რა ბედნიერებაა, რომ ჩვენს არაცნობიერს უტოპიური აზრების უკუგდება არ შეუძლია, თორემ არათუ სხვებისთვის, ჩვენი თავისთვისაც კი ძალიან მოსაწყენი ვიქნებოდით.

აბსურდული იდეები ხომ, როგორც წესი, მაგარი გასართობია.

სტუდენტობისას როცა შუა ყურის ორმხრივი ანთება დამემართა და სმენა თითქმის სრულად დამეხშო, სტაბილურად მაღალი სიცხე, ტკივილი და დღეში სამჯერ ნემსის გასაკეთებლად გამოძახებული მეზობელი ისე მომბეზრდა, რომ ვიფიქრე – რა ბედნიერება იქნებოდა, ეს თავი ნათურასავით იხრახნებოდეს! ავდგებოდი და წავიდოდი „თავების მაღაზიაში“, შევარჩევდი ერთ კარგს, ჯანმრთელს – დიამეტრით რომ ერგება ჩემს კისერს, ამოვიხრახნიდი ჩემს შუაყურისორმხრივანთებიან თავს, ჩავიხრახნიდი ახალს და დამთავრდა!

რაზე გამახსენდა ახლა ეს ამბავი:

პირველი აზრი, რომელიც თბილისის წიგნის დღეებზე ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში შესვლისას გამიჩნდა, იყო საშინელი სინანული იმისა, რომ კიმ ბესინჯერი არ ვარ.

დიახ, დიახ, კიმ ბესინჯერი! ოღონდ არა ზოგადად, არამედ მისი ერთ-ერთი გმირი – სელესტა მარტინი – რომელიღაც პლანეტიდან დედამიწაზე არ მახსოვს რისთვის ჩამოსული ქალი, რომელიც უცხოპლანეტელის ადამიანური გაგების შესაბამისად ბევრ ზებუნებრივ უნარს ფლობს.

ჰოდა, ახლა, როცა წიგნებით სავსე პავილიონის შუაში ვდგავარ და ვფიქრობ საიდან დავიწყო, ერთადერთი, რაც მინდა – სელესტასავით გადაშლილ წიგნში ხელის ჩადებით ჩქაროსნული კითხვა შემეძლოს. არის ამ ხუმრობაში სიმართლის მარცვალი – წელს ერთ სივრცეში 55 კომპანიაა: წიგნებს თვლა არ აქვს, ცალკე პრეზენტაციები: ახალი გამოცემები, მიმდინარე თარგმანები, მომავალი დებიუტები, ლექციები, სემინარები... ძნელია, რამე არ გამოგრჩეს.

წიგნის დღეები რაცაა, ყველამ ვიცით. მოდი მე იმაზე ვიტყვი, რაც ყველაზე ძალიან მომწონს:

მომწონს, რომ წლიდან წლამდე „შეხვედრის ადგილი უცვლელია“, რომ სივრცე ძალიან დიდია, ნათელი და მზიანი და მონაწილეთა სიუხვის მიუხედავად ბევრი თავისუფალი ზონაა – თითქოს საგანგებოდ დატოვებული ძველი ნაცნობების შესახვედრად, ერთმანეთის მოსაკითხად და შთაბეჭდილების გასაზიარებლად.

მომწონს მრავალფეროვნება და ზრუნვა მკითხველზე. ეს უბრალოდ ფასდაკლება კი არაა – მოდი, იაფად იყიდე, წადი. ორგანიზატორები და მონაწილეები მუდმივად ცდილობენ, წიგნის დღეები ძალიან საინტერესო, შინაარსობრივად მრავალფეროვანი და ინფორმაციული იყოს. პავილიონის ცენტრალური ნაწილი, როგორც წესი, სცენას ეთმობა. პრეზენტაციები და შეხვედრები მუდმივად ანონსდება. ხელნაკეთ სუვენირებს ცალკე კუთხე აქვს. საბავშვო წიგნებთან იქვეა სხვადასხვა ფერის მაგნიტიანი ალფაბეტები, მხიარული საანგარიშოები, საბავშვო დაფები ფერადი ცარცებით, სხვადასხვა ზომის ხის ანბანი, მოზაიკური თავსატეხები (ე.წ. ფაზლები), ხეებზე ნაყოფივით ჩამოკონწიალებული ასო-ნიშნები, ციფრებიანი კუბიკები – ყველაფერი, რაც თქვენს პატარას სწავლას გაუხალისებს, თქვენ კი – სწავლების პროცესს. მოპირდაპირედ გასართობი კუთხეა – საინტერესოდ შეფუთული თბილისური თამაშობები პატარებს სიახლით იზიდავს, უფროსებს – ნოსტალგიით. რეზინობანა, ქალაქობანა, ლოტო – ამ სივრცეში კლასიკა მარტო წიგნებში კი არაა...

ახალი წიგნი, ახალი თარგმანი, მრავალტომეული, ნაკრები, მოგონებები, ბესტსელერები... ჟანრების და თემების დიდი მრავალფეროვნებაა. პრეზენტაციები და შეხვედრები ერთმანეთს ცვლის, სცენაზე ხან გამომცემელია, ხან ავტორი, ხან მთარგმნელი... ალბათ პერსონაჟებიც არიან – ოღონდ სცენის მეორე მხარეს. აგერ ავტორები პირდაპირ დახლთან დგანან – მკითხველს უშუალოდ ესაუბრებიან, კომპლიმენტებს და შენიშვნებს იღებენ, ავტოგრაფებს არიგებენ.

წელს ორგანიზატორების კიდევ ერთი ახალი ინიციატივაა „გაცვალე წიგნი“ – წაკითხული და „მობეზრებული“ ლიტერატურის გაცვლის კუთხე, სადაც წიგნის და მკითხველის ახალი წყვილები დგება.

მომწონს, რომ წიგნის დღეებთან ერთად სხვა საინტერესო ამბებიც ხდება. თუ ცოტა ხნით მოსწყდებით ამ რუზრუზს და სხვა პავილიონში გადაინაცვლებთ, საინტერესო გამოფენა-კონკურსებს ნახავთ: „გაუცინარი ხელმწიფე“ – ქართული ილუსტრაცია, კონკურსი – მსოფლიოს ულამაზესი წიგნები, ახალი პოლონური ილუსტრაციები, ქართველი სამხედრო მოხელის, გიგლო ყარალაშვილის ფოტოკოლექცია, ფოტოწიგნი, ეკოპროექტი – ნარჩენების დღიური – არტწიგნი...

ყველაზე ძალიან ოჯახური მსვლელობები მომწონს: მამებს „კენგურუში“ უსხედან ბავშვები და დახლთან წიგნებს ათვალიერებენ, დედები დახლებს შორის დასეირნობენ – საბავშვო ეტლის სახელურზე წიგნებით სავსე პარკები ჩამოუკიდიათ, პატარები რბილ იატაკზე ხოხავენ და ხის მანქანებს ერთმანეთს აჯიბრებენ, აგერ ამ სტენდთან ბავშვების დიდი თავყრილობაა – ფერადი ფლომასტერებით რაც გინდა ხატე, დროდადრო გამსკდარი ბუშტის ხმა ისმის... წამოსვლისას ბავშვის დამტოვებელი არ ეძებოთ – აქ ყოფნა ყველასთვის ერთნაირი თავგადასავალია. წიგნის დღეები ოჯახური ფილმივითაა, ასაკის შეზღუდვის ნიშანი რომ არ მოჰყვება მარცხენა ქვედა კუთხეში.

სელესტა მარტინი ჩემგან რა თქმა უნდა არ გამოვიდა. ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში რაც შევძელი, შევიძინე, დავესწარი, გავიგე, მოვისმინე, ერთი თხელტანიანი წიგნი იქვე წავიკითხე, რაღაცები დავიბევე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ კალამი გიჭრით, იუმორის გრძნობა და დროში კარგი ორიენტაციის უნარი გაქვთ, ყველაზე აბსურდული აზრიც კი წიგნად შეგიძლიათ აქციოთ.