ახალ წელს „როუზბადი“ ახალი კოლექციით შეხვდა. მთელი პროდუქცია, რომელიც ამ პერიოდში გამოვიდა, იტალიაშია დამზადებული. იტალიაში წინდების წარმოება კი კომპანიისთვის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. ეს საშუალებას აძლევს ბრენდს, კიდევ უფრო ასწიოს ხარისხის სტანდარტი, დახვეწოს დიზაინი და გაამრავალფეროვნოს კოლექცია, რომელსაც უკვე ჰყავს თავისი კლიენტი. „იტალიის ერთ პატარა ქალაქში საწარმოა და ჩვენც სწორედ მათთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ეს საწარმო ძალიან ცნობილი ბრენდებისთვის ამზადებს წინდებს, მათ შორისაა: Paul Smith, Yves Saint Laurant, Alexander McQueen და Max Mara. ხარისხი ერთი საფეხურით მაღლა იწევს, როცა ვთანამშრომლობთ მათთან და იხვეწება დიზაინიც, რადგან იტალიური ტექსტილი და საწარმოო დანადგარები მეტი შემოქმედებითობის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. დიზაინის ავტორები ისევ მხოლოდ ჩვენ ვართ. თუმცა, ვაპირებთ, კაფსულა კოლექციები ქართველ დიზაინერებთან ერთადაც შევქმნათ. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც ვგეგმავთ“, – ამბობს ანა ხაზარაძე. „როუზბადის“ ახალი კოლექცია შემოდგომა-ზამთრისაა. ესაა დავარცხნილი ბამბით დამზადებული წინდები, ქალისა და მამაკაცისთვის განკუთვნილი განსხვავებული ზომებით.

სტარტაპი ჯერ ერთი წლისაც არ არის, მაგრამ სტაბილურად ვითარდება და მოლოდინსაც ამართლებს. 9 თვის შემდეგ, 3 რეალურ და 1 ონლაინ მაღაზიაში იყიდება და 11 ადამიანს ასაქმებს.

„როუზბად“ ჩარლზ კეინის ბავშვობის ციგას ჰქვია ორსონ უელსის ფილმში „მოქალაქე კეინი“. ბავშვობის ციგა კეინის ისტორიაში მთავარი დეტალია.

ქართული სტარტაპის კონცეფციაც დეტალების მნიშვნელობაზეა აგებული და ორმა კინომოყვარულმა – ანა ხაზარაძემ და კოტე გუნიამ, სწორედ ამიტომ შეარჩია ბრენდისთვის სახელი „როუზბად“.

შეუძლებელია, თბილისის სავაჭრო ცენტრებში მოხვდე და მათ ხის კარადა-სტენდებს გულგრილად ჩაუარო. ფერებითა და ჭრელი სახეებით (პატერნებით) სიმეტრიულად ავსებული თაროები აუცილებლად მიგიზიდავს. ხარისხს ხელის შეხებამდე იგრძნობ. დავარცხნილი ბამბისა და ბამბუკის წინდების ხასხასა ფერებში არჩევანის გაკეთება გაგიჭირდება. „როუზბადის“ სასაჩუქრე ყუთი კიდევ ცალკე საჩუქარია – კარგა ხანს რომ გამოგადგება, ვთქვათ, უამრავი ბარათის შესანახად.

„ბიზნესის კეთების არანაირი გამოცდილება არ გვქონია არცერთს. კოტე არქიტექტორია, მე – რეჟისორი და პროდიუსერი. უბრალოდ, შემართება და ჩვენი პროდუქტის სიყვარული გვქონდა. ვეცადეთ, ხარისხით, შეფუთვით მიგვექცია ყურადღება და მგონი, გამოგვივიდა – წინდა გახდა კარგი საჩუქარი. ამ 9 თვის განმავლობაში ჩვენი ისტორია საკუთარ კვლევებში ბევრმა სტუდენტმა გამოიყენა. აინტერესებდათ, ვინ გაგვიკეთა ბრენდინგი. ჩვენ კი, თან გვიხაროდა და თან უხერხულად ვგრძნობდით თავს. მეხუთე ასეთი შემთხვევისას უკვე შევიფერეთ კიდეც. ყველაზე ჭკვიანური, ალბათ, ბრენდინგი და სახელი გამოგვივიდა“, – ამბობს ანა ხაზარაძე და „როუზბადის“ განვითარების გეგმებს მეტი თავდაჯერებით აწყობს.