ანა კორძაია-სამადაშვილი: დამთავრდა წიგნზე მუშაობა. ესაა წიგნი, რომელიც მზადდებოდა 30 წელი.

გურამ წიბახაშვილი: კი, ჩემთვის, ეს ის წიგნია, სულ რომ მინდოდა გამეკეთებინა. სულ მახსენდებოდა ერთი გერმანელი ფოტოგრაფის წიგნი, უცხოელ არტისტებზე, მაგრამ იქ უფრო პორტრეტები გხვდებოდა. აქ კი არის ამბავი. იმიტომ, რომ 90-იანი წლები ჩემთვის ამბავი იყო. ხომ ამბობენ, გარდამავალი პერიოდი რთულია, მაგრამ საინტერესოო. ზუსტად ასე იყო – რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო. რა თქმა უნდა, ერთ წიგნში ყველაფერი ვერ ჩაეტეოდა, რაც იმ წლებში ხდებოდა, იყო პარალელური დინებები, პარალელური ჯგუფები და ადამიანები. მეც რაღაც წრეში ვტრიალებდი და იმას ვიღებდი, რაც ჩემ თვალსაწიერში ხვდებოდა.

ძალიან მინდოდა, ცოტა ფერიც შემეტანა, მაგრამ როგორი პერიოდიც იყო, ძირითადად ისეთივე, შავ-თეთრი წიგნი გამოვიდა.

ფოტოებიც დაბალი ხარისხისაა, რადგან ყველაზე იაფფასიანი საბჭოთა ფირით ვიღებდი. ეს ის ფირი იყო, რომელსაც „კინოშნიკები“ ყრიდნენ, ჩვენ, ფოტოგრაფები კი, ვჭრიდით და გადასაღებად ვიყენებდით. ფირებს არც წესიერი სიმკვეთრე აქვს, კონტრასტულობაც აკლია. მაგრამ ეს ხარისხიც თხრობას იმ ესთეტიკაში ტოვებს, რომელიც 90-იანებში გვქონდა.

ანა: შენთვის შავ-თეთრი იყო 90-იანები?

გურამი: საერთოდ, რა ასაკშიც ხარ, იმ ფერებში ხედავ. ცუდი წლები იყო, მაგრამ არ მახსენდება ცუდად. ფოტოებზე ისეთი სცენები და მომენტებია აღბეჭდილი, რომ ხვდები, ხანდახან ძალიან ცუდიც იყო.

მინდა გითხრა, რომ ეს ამბავი ჯერ არ დამთავრებულა. შეიძლება ზამთრის გადატანის ბოლო პერიოდია, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა. შეიძლება, მართლა გასაკეთებელია სხვა ნაწილებიც.

მეც მინდოდა მეკითხა, ეს ამბები, რაც წიგნისთვის გაიხსენე, არსებობდა იქამდე ტექსტებად, თუ ახლა, პირველად დაწერე?

ანა: არასოდეს მიფიქრია, რომ რამეს დავწერდი 90-იან წლებზე. არა იმიტომ, რომ ამბები არ ვიცი. უბრალოდ, როცა 90-იანებზე ლაპარაკობენ, ჰყვებიან ისე, როგორც ანეკდოტს. სინამდვილეში, ამაში სასაცილო არაფერია. სულ მეშინოდა, რომ ამ ზღვარზე ვერ გავივლიდი. არ ვიცი, რა გამოვიდა. უბრალოდ, ძალიან ვეცადე ნაკლები ტრაგიზმი ყოფილიყო. ამ ტექსტებში უბრალოდ ყოფა ჩანს ერთი სახლისა, რომელსაც ერქვა გურამიშვილის ქუჩა, ნომერი 11. და რომელიც მე საშინლად მიყვარდა. 

წიგნის ავტორი: გურამ წიბახაშვილი

ესეების ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი