ყველაზე რთული კითხვა, რომელსაც გურმანს დაუსვამთ, ასე ჟღერს: სად ვჭამო საუკეთესო ესა და ეს? ამ დროს გურმანის ტვინი გაცხარებით იწყებს მუშაობას და პირველი, რაც აბნევს, არის სიტყვა „საუკეთესო“ - არა, მან კარგად იცის, რა მიაჩნია თავად საუკეთესოდ, ანდა რა ითვლება, ვთქვათ, საუკეთესო ტრადიციად, მაგრამ კითხვის ავტორის გემოვნებას ხომ არ იცნობს? ხომ არ იცის, ცხარე უყვარს, თუ ნაკლებად; ფუმფულა თუ კნატუნა?

ამიტომ ისეთ კაპრიზულ და უკვე მსოფლიოში ცნობილ ცომეულზე, როგორიც აჭარული ხაჭაპურია, „საუკეთესოს“ რეკომენდაციას ნამდვილი გურმანი ვერაფრით გასცემს; ვერ გასცემს, სანამ რამდენიმე დეტალს არ დააზუსტებს:

სად ხდება მოქმედება - სადმე, ზღვისპირას თუ ქალაქში?
როდის - ზაფხულში, თუ ზამთარში...?
აზიზი მჭამელია თუ არა კითხვის ავტორი?
ტრადიციონალისტია, თუ ცნობისმოყვარე მაძიებელი?
კვერცხი უფრო უყვარს, თუ კარაქი?
დამდნარ და ცხელ ყველს თუ სახასიათო გემო აქვს, ეს აღიზიანებს?
მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ლაინერის გაქანება აქვს თუ ჰეკლბერი ფინის ნავის ზომას იკმარებს?

გურმანი დაგიმტკიცებთ, რომ თითოეულ ამ გარემოებას აქვს მნიშვნელობა და სხვაგვარად პასუხს კითხვაზე: სად ვჭამო საუკეთესო აჭარული ხაჭაპური ვერ მივიღებთ. 

ჩვენც, დღეს, გურმანის ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, სათქმელს ასე ჩამოვაყალიბებთ:
თუ აღიარებთ, რომ საკვებსა და საკვების სუნს მოგონებების გაცოცხლების უნარი შესწევს; ესე იგი, თქვენთვისაც, აჭარული ხაჭაპური არის ცომეული, რომელიც ზღვას მოგანატრებთ; ტალღების შრიალს გაგაგონებთ; მზის მცხუნვარებას გაგრძნობინებთ. ანდა, პირიქით, კერძი, რომელიც მაშინ მოგინდებათ, როცა გენატრებათ ზღვა.
ეს გავარკვიეთ. გამოდის, თქვენ თბილისში ხართ და მხოლოდ კი არ გშიათ, სასიამოვნო მოგონებების აღმძვრელი ჭამა გსურთ; ჭამა კონტექსტით.

„პური გულიანის“ აჭარულ ხაჭაპურს ეს ძალიან კარგად გამოსდის. ჯერ გარემო ნახეთ: მაშინაც კი, როცა გრილა, იმგვარ აივანზე ჯდომა, საიდანაც მზე ლამაზად ჩადის და მტკვარიც ოდნავ ქვევით მონოტონურად დუდუნებს, მისწრებაა აჭარული ხაჭაპურის შესაჭმელად. მდინარის ცქერა და ამ დროს სუფრაზე გამოჩენილი ცხელი აჭარული ზღვაზე ტელეპორტირების უნიკალურ წამს განგაცდევინებთ. როგორც ჩანს, მართლა მაგიურია კავშირი წყალსა და აჭარულ ხაჭაპურს შორის - ის მთელ წარსულ და მომავალ ზაფხულებს იტევს.
თუმცა, შეგიძლიათ, შიგნით, „პური გულიანის“ დარბაზშიც მიირთვათ თქვენი წილი აჭარული ხაჭაპური, რომელიც თუნუქის უზარმაზარი ღუმლიდან გამობრძანების შემდეგ, სანამ თქვენამდე მოვა, დარბაზში თვალით უხილავ, მაგრამ ყნოსვით ადვილად აღსაქმელ ოხშივარს გაავლებს.

 

აქაურ ღუმელთან მოფუსფუსე მცხობელის ხელს ყველაფერი გამოსდის - ყველანაირი ზომის აჭარულის ცომს ერთნაირი გატაცებით ზელს და აფუებს. რაც მთავარია, ეს თქვენ თვალწინ ხდება და თუ დიდხანს არ მოაცილებთ თვალს მის საქმიანობას, შეიძლება ცომის ზელვის, ნავის ფორმის მომრგვალებისა და ცხობის რიტუალის მონაწილეც თქვენდაუნებურად აღმოჩნდეთ.
ახლა მთავარს მივადგეთ, თუ აჭარულ ხაჭაპურში აფასებთ კნატუნა ცომს, რომელიც არც გამძიმებთ და არც ზედმეტად ხმელია, მაშინ სწორად მოსულხართ. ცომგამოცლილი იქნება, თუ ჩვეულებრივი - „პური გულიანის“ აჭარულში ცომი სათანადოდ კნატუნა, ან სათანადოდ ფუმფულა დაგხვდებათ.
ახლა, რაც ეხება გულსართს: ახალი და კარგი ყველი სხვანაირად დნება გაცხელებისას, გემო დახვეწილი უხდება და არა - მჟავე; ეს აქსიომაა, რომელსაც ამ სახაბაზოში პრინციპულად იცავენ. შესაბამისად, აქაურ აჭარულ ხაჭაპურში ჩამდნარი ყველი მლაშე ზღვის მოგონებებს აცოცხლებს.
შესაძლოა ასოციაციებს ჭურჭელიც ამძაფრებდეს - რაც უფრო პატარავდება აჭარული ხაჭაპურის ულუფა, მით უკეთ ჩანს თეთრი კერამიკის ფრიალა თეფში, რომელსაც ლურჯი წინწკლები და ლურჯი კანტი დაჰყვება და ისიც საზღვაო ასოციაციებს იწვევს.

თუმცა, საქმეც ისაა, რომ აჭარული ხაჭაპური მხოლოდ ზღვაც არაა. აჭარული ხაჭაპური ასევე გახლავთ თბილისიც, რასაც გრაფინით მორთმეული „ლაღიძის წყალიც“ ადასტურებს. ეს დუეტი - ცხელ-ცხელი აჭარული, რომელშიც საცაა კვერცხი უნდა ჩაითქვიფოს და ახლად ჩამოსხმული ცივი „ლაღიძე“ სწორედ ზღვიანი და მდინარიანი ქალაქების შეერთებაა - ენერგეტიკის გაცვლა-გამოცვლა და მათი დამაკავშირებელი გზის სიხარული. 
ოღონდ.
ოღონდ, ვთქვათ, თქვენ ამ კონტექსტის დავიწყება სრულად გინდათ. უბრალოდ გშიათ და უბრალოდ, გინდათ, მიირთვათ აჭარული ხაჭაპური. „პური გულიანი“ ასეთი უკონტექსტო ჭამისთვისაც გამოგადგებათ. თუ არ გაახელთ „მესამე თვალს“, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროში იმზირება, გარშემო აღიქვამთ მხოლოდ სრულიად ჩვეულებრივ, მხოლოდ ძალიან თანამედროვე ურბანულ სცენას - ბეტონის ფილებს შორის გამოჭრილი მწვანე საფარითა და ზედ მინიმალისტურად ამოზრდილი დეკორატიული ხით, სცენას, სადაც აჭარული ხაჭაპურის - იუთუბის ვირუსული ვიდეოების ვარსკვლავის - ახალი სიცოცხლე მიმდინარეობს ახალ, თანამედროვე ქალაქურ გარემოში. 
კულინარიაში ეს მოქნილობა ფასობს და კარგია, როცა რესტორანი არჩევანის თავისუფლებასაც გაძლევს, ოღონდ ისე, რომ არ ღალატობს მთავარს - გემოს; გემოს, რომელსაც მოგონებებს და კონტექსტებს ან დაუკავშირებ, ან - არა, სიამოვნებით კი აუცილებლად ისიამოვნებ.