„ეს ხის სახელოსნოა“, – მეუბნება და ოთახში შევდივართ. ფანჯრებიდან შემოსული შუქი საშუალებას მაძლევს, მოგრძო ოთახი კარგად შევისწავლო. 

აღმაშენებლის 164-ში, თუ ძველი კინოსტუდიის ეზოში შეხვალთ და მარცხნივ შენობას ბოლომდე გაუყვებით, ნიკას საამქროში და თან „დიზაინ ბაზარში“ აღმოჩნდებით. ეს ნიკას სახელოსნო და დიზაინერ გუგა კოტეტიშვილის ერთობლივი მაღაზიაა, სადაც ნიკას ავეჯი და გუგას მიერ ათწლეულობით ნაგროვები ნივთებია გამოფენილი. კედელს აყუდებული სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის ხის ნაჭრები, რკინის უხეში ინსტრუმენტები, დამრეცად ჩამოკიდული ნახაზებიანი ფურცლები და უცნაური სუნი, ოდნავ მწარე. ჩემ წინ ვეებერთელა რკინის კონსტრუქციაა – „ეს 5-მეტრიანი მაგიდა იქნება. ზემოდან დავაწყობ ფიცრებს, თან იცი, როგორ? აი, ფაზლივით უნდა ავაწყო, რა. სხვადასხვა ხე იქნება, სხვადასხვა ზომის. 2 დღეც და მოვრჩებით“, – მეუბნება ნიკა. 

ნიკა მენაბდიშვილის სახელოსნოში რკინასა და ხეზე ათასი ექსპერიმენტი ტარდება – ინტერიერისა თუ ექსტერიერისთვის საინტერესო ფორმებისა და ფაქტურის ავეჯი მზადდება. „აი, ეს განძი eZo ფესტივალზე ვიპოვე. საერთოდ, იცი, როგორაა, რკინა ისეთი ტიპია, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან იპოვი. ხედავ, რა მაგარი ფორმები აქვს, – მეუბნება და ხელში უცნაურად, ლამის ზამბარასავით ახლართულ რკინას ატრიალებს, – არა, ასეთ ფორმას ხელით ვერ გააკეთებ, გამორიცხულია. ეს დრომ გააკეთა... თან, ალბათ, რამდენი რაღაც გამოიარა, როდინდელი იქნება... მოკლედ, განძია, წამოვიღე და აქ ვინახავ“.

საერთოდ, რკინასა და ხეზე ნიკას დიდხანს შეუძლია ლაპარაკი. რაც უფრო მეტს ვუსმენ მის ამ მონოლოგს, ვხვდები, ეს ორი ელემენტი მისთვის დიდი ხანია გასცდა მატერიალური სამყაროს ფარგლებს და ბინა სადღაც უფრო შორს, უფრო ღრმად დაიდო. 

ყველა ხე, რომელსაც ის თავის ექსპერიმენტულ ავეჯში იყენებს, ძველი, დაშლილი სახლებიდან მოდის. ხე, რომელიც საუკუნეების წინ გაჩნდა, გაიზარდა, ემსახურა კიდეც ვინმეს და ახლა, მისი დახმარებით, ხელახლა გააგრძელებს სიცოცხლეს. ყველა იმ სახლის ფოტოს ინახავს, რომლისგანაც მიღებული კაკლის, მუხის, წაბლის, წიფლის, კოპიტის, მაკაგონის, ბზისა და ნუშის ფიცრებს იღებს. ზოგს ძველი ორნამენტები აქვს შემორჩენილი, ზოგს – დრომ ალაგ-ალაგ ცარიელი ღრუები დაუტოვა. ზოგის უსწორმასწორო ზედაპირს კი ხელი თვალდახუჭულმა უნდა გადაუსვა.

 

გააჩნია, რას და როგორ გადაწყვეტს. აი, ის ზედაპირი, რომელიც სახელოსნოს დერეფანშია აყუდებული, წითელი ლაქებით იპყრობს ჩემს ყურადღებას. „ეს ხე დაზიანებული იყო, „გავშპაკლე“ და შიგ ფერი შევურიე. საინტერესო გამოვიდა. შეიძლება, სულ არ გავურიო ფერი და ისე დავტოვო, უხეშად. არ ვიცი, ამისგან რას გავაკეთებ: მაგიდას, კარადას, კარს... ვნახოთ“. 

თავისი პირველი მაგიდა 11 წლისამ გააკეთა. კახეთში, ვაჩნაძიანში იზრდებოდა. მამამისს ავეჯის საამქრო ჰქონდა, დედა კი ახლაც მკერავია და ინტერიერზე მუშაობს. ჰოდა, მთელი ბავშვობა ხისა და რკინის, წებოსა და ახალი ნაჭრების სუნში აქვს გატარებული. ჯერ იყო და, ფიცარი გაზის ბალონებზე დადეს, რომ ბიჭებს ჩოგბურთი ეთამაშათ. მერე კი ნამდვილი, მყარი მაგიდის გაკეთება მოუნდა. გააკეთა. მართალია, ხერხით მიღებული ნაიარევი დღესაც აქვს ხელზე და სიამაყითაც მიჩვენა „ეს, ის არისო“, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ბევრი წლის შემდეგ, ისევ რკინაზე კაკუნი და ხის ჩორკნა გაეგრძელებინა. 

თბილისში ჩამოსული „ხელმარჯვე ოსტატი“ – როგორც თავის თავს ეძახის, თითქმის ყველაფერს მიედ-მოედო. 21 წლის იყო, როდესაც ილიაუნიში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა და, მისი თქმით, ხელოვნების მიმართ ინტერესიც ზუსტად მაშინ წამოვიდა. „მახსოვს, ზამთარი იყო. უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა, უსაქმურად ვიყავი. თან ცოლ-შვილიც მყავდა უკვე. საწოლი გვჭირდებოდა და ვიფიქრე, რომ გამეკეთებინა. გუგა კოტეტიშვილი დედაჩემის ძველი მეგობარია, ჰოდა, გუგასთან მივედი. მანაც რაღაცეები ჩამიხატა, ამიხსნა და ელიავაზე წავედი. აი, იქ დამემართა, რაც დამემართა, როცა რკინაზე მუშაობა ვნახე და იმ ოთახში შევედი. მივხვდი, რომ ეს ის იყო, რისი კეთებაც მინდოდა. ჰოდა, ვთხოვე, შეგირდად დაგიდგებით-მეთქი“. შეგირდობით დაწყებული საქმე, 24 კვადრატული მეტრის გარაჟში გაგრძელდა. დასაწყისში გუგა ძალიან ეხმარებოდა, ბევრჯერ ერთადაც უმუშავიათ. პატარ-პატარა შეკვეთებს მალე საინტერესო შემოთავაზებები მოჰყვა და სულ მალე ნიკამ „დიზაინ ფაქტორი“ გახსნა. „რებუსია, რა, თან ფაქტორია და თან Factory, რომელიც ასევე იკითხება. თან დიზაინ ელემენტია და თან დიზაინ საამქრო“, – მიხსნის სახელის მნიშვნელობას. 

არ უყვარს, როდესაც ეკითხებიან: „უი, ესე იგი, თქვენ ვინტაჟს აკეთებთ, ხომ?“,  „არა, ეს არაა ვინტაჟი, ეს არის ძველი ხის მასალით გაკეთებული თანამედროვე ავეჯი. ეს არის თაროები, შირმები, მაგიდები, სკამები, გადახურვები, სასანთლეები, ქოთნები, რკინის წეროებიც კი, რომლებიც გერმანიის ელჩისთვის დავამზადეთ. ეს არის ალტერნატიული ადგილი, სადაც ალტერნატიულ პროდუქციას გთავაზობენ. მართალია, ინგრედიენტები ყველგან ერთია, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, როგორ შეაზავებ და რა გემოს დასვამ“. 

ძალიან უნდა, რომ როდესაც საკმარის კაპიტალს დააგროვებს, ისევ იქ, ვაჩნაძიანში ჩავიდეს და რამე მოახდინოს. რეზიდენცია გააკეთოს, ხალხს დაუძახოს... ამბობს, იქ ბევრად ნაყოფიერი ვარო და ამატებს: „წარმოიდგინე, ახლა იქ ყველაფერი დამწიფებულია, კახეთის მზე აცხუნებს და ცა შენს თავზე მრგვალია. ხო ვამბობ, არა, შამბალა კახეთშია, კა-ხე-თში“.