Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა.

Fuckup Nights-ის მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

თბილისში ჩატარებულ რიგით მეთერთმეტე Fuckup Nights-ზე ოთხმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანმა თავიანთ მარცხებზე და წარუმატებლობებზე მოგვიყვა.

თენგიზ მალანია  რეჟისორი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი, „აფროდიტე“ ინტიმ-სალონისა და ნდობის ტელეფონის თანადამფუძნებელი

გადავწყვიტეთ, 21-ე საუკუნის დადგომა რამეთი აღგვენიშნა და გავხსენით სექსშოპი, როგორც ახალი ეპოქის სიმბოლო. ინვესტორები დავარწმუნეთ, რომ საქართველო თანამედროვე ქვეყანა იყო და სექსშოპი ჩვენს ქვეყანაშიც უნდა ყოფილიყო. 

ჩვენ ინტიმ-სალონი დავარქვით, თუმცა ხალხი მაინც სექსშოპს ეძახდა. უხარისხო პროდუქცია არ გვეკადრებოდა, ინვესტორიც გერმანელი იყო და მაღაზიისთვის ყველაფერი პირდაპირ ბერლინიდან ჩამოგვქონდა. პროდუქცია იმდენად მალე იყიდებოდა, რომ გვიკვირდა, ერთმანეთს გაოცებულები შევყურებდით. პრესა აქტიურად წერდა ჩვენზე და, რაც მთავარია, ყველა სტატია დადებითი იყო. თვითონ მაღაზია კი ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა. 

მაგრამ მერე ინტიმ-სალონის მოწინააღმდეგეებიც გამოფხილზდნენ. ხან მაღაზია ჩალეწეს, ხან საღებავები შეასხეს. ბოლოს იმდენი მოახერხეს, რომ თბილისიდან სექსშოპი გააქრეს. ზღაპარი დამთავრდა.

თავიდანვე ვიცოდით მაღაზიით ფულს ვერ ვიშოვიდით და არც არასდროს ვუყურებდით მას, როგროც ბიზნესს. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი სულ სხვა რამ იყო  გვინდოდა ადამიანებისთვის დაგვენახებინა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის თავისუფლებაა, ეს ადამიანის მთავარი მონაპოვარი და სიმდიდრეა. ეს იყო მაღაზიის დევიზი.

ჩვენ შეცდომები არ დაგვიშვია, უბრალოდ ის ჯგუფი, რომელიც ხალხს ჩემთვის ჩამორჩენილ აზრებს და იდეებს კარნახობს, პროგრესულ ნაწილზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

მაია სიდამონიძე  ანტრეპრენერი, ტურიზმისა და მასპინძლობის კონსულტანტი

თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებდი, სამსახიობო სტუდიაშიც კი დავდიოდი. შემდეგ მივხდი, ამის ნიჭი არ მქონდა. ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩავაბარე. არც ეს მომეწონა და ერთი წლის შემდეგ სამომავლო პროფესიად ტურიზმი ავირჩიე. ამ უშუქობასა და უწყლობაში ეგ რამ აგარჩევინაო, მეუბნებოდნენ.

შვეიცარიაში წავედი სასწავლებლად. სკოლის პროგრამის მიხედვით, სწავლის პარალელურად სტაჟირებაც უნდა გამევლო. ერთ-ერთ დაწესებულებაში მიმტანად დავიწყე მუშაობა, თუმცა დამითხოვეს, რადგან ანთებული სანთლებით სავსე ლარნაკი დამივარდა. ახალი სტაჟირების მოძებნა ახლა უკვე ჩემი ძალებით მოვახერხე.

სამაგისტრო პროგრამა ლონდონში გავიარე, მუშაობაც იქვე დავიწყე. პარალელურად საქართველოშიც ვეძებდი სამსახურს. ამ დროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა და სამუშაოდ აქ დავბრუნდი. 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით, უამრავი გამოწვევა გვქონდა. ხან ისე ხდებოდა, რომ ერთი გამოფენის ბროშურებს სხვაგან აგზავნიდნენ, ხან ახალი ცენტრის გახსნისას 5 წუთით ადრე ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. ჩემთვის დიდი მარცხების პერიოდი ამ სამსახურს უკავშირდება. ჩვენი მთავარი შეცდომა, ალბათ, კერძო სექტორთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო. მეტად უნდა მოგვესმინა და გველაპარაკა მასთან.

დღეს საოჯახო ბიზნესი მაქვს  სასტუმრო. სასტუმროს მარტივად ვუძღვები, მაგრამ მას თავისი რესტორანი აქვს. მისი მართვა კი გამიჭირდა. სამი წლის განმავლობაში ალბათ 6-ჯერ მაინც მომიხდა სამზარეულოს გუნდის გამოცვლა.

ბოლო მარცხი ჩემი მეგობრისა და ჩემს პროექტს უკავშირდება. გვინდა შევქმნათ  ონლაინ პლატფორმა  eatlocal. ადგილობრივი ოჯახები ტურისტებს უნდა გაუმასაპინძლდნენ – ეს არის ამ პროექტის აზრი. Gita-შიც შევიტანეთ განაცხადი, ფინალში გავედით, მაგრამ დაფინანსება ვერ მივიღეთ. ჩვენ მაინც ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას და ისევ ვცდით ბედს, რომ პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ.

სანდრო კანდელაკი  ბიზნეს აქსელერატორ Spark • სპარკი-ს მენეჯერი

ჩემს ოჯახს რუსეთში ჰქონდა ბიზნესი, იქ ცხოვრობდნენ და ჩემი პირველი fuckup-იც ის არის, რომ რუსეთში დავიბადე.

ბევრ სფეროში მოვსინჯე ძალები, რამდენიმე კომპანია გავხსენი, ბევრმა მათგანმა მარცხი განიცადა.  

პირველად არაფორმალური განათლების პლატფორმის შექმნა მინდოდა. ამ პლატფორმაზე სტუდენტებს არაფორმალური განათლების ღონისძიებები უნდა მოეძიებინათ. ბიზნესის სფეროში გამოცდილ ადამიანებს რჩევებს ვეკითხებოდი, რაც დიდად არ გამომადგა. თვითონ სტუდენტებისთვის კი გაუგებარი იყო რისი გაკეთება მინდოდა. ახლა ვხვდები, მომხმარებლისთვის უნდა მეკითხა აზრი და არა წარმატებული ბიზნესმენებისთვის.

შემდეგ  ხან სისხლის დონაციის აპლიკაცია შევქმენი, ხან ვაშლისგან გაკეთებული ბრენდის ბიზნესი ვცადე, ხან ვაშლისგან დამზადებული ღვინის წარმოება, ქერიც დავთესე და არ გაიხარა. მიტანის სერვისი  Startup Delivery შევქმენით, ჰიდროფონიკური სათბური გავხსენი. არცერთმა ბიზნესმა არ გაამართლა. ხან მატყუებდნენ, ხან არ მიმართელბდა, ხანაც არასაკმარისი ცოდნა მქონდა. და მაინც, მცდელობა მაინც ღირს, მის გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებ.

ერთი რჩევა მაქვს, ადექით და პირდაპირ მომხმარებელს დაელაპარაკეთ, გაიგეთ რა სურს მას. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებით, რა არის სწორი, რა გაამართლებს და რა არა.  

სოფიო ქათამიძე  Gulf Georgia-ს გაყიდვების განყოფილების უფროსი

ძალიან მიზანმიმართული, შეუპოვარი ვიყავი. მე-3 კურსზე ვსწავლობდი, როდესაც აქტიურად დავიწყე სამსახურის ძებნა. უამრავი გასაუბრება და ტესტირება გავიარე, სადაც მარველის კომიქსების სუპერძალებს არ მოითხოვდნენ. სამსხურის ძებნის დროს ერთ საერთაშორისო ორგანინზაციაში მივედი, უსაფრთხოების სისტემებს აწარმოებდნენ. 50-კაციანი ტესტირება გავიარე, ყველა ეტაპი გადავლახე. ბოლო ეტაპზე დამკვეთისთვის პრეზენტაცია უნდა მომეზადებინა, ერთ ღამეში ყველა პროდუქტი დეტალურად უნდა შემესწავლა. მივხდი, რომ ჩემი შესაძლებლობები კომპანიის მოთხოვნებს არაფრით შეესაბამებოდა.

Gulf Georgia-ში უკვე 8 წელია ვმუშაობ. წარმატებული გაყიდვების მენეჯერი ვიყავი რომ დამაწინაურეს და სხვა მიმართულების მართვა ჩამაბარეს. ეს წინადადება ძალიან მიმზიდველი იყო და დავთანხმდი. თუმცა ორი წლის შემდეგ ისევ კორპორატიულ გაყიდვებში დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ყველა უნარი, რაც მანამდე მქონდა, ერთ ადგილზე გაიყინა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა კარგი იყოს შემოთავაზება, უნდა გაანალიზო რამდენად გაგზრდის ის.

Gulf-ში რამდენიმე წლის წინ შევქმენით პროდუქტი, რომელიც იმ დროისათვის ძალიან წარმატებული შეიძლება ყოფილიყო. ბიზნეს კომპანიებს საწვავეზე ხარჯების სამართავად გამარტივებული მექანიზმს ვთავაზობდით. პროდუქტის შექმნას წინ 6-თვიანი კვლევა უსწრებდა. კვლევის მიხედვით, საწვავის სწორად განკარგვისას მისი ხარჯები 20%-ით მცირდება. კამპანიაშიც, რომელიც პროდუქტის ცნობადობის გაზრდისთვის წამოვიწყეთ, სწორედ ამას ვამბობდით. თუმცა ბევრმა იფიქრა, რომ ჩვენ საწვავზე 20%-იანი ფასდაკლებას ვგულისხმობდით. დიდი რესურსი დავხარჯეთ იმისთვის, რომ აგვეხსნა რა იყო ეს პროდუქტი სინამდვილეში. დავინახეთ, რომ მომხმარებელთან მეტი და უფრო ზუტი კომუნიკაციაა საჭირო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისწავლე, რომ კარგად მხოლოდ დიდი გადაწყვეტილებების მიღებისას კი არა უნდა დაფიქრდე, არამედ პატარ-პატარა გადაწყვეტილებებიც კარგად უნდა გაანალიზო. შეცდომები ყოველთვის უნდა აღიარება და პასუხისმგებლობა შენს თავზე აიღო. ამის გარეშე ვერ განვითარდები.

 
ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy. ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.