიან მძაფრი განცდაა, თითქოს წამი გაჩერდა და შენც გადახვედი და მსმენელიც გადაიყვანე სხვა სამყაროში.

ყოველდღე სცენაზე გამოსვლა არ შემიძლია. კონცერტზე ვიხარჯები და მერე შევსება მჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ ვახერხებ, რომ კონცერტი ავტომატური არ იყოს. ეს სუბლიმაციურ სივრცეში გადასული ემოციებია, რაც დიდ მუსიკოსს ჩვეულებრივი მუსიკოსისგან განასხვავებს“.

ელისო ბოლქვაძის ხილვა მსოფლიოს ცნობილ დარბაზებსა და საერთაშორისო ფესტივალებზეა შესაძლებელი. მუსიკალური არხი Mezzo რეგულარულად გადასცემს მის კონცერტებს ევროპაში. ელისო ბოლქვაძის შესრულებული მუსიკა კომპაქტ დისკებზეცაა ჩაწერილი ცნობილ სტუდიებში (Sony BMG, Cascavelle) და მიუხედავად იმისა, რომ CD-ების გაყიდვით მიღებული შემოსავალი შემცირებულია, მაინც აუცილებელია მათი გაკეთება, განსაკუთრებით – ჩანაწერების.

როგორც პიანისტი ამბობს, მასზე ყველაზე დიდი გავლენა სამმა ადამიანმა მოახდინა – ბავშვობიდან მამამ – პოეტმა და შემოქმედმა ზაურ ბოლქვაძემ, მოგვიანებით პედაგოგმა – თემურ მათურელმა და საქართველოდან წასვლის შემდეგ – მიშელ სონიმ.

„საქართველოდან 1997 წელს წავედი. ჯერ სამ-სამი თვით, როგორც სტიპენდიატი და მერე უკვე სულ. მაშინ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო საქართველოში, სიბნელე, სიცივე, ჩაკეტილობა. უამრავი კონცერტი გავაცდინე სხვადასხვა ქვეყანაში იმიტომ, რომ საზღვრებიც ჩაკეტილი იყო. ძნელი იყო იმ გარემოდან თავის დახსნა, მერე საკუთარი თავის პოვნა ახალ სივრცეში და ცხოვრების თავიდან დაწყება. მიშელ სონიმ ჩემს განვითარებაზე, და არა მხოლოდ მუსიკალურზე, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა“.

წასვლის მიუხედავად პიანისტს საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. ელისო ბოლქვაძე ქართულ სამუსიკო სამყაროში დღემდე აქტიურადაა ჩართული. მისი საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ქართველი ტალანტების აღმოჩენასა და ხელშეწყობაში აქტიურადაა ჩართული. ბათუმში უკვე ხუთჯერ გაიმართა ფონდის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Batumi MusicFest. ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის გარდა, ფესტივალზე არტბანაკიცაა ინტეგრირებული, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან მოზარდები.

„ბათუმის ფესტივალზე ბევრი იდეის განხორციელებას ვახერხებ. ყოველ წელს გვყავს ახალი ბავშვები. წლიდან წლამდე ვხვდები, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ახალგაზრდა მსმენელსაც იზიდავს. მომავლის მაყურებელს ვზრდით ბათუმის ფესტივალზე.

ბავშვები, რომლებიც ბანაკში მოდიან, ყოველ საღამოს მოგზაურობენ მუსიკალურ სამყაროში. შარშან 350 ბავშვი გვყავდა და მათ დაუვიწყარი ატმოსფერო შექმნეს“.

ელისო ბოლქვაძე პირველი ქართველია, რომელიც იუნესკოს „მშვიდობის ხელოვანი“ გახდა.

 

გიორგი კეკელიძე

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, მთარგმნელი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი, რადიო- და ტელეგადაცემების წამყვანი – ყველა ეს რეგალია ერთ ადამიანს – 33 წლის გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის. კი, ძნელად წარმოსადგენია, ამ ყველაფერს ერთი ადამიანი უმკლავდებოდეს, მაგრამ თუ მის წარმომავლობას – გურულობას გავიხსენებთ, დაჯერებაც გაადვილდება.

მისი წიგნები, როგორც წესი, ბესტსელერებია და ისედაც გიორგის ჯილდოების საკმაოდ გრძელი ნუსხა არსებობს: „საბას“ წლის დებიუტი, „ცხელი შოკოლადის“ წლის ადამიანი, წლის ავტორი, წლის ეროვნული ბესტსელერის ავტორი და ა.შ.

რომელ მხარეს წავიდოდა, არც ადრე იცოდა და დღესაც არ იცის. „საითაც დღეს ვარ, ის ერთ-ერთი დროებითი მხარეა და ცხოვრებამ შეიძლება სხვაგან გადამიტყორცნოს“, – ამბობს.

ამდენი რეგალიიდან, თავად მიაჩნია, რომ ყველაზე მეტად პოეტია.

როგორ გირჩევნიათ, თქვენი ყველა წიგნი ცალ-ცალკე იდგეს თუ მათ შორის კავშირს შეგნებულად ამყარებთ?

მგონია, რომ ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წერა გულისხმობს რაღაც ტიპის შემოქმედებას, შემოქმედება კი გულისხმობს ავტორის გარკვეული დოზით ჩარევას, ამავდროულად, ბუნებრივია, რაღაც ტიპის განცდებს საკუთარ თავს ვერ ვუკარნახებთ. ეს განცდები სხვადასხვა ტექსტს შორის რაღაც ჯაჭვს ყოველთვის შექმნის.

უფრო ადრინდელ პერიოდში დაბრუნება და საკუთარ თავთან კითხვის დასმა რომ შეგეძლოთ, რას ჰკითხავდით?

ალბათ, ვერაფერს. იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ რაღაცები დამკლებია. არ ან ვერ გამიკეთებია. შორიდან რომ ვუყურებ, ალბათ ახლაც გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. ამიტომაც დიდად არ ვსაყვედურობ ხოლმე საკუთარ თავს ფუნდამენტურ საკითხებში. ნიუანსებმა კაცს ყოველთვის შეიძლება დაგწყვიტოს გული, მაგრამ სინანულის ეს გრძნობაც კი პარალელურად რაღაცებს ცვლის შენში. ეს დანაკლისები, გულისწყვეტები ყოველთვის შეიძლება გამოიყენო საკუთარი თავის განსავითარებლად.

ყველაზე რთული გამოწვევა რა ყოფილა თქვენთვის?

მიუხედავად იმისა, რომ სირთულეები არ მაკლდა, ყველაზე რთული, ალბათ, ორი იყო. პირველი – გადაწყობა და რაღაცების შეცვლა ერთი პირადული და ძალიან რთული შემთხვევის შემდეგ, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი დეპრესია, და მეორე – მამაჩემის უეცარი გარდაცვალება. მამის სიკვდილი, ცხადია, ყველასთვისაა უმძიმესი ტრავმა, მაგრამ ეს ამბავი აბსოლუტურად მოულოდნელად რომ მოხდა, კიდევ უფრო გამიჭირდა იმის გააზრება, რომ სიკვდილი მოდიოდა. ერთი თვეც არ გასტანა მოლოდინმა, ყველაფერი უეცრად დასრულდა.

პირველი წიგნის გამოცემის შემდეგ, წერის პროცესში შეიცვალა რამე?

ყოველი წიგნის გამოცემისას რაღაც იცვლება. თანამედროვე მწერალი დიდწილად დამოკიდებულია მკითხველზე. ყველა მწერალი იყო დამოკიდებული, მაგრამ მკითხველის ხმას ნაკლებად გრძნობდნენ ადრე. დღეს სოციალურმა ეპოქამ ეს დიდად შეცვალა. მკითხველის გავლენები უფრო მეტი მაქვს, ვიდრე სხვა მწერლების.

პირველი ჰონორარით რა გააკეთეთ?

პირველი ჰონორარის აღებისას, პრეზიდენტის სტიპენდიის სახით, ვიყავი მერვე კლასში. მე და მამაჩემი ჩამოვედით ოზურგეთიდან ლილოში და ვიყიდეთ ტელევიზორი და კომპიუტერი „დენდი“.

ოცნებებს აყოლა გჩვევიათ?

აბსტრაქტული ოცნებები გაცილებით მეტი იყო, როცა პატარა ვიყავი. სამსახურის გამო, ჩემი ცხოვრება რაციონალური გახდა, პირველ რიგში, ალბათ რაღაც ამოცანების დაძლევაზე ვფიქრობ, ამოცანების, რომელიც იბადება ხოლმე სიტუაციების და გამოწვევების მიხედვით. შეიძლება დღეს ვოცნებობდე იმაზე, რომ ხვალ მოვახერხო და ჩვენი ბიუჯეტის საკითხი გავიტანო, რომელიც თანამშრომლების ხელფასების მატებას გულისხმობს. ხვალ კი, რომელიმე მუზეუმისთვის სპონსორის მოძებნაზე ვიოცნებო.

პირადი ოცნებები თითქმის გამიქრა. თუ არ ჩავთვლით ძალიან პირად ამბებს.

გასულ წელს გიორგი კეკელიძის, ბიბლიოთეკასა და #ეკვილიბრიუმთან დაკავშირებული რამდენიმე ოცნება ასრულდა – გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული კორპუსი – ვახტანგ VI და მასში განთავსებული სხვადასხვა ცნობილი ქართველი მოღვაწის სახელობის დარბაზები და კაბინეტები. ასევე გაიხსნა ამ სფეროში ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი – წიგნის მუზეუმი. #ეკვილიბრიუმის ფარგლებში კი უკვე 600-ზე მეტი ბიბლიოთეკა აღდგა ან განახლდა.