პირველი წერილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან

ამბები საქართველოდან მთელ ქალაქშია მიმობნეული, მუზეუმებსა და გალერეებში, აფიშებსა და წიგნის მაღაზიის სტენდებზე, შენობების ფასადებსა და საჯარო სივრცეებში. 

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარია და პირველად აქვს უპრეცედენტოდ დიდი საერთაშორისო აუდიტორიის მიზიდვის შანსი.

10 ოქტომბრის დილას ერთდოულად დაიწყო ქართული კულინარიული ლიტერატურისა და თანამედროვე ქართული პროზის განხილვით, საუბრებით დიდ ტექსტებსა და იმ გავლენებზე, რაც მათ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესზე აქვთ.

ლიტერატურა და სუვერენიტეტი, კულტურული გზავნილების 10 წელი საქართველოდან, კარლო კაჭარავა და გერმანია, „წრე“  თამაში ბგერებით  რატი ამაღლობელისა და გოგი ძოძუაშვილის პერფორმანსი, ბექა გოჩიაშვილის და გიგი ჯიქიას მუსიკა, საქართველო-გერმანიის ციფრული არქივი - ისტორია რეტროსპექტივაში, პოეზია საქართველოდან  ამ მრავალფეროვან თემატიკას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში შთამბეჭდავი ვიზუალური თხრობით ავსებდა Magnum-ის ფოტოგრაფების გამოფენა საქართველოზე და ფოტოწიგნი City Book Tbilisi, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ყოფას ორიგინალური პერსპექტივით აღწერს. 

საქართველოს პავილიონის ცალკე გამოყოფილ საექსპოზიციო სივრცეში დამთვალიერებელს შეუძლია ვირტუალურად ეწვიოს თბილისს და სხვადასხვა ეპოქაში დაათვალიეროს Magnum-ის ფოტოგრაფების მიერ გადაღებული თბილისი. ექსპოზიციაზე „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ ცხრა ფოტოგრაფის თბილისი ჩანს 1947-იდან 2018 წლამდე. ეს ფოტოები სხვადასხვა წიგნებში სხვადასხვა წლებში იბეჭდებოდა და უკლებლივ ყველა აღწერდა საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისს. Magnum-ის ფოტოგრაფების კავშირი ქვეყანასთან 1947 წელს ჯონ სტაინბეკისა და რობერტ კაპას საქართველოში მოგზაურობით დაიწყო და ეს სწორედ ის წელიწადი იყო, როცა ფოტოსააგენტო Magnum დაარსდა. უახლესი პროექტი Magnum-ის ფოტოგრაფებიდან 2018 წელს მარტინ პარის ნამუშევარია, რომელსაც აკა მორჩილაძის ესეები ახლავს. City Book Tbilisi ისევ ერთი ქალაქის ამბავს ჰყვება და მთავარი ხიბლი ამ გამოცემაშიც ავტორების პერსონალური ხედვა და აღქმებია. 

წიგნი გერმანულ გამომცემლობასთან, Prestel Publishing-თან თანამშრომლობით მიუნხენში გამოიცა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და თიბისი ბანკი, Magnum Photos და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.