მერე გაიგონებდით, ყვებოდა, კაცო, რაღაცეებს, მოხუცი იყო და არ ესმოდა, სად იყო და რისი თქმა შეიძლებოდაო. ის თავისუფალი, ძველი და წესიერი კაცი იყო. ან რა უნდა მოეყოლა ისეთი, რომ ჩეკაში ეთრიათ დაკითხვებზე და იმ კოლია რუხაძეს დორბლი სდიოდა – აქ მინისტრი იყო და მოსკოვში უნდოდა. ოთხმოცდაათი წლის ექვთიმე ძალიან გააწვალეს. ძლივს რომ დადიოდა უკვე, როგორღაც მიდიოდა ხალხთან, უცნობ ადამიანებთან ოჯახებში და აფრთხილებდა, თქვენზე მკითხეს იქო, თქვენს ნათესავებზეო. ამ პატიოსნების კაცი იყო. მერე ვეღარც გამოდიოდა. სადარბაზოსთან მზირებიც მიუყენა იმან. ერთი იმ დროის მოგონება ამბობს: წაიყვანეს ცოცხალი და მოიყვანეს მკვდარიო. თვითონ რუხაძე იმავე წელიწადს დაიჭირეს, გააჩერა ბერიამ.

ინდიგო #27 გიო ახვლედიანი - ის ძველი ცხენები

 

ნინო ტყეშელაშვილი ეკატერინე გაბაშვილს:
„ძალიან ამაღელვა მწერალთა კავშირის მამაკაცების ეგოისტურმა მოქცევამ... მოიგონეთ ბევრი შემთხვევები თქვენ სიცოცხლეში, როცა ქალისა და მამაკაცის ინტერესი ერთი მეორეს დაუპირისპირდებოდა, უთუოდ მამაკაცის გაიტანდა თავის უღელს და სხვებიც ამ შემთხვევაში მხარს უჭერდა როგორც უფრო ძლიერს... პროგრამის ირგვლივ არშიათაა შემოყოლებული ქალთა თანასწორობა. ეს ცბიერები. იეზუიტობაა, როცა 14 მამაკაცი აირჩიეს, ერთი ქალიც არ ახსენეს – მერმე თუ ერთი ქალი აირჩიეს, სამი კაცი მიუმატეს – ისე მამაუცხონდათ მაგათ, ცქვიტზე, ნინა ნაკაშიძეზე და მარიჯანზე მეტათ მომზადებულები იყვნენ ან მათი ოდენი შრომა მიუძღვით?.."

ინდიგო #25 თამთა მელაშვილი - მიმოწერა, როგორც საკუთარი ოთახი

(c) საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ): ანა ხახუტაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი, ეკატერინე გაბაშვილი, ეკატერინე მესხი. დგანან: ანა ღვინიაშვილი, მარიჯანი, დარია ახვლედიანი, საფო მგელაძე, ნინო ტყეშელაშვილი, ლიდია მაგრელიძე. 1926 წელი.


1849 წლის დოკუმენტებით ვიწყებ – ამიერკავკასიაში განლაგებული ჯარების მთავარი შტაბის უფროსი წერილს სწერს გენერალ-ლეიტენანტს, თავად ვასილი ბებუთოვს: სამხედრო ჰოსპიტალში მნიშვნელოვანი რაოდენობით შემოდიან ვენერიული დაავადებით შეპყრობილი დაბალი რანგის სამხედროები და შეძლებისდაგვარად რომ ავირიდოთ ამ ავადმყოფობის გავრცელება, მაქვს პატივი, უმორჩილესად გთხოვოთ, თქვენო ბრწყინვალებავ, ხომ არ ინებებთ, ბრძანება გამოსცეთ და მეძავ ქალებზე ფხიზელი ზედამხედველობა დაწესდეს და ხომ არ გეჩვენებათ შესაძლებლად, ისინი რაც შეიძლება ხშირად შემოწმდნენ და დასნეულებულები საქალაქო საავადმყოფოში გაიგზავნონ, როგორც ეს ყველა დიდ ქალაქში ხდებაო... საორიენტაციოდ გეტყვით, რომ ამ დროს თავისუფლების მოედანზე ოპერის თეატრის მშენებლობა 2 წლის დაწყებულია, ნიკოლოზ ბარათაშვილი გარდაცვლილია, ილია ჭავჭავაძე 12 წლისაა და პირველი კონკა თბილისში 34 წლის მერე გაივლის.

ინდიგო #20 თამარ ესაკია - რამდენიმე ეპიზოდი გაფოლორცებული ქალის ცხოვრებიდან


გასაბჭოების შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილი ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ 1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად უკან ფარულად დაბრუნდა. რა თქმა უნდა, შეეძლო არც დაბრუნებულიყო, რადგან მძიმედ იყო ავად, მაგრამ თავს ვალდებულად მიიჩნევდა, ასე მოქცეულიყო. ის იმდენად ფრთხილობდა, საკუთარი ოჯახის სანახავად არც მისულა. ამიტომ მისი უმცროსი შვილი, ოთხი წლის სლავა კონსპირაციულად მიუყვანეს ბინაზე, ხოლო უფროს ვაჟებს, იმის შიშით, რომ სადმე არ წამოსცდენოდათ, მამის ჩამოსვლის ამბავი სულ არ გააგებინეს. მოგვიანებით სლავა ჩხიკვიშვილი მამასთან ქურდულ შეხვედრას ასე იხსენებდა: ვიღაც წვერებიანი კაცი მეფერებოდა, მკოცნიდა და განუწყვეტლივ იძახდა, – ჩემო შვილო, შვილო...

ინდიგო # 22 ირაკლი მახარაძე - გურიის მეფე. თბილისის პირველი მერი

 

1921 წელს საქართველოდან ემიგრირებულ მთავრობის წევრებს პარიზში ოფიციალური წარმომადგენელი არ დახვედრიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ უკვე კერძო პირებად მიიჩნევდნენ. ნუცას ბებია უყვებოდა, როგორ აფრთხილებდა ოჯახს ნოე რამიშვილი: პარიზი დაათვალიერეთ, ყველაფერი ნახეთ, სამ თვეში უკან ვბრუნდებითო. მათ კი, ვინც საქართველოში ცოლ-შვილი დატოვა, კარგა ხანს ჩემოდნებიც არ ამოულაგებიათო. მოლოდინმა არ გაამართლა. მალე მიხვდნენ, რომ საქართველოში სწრაფად ვერ დაბრუნდებოდნენ, იქ კი, მუდმივი საცხოვრებელი სჭირდებოდათ... 1922 წლის გაზაფხულზე, პარიზიდან ოცდაათ კილომეტრში, დაბა ლევილში ძველ შატოს მიაგნეს, ... ივნისის ბოლოს კი 130 ათას ფრანკად მამული ოფიციალურად შეიძინეს. მთავრობის წევრებმა საზოგადოება „ქართული კერა" დააარსეს, რომელიც 1927 წლიდან ლევილის მამულის იურიდიულ მფლობელად გამოცხადდა. მართალია, შატო სახელმწიფოს თანხებით იყო შეძენილი, მაგრამ დოკუმენტებში, როგორც კერძო საკუთრება, ისე გაფორმდა, რომ საბჭოთა კავშირს თავისი გავლენის ქვეშ მყოფი რესპუბლიკის ქონებაზე პრეტენზია არ გამოეთქვა.

ინდიგო # 19 ნინო ჩიმაკაძე - ლევილი - დროის კაფსულა


მაშ, ასე: დაიწერა Malleus maleficarum, რომელიც პირველად 1487 წელს გამოქვეყნდა, და მას მერე, იმ ბნელ შუა საუკუნეებში, კიდევ 29-ჯერ ხელახლა გამოსცეს. დღეს ასეთ წიგნს ბესტსელერი ჰქვია. ქართულად ამ წიგნის სათაური ასე ჟღერს: „კუდიანების ჩაქუჩი, რომელიც უძლიერესი მახვილის დარად ანადგურებს კუდიანებს და მათ მწვალებლობას". ამ წიგნზე დაყრდნობით, 300 წლის განმავლობაში 100 ათასი პროცესი გაიმართა და 50 ათასი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
ძირითადად, დაწვეს.
ძირითადად, ქალები.
წიგნის ავტორი ამას უმარტივესად განმარტავს: „თითქმის ყველა სახელმწიფო ქალის გამო დაინგრა. ტროა ელენეს მოტაცების გამო დაიღუპა... იუდეველთა სახელმწიფოს მრავალი გასაჭირი და ნგრევა ანახა საძაგელმა დედოფალმა და მისმა ასულმა, გოფოლიამ... მრავალი განსაცდელი გამოიარა რომის სახელმწიფომ კლეოპატრას, ეგვიპტის დედოფლის ბრალით. ამიტომ სულ არაა გასაკვირი, რომ სამყარო ქალის ბოროტებით ახლაც იტანჯება".

ინდიგო # 18 ანა კორძაია - სამადაშვილი ერთი ძველი, ძველი ამბავი


შეკლტონი უნდა გამგზავრებულიყო 1500-კილომეტრიან მოგზაურობაში, მიეღწია ვეშაპზე მონადირეთა ყურისთვის და სამაშველო ექსპედიციით დაბრუნებულიყო. ამისათვის მას ერთი ნავი და მხოლოდ 5 კაცი დასჭირდებოდა, 22 მეზღვაური კი ადგილზე უნდა დარჩენილიყო და დალოდებოდა. საბოლოო ჯამში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და შეკლტონი ნამდვილ გმირად მიიჩნიეს, თუმცა მესნერისათვის ნამდვილი გმირი სულ სხვა პიროვნებაა – როდესაც შეკლტონმა 5 კაცი შეარჩია, მან დატოვა მეგობარი, ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაური, ფრენკ უაილდი. უაილდმა ჰკითხა, მე ხომ საუკეთესო ვარ, რატომ მტოვებ, გამოგადგებიო. შეკლტონის პასუხი იყო, საუკეთესო რომ ხარ, სწორედ მაგიტომ გტოვებ, შენ გარდა ამ ხალხს ვერავინ მიხედავსო. შეკლტონის დაბრუნებამდე, ოთხი თვის განმავლობაში, 22 კაცი სპილოს კუნძულზე, ერთი ამოტრიალებული ნავის ქვეშ ცხოვრობდა. ყველა გადარჩა. როგორც მესნერი ამბობს, ზღვის გადალახვა და დაბრუნება რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ხოლო 22 ადამიანის ერთ ადგილზე შეკავება და მათში იმედის შენარჩუნება, რომ ხსნა ნამდვილად მოვა – ნამდვილი გმირობა.

ინდიგო # 22 ლევან ღამბაშიძე - მთა სრული განუკითხაობა. შეხვედრა რაინჰოლდ მესნერთან.


„სალოს" პრემიერამდე, 1975 წლის 3 ნოემბერს პოლიციამ რომის გარეუბან ოსტიაში პაზოლინის დასახიჩრებული გვამი იპოვა.
პაზოლინის მკვლელობის მოტივების შესახებ მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გაჩნდა: იყო ეს პოლიტიკური დაკვეთა თუ, როგორც პოლიციის დასკვნაში ეწერა, ჰომოსექსუალი პაზოლინი ერთმა დაქირავებულმა საყვარელმა, გვარად პელოზიმ, გაძარცვის მიზნით მოკლა? ერთი ვერსიის თანახმად, პაზოლინიმ საკუთარი მკვლელობა თავადვე დადგა, რადგანაც მას სიცოცხლის მოწამეობრივი სიკვდილით დასრულება სურდა. ამ ვერსიამ პაზოლინის მეგობრების აღშფოთება გამოიწვია. პაზოლინის მეგობარი, ცნობილი იტალიელი მწერალი ალბერტო მორავია წერდა, „პელოზი და სხვა მკვლელები იყვნენ ის ხელი, რომელმაც პაზოლინი მოკლა, დამკვეთები კი იყვნენ ათასები, შეიძლება ითქვას, მთელი იტალიური საზოგადოება". შეიძლება პაზოლინის სიკვდილის გამოცანა სწორედ ის იყოს, რომ მან უკომპრომისო დისიდენტური ცხოვრების სტილითა და შემოქმედებით მოწამე-წმინდანის გზა აირჩია, რომელიც ძალადობრივი სიკვდილით უნდა დასრულებულიყო.

ინდიგო # 18 გიორგი მაისურაძე - პიერ პაოლო პაზოლინი და სექსუალობის „დაკარგული უმანკოება"


აი, დაახლოებით 95 წლიდან გავიდა ეს ყველაფერი გარეთ.
მანამდე კი, იყო სახლები. გართობით ახლაც ერთობიან ერთმანეთთან, მაგრამ იმ სახლებს სხვა ფუნქცია ჰქონდა. როცა მოდა არ არსებობს და მარტო ლადოს სახლშია ჩვენება, ამას რა ჰქვია? როცა სხვაგან პოეზიას არ კითხულობენ და ვიღაცის სახლშია პოეზიის საღამო, ამას რა ჰქვია? ეს არის ნამდვილი „მწერალთა სახლი". როცა სხვა თანამედროვე ხელოვნების გამოფენა არ არსებობს და გია ლორიასთან აწყობენ გამოფენას, რა ჰქვია ამას? ეს არის ეროვნული გალერეა. აი, ეს იყო. საჯარო სივრცე სახლებში იყო ჩაკეტილი.

ინდიგო # 14 გურამ წიბახაშვილი - საკუთარი ფილარმონია, ეროვნული გალერეა და მწერალთა კავშირი


ჯუზეპე ვენეციელი იყო, მზარეული და თანაც ესთეტი. მისი შექმნილია შუშხუნა ღვინის – „პროსეკოსა" და ვარდისფერი ატმის რბილობისგან დამზადებული კოქტეილი „ბელინი", რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სასმელია მსოფლიოში. მაგრამ ყველაზე საინტერესო და ყველაზე ვენეციური მთელ ამ ამბავში ისაა, რომ ჩიპრიანიმ ვენეციური რენესანსის დიდოსტატის, ჯოვანი ბელინის გამო დაარქვა სასმელს ეს სახელი: ბელინის ერთ-ერთ ხატზე ზუსტად ამ ფერის სუდარაზე ასვენია მკვდარი იესო. ჩიპრიანის გამოგონებაა „კარპაჩოც". კარპაჩო დღეს ყველამ იცის, მისი ისტორია კი – ძალიან ცოტამ. თავის დროზე ჩიპრიანის უმი ხორცის თხელი ნაჭრები „კანდინსკის სტილში" მოურთავს თავისივე რეცეპტით დამზადებული სოუსითა და „პარმიჯანოს" ანათლებით, „კარპაჩო" კი იმიტომ დაურქმევია, რომ უმი ხორცის ფერი კარპაჩოს ნახატების ალისფერს აგონებდა. ვისაც კარპაჩოს ტილოებზე წმინდანთა მოსასხამები უნახავს, მას არასოდეს დაავიწყდება ჯუზეპე ჩიპრიანი და მისი უცნაური თვალების ამბავი.

„ადამიანი ისაა, რასაც უყურებსო", ვენეციაზე დაწერილ წიგნში ამბობდა ბროდსკი. ალბათ მხოლოდ ვენეციაში შეიძლება, უმი ხორცის კერძი კარპაჩოს ალისფერი მანტიების ფერი იყოს, ატმის კოქტეილი კი – ვნებული მაცხოვრის სუდარის ფერი ბელინის ხატზე.

ინდიგო # 26 ხათუნა ცხადაძე - უკურნებელთა ქალაქი