ფერწერის და კონკრეტულად, იმპრესიონიზმის მოყვარულებს 22 მაისს დიდი დღესასწაული ელით. რეჟისორ დევიდ ბიკერსტაფის ფილმი „ვინსენტ ვან გოგი“ უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევრების ყველაზე დიდ საცავში, ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმში ვირტუალურად ვიმოგზაუროთ და დეტალურად გავეცნოთ მის შემოქმედებას.

საათნახევრიან ფილმში ნახატების დათვალიერებასთან ერთად, მაყურებელს საშუალება ექნება მსოფლიოს წამყვანი კურატორებისა და ხელოვნების ისტორიკოსების ინტერპრეტაციები და განმარტებები მოისმინოს ვან გოგის ნამუშევრებზე. აქვე მხატვრის ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილ დეტალებსაც გაეცნობით და მისი შემოქმედების ადრეული წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე, ვან გოგის პირადი განცდების, ბრძოლებისა და გამოწვევების შესახებ არაერთ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ.

ფილმის ერთჯერადი ჩვენება 22 მაისს, კინოთეატრ ამირანში გაიმართება.

დასაწყისი 19:30 საათზე.