საქართველოს ბანკის საქველმოქმედო ონლაინპლატფორმა

 

ალბათ ბევრ თქვენგანს უფიქრია, რა კარგი იქნებოდა იმ ნივთებისა და ტანსაცმლის გაცემა, რომლებიც აღარ გჭირდებათ.

„ეს კარადა გამოსაცვლელია, მაგრამ სად წავიღო, გადასაგდებად მენანება, ვინმეს მაინც უნდოდეს, მივცემდი“;

„ბავშვს ტანსაცმელი ისე მალე უპატარავდება, 2-ჯერ ჩაცმას ძლივს ასწრებს, იქნებ ვინმეს გამოადგეს“... – მსგავსი ფრაზები ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანს უთქვამს, მაგრამ ხშირად, მოყირჭებული ტანსაცმლისა და ნივთებისთვის ახალი პატრონის პოვნას ვერ ვასწრებთ.

სწორედ ამ საზრუნავს გვარიდებს თავიდან ვებგვერდი: www.donate.ge. თუ მასზე შეხვალთ, ზემოხსენებული საკითხების გადაწყვეტას მარტივად და ოპერატიულად შეძლებთ. ესაა საიტი, რომელიც საქართველოს ბანკმა ნივთების დონაციისა და საქველმოქმედო ფონდების ერთად თავმოყრის მიზნით შექმნა. ამ ვირტუალურ პლატფორმაზე ყველა მსურველს მიეცემა საშუალება, სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს ნივთები და თანხა მათ, ვისაც ეს სჭირდება. თანაც, სახლიდან გაუსვლელად – ნივთების წამოსაღებად ბანკის თანამშრომლები მსურველებს შინ მიაკითხავენ.

ეს პროექტი საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია. კომპანიას სურს, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრასა თუ საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ასე რომ, თუ ქველმოქმედების სურვილი და საშუალება გაქვთ, უკვე ძალიან მარტივია: ეწვიეთ საიტს www.donate.ge, შეავსეთ აპლიკაცია, რომელშიც მიუთითებთ საკონტაქტო ინფორმაციას, მისამართს და აღწერთ გასაცემ ნივთებს, შემდეგ კი მითითებულ მისამართზე მოგაკითხავთ ავტომობილი და წაიღებს ყველაფერს, რაც სხვებისთვის გემეტებათ. შეგროვებული ნივთები გადაეცემა როგორც ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ პირებს. ბენეფიციარებს შორის არიან: თავშესაფრები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრები.

ონლაინპლატფორმა www.donate.ge-ზე განახლებად რეჟიმში გამოჩნდება შეგროვებული ნივთების, ქველმოქმედი ადამიანებისა და ბენეფიციარების რაოდენობა. ქველმოქმედებისთვის გასაცემი ნივთების მიტანა შესაძლებელია Donate-ის ოფისშიც, მისამართზე: ცოტნე დადიანის N7 (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა). ამ ეტაპზე, დონაციისთვის განკუთვნილი ნივთების შეგროვება, თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შეგროვებული ნივთები კი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.

საქველმოქმედო პლატფორმა www.donate.ge-დან ასევე შეგიძლიათ თანხები საქველმოქმედო ფონდებშიც გადარიცხოთ. თანაც, ფონდის ანგარიშზე აისახება ზუსტად ის თანხა, რაც გადარიცხეთ, ანუ ყველაფერი – საკომისიოს დაქვითვის გარეშე. ასევე, შესაძლებელია ყოველთვიური ავტომატური დონაციის მოდულის ჩართვა – ანუ სასურველი ფონდის, თანხისა და ვადის არჩევა და ქველმოქმედებაში ჩართვა ასევე თანხის დაუქვითავად. donate.ge აერთიანებს საქართველოში მოქმედ ფონდებს: WeHelp, „სოლიდარობის ფონდს“, „იავნანას“, „დიტო ცინცაძის ფონდსა“ და „სიცოცხლის ხეს“.

Donate.ge-ს ამუშავებიდან 2 თვეა გასული, აქტიური კამპანია კი სექტემბრიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, საიტზე 10 000-ზე მეტი ნივთია შეგროვებული და კიდევ მიმდინარეობს აღრიცხვა. უმეტესად გროვდება ტანსაცმელი, მცირე ტექნიკა და სათამაშოები. ქველმოქმედებაში ამ ეტაპზე 500-ზე მეტი ოჯახი ერთვება.

საქართველოს ბანკის CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის) სამსახურის უფროსის, ბორის კიკნაძის თქმით, donate.ge-ს მხარდაჭერის სურვილს უკვე გამოთქვამენ ორგანიზაციები და ფონდები, რაც საიტის კიდევ უფრო განვითარების სტიმულს გვაძლევს.

საქველმოქმედო პლატფორმის გარდა, საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობა კიდევ არაერთ მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა სოციალური საწარმოების მხარდაჭერა. ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ბანკმა ჯამში 5 სოციალური საწარმო შექმნა, რაზეც 200 000 ლარზე მეტი დაფინანსება გამოიყო. დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება. ერთ-ერთი ასეთი საწარმო კასპში მდებარეობს – იქ ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები იმუშავებენ. საწარმო მათთვის სრულად ადაპტირებული და აღჭურვილია. მიღებული შემოსავალიც მთლიანად მათი პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სოციალურ მიზნებს მოხმარდება.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად განხორციელდა, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გახსნილი ჰოსტელია. Black Sea hostel 2017 წლის 30 მაისიდან ფუნქციონირებს და ის ერთადერთია აჭარის მთელ რეგიონში, რომელიც სრულად ადაპტირებულია.