საკუთარი ქვეყნის ისტორია შეიძლება ასეც დაინახო: წარმოსახვითი სურათი ყოფითი დეტალებით გააცოცხლო, ისტორიული ფიგურები, მათი სამოღვაწეო სივრცეები წვრილ-წვრილი ობიექტებით, ნივთებით, ორნამენტებით ააგო და ასე გააბა კავშირი წარსულთან.

ისტორიული მომენტების აღდგენის გზებს ეთნოკულტურა გვაჩვენებს. დააკვირდები სამოსისა და ქსოვილების დეტალებს, ფორმასა და ფერთა გამას, ხელით შეეხები ფაქტურებს და შეძლებ, სხვადასხვა საუკუნის ადამიანებს „ჩააცვა“, მათი ცხოვრებისეული სცენები აღადგინო და ამისთვის, ფანტაზიის ნაცვლად, რეალური, ხელჩასაჭიდი დეტალები გამოიყენო.

ასე უფრო „გამახსოვრდება“ ისტორია.

ასე უფრო გიმძაფრდება სურვილი, გააანალიზო.

ქართული მხატვრობისა და ანბანის პოპულარიზაციის კამპანიების შემდეგ, თიბისიმ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროექტი წამოიწყო და ერთმანეთს ორი პროცესი - ტრადიციული ქართული ქსოვილებისა და ტექსტილის შესწავლის, კვლევის და მათი რეპრეპრეზენტაციის, ხელახლა გაცოცხლების ერთმანეთს დაუკავშირა.

პროექტი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად ხორციელდება. ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენისა და შესწავლის პროექტი მუზეუმმა 2016 წელს დაიწყო. ორი წელი მკვლევრებმა და მხატვართა ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარეს, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატეს და მათი შესწავლა-გაანალიზება დაიწყეს. 2018 წელს გამოიცა ენციკლოპედიური ალბომი „ქსოვილები საქართველოდან“, სადაც ორასზე მეტი ფრესკა და სამასამდე ტექსტილის სახეობა შევიდა. ნამუშევრები კარგად ასახავს ქართული ისტორიული ქსოვილის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური მიმართულების განვითარების ეტაპებსა და თავისებურებებს. წიგნი იმავე წელს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის, Europa Nostra-ს უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ქართული ეროვნული კოსტიუმის მკვლევართა მიგნებებს, თიბისის ინიციატივით, თანამედროვე დიზაინერები ინტერპრეტაციებისთვის, ახალი არტეფაქტების შექმნისთვის გამოიყენებენ. რადგან ძველი ტრადიციების თანამედროვე ყოფით კულტურაში გადმოტანა - პროექტის ამოსავალი წერტილია.

„ეს ნაჭერი, ფერები და ორნამენტები შემთხვევითი და უბრალოდ ლამაზი კი არაა, მნიშვნელოვანი დატვირთვა და ისტორია აქვს, - ამბობს კოკა ქამუშაძე, თიბისის შემოქმედებითი ლიდერი, - ეს არ იქნება გამეორება. დიზაინერები, ისტორიული მასალებიდან ირჩევენ ნიმუშებს. ასე რომ, ცოტა ხანში, შეიძლება გვქონდეს ჰუდი ან ჯინსის ქურთუკი, რომლის საყელო, ჯიბე ან სხვა დეტალი იქნება ისეთივე, როგორიც აცვია, მაგალითად, დავით აღმაშენებელს გელათის ფრესკაზე, ან პერანგი, როგორიც აცვია ბექა ჯაყელს საფარის ფრესკაზე და ა.შ. ეს ჩვეულებრივი, ე.წ. Urban Style ტანსაცმელია, ინსპირირებული ძველი ქართული ქსოვილებით და ორნამენტებით.“

საინტერესოა როგორი პრიზმით დაგვანახებს საკუთარი ქვეყნის წარსულს მხოლოდ ქსოვილის ისტორიას რომ გავყვეთ? ან რაზე მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ზედა პალეოლითის ხანაში ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სელის ქსოვილს აწარმოებდნენ?

ქსოვილი და სამოსი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე გამორჩეული ისტორიული ექსპონატია, - ამბობს გიორგი კალანდია, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. - „ის ყველაზე ახლოსაა სხეულთან და, შესაბამისად, ყველაზე ინტიმური და ექსკლუზიური ნივთია. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ქსოვილები საქართველოდან“ მიზანი იყო, შეგვესწავლა ამ სამოსის ისტორია და შეგვექმნა ერთგვარი ატლასი. დღეს უკვე ნებისმიერ ხელოვანს, ვინც XV საუკუნის ილუსტრირებას ცდილობს, შეუძლია გადაშალოს და ნახოს, როგორი იყო იმ პერიოდში ქსოვილი, როგორ ეცვათ ადამიანებს და პერსონაჟსაც შესაფერისი სამოსი ჩააცვას.“

სადა, სახიანი, გოფრირებული, მსუბუქი და მძიმე ქსოვილების, ყოშიანი, შეოლვილი, ქობიანი, ცრუ და ფართოსახელოიანი, გრძელი, გულჩახსნილი, წელვიწრო, ბოლოგანიერი, ნაკეცებიანი, ღილებიანი, მარგალიტებით მორთული სამოსის ქსოვილების და ორნამენტების მრავალფეროვნება თანამედროვე სამოსის ელემენტებად იქცევა. ჩვენ კი კიდევ ერთხელ გვაქვს საბაბი - გავაბათ კავშირის ძაფები საკუთარ წარსულთან და წამოვიღოთ დეტალები მისი სიღრმეებიდან, აწმყო დროში გასაცოცხლებლად.