26 წელიწადი, 110 მილიონი, 1000 დაფინანსებული – ეს მხოლოდ სტატისტიკაა, ანგარიშისთვის გამზადებული მშრალი ციფრები და ამ ამბის პროზაული ნაწილი. ყველაზე საინტერესო სწორედ მათ მიღმა იმალება: თაობის მომავალი, მათი საქმიანობისა და ინტერესების განვითარებისთვის გაღებული მცირედი, თუმცა აუცილებელი კაპიტალი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჩინებული მაგალითი. ეს „თიბისის“ ახალი პროექტია – 2019 წელს განსაკუთრებული ნიჭითა და იდეებით გამორჩეული ორასი მოზარდი ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს, რაც არა მხოლოდ ინტერესებისა და საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება, არამედ, უბრალოდ, თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს, რაც, შესაძლოა, მატერიალურ მხარდაჭერაზე მეტიც იყოს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თიბისისთვის“ დღის განრიგში გაწერილი ჩვეული ვალდებულებაა. ბიზნესის მხარდაჭერა, მემკვიდრეობის შენარჩუნება, კულტურის თანადგომა, „თიბისის“ გუნდის კეთილდღეობა და მომავალ თაობაზე ზრუნვა – სწორედ ასეთია კომპანიის მიერ არჩეულ პასუხისმგებლობათა ხუთი ძირითადი მიმართულება. ამჯერად ამ უკანასკნელის შესახებ გიამბობთ, რადგან მიმდინარე წელს პროექტი „თიბისის სტიპენდიატები“ კომპანიისთვის განსაკუთრებული საზრუნავი იქნება.

ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, თბილისი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული – ეს იმ ქალაქების, დაბებისა თუ სოფლების მცირე ჩამონათვალია, სადაც „თიბისის“ გუნდმა განსაკუთრებული მოზარდები შეარჩია და თანადგომა გამოუცხადა. „თიბისიმ“ იმთავითვე დაისახა მიზნად, არ ამოერჩია კონკრეტული მიმართულებით განვითარებული მოზარდები, არამედ ყველა თანაბარ პირობებში ჩაეყენებინა და ერთნაირად ეზრუნა როგორც ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულებზე, ასევე მათზეც, ვისაც საკუთარი მომავლის შექმნა შრომით აქვს გადაწყვეტილი. შედეგად, ერთ დიდ ოჯახში მოხვდნენ მუსიკოსები, მხატვრები, სპორტსმენები, ვიდეობლოგერები და დამწყები ბიზნესმენიც – თავისი პატარა ხელებით უგემრიელეს მამალოებს რომ ამზადებს და ფერად სიტკბოს ქმნის.

დღეს „თიბისის“ რამდენიმე სტიპენდიატს გაგაცნობთ.

გიორგი შეშაბერიძე

11 წლის, გორი

მამალოების კომპანია „დორას“ დამფუძნებელი

როგორც ჩემი მშობლები იხსენებენ, პატარაობიდან სულ რაღაცას ვიგონებდი, ამიტომ ეს წამოწყება აღარ გაკვირვებიათ. ყველაფერი კი ოჯახური პრობლემებით დაიწყო: ჩემმა მშობლებმა ერთიანად დაკარგეს ყველაფერი – სახლი, მანქანა, სამსახური... ერთ დღეს ძალიან მომინდა ტკბილი, მაგრამ საყიდელი ფული არ გვქონდა. უცებ მამამ გაიხსენა, ჩემს ბავშვობაში მამალოები იყიდებოდა, ძალიან მარტივი რეცეპტით მზადდებოდაო. მეც ავდექი და იუტუბზე ვნახე, რამდენიმე წუთში კი უკვე პირს ვიკოკლოზინებდი. იმდენად გემრიელი იყო, რომ ვიფიქრე, სხვასაც მოეწონებოდა და მათი დამზადება და უბნის მაღაზიაში ჩაბარება გადავწყვიტე. ჩემმა მამალოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მეორე დღეს უფრო მეტი გავაკეთე, საღამომდე კი ისინიც გაიყიდა.

ახლა უკვე საკუთარი ბრენდი „დორა“ მაქვს – კომპანიას ჩემი უმცროსი დაიკო თეოდორას სახელი დავარქვი. დასაქმებული მყავს ოჯახის წევრები – არა მხოლოდ მშობლები, არამედ დეიდები და ბიძებიც. ერთმა დეიდამ მიწის პატარა ნაკვეთიც მაჩუქა, სადაც პატარა საამქროს აშენებას ვგეგმავ. ამასობაში კი შეკვეთები არ იკლებს. ძალიან მინდა განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა დასაქმება. მე თვითონ კი სხვების დახმარება იმიტომაც მჭირდება, რომ სწავლას არ ჩამოვრჩე. კარგი განათლება მომავალში ბიზნესის განვითარებისთვის მჭირდება.

თიბისის პირველივე სტიპენდიით ამაზონიდან ყალიბები გამოვიწერე, რაც ჩემს მამალოებს უფრო გაამრავალფეროვნებს. ყალიბები გამომიგზავნეს უცხოეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმაც, მათი ძალიან მადლობელი ვარ. მიხარია, რომ ოჯახის დახმარება შევძელი და ახლა უკვე სხვების დასაქმებაც შემიძლია.

 

მათე დვალიშვილი

13 წლის, ქუთაისი

ვიდეობლოგერი, იუტუბერი

 

ვიდეობლოგებს არც ისე დიდი ხანია ვაკეთებ, თუმცა გადაღება პატარაობიდან მიყვარდა, თან მამა ოპერატორია, დედა – ჟურნალისტი. ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ვსწავლობ, მაგრამ კინო ძალიან მიყვარს, რეჟისორობაზე ვოცნებობ.

თავიდან მამა მეხმარებოდა, მაგრამ ახლა უკვე დამოუკიდებლად ვმუშაობ: თავად ვიღებ, ვამონტაჟებ და ვახმოვანებ. თემებსაც ჩემით ვიგონებ. ვცდილობ, ჩემი კამერის ობიექტივში მოხვდეს ყველა აქტუალური და პრობლემური საკითხი და მათ შესახებ ხალხს მოვუყვე. მაგალითად, მიუსაფარ ძაღლებზე, პარკინგზე, მოძრაობის წესებზე და ასე შემდეგ. ამ თემას ეხება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეობლოგი „სად შეიძლება ქუთაისში ივარჯიშო ველოსიპედით“.

მალე ვიდეოების თემატიკას გავაფართოებ, რადგან ერთ-ერთი არხისგან ქუთაისის, წყალტუბოსა და მათი შემოგარენის შესახებ ტურისტებისთვის საინტერესო ადგილების გადაღება შემომთავაზეს.

ახლა ძველი დრონით, ტელეფონითა და გოუპრო კამერით ვიღებ. ზუსტად ვიცი, რაში გამოვიყენებ თიბისის სტიპენდიას – ახალ აპარატურას ვიყიდი. სულ ვეცნობი ამ ჟანრში მომუშავე იუტუბელების ნამუშევრებს. მაინტერესებს, როგორი ვიზუალური სიახლეებია და როგორ უფრო ჯობს მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება. დღეს ინტერნეტს ტელევიზიაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ, მგონია, რომ ჩვენთანაც მეტი უნდა კეთდებოდეს, რაც მსოფლიომ უკვე დიდი ხნის წინ გააკეთა. 

 

თამარ ჩიხრაძე

15 წლის, უწერა

მხატვარი, ილუსტრატორი

კითხვითა და ხატვით უფრო მეექვსე კლასში დავინტერესდი. საბავშვო ნაწარმოებებს მანამდეც ვკითხულობდი, მაგრამ არა ასე ინტენსიურად. მახსოვს ის განცდა, რომელიც „მწვანეთითება ტისტუს“ წაკითხვისას დამეუფლა. ამ ნაწარმოებს ჩვენი სკოლის წიგნის კლუბში ერთად ვკითხულობდით და ყველა მოგვხიბლა იმ იდეამ, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მწვანე თითები და ერთი შეხებით ყვავილების გახარება შეეძლოს.

შეიძლება ამ წიგნის გამოა, რომ განსაკუთრებით მიყვარს ფენტეზი. ამ ჟანრის ლიტერატურის კითხვისას ფანტაზიის გაშლის უსაზღვრო საშუალება გაქვს. დასახატადაც უფრო საინტერესოა – არც ფერში იზღუდები, არც ფორმაში და განსხვავებული შინაარსის გამოგონებაც შეგიძლია. ხატვისას განსაკუთრებით შინაარსის გადმოცემა მიყვარს. ყველაზე მეტად ჩემი ყოფილი მასწავლებლის, ლელა კოტორაშვილის წიგნის „მოსიარულე გაკვეთილების“ ილუსტრაციებით ვამაყობ.

ხატვასა და ფოტოგრაფიას ახლა დიდ დროს ვუთმობ, მაგრამ არც ილუსტრატორობას ვაპირებ და არც ფოტოგრაფობას, წერითაც მხოლოდ წიგნების რეცენზიებითა და ჩანახატებით შემოვიფარგლები. უფრო ფსიქოლოგია მიტაცებს და ვფიქრობ, ჩემს მომავალს სწორედ ამ პროფესიას დავუკავშირებ.

როდესაც თიბისის სტიპენდიატი გავხდი, მაშინვე წარმოვიდგინე წიგნებით სავსე თაროები, რომლებსაც ამ ფულით ვიყიდი. სკოლასა და უწერაში საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკები გვაქვს, მაგრამ სულ მინდოდა, სახლშიც მქონოდა.

 

გიგი სიჭინავა

16 წლის, ზუგდიდი

მხატვარი, კონსტრუქტორი

როგორც დედა მეუბნება, 4-5 წლის ასაკიდან ვხატავ. ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა, უამრავი პორტრეტი. ასევე ვძერწავ და მუყაოსგანაც ვაკეთებ. მიყვარს სატვირთო მანქანების გაკეთება, უკვე ასზე მეტი მანქანა მაქვს, ყველა კონკრეტული საქმისთვისაა განკუთვნილი. ვაკეთებ ტრანსფორმერებსაც. მომწონს, როგორ იცვლიან ფორმას.

დავხატე ბათუმის დელფინარიუმში გაცნობილი დელფინებიც. მათ მაშინ დავუმეგობრდი. ეს საოცარი დღეები იყო. პირველად ვნახე დელფინები და ისე მიმიღეს, თითქოს მათიანი ვიყავი.

დროის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ვატარებ, რომელიც მშობლებმა მომიწყვეს. იქ ვხატავ და დამთვალიერებლებსაც ვიღებ. 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეა და მინდა, გამოფენა სწორედ ამ დღეს მივუძღვნა.

ხშირად მეკითხებიან, რა მინდა გამოვიდე. ახლა მგონია, რომ ყველაზე მეტად მხატვრობა მინდა, თუმცა არქიტექტურაც მაინტერესებს. ძალიან მინდა, ოდესმე ჩემი სახლი ავაშენო. 

 

ანი ღვინეფაძე

13 წლის, თელავი

ჩოგბურთელი, საქართველოს ჩემპიონი

ჩოგბურთს ბავშვობიდან ვთამაშობ. დედამ მირჩია და სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ძალიან ლამაზი სპორტია, თუმცა დიდ შრომასაც მოითხოვს. ფიზიკურად დამღლელია, მაგრამ სიამოვნებაც ახლავს.

ახლა ინტენსიურად ვვარჯიშობ, რადგან 29 აპრილს დაგეგმილი ბაქოს საერთაშორისო ტურნირისთვის ვემზადები და აუცილებლად საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყო. ვოცნებობ, ოდესმე ჩემი საყვარელი ჩოგბურთელების, როჯერ ფედერერისა და სერენა უილიამსის დონის სპორტსმენი გავხდე, რისთვისაც ვიცი, დიდი შრომა მომიწევს. თუ ასე არ მოხდება, გული ძალიან არ დამწყდება, რადგან სწავლის გაგრძელებასაც ვაპირებ. ჯერჯერობით არ ვიცი, რა გამოვალ. იმასაც ვაცნობიერებ, რომ სპორტი სწავლაში ხელს მიშლის, მაგრამ ეს პროცესი ჩემამდე ბევრს გაუვლია და როგორღაც დავძლევ.

უკვე ვარ საქართველოს ჩემპიონი თხუთმეტ წლამდე ჩოგბურთელებს შორის. ასევე ვარ საქართველოს ნაკრების წევრი. მიღებული მაქვს ოთხი თასი და ოცდახუთი მედალი, უამრავჯერ გავსულვარ მეორე და მესამე ადგილებზეც. ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი არაა. ყველაზე დიდი გამარჯვებები წინ მელის. 

 

მარიამ ჭელიძე

14 წლის, ქუთაისი

პიანისტი

ექვსი წელია ფორტეპიანოზე დავდივარ. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, დაკვრა მცოდნოდა და ავიხდინე კიდეც. როდესაც მუსიკაზე შემიყვანეს, მივხვდი, რომ წინ დიდი შრომა მელოდა, მაგრამ მიზანდასახული ვარ და ძალიან მინდა, წარმატებას მივაღწიო. მართალია, დროს სკოლაც მართმევს, მაგრამ მუსიკაში მეცადინეობისთვის ცოტაც მყოფნის, რადგან ეს პროცესი ძალიან მიყვარს.

შოპენი კი ჩემი საყვარელი კომპოზიტორია. მყავს საყვარელი პიანისტებიც: ელისო ბოლქვაძე, ვალერიან შიუკაშვილი, თათა ლიჩელი. მინდა, ოდესმე, ხატია ბუნიათიშვილის მსგავსად ვარსკვლავი გავხდე. ჩემი საყვარელი ქვეყანა ამერიკაა და ვოცნებობ, იქაურ სცენაზე გამოვიდე, მაგალითად, კარნეგი ჰოლში. ამისთვის უკვე ვემზადები – ინგლისურს ძალიან კარგად ვსწავლობ.

კონკურსში „იპოვე ვარსკვლავი შენი“ ყოველ წელს ვმონაწილეობ და სულ ვიმარჯვებ, წელს კი საპატიო ჯილდოც გადმომცეს. ჯერჯერობით კონკურსებში მონაწილეობას მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ვახერხებ, მაგრამ, სამომავლოდ, უფრო შორსაც გეგმავ წასვლას. ამისთვის ოჯახი ყველანაირად გვერდში მიდგას და მეცადინეობის საშუალებას მაძლევენ.

უკვე ვიცი, რაში დავხარჯავ თიბისის სტიპენდიას – გიტარას ვიყიდი და დაკვრასაც ვისწავლი. ფანდური უკვე მაქვს და ვუკრავ კიდეც, მაგრამ ახლა გიტარა მინდა. ვოცნებობ, ბევრ ინსტრუმენტს ვფლობდე, რაც მუსიკალურად უფრო გამზრდის.