შექსპირის ტრაგედიებისა და კლასიკური თეატრის მოყვარულებს Event Cinema და კინოთეატრი „ამირანი“ კიდევ ერთ საინტერესო ჩვენებას წარმოგიდგენთ. სამშაბათს, 26 თებერვალს აქ დიდ ეკრანზე ლონდონის ალმეიდას თეატრის სპეკტაკლის „მეფე რიჩარდ მეორეს ტრაგედია“ ნახვას შეძლებთ.

სპეკტაკლი გასული წლის ბოლოს ჯო ჰილ-გიბინსმა დადგა და მასში მთავარ როლს ბრიტანული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, საიმონ რასელ ბილი თამაშობს. მას არაერთი გამორჩეული როლი აქვს ნათამაშები ინგლისის სხვადასხვა თეატრის სცენებზე. 2014 წელს ბრიტანულმა გამოცემა Independent-მა ბილს „მისი თაობის უდიდესი თეატრის მსახიობი“ უწოდა. სხვათა შორის, საიმონ რასელ ბილი ლავრენტი ბერიას როლს ასრულებს არმანდო იანუჩის 2017 წელს გადაღებულ ფილმში „სტალინის სიკვდილი“.

„მეფე რიჩარდ მეორის ტრაგედია“ ძალაუფლების ლიმიტებზე და სამეფო კარის ვერაგ თამაშებზე მოგვითხრობს. რიჩარდ II უპასუხისმგებლო და სუსტი მმართველია, რის გამოც მისი სამეფო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. ამით კარგად სარგებლობს მისი ამბიციური ბიძაშვილი, ჰენრი ბოლინგბროკი და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს.

სპექტაკლის კინოჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ 26 თებერვალს 19:30 საათზე გაიმართება.