საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან ქალი მხოლოდ 23-ია. 15 მინისტრიდან – მხოლოდ ორი. თვითმმართველობის 2017 წელს არჩეულ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში 2058 წევრიდან ქალი 277-ია. არცერთ თვითმმართველ ქალაქს არ ჰყავს ქალი მერი და მუნიციპალიტეტების არჩეულ 59 მერს შორისაც მხოლოდ ერთია ქალი (ნინოწმინდა).

შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის ანგარიშში „გლობალური გენდერული ინდექსი“ პოლიტიკური გაძლიერების კუთხით საქართველო 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს.

მართალია, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მაღალია ქალთა წარმომადგენლობა – 15%, თუმცა, თუ 25 წლის დინამიკას შევხედავთ, მარტივად მისახვედრია, რომ ქალთა წარმომადგენლობის ზრდა არჩევით ორგანოებში ძალიან ნელი ტემპით მიდის და რეკომენდებულ „კრიტიკულ მასას“ – 30%-დან 40%-მდე – სპეციალური ზომების გარეშე ვერ მიაღწევს. 

გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა 2014 წელს საქართველოს მოუწოდა, ქალთა და მამაკაცთა არსებითი თანასწორობის დასაჩქარებლად, მიეღო დროებითი სპეციალური ზომები, მათ შორის, საკანონმდებლო კვოტები. ევროკავშირთან ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგიც შეიცავს ვალდებულებას, გადაიდგას ნაბიჯები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად. 

გასულ წელს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერით, 37 ათასზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას გულისხმობს ეროვნული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი ორგანოებისთვის. ინიციატივა მხოლოდ პროპორციული სიით წარდგენილ კანდიდატთა სიებს ეხება და კვოტას აწესებს, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობას მინიმუმ 26%-მდე გაზრდის.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ მარტის ბოლოს უკვე სასესიო მოსმენები დაიწყება.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და დროებითი სპეციალური მექანიზმების შესახებ საუბრობენ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი.

 

ინდიგო: ბატონო ნილს, საქართველოში 1990-იანი წლების ბოლოს მუშაობდით, შემდეგ 2013 წელს დაბრუნდით, რა განსხვავება დაგხვდათ გენდერული თანასწორობის მხრივ?

ნილს სკოტი: საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა ამ წლების მანძილზე. დღეს საქართველო რეგიონის ლიდერია დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური გარდაქმნების თვალსაზრისით. ეს შთამბეჭდავი პროგრესია. თუმცა, დიდი წარმატება დიდ მოლოდინებსაც აჩენს. ერთ-ერთი ასეთი მოლოდინია, რომ საქართველო ასეთივე შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწევს დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული განვითარების მხრივ. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი საუბარი იმის დასტურია, რომ ქვეყანა სწორ გზას ადგას – საზოგადოება მსჯელობს ამ თემებზე, დღეს უკვე ყველა თანხმდება, რომ ამ მიმართულებით მეტია გასაკეთებელი. უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის შესახებ იმსჯელებს. 20 წლის წინ საქართველოს საზოგადოებისათვის ეს ნაკლებად პრიორიტეტული საკითხი იყო. დღეს კი გენდერული თანასწორობის შესახებ ყველა საუბრობს – პარლამენტარები, პოლიტიკოსები, ქუჩაში გამვლელები, ფერმერები თუ ბაზარში მდგომი მოვაჭრეები. ეს უკვე კარგი ნიშანია.

ინდიგო: საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, რა არის ქმედებების ის სწორი კომბინაცია მიზნის მისაღწევად?

ნილს სკოტი: გენდერული თანასწორობის მიღწევა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას უკავშირდება. ის გავლენას ახდენს ფუნდამენტურ ფასეულობებსა და სამართალზე, იმაზე, თუ რა არის სწორი და არასწორი, რა არის სამართლიანი და უსამართლო. ამავე დროს, გენდერული თანასწორობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტს ეხება, მაგალითად, ეკონომიკას. ძლიერი საკანონმდებლო ბაზა, ცხადია, მნიშვნელოვანია – გენდერული თანასწორობა გამყარებული უნდა იყოს კანონით. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი საკანონმდებლო საფუძველი საქართველოს უკვე აქვს, თუმცა ის ჯერ კიდევ დასახვეწია. მხედველობაში მაქვს 2010 წელს მიღებული კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, შრომის კანონში შეტანილი ცვლილებები, საკონსტიტუციო ჩანაწერები და სხვა. თუმცა, ბოლო წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარებულ კვლევებს, ნაკლებად სასიხარულო ტენდენციებსაც აღმოვაჩენთ: ქალთა დაბალი ჩართულობა პოლიტიკაში, სხვაობა ქალებისა და კაცების შრომის ანაზღაურებაში, ქალების უფრო დაბალი წვდომა ფინანსებზე. საქართველოს უკვე აქვს საკანონმდებლო ჩარჩო, მაგრამ გენდერული უთანასწორობა ჯერაც არსებობს. თანასწორობის მისაღწევად აუცილებელია კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესება და მიღებული კანონების გათავისება და დაცვა.

ინდიგო: ქალთა მეტი ჩართულობა პოლიტიკაში – რა რეალურ ცვლილებებს მოიტანს?

ნილს სკოტი: იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიიღებს გენდერულ კვოტებს, ეს პირველ რიგში პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პოზიციებზე ქალთა რაოდენობის ზრდასა და შესაბამის საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს პოზიციონირების გაუმჯობესებაზე აისახება. თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი ქულების მოპოვება მთავარი მიზანი არაა. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ამ ქულების მიღმა დგას. საქართველოში ქალებისა და კაცების საშუალო ანაზღაურებას შორის განსხვავება 35%-ია კაცების სასარგებლოდ. ამ და სხვა უთანასწორობით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგი ძალიან მაღალია. მსოფლიო ბანკის დასკვნით, შრომის ბაზარზე ქალებისა და კაცების თანასწორი მონაწილეობის შემთხვევაში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 11 პროცენტით გაიზრდებოდა. საერთაშორისო გამოცდილება იმასაც მოწმობს, რომ პოლიტიკაში ქალთა თანასწორი მონაწილეობა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ეხმარება.

ამის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის მიღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს ქვეყნის ცხოვრებაში მომავალი წლების განმავლობაში.

ის გავლენას მოახდენს პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებზე, ყოველი ჩვენგანის რწმენაზე, რომ სამართლიან და წარმატებულ საზოგადოებას ვაშენებთ. ბარბარე ჯორჯაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წერდა: „ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება...“ ვფიქრობ, დღეს ბარბარე ჯორჯაძის ეს სიტყვები ყველამ საკუთარ თავზე უნდა მოვირგოთ და ვთქვათ, რომ ერთად უნდა ვიშრომოთ თანასწორი შესაძლებლობების დამკვიდრებისთვის.

 

თამარ ჩუგოშვილი

ინდიგო: რა შეიცვლება გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში?

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს შემდეგი მოწვევის (2020 წელი) პარლამენტს ჯერ კიდევ შერეული წესით ავირჩევთ, ნაწილი – მაჟორიტარი იქნება, 77 დეპუტატი კი პროპორციული სიით აირჩევა. კანონპროექტის თანახმად, პროპორციულ ნაწილში პარტიების მიერ წარმოდგენილ სიებში, ყოველი მეორე უნდა იყოს ქალი. რაც იმას ნიშნავს, რომ, უხეში გათვლებით, ამ ზომამ დაახლოებით 30-პროცენტიანი ქალთა წარმომადგენლობა უნდა უზრუნველყოს, ხოლო 2024 წლიდან, როდესაც უკვე მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, ყოველი მესამე იქნება განსხვავებული სქესის.

იგივე პრინციპი ეხება ადგილობრივ თვითმმართველობებსაც.

ეს ზომა ითვლება სწრაფ და ეფექტურ საშუალებად იმისთვის, რომ ქვეყნებმა ხელი შეუწყონ ქალებს, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

გენდერული კვოტირების იდეა ქალთა პოლიტიკური იზოლაციისგან დაცვას გულისხმობს. ეს ეფექტური საშუალებაა გენდერული თანასწორობის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტები დროის მცირე მონაკვეთში ფუნდამენტურ ცვლილებებს მოიტანს. 

ინდიგო: ამ რეგულაციების გვერდის ავლის საფრთხეები ხომ არ რჩება?

თამარ ჩუგოშვილი: არსებობს ქვეყნები, რომლებსაც აქვთ კვოტირების ვალდებულება, მაგრამ არ მუშაობს. ეს მაშინ ხდება, თუ მაგალითად აღსრულების მექანიზმია არაეფექტური – ანუ თუ პარტიას შეუძლია, დაბალი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ არ დაიცვას კანონის ეს მოთხოვნა. ჩვენი კანონპროექტი საკმაოდ მკაცრ აღსრულების ფორმას გულისხმობს – თუ პარტიები ამ წესს არ დაიცავენ, ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ რეგისტრაციაში საერთოდ არ გაატარებს. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთ საფრთხესაც, რომლის გამოც მსგავსმა რეგულაციებმა რეალურად ვერ იმუშავა ზოგიერთ ქვეყანაში. თუ პარლამენტიდან გავა ქალი, მის ადგილს კვლავ ქალი დაიკავებს, ხოლო მამაკაცის გასვლის შემთხვევაში, მამაკაცი.

ინდიგო: ვინ არის ამ ცვლილებების მხარდამჭერი და წინააღმდეგი პარლამენტში?

თამარ ჩუგოშვილი: ცვლილებების მომხრე, როგორც ვხვდები, პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პარტიაშია. უმრავლესობაშიც ბევრი წევრია, რომლებიც კანონპროექტს მხარს უჭერენ, მათ შორის არიან ყველანი გენდერული საბჭოდან. თუმცა, ამავდროულად, სხვადასხვა პარტიაშიც არიან წევრები, რომლებიც კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

ინდიგო: თქვენ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეც ბრძანდებით პარლამენტში. საბჭოს ბოლოდროინდელი რა მიღწევები აქვს?

თამარ ჩუგოშვილი: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საბჭოს აქტიურობამ თვითონ პარლამენტში გაააქტიურა ქალთა საკითხები, როგორებიც არის ძალადობა, პოლიტიკური მონაწილეობა და ა.შ. ანუ ბევრი საკითხი, რომელიც პარლამენტისთვის თითქოს მიკარგული იყო, გამოიკვეთა და ვფიქრობ, უფრო აქტიურად ისმის ქალთა თემებზე საუბარი.

მეორე არის ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გასული წლის განმავლობაში მივიღეთ. შარშან რატიფიცირდა სტამბოლის კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თემას ეძღვნება. შევიტანეთ ცვლილება 20-ზე მეტ კანონში და ძალიან დაიხვეწა ძალადობასთან ბრძოლის მექანიზმები. ანუ კანონი გამკაცრდა, გაიმართა და დღეს სახელმწიფოს ბევრად უკეთესი კანონმდებლობა და მექანიზმები აქვს ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად და პრევენციისთვის.

ასევე მივიღეთ კანონი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში მსხვერპლს აძლევს უფასო იურიდიულ დახმარებას ანუ სამართლებრივ მხარდაჭერას.

ასეთი სერვისების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ განვითარებაზე, ჩვენ მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, ახლა აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს.

კიდევ ერთი თემაა, შარშან გავაკეთეთ პირველი და ყველაზე გლობალური კვლევა ქალთა თემების ყველა სფეროში – როგორც ძალადობის, ასევე დისკრიმინაციის, ეკონომიკური, პოლიტიკური მონაწილეობის და ა.შ. ეს კვლევა ძალიან კომპეტენტურადაა გაკეთებული და წელს უკვე ვიყენებთ ქალთა თემებზე სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად.

ასე რომ, უკეთესი საკანონმდებლო ბაზის შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია, რისი გაკეთებაც პარლამენტს შეუძლია. საბჭომ ეს როლი შარშან შეასრულა და დარწმუნებული ვარ, წელს უკეთ შეასრულებს.