Event Cinema და კინოთეატრი „ამირანი“ წარმოგიდგენთ ბროდვეის თეატრის ბოლო წლების ჰიტის – მიუზიკლის „ამერიკელი პარიზში“ კინოჩვენებას.

„ამერიკელი პარიზში“ 1951 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის ინსპირაციით შეიქმნა და სასაცენო დადგმა ბრიტანელმა ქორეოგრაფმა, პიტერ ვილდონმა განახორციელა. თავის დროზე, ფილმის შთაგონება ჯორჯ გერშვინის კომპოზიცია “American in Paris” იყო. ფილმიც, ისევე როგორც სპეკტაკლი, გერშვინის მუსიკითაა გაფორმებული.

მიუზიკლის პრემიერა 2014 წლის დეკემბერში პარიზში, შატლეს თეატრში შედგა. რამდენიმე თვეში კი ამერიკული პრემიერა უკვე ბროდვეიზე გაიმართა და დიდი ხნის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დადგმა იყო თეატრში. მიუზიკლმა რამდენიმე Tony Award-იც აიღო, რაც თეატრალურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა. მთავარ როლებს ნიუ იორკის City Ballet-ის წამყვანი მოცეკვავე, რობერტ ფეარჩაილდი და ბრიტანეთის Royal Ballet-ის მოცეკვავე, ლინ კოუპი ასრულებენ.

სიუჟეტი 1945 წლის პარიზში ვითარდება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკელი ლეიტენანტი, ჯერი მულიგანი პარიზში ჩადის და გადაწყვეტს, ოცნება აიხდინოს და მხატვრობაში მოსინჯოს ბედი. ცოტა ხანში ის ახალგაზრდა, ნიჭიერ ბალერინას, ლიზეს გაიცნობს, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და ომგამოვლილ პარიზს ხელოვნებისა და სიყვარულის ქალაქად გადააქცევს. ორმხრივი ძლიერი გრძნობის მიუხედავად მათი ურთიერთობა წინააღმდეგობებით არის აღსავსე და შესაძლოა ვალდებულებების გამო სიყვარულზე უარის თქმა მოუხდეთ.

მიუზიკლი ამერიკის კინოთეატრებში გასული წლის სექტემბერში აჩვენეს. ევროპაში კი ჩვენებები გაზაფხულიდან მიმდინარეობს.

„ამერიკელი პარიზში“ 12 ივნისს თბილისშიც იქნება წარმოდგენილი. ერთჯერადი ჩვენება კინოთეატრ „ამირანის“ მეოთხე დარბაზში, 19:30 საათზე გაიმართება.