ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან

როდესაც საუბრობთ თიბისის და თქვენი სხვა პროექტების მომავალზე, ტრანსნაციონალური კომპანიების კონცეფციას ეხებით და, ამავე დროს, ხაზს უსვამთ, რომ ის, რასაც ქმნით, არის ქართული. როგორ თანხვდება ეს ორი რამე ერთმანეთს?

ტრანსნაციონალობა არის სააზროვნო და ფიზიკური სივრცის მასშტაბი იმ მოცემულობაში, რომ შენ არ გრცხვენია შენი არსის. მე ვხედავ ძალიან დიდ პოტენციალს ქართველში, მის ნიჭში, და ვხედავ პრობლემას მის თანმიმდევრულობაში. მჯერა, რომ თუკი ქართველის შემოქმედებით და ინტელექტუალურ გაქანებას სისტემურობა მიეცემა, ძალიან დიდი მომავალი გვექნება.

ბოლო სამ წელიწადში, რაც თიბისი ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავხდით ტრანსნაციონალური კომპანია და რადიკალურად შევიცვალეთ, არა იმიტომ, რომ ფუნდამენტურად გადავაკეთეთ ჩვენი არსი, არა, უბრალოდ ვისწავლეთ აქციონერებთან მუშაობა მთელ მსოფლიოში. მათი ნაწილი ნამყოფიც კი არ არის საქართველოში, მაგრამ ახლა უკვე საქართველოსთანაა დაკავშირებული, მისი სჯერა.

25 წლის წინ, როდესაც თიბისი ბანკის შექმნა დაიწყეთ, რა იცოდით ზუსტად და რაზე საერთოდ არ გქონდათ წარმოდგენა?

ზუსტად ვიცოდი, რომ თუ ამ საქმეს კარგად ავაწყობდით, მას საზღვარი არ ექნებოდა. აი, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მალე მივხვდი.

მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ თიბისი ბანკში 7 000 ადამიანი იმუშავებდა, თუმცა წარმომედგინა, რომ ამ ბანკს რამდენიმემილიარდიანი ბრუნვა შეიძლებოდა ჰქონოდა.

მომწონს, როცა ჰორიზონტი ჩანს, როცა თავისუფალი სივრცე იშლება და შენს წარმოსახვას წინ არაფერი ეღობება. ბიზნესი თავისუფალი ადამიანების საქმეა.

და კიდევ ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცოდი – არ უნდა ამეყვანა ყოფილი საბჭოთა ბანკირები. მართალია, მათ კარგად იცოდნენ ინსტრუქციების შესრულება, მაგრამ მე თავისუფალ ადამიანებს ვეძებდი. ამიტომ, უნივერსიტეტში მივედი. მთელ საქართველოში ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც, კარგად თუ ცუდად, 25 კაცს წიგნებიდან ასწავლიდნენ საბაზრო ეკონომიკას, მარკეტინგს, მენეჯმენტს და ეს გახდა ჩემი საყრდენი წერტილი. მაშინ ისინი 20-21 წლის იქნებოდნენ, მე 25-ის გავხდი. თიბისი ბანკი ქართველმა ახალგაზრდებმა, ქვეყანასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა გააკეთეს.

შეგიძლიათ გაიხსენოთ ბანკის შექმნის პერიოდი?

თიბისი არ შექმნილა როგორც ბანკი, ჩვენი პირველი ჩანაფიქრი, პირველი გამოგონება პრაქტიკულად იყო ის, რაც დღეს არის Ebay.

წარმოიდგინეთ 91-92 წლები. ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და უზარმაზარ ორგანიზაციებს, რომლებიც მანამდე „გოსპლანიდან“ იმართებოდნენ, უამრავი ინვენტარი აქვთ, მაგრამ კლიენტებს ვეღარ პოულობენ. ამავე პერიოდში იქმნება პირველი კერძო კომპანიები, რომლებიც პროდუქტს ეძებენ და ვერ შოულობენ. ვიგრძენი, რომ ვაკუუმია, მივხვდი, რომ ეს ხალხი ერთმანეთისთვის უნდა შემეხვედრებინა. 

ვიქირავე დარბაზი ჭავჭავაძის 11 ნომერში, ძალიან მაღალჭერიანი შენობა, მე თვითონ ასეთ სახლში გავიზარდე და დღემდე მაქვს ეს განცდა, რომ მაღალჭერიან სახლში დიდი საქმეები კეთდება, და სწორედ ამ დარბაზში, რომელიც მერე ჩვენი სათავო ოფისი გახდა, კვირაში ორჯერ ვმართავდით ვაჭრობას. ჩვენ ვიყავით ბირჟის ორგანიზატორებიც, ბროკერებიც, რაც გინდათ, ის დაგვიძახეთ. ეს 1991 წელია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა გადაკეტა ყველანაირი საფინანსო კომუნიკაცია და დამოუკიდებელი საქართველო იზოლირებული აღმოჩნდა მსოფლიო საბანკო სისტემისგან. ამ პერიოდში, ეს უკვე 1992 წელია, პირველმა პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ დროა ეროვნული საბანკო სისტემა შევქმნათო და მაშინ სამასზე მეტი ბანკი დარეგისტრირდა, მათ შორის, ჩვენც. ამ სამასი ბანკიდან დღეს მხოლოდ ჩვენ ვარსებობთ.

თუკი თიბისი ბანკის შექმნის მომენტიდან დღემდე 25-წლიან წარმოსახვით დროის ხაზს გავავლებთ, როგორ დალაგდებოდა ამ ერთ ხაზზე ბანკის და ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მომენტები ერთმანეთის პარალელურად?

მოკლედ რომ ვთქვათ, სანამ ჩვენ ბანკს ვაკეთებდით, გარეთ სულ პრობლემები იყო. უკვე ხასიათში გვაქვს, როცა გარეთ კრიზისია, ჩვენ ვიკეტებით და უფრო მეტს ვშრომობთ. არ მახსენდება ოქროს ხანა, განვითარების 25 წლის მანძილზე ქვეყანამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და რომ არა ეს შეცდომები, ჩვენ არა მარტო კარგი საბანკო სისტემა უნდა გვქონდეს, არამედ სიღატაკე და უმუშევრობაც აღარ უნდა არსებობდეს.

მთელი ჩვენი ისტორია შეცდომებითაა სავსე. დაწყებული დამოუკიდებლობის მომენტიდან, როდესაც ბლოკადა გამოვუცხადეთ რუსეთს და ჩვენივე ხელით გადავკეტეთ რკინიგზა. მას მერე იყო მხოლოდ გამონათებები, ოქროს ხანა არ მახსენდება.

მაგრამ დროს უკან ხომ ვერ დააბრუნებ? არაბებს აქვთ მგონი ასეთი ანდაზა, თუ ერთხელ მოხდა რაღაც, არ ნიშნავს, რომ იგივე მეორედ მოხდება, მაგრამ თუ განმეორდა, მაშინ მესამედ აუცილებლად მოხდებაო. უკვე სამი ქართული კომპანიაა ლონდონის ბირჟაზე, და ამ კომპანიების უკან დგას დაახლოებით 20 000 ადამიანი. ეს 20 000 კაცი ძალიან დიდი ძალაა. მთავრობის და კერძო სექტორის მთელი ძალისხმევა იმაზე უნდა დაიხარჯოს, რომ ეს სამი გახდეს 10, 15 და 20. და იცით, რა მოხდება ამ შემთხვევაში? საქართველო ავტომატურად გახდება რეგიონის ფინანსური ცენტრი. პირდაპირ გეუბნებით, ინტელექტუალურად ამის ძალა სხვას არავის აქვს.

რა აქვს თიბისის გუნდს უნიკალური?

მოტივაცია, რომელიც იგივეა, რაც 25 წლის წინ – საქართველო შეიძლება იყოს უფრო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე არის. ჩვენ გვაქვს ეს ამბიცია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი იმდენად დიდია, რომ რაღაც თვალსაზრისით მიუღწეველია – ქვეყნის განვითარებას დასასრული არა აქვს. სულ ეს განცდა მაქვს მეც და ჩემი გუნდის წევრებსაც.

რაც შეეხება გამჭვირვალობის კონცეფციას, შეგიძლიათ ახსნათ, რატომ არის ეს მიდგომა ასე მნიშვნელოვანი თქვენთვის?

ჯერ კიდევ 92 თუ 93 წელს ჩვენ პირველად ვიხმარეთ სიტყვა ჯგუფი და განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ თეთრ ბიზნესში. მახსოვს, პრესაშიც კი გავუშვით ასეთი განცხადება: თბს ჯგუფი, ჩვენ ვართ თეთრ ბიზნესში. ჩვენც ისევე შევედით ბიზნესში, როგორც ყველა სხვა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ვთქვით, რომ არ შეიძლება მოვიტყუოთ. მაშინ ეს შოკის მომგვრელი განცხადება იყო, არავინ არაფერს არ იხდიდა, საგადასახადო სისტემაც კი არ იყო გამართული ქვეყანაში. ქართულ სინამდვილეში, იმ დროს, როცა ავტომატებით დარბოდნენ ქუჩებში, ეს იყო ჩვენი პროტესტი რეალობისადმი.

ისევე, როგორც პროტესტი იყო, როცა ბატა გავხსენით და მაღაზიას გისოსები არ გავუკეთეთ. 92-93 წლები, მგონი მიხვდებით ხომ, რა პერიოდია? მაშინ მე ვთქვი, რომ ეს არის ჩემი პროტესტი, მე ამ ქალაქში თუ შემეშინდა და ჩავიკეტე, მაშინ ბიზნესის წამოწყება არ მიღირს. ერთადერთი ინციდენტი, რაც მოხდა, ის იყო, რომ ვიტრინას ლუდის ბოთლი ესროლეს და შუშა არ გატყდა. მაგრამ იცით, რა გამოიწვია ჩვენმა გადაწყვეტილებამ? ჭავჭავაძის გამზირზე მაღაზიების მფლობელებმა თქვეს – ჩვენ ვისზე ნაკლები ვართ? როგორც სურათი, რომელიც ტვინში გებეჭდება, ასე მახსოვს დღემდე, როგორ იხსნებოდა ერთი თვის მანძილზე გისოსები მთელ ჭავჭავაძის გამზირზე.

მერე, ბევრი წლის შემდეგ, როდესაც უკვე ჰოლანდიაში ჩემს პარტნიორთან ერთად მივედი ბანკში, მას ჰქონდა საქმე და მე უბრალოდ გავყევი, შევედით პირველ სართულზე, შუშიან ოთახში. გამოვიდა ერთი ჩვეულებრივი კაცი და ჩემს პარტნიორს დაელაპარაკა, როგორ ხარო. არც ჰალსტუხი ეკეთა, მკლავები აკაპიწებული ჰქონდა, ოთახში ბევრი ხალხი იჯდა, გარშემო ბევრი ქაღალდი ეწყო, ვიფიქრე, რომელიმე რიგით განყოფილებაში ვარ, ბანკის რიგით თანამშრომელს ვხვდებით-მეთქი და ამ დროს ჩემი მეგობარი მომიბრუნდა და მეუბნება, გაიცანი ეს აი-ენ-ჟის გენერალური დირექტორიაო.

გავოგნდი, ჩემს საბჭოურ წარმოსახვაში ნებისმიერი დირექტორის კაბინეტი ეს არის 5 კარის შეღება, ერთს წინ აღებ, მეორეს უკნიდან კეტავ, კარს ტყავი აქვს გადაკრული, რომ ხმა არ გამოვიდეს, და მივხვდი, რა სიმახინჯეა ეს ყველაფერი. თუ ამ ადამიანს, რომელიც ჰოლანდიის ყველაზე დიდ ბანკს მართავს, შეუძლია, ასე უშუალოდ გამოვიდეს და ხელი ჩამომართვას და მე კარიდან შემიძლია ვუყურო, თათბირს როგორ ატარებს, რატომ არ შეგვიძლია ეს დავნერგოთ ჩვენთან?

ზუსტად ჰოლანდიელი დიზაინერი ჩამოვიყვანეთ და მთელი ბანკის სივრცე შევცვალეთ. ეს იყო, ჩემი აზრით, საბანკო და არა მარტო საბანკო სისტემაში რევოლუციური ცვლილება. ეს საბჭოური მენტალობა დღეს, სამწუხაროდ, კიდევ არის და პროგრესს აფერხებს.

ორივე შემთხვევაში ეს იყო განაცხადი, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. დასამალი არ გვაქვს ერთმანეთთან და, რაც მთავარია, კლიენტთან. ეს პოზიცია მთლიანობაში დიდ სურათს, ჩვენს ფილოსოფიას კრავს.

გარედან ეს შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ბანკი ძალიან რთული მექანიზმია, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინსტრუმენტებს უნდა ქმნიდეს და აერთიანებდეს. რა არის ბანკი, როგორც სისტემა?

ურთულესი მექანიზმია ტექნოლოგიური და საინფორმაციო თვალსაზრისით, ამავე დროს, ყველაზე მკაცრად რეგულირებადი ინსტიტუტი, რაც კი საერთოდ არსებობს ბიზნესში. ბანკს არეგულირებს ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო კონვენციები, უამრავი შიდა და საერთაშორისო აუდიტორი და, რაც მთავარია, შენ გაკონტროლებს საზოგადოება. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობაა, როდესაც შენთან დანაზოგი 2 მილიონ ადამიანს აქვს შენახული.

მახსოვს, ერთ საღამოს მამაჩემს გახარებულმა ვუთხარი – ძალიან გავიზარდეთ, 3 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელი გვაქვს-მეთქი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდა, როგორ შენდებოდა თიბისი, მკითხა: ღამე როგორ გძინავსო?! ანუ რამდენად სანდოდ გაქვთ თქვენი საქმე აშენებულიო.

დღეს თიბისი ბანკში რამდენიმე მილიარდი დოლარის საკრედიტო პორტფელი და ქართული ბაზრის დეპოზიტების დაახლოებით 40%-ია აკუმულირებული. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საბოლოო ჯამში ბანკი არის ნდობა. ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი, რაც მას გარს არტყია, რაც მას კრავს, ეს არის საზოგადოების ნდობა.

თიბისის გუნდის გადაწყვეტილებების მთელი სერია უკავშირდება კულტურულ პროექტებს, ძალიან დიდი ინვესტიციები გაქვთ ჩადებული მასშტაბურ და შედარებით პატარა პროექტებში, რატომ აკეთებთ ამას, საბოლოო ჯამში ფინანსური მოგება მოაქვს? 

ეს არაფერ კავშირში არაა ფინანსურ მოგებასთან. ეს არც ახირებაა, არც სხვის დასანახად გაკეთებული საქმე. ასეთი საქმეები 25 წელს ვერ უძლებს. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის – ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს ხელოვნების და კულტურის გარეშე.

ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის ძალიან ადრე დაიწყო. როდესაც ბირჟას ვაკეთებდი, ფული არ მქონდა და ვიფიქრე, ნახატებით ვიშოვიდი. ნახატებით იმიტომ, რომ ერთადერთი რამე აღმოვაჩინე ბაზარზე, რასაც ფულის გადახდის გარეშე მაძლევდნენ. ომის შემდეგ სახელოსნოებში დავდიოდი და რაღაც მიზიდულობის ძალას ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ ეს კეთილშობილი ხალხი ღირებულ საქმეს აკეთებს და თან პრაგმატულადაც მეგონა, რომ სამხატვრო სალონით ფულის გაკეთებაც შეიძლებოდა. მერე, როცა ოფისი გავაკეთეთ და ცარიელ კედლებს შევხედე, ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა დავუძახოთ მხატვრებს, გადავუხადოთ და თავიანთი ნახატები გამოფინონ. ყოველ თვეს ვცვლიდით ნამუშევრებს. მაშინ ის დრო იყო, როცა ნახატი და კულტურა არავის აინტერესებდა, პურზე იდგა რიგები.

ახლა გვაქვს ორი გალერეა თბილისში, უზარმაზარი გალერეა ქუთაისსა და ბათუმში, საბა, არტარეა, ახალგაზრდა ადამიანებს აქვთ სივრცე შემოქმედებისთვის, იციან, რომ მათ გვერდზე დგას უზარმაზარი ორგანიზაცია, რომელიც მათ უჭერს მხარს. ელექტრონული მუსიკა, ჯაზფესტივალი, რაგბი, ბალეტი, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ თვლა არ ვიცით, არა, გულით ვაკეთებთ.

თუნდაც, მაგალითად, როდესაც შედიხარ ისტორიულ შენობაში, იღებ ძალიან ძვირიან და არარაციონალურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამას მოაქვს არამატერიალური, ძალიან დიდი სიამოვნება და განცდა იმისა, რომ შენ არა მარტო ბიზნესს აკეთებ, არამედ ქალაქს უბრუნებ კულტურულ მემკვიდრეობას.

უნდა გენახათ, 2005 წელს როგორ მდგომარეობაში იყო ეს შენობა. ჩამოწერილი იყო. იგივე ხდებოდა ბათუმის რკინიგზის სადგურის შენობაშიც, სავსე იყო იქაურობა ნაგვით.

ჩვენ დავხარჯეთ სამჯერ მეტი მხოლოდ იმის გამო, რომ რესტავრაცია ჩაგვეტარებინა. სოციალური პასუხისმგებლობა ჰქვია ამას, ან, თუ გნებავთ, ქალაქელობა. ეს შენობები გადავარჩინეთ და დავუბრუნეთ თბილისს და ბათუმს, დავუბრუნეთ ქალაქებს ის, რაც მათ ეკუთვნოდათ. ისეთი რამე უნდა გააკეთო, რომელიც თაობებს დარჩება. მარტივია.

წარმატებული მარტო მაშინ ხარ, როცა გამოივლი დამარცხებებს, წაგებებს, შეცდომებს და გადარჩები, როგორი იყო ომი თქვენთვის?

2008 წელს, პრაქტიკულად განადგურდა ყველაფერი. კრიზისი ერთ დღესაც რომ გაგრძელებულიყო, ქართულ ეკონომიკას ვეღარაფერი აღადგენდა. დღეში 25 მილიონ დოლარამდე დეპოზიტი გადიოდა ბანკიდან. წარმოგიდგენიათ?! ამას ვერცერთი ბანკი ვერ გაუძლებდა. მაშინ გამოვედით და ვთქვით, რომ 5 მილიონ ლარს გამოვყოფთ ლტოლვილი ბავშვებისთვის შიდა ქართლიდან. მალევე აგვყვა ბიზნესსაზოგადოება და თანხა 8 მილიონამდე გავზარდეთ. გამოვაცხადეთ ტენდერი მშენებლობაზე და ავაშენეთ სკოლა წეროვანში, თანამედროვე აღჭურვილობით, ბიბლიოთეკით, მუსიკალური ცენტრით, სპორტული დარბაზით, კარატეს სექციით, ფსიქოლოგის კაბინეტით. სკოლას მივამაგრეთ ჩვენი ამერიკული აკადემიის მასწავლებლები და მათ წლების განმავლობაში ატარეს ტრენინგები.

ომის გარეშეც ძალიან ბევრი კრიზისი გავიარეთ, აქედან სამი – ბანკროტობის ტოლფასი იყო და ასეთ სიტუაციებთან გასამკლავებლად ერთი წამალი მაქვს, გნებავთ, რეცეპტი – ბოლო მომენტში რაღაც სიკეთე უნდა გააკეთო.

რა კავშირშია ანაკლიის პროექტი 1991 წლის იმ დღესთან, როდესაც გადაწყვიტეთ, რომ თიბისი ჯგუფი შეგექმნათ?

პირდაპირ კავშირშია, რადგან ასეთ პროექტს ვერ შევეჭიდებოდით, ბიზნესის კეთების ამხელა გამოცდილება რომ არ გვქონდეს თიბისისა და საქართველოში. მეორე ისაა, რომ აქაც უსაზღვრო განვითარების გზას და მასშტაბს ვხედავ, ისევ ის საქმეა, რომელსაც ზღვარი არ აქვს.

ანაკლია არ არის მხოლოდ პორტი, ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, ეს არის ქალაქი – ანაკლია, ეს არის ქართველების და აფხაზების დაახლოება და მათი ჩართვა საერთო ბიზნესში, უამრავი თემაა, რომელიც შეგვიძლია წინ წამოვწიოთ და განვავითაროთ.

აქაც ნულიდან ვიწყებთ. ჯერ გვაქვს პროექტი, უამრავი კვლევა და, რაც მთავარია, ძლიერი ხედვა. პორტის ადგილას ჯერაც ჭაობია, ამიტომ ბევრისთვის ანაკლია შეიძლება უტოპია იყოს. ოღონდ, ამ პროექტის მთავარი ხიბლი ის არის, რომ გუნდს, რომელიც შევკრიბე, სჯერა ამ იდეის. ჩემი სჯერათ. ერთად გვჯერა, რომ ეს პროექტი ძალიან დიდ ბიძგს მისცემს არა მარტო საქართველოს და რეგიონს, არამედ მთელ საფინანსო სფეროსა და ტვირთბრუნვას აზიასა და ევროპას შორის, რაც რევოლუციის ტოლფასია.

გარდა ამისა, თუკი დავაინტერესებთ და მოვიყვანთ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა ალიბაბა, ამაზონი და სხვა, ეს უკვე იქნება განაცხადი, რომ ვაკეთებთ ჰაბს, სადაც თავს მოიყრის საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები, მერე ამას აუცილებლად მოჰყვება წარმოება, დაფასოება, საცხოვრებელი სახლები და ა.შ. ახლა გიყურებთ თქვენ და მგონი, მთლად არ გჯერათ ამ პროგნოზების, მაგრამ 10 წელიწადში შეგხვდებით და მერე ვნახოთ, ოღონდ, სხვა ოფისში დაგელოდებით – ანაკლიაში.

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს რწმენას ბიზნესში, თქვენ ბევრჯერ გითქვამთ, რომ ჯერ რაღაცის დაიჯერეთ და მერე გახადეთ ეს საქმე რეალური.

როდესაც რაღაცის მჯერა, არასდროს ვუყურებ ამას, როგორც ფულის მომტან, მოგების მომტან მექანიზმს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ შეიძლება არც კი ვარ კარგი ბიზნესმენი.

თავად პროცესი მანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას და ტკივილსაც, იმიტომ რომ ძალიან რთულია, ჯერ შენთვის გააცნობიერო იდეა, მერე თანამოაზრეები იპოვო და დაარწმუნო, მოიპოვო ინვესტიციები და მერე მიიყვანო იდეა იმ მდგომარეობამდე, რომ მექანიზმმა დაიწყოს მუშაობა. აი, ახლახან მეგობარმა გამომიგზავნა ეს ფრაგმენტი: „ფულზედ ნუ ჰფიქრობთ, ოღონდ თვითონ საქმეს საიმედო საფუძველი დაუდეთ და ფული თვითონ მოგნახავთ“ – ილია ჭავჭავაძე. რომ მეგონა, რომ ეს ჩემი აღმოჩენილი თეორია შეიძლება არასწორი ყოფილიყო, აი, ახლა ვიპოვე ამ გენიალური ადამიანის ნათქვამი, რომელიც ამბობს, რომ ეს არის სწორი.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მექანიზმი მივიყვანო იმ წერტილამდე, რომ ლიანდაგიდან ვერავინ გადააგდოს, ვერც კონკურენტმა, ვერც გარე ფაქტორმა. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ დონემდე მივყვები ხოლმე საქმეს, მარათონელი ვარ, მარტივად რომ ვთქვათ. დავრბივარ და არ მეშინია.