ახალი ინგლისურენოვანი გამოცემა საქართველოს შესახებ, რომელიც კვლევისა და დახვეწილი თხრობის ნაზავია. 

მაისი არა მხოლოდ ვარდების ყვავილობის თვეა. მაისი, პირველ რიგში, ის დროა, როცა ძალაუნებურად, აქტიურ მეხსიერებში ინაცვლებს თემა „საქართველოს დამოუკიდებლობა“ და გვაძლევს საბაბს, ერთდროულად ვიფიქროთ წარსულზეც და მომავალზეც.

ქართველი მეცნიერის, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის, ნიკოლოზ ალექსიძის სქელტანიანი, ხანგრძლივ კვლევაზე დაფუძნებული, დახვეწილი და იოლად აღსაქმელი ნარატივის მქონე გამოცემა სწორედ საქართველოს ისტორიაში ჩაღრმავების გზაა.

„საქართველო – კულტურული მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში“ – ასე ჰქვია ინგლისურენოვან წიგნს, რომელიც ერთი თვეც არაა, რაც გამოვიდა და თანაბრადაა გათვლილი ქართული თემით დაინტერესებულ უცხოელებზეც და იმ ქართველებზეც, ვისაც სურს საკუთარი ქვეყნის ისტორიას ორიგინალური კუთხით შეხედოს და შესაძლოა, გადაიაზროს კიდეც იმ ახალი აღმოჩენებითა და აქამდე უცნობი, დაფარული კავშირებით მოვლენებს შორის, რომელთაც წიგნში იპოვის.

„ოქსფორდში, ბოდლეის ბიბლიოთეკებში სათუთადაა დაცული მეჩვიდმეტე საუკუნის ორი ხელნაწერი შუა საუკუნეების პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. ეს ორი მდიდრულად ილუსტრირებული ტექსტი ქართული წიგნებისა და ხელნაწერების უორდროპებისეული კოლექციის მთავარი განძია“. ესაა კოლექცია, რომელიც ქართული ლიტერატურის 1300-წლოვანი ისტორიის უტყუარ დასტურად გამოდგება. მეჩვიდმეტე საუკუნის პალიმფსესტების გარდა, აქაა: ძველ ქართულ ანბანზე შესრულებული ძველი აღთქმის ტექსტებიცა და 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტიც, მათი ერთობლიობა კი ქართველების ერთ ნაციად ჩამოყალიბების ისტორიას აღწერს, – წერია წიგნის შესავალში.

შესავალში ასევე აღნიშნულია, რომ კოლექციაში დაცული მასალები, რომლებიც ორ, დაძაბული მოვლენებით სავსე საუკუნეს მოიცავს, ასევე გადმოსცემს ქართული კულტურის მთავარ მოვლენებს; გვაჩვენებს ქართული ეკლესიის დრამატულ ისტორიას 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის ჩათვლით, ხოლო ეპიკური პროზისა და პოეზიის, ასევე რელიგიური ტექსტების ერთობლიობა ლიტერატურული ჟანრების მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს – მრავალფეროვნებას, რომელიც ქართულ ლიტერატურაში ანტიკური ხანიდან ადრეული მეოცე საუკუნის განმავლობაში ჩანს.

უორდროპების კოლექციაში ასევე ინახება უამრავი დოკუმენტი, წერილი, კორესპონდენციის პირველი ვერსია, რომელიც ქართველი სოციალისტური, ანარქისტული, ფემინისტური, რევოლუციური და ნაციონალისტური მოძრაობების ცხოვრებას აღწერს მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და შემდეგ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ქართული პოლიტიკური დიასპორების ჩამოყალიბების მომენტამდე.

„ამბის თხრობა ხელოვნებაა, – ამბობს ნიკოლოზ ალექსიძე, – სხვაგვარად, რამდენიმე მეცნიერის გარდა, წიგნს არავინ წაიკითხავს და ამგვარად, შრომასაც დაეკარგება აზრი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვყვები ამბავს. ტონალობა, ენა და თხრობის სტილი ამ წიგნზე მუშაობის დროსაც, გადამწყვეტი გარემოება იყო“.

მართლაც, წიგნში თხრობა ჩამთრევი დრამატურგიული სქემითა და ადვილად აღსაქმელი ენით მიმდინარეობს. ისტორია თავებადაა დაყოფილი. და-ძმა უორდროპების პირადი ამბავი კი საქართველოს ისტორიული მოვლენების გასაშლელად მთავარი არეალი ხდება. წიგნში დავყვებით მარჯორი და ოლივერ უორდროპებს – „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად მთარგმნელ სწავლულსა და მის ძმას, ბრიტანელ დიპლომატს, 1919-1921 წლებში გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში; და სწორედ მათი ფიქრების, შეფასებებისა თუ თავგადასავლების ფონზე, საქართველოს ისტორიაც ნელ-ნელა იძერწება:

„თბილისისკენ მიმავალი სამი გზა

1894 წელს მარჯორის დიდი ხნის ოცნება ახდა და დამქანცველი მოგზაურობის – ეგეოსისა და შავი ზღვის გადასერვის შემდეგ, მისი გემი, შავიზღვისპირეთში, ქალაქ ბათუმში შევიდა... – ასე იწყება, მაგალითად, ერთ-ერთი პირველი თავი წიგნში, რომელიც მხოლოდ დათვალიერების დროსაც კი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. ამის მიზეზი კი ილუსტრაციები და მინიატურები, დოკუმენტური ფოტოები, შენობათა მაკეტები თუ პირადი წერილების ასლებია.

წიგნის მომზადების იდეა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეის ბიბლიოთეკაში გაჩნდა – იქ, სადაც უორდროპების კოლექციაა დაცული. ნიკოლოზ ალექსიძემ ერთი წლის განმავლობაში იმუშავა კვლევასა და ტექსტის შეთხზვაზე. წიგნის დიზაინისა და მაკეტის მომზადების შემდეგ კი, წიგნის დაბეჭდვით პროექტს მხარი თიბისი ბანკმა დაუჭირა:

„წიგნის შესახებ ოქსფორდიდან გამოგზავნილი წერილიდან გავიგე. მწერდნენ, რომ უკვე არსებობდა კვლევაც, ტექსტიც და წიგნის მაკეტიც, რჩებოდა მხოლოდ ბეჭდვის ეტაპი. წერილში აღნიშნავდნენ, რომ თუ მოვიწონებდით პროექტს, თიბისი ბანკი გახდებოდა წიგნის დაფინანსების ერთადერთი წყარო, სხვა შემთხვევაში მას ვერ გამოსცემდნენ. პროექტის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება ძალიან მალე მივიღეთ, რადგან ყველამ დავინახეთ მისი მნიშვნელობა და უნიკალურობა“, – გვითხრა თამარ კირვალიძემ, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორმა.

ახლა გამოცემა amazon.com-ზეც იყიდება, მისი ქართული პრეზენტაცია ივნისში გაიმართება, მანამდე კი უორდროპების მამულში შეკრებილი დაინტერესებული პუბლიკის წინაშე გამოცემა ნიკოლოზ ალექსიძემ 19 მაისს წარადგინა.

სევენოუკსში გამართული ამ ღონისძიების იდეის ავტორი და ორგანიზატორი ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი, კომპანია „როიალ დაჩ შელის“ წარმომადგენელი, ცირა კემულარიაა. რამდენიმე წლის წინ, თავის ბრიტანელ კოლეგასთან, პერ რიფ–მასგრეივთან საუბრისას, ცირა კემულარიამ შემთხვევით გაარკვია, რომ მისი კოლეგა ახლა ცხოვრობს სახლში, რომელიც ადრე უორდროპებს ეკუთვნოდა. იქვეა მათი საგვარეულო სასაფლაოც და ეკლესიაც. პერ რიფ-მასგრეივმა ცირა კემულარიას საქართველოს შესახებ ღონისძიების გასამართად სახლის გამოყენება შესთავაზა და შემდეგ უკვე ყველაფერი დროისა და დაგეგმვის საკითხი იყო: დაუკავშირდა ქართველოლოგ დონალდ რეიფილდს, საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართულ ბრიტანელ კოლეგას, და ბრიტანეთში საქართველოს ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს. შედეგად, შექმნა ფონდი, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და ამას ქართული კულტურის შესახებ დაწერილი ლიტერატურის ინგლისურად თარგმნითა და გაერთიანებულ სამეფოში გამოცემით გააკეთებს.

ცირა კემულარიამ დაგეგმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც სევენოუკსში, რომელზეც სწორედ უორდროპების დამსახურებები და მათი კოლექციის უნიკალურობა წარმოჩინდებოდა. ასე მოხდა, რომ 19 მაისს, უორდროპების ყოფილ სახლში, დათო ტურაშვილმა და თამარ ბზიავამ „ვეფხისტყაოსანი“ წაიკითხეს, სტუმრებმა ისაუბრეს მარჯორი უორდროპის, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელისა და საქართველოს ისტორიისა და კულტურის დამცველის ღვაწლზეც, ხოლო ლონდონის პირველი ქართული სკოლის მოსწავლეებმა პუბლიკას მარჯორი უორდროპისა და ილია ჭავჭავაძის მიმოწერიდან ფრაგმენტები გააცნეს. იქვე, ღონისძიების ფარგლებში, ხელოვნების სასახლესთან, ლიტერატურის მუზეუმსა და თიბისი ბანკთან თანამშრომლობით, გაიმართა გამოფენაც, რომელშიც ბოდლეის ბიბლიოთეკასა და თბილისში ზემოთ ხსენებულ მუზეუმში დაცული მასალები გამოიფინა.