ქართული მენიუ ევროპული მინარევებით, საუცხოო ყავა და გამორჩეული მომსახურება

აქ ალბათ სულ მსახიობები დადიან, ან ისინი იკრიბებიან, ვინც „მხოლოდ-ჯაზს-უსმენს“ – ესაა კოლექტიური, საშუალოსტატისტიკური ვარაუდი, რომელიც მარჯანიშვილის #8-სთან ჩავლისას ხშირად გასჩენიათ ადამიანებს. კაფე, რომლის მთელი ფასადიც შაბიამნისფრად შეღებილ რკინის ორნამენტებში ზის, ქონგურები, გუმბათოვანი რკინის სახურავი და ჭერამდე აზიდული, ფართო ფანჯრები აქვს, უკვე წლებია, მარჯანიშვილის თეატრის მთავარ შესასვლელთან ფუნქციონირებს. თუმცა ყველაზე მეტად მომხიბვლელი და დემოკრატიული მაინც მისი დღევანდელი კონცეფციაა – გახდეს შეხვედრების ადგილი, ერთდროულად გემრიელი და დახვეწილი სადილების ადგილი, სადაც მისასვლელად ყველაფერს იზამ, ოღონდ კი, იქაური ყავა დალიო...

წითელი ნეონის წარწერა, რომელიც შესასვლელი კარის თავზე ციმციმებს, ერთადერთი მინიშნებაა, რომ ამ ლურჯ შენობაში წითელი კაფე გაიხსნა – იგივე რედ კაფე დაინინგი. ამ სახელწოდების კაფე, პირველ რიგში, ალბათ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან გეცნობათ. შემდეგ ეს სახელი, ალბათ, უკვე გეცნობათ ლეონიძის ქუჩიდან – იქ სულ სხვა კონცეფციის მქონე რედ კაფე დაინინგი გხვდებათ: „რედ კაფე დაინინგი“ – ადგილი, რომელიც თავისი დახვეწილი ინტერიერით და რესტორნული, მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა; ადგილი, რომელიც შესვენებაზე ჭამასაც კი მდიდრულ სადილად აქცევს.

რა ხდება რედ კაფე დაინინგის მესამე მისამართზე? ის სწორედ „რედ კაფე დაინინგის“ კონცეფციას აგრძელებს, ოღონდ კიდევ უფრო საინტერესო და ორიგინალური იდეებით.

შესასვლელშივე ისეთი არომატული და ძლიერი ყავის სუნი ტრიალებს, რომ დარწმუნებული ვარ, აქაურობას მალე გაუჩნდება ახალი მეტსახელი, რამე – ძალიან პოზიტიური, სიტყვა „ყავის“ მონაწილეობით. მარჯანიშვილის #8-ში ყავის სურნელი რომ ვერ ეტევა, ქუჩაზეც გადმოდის, თვალებს გახუჭვინებს და დაუფიქრებლად შეჰყავხარ კაფეში. აქ მხოლოდ „საფირმო ყავას“ ამზადებენ – ესაა ტერმინი, რომელიც უმაღლესი ხარისხის ყავის სასმელებს აერთიანებს, თვითონ ყავის მარცვლები განსაკუთრებულ მიკროკლიმატურ ზონებშია მოყვანილი და ამიტომ ბოლომდე შენარჩუნებული აქვს ბუნებრივი თვისებები, გემოც გამორჩეული აქვს და თერაპიული ეფექტიც აშკარაა, თანაც, კვლევებით დადასტურებული. ხსნადი, გრანულებიანი ყავის ეპოქა ისედაც წლების წინ დასრულდა, თუმცა „საფირმო ყავა“, რომელიც ახალ რედ კაფე დაინინგშია, გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ახლა მოდური ყავის ბრენდები და განმარტებები. თანაც, აქ ყავა Black Eagle-ის აპარატში მზადდება, რომელსაც სპეციალისტები ყავის აპარატების „როლს როისსაც“ კი ეძახიან. თვითონ ყავის მარცვლებს კი ლონდონში დაფუძნებული, ცნობილი კაფე Catalyst-ისგან იღებენ – სწორედ იქ შეიქმნა ყავის მარცვლების ნაზავი ექსკლუზიურად თბილისური რედ კაფე დაინინგისთვის, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერ გასინჯავთ. ესაა სპეციალური ბლენდი – განსაკუთრებით ინტენსიური, ხასიათიანი, ძვირფასი და არომატული ყავის მისაღებად.

მარჯანიშვილის #8-ში ორიგინალურად გადასხვაფერებული ქართულ-ევროპული მენიუც დაგვხვდება. ცნება – „ქართულ ფიუჟენს“ სხვა რესტორნებსა და კაფეებში უკვე გავუშინაურდით, თვალი და გემოთა პალიტრაც შეეჩვია ახალი ფორმით, ფაქტურით და გემოვნური აქცენტით წარმოდგენილ ქართულ კერძებს. თუმცა, დაინინგში კერძების ტრანსფორმაციაზე ბრიტანელმა შეფმა ჯარედ ბრაიანტმა იზრუნა, ამიტომ კიდევ უფრო თამამი და უცხოა მისი კულინარიული ექსპერიმენტები.

ჯარედ ბრაიანტი, რომელსაც ლონდონსა და სხვა დიდ ქალაქებში მენიუების შედგენის, რეცეპტების დამუშავებისა და გამორჩეული სარესტორნო მომსახურების აწყობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს, რედ კაფე დაინინგთან თანამშრომლობისთვის თბილისში რამდენიმე კვირის წინ მოიწვიეს. ვიდრე მენიუს შედგენას დაიწყებდა, მან მოიარა საქართველოს ქალაქები, გასინჯა ქართული სამზარეულოს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ნიმუშები და დაასკვნა, რომ ქართული გემო ბოლო 120 წლის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა, განსხვავებით ლონდონური და პარიზული სარესტორნო სისტემისგან, რომელმაც ბოლო ათწლეულებში კანი მთლიანად გამოიცვალა და ახლაც დინამიკურად ვითარდება. ჯარედი ფიქრობს, რომ ცვლილებები არც თბილისურ მენიუს აწყენდა და ამიტომ ასეთი ფორმულა მოიფიქრა: დატოვა ტრადიციული კერძები, ოღონდ ისინი ცოტა ევროპული კულტურით გადაასხვაფერა, ცოტაც პირადი კულინარიული მიგნებებით. ასეთია, მაგალითად, კერძები, რომელსაც რედ კაფე დაინინგის ბრანჩის მენიუში ვნახავთ: მაწვნისა და პანა კოტას ჰიბრიდი, რომელსაც ჯანსაღი გრანოლას, მოთუშული წითელი კენკრისა და ბროწეულის სიროფის თანხლებით მოგვართმევენ. ასევე, გადასხვაფერებული ღომი და ჭვიშტარი, რომელიც კვერცხის პოშესთან, შემწვარ ბეკონთან, ავოკადოსთან ერთად მოდის და გვერდს უმშვენებს მწვანე სალსაში გაზავებული რუკოლასა და პომიდვრის სალათი.

საღამოს მენიუდან (ესეც იცოდეთ, მენიუ დღის განმავლობაში, დღის განწყობისა და მოთხოვნილებების მიხედვით იცვლება) გამოვარჩევდით ტკბილ აჩმას, რომელსაც ჯარედ ბრაიანტის ვერსიაში თაფლი და ქიშმიში ემატება და ფორთოხლისა და ბროწეულის სიროფთან ერთად თავსდება თეფშზე.

ჯარედ ბრაიანტი ამბობს, რომ მარჯანიშვილის #8-ში მდებარე რედ კაფე დაინინგს სამი რამ გამოარჩევს ქალაქში: მენიუ, ყავა და მომსახურება, რაც გემრიელად სმა-ჭამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, როცა საქმე რესტორანში სადილს ეხება.

სწორედ ამ მიზეზების გამო ფიქრობს ჯარედ ბრაიანტი, რომ რედ კაფე დაინინგის თითოეულ სტუმარს წინ ელის განუსაზღვრელი სიამოვნება (ზუსტად ისეთი, რისთვისაც აღფრთოვანებული მაყურებლები ბისზე იძახებენ ხოლმე სპექტაკლის რეჟისორებს).

სპექტაკლი ტყუილად არ გვიხსენებია, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ახალი რედ კაფე დაინინგი მხოლოდ „თეატრალების“ შეკრების ადგილი არაა. ისაა უბრალოდ შეხვედრების ადგილი ყველასთვის, ვინც გემრიელი საუზმისა და ბრანჩისთვის, ადრე სადილისა თუ გვიანი ვახშმისთვის ეძებს ადგილს. ესაა კაფე, სადაც საუცხოო მენიუ და საუკეთესო ყავა ყველას გაგვაერთიანებს.