თინა, 44 წლის, ვაშინგტონი

საქართველოდან წამოვედი 90-იან წლებში, როდესაც ცხოვრება იყო უბრალოდ გაყინული. უკვე ვმუშაობდი უმცროს ექიმად, ძალიან კარგი თანამშრომლები მყავდა, მაგრამ ერთი დღის მორიგეობაში 28 თეთრს ვიღებდით ხელფასად. ეს იყო მაქსიმუმი – მეტის მიღწევა მაშინ იქ, ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

ბევრი მიდიოდა ქვეყნიდან ჩემ გარშემო, უმეტესობა ამერიკაში.

მეც ასეთი ახლობლისგან გავიგე, რომ ერთ სამედიცინო ცენტრში ტრავმატოლოგიურ მასაჟისტს ეძებდნენ, მითხრეს, რომ იყო შანსი, იქ დამეწყო მუშაობა. სასწრაფოდ გავიარე მასაჟის კურსი, შევისწავლე ტექნიკა და რამდენიმე თვეში ჩამოვედი, მაგრამ იმ ადგილას, თავისთავად ცხადია, უკვე მუშაობდა სხვა.

ბებიას, ალცჰაიმერის და დიაბეტის დიაგნოზით, საოცარი ოჯახი ჰყავდა – დიდი, ხმაურიანი და ძალიან მეგობრული. ოთხივე ქალიშვილმა მართლა შვილივით მიმიღო. ერთ-ერთმა შემომთავაზა კოლეჯში მისი სახელით ჩამებარებინა, sponsorship ჰქვია ამ მხარდაჭერას, როდესაც ვიღაც იღებს პასუხისმგებლობას შენს განათლებაზე. შევთანხმდით, რომ ვიმუშავებდი დღის მეორე ნახევარში, რომ ინსტიტუტში ჩამებარებინა. იცოდნენ, რომ ექიმი ვიყავი, მაგრამ ინგლისური ძალიან ცუდად ვიცოდი და თითქმის არაფერი მესმოდა. ამიტომ, პირველი რაც გავაკეთე, იყო ის, რომ ადგილობრივ ბიბლიოთეკაში გავწევრიანდი. გამომქონდა გრამატიკის წიგნები და ვმეცადინეობდი, თან მთელი დღე ჩართული მქონდა ტელევიზორი, რომ ენისთვის ყური მიმეჩვია. კოლეჯისთვის ვემზადებოდი, ლეგალურად ცხოვრების ერთ-ერთი გზა სწავლის გაგრძელება იყო, ასე მივიღებდი სტუდენტის ვიზას.

თუმცა, ისე მოხდა, რომ კოლეჯის აპლიკაციის შევსებისას დავუშვი შეცდომა, რადგან ინგლისური ჯერ კიდევ ცუდად ვიცოდი. არ მიმიღეს. სხვა გზა არ იყო, შემდეგ წელს ისევ ხელახლა უნდა მეცადა. ვიდარდე, მაგრამ ძალიანაც არა, მაშინ უკვე შეყვარებული ვიყავი.

ამერიკაში ჩასვლისთანავე დავუმეგობრდი ერთ ოჯახს და მათთან გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ის ამერიკელია. დღეს 18 წლის შვილი გვყავს, და ახლა ის ემზადება კოლეჯისთვის.

ბებიას სახლის გვერდით, მისი ოჯახის ექიმს ჰქონდა კერძო კლინიკა. მასთან გადამყავდა ხოლმე ბებია, როცა რაიმე სჭირდებოდა. მალე გავიცანი კიდეც და ჩემი ახალნასწავლი ინგლისურით ვუთხარი, რომ მეც ექიმი ვიყავი საქართველოდან. ერთხელაც, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად შემომთავაზა, თუ სურვილი გაქვს, დილაობით ჩემს ასისტენტად იმუშავეო. რასაკვირველია, დავთანხმდი.

რამდენიმე თვეში გავთხოვდი და ბებიას სახლიდან გადავედი, მაგრამ იმ ექიმთან მაინც გავაგრძელე მუშაობა, სანამ ჩემი შვილი დაიბადებოდა.

დღეს ერთ-ერთი კლინიკური კვლევების ორგანიზაციაში საინფორმაციო განყოფილების დირექტორი ვარ. ამ ორგანიზაციას ამერიკის ნაციონალური კვლევების ცენტრთან აქვს კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს კვლევებს სახელმწიფო აფინანსებს.

საქართველოში ჩავდივარ ორ წელიწადში ერთხელ და ყველაფერი მეუცხოება, მგონია, რომ მახსოვს რაღაც ადგილები, მაგრამ გავივლი და სულ სხვა რამე მხვდება. ძალიან სწრაფად იცვლება თბილისი. თავისუფალი სივრცე და სიმწვანეა გამქრალი. უცნაურია ეს შეგრძნებები – ჩემს ქვეყანაში ახლა უკვე ჩამოვდივარ სტუმრად და ასეც ვგრძნობ თავს. თუმცა, ეს საშინელი ნოსტალგია არასდროს ნელდება, დღემდე ვერ მოვიშორე. ხანდახან ისეთი შემოტევები მაქვს. მახსოვს, ჩემი შვილი პატარა რომ იყო და შაბათ-კვირას შევძვრებოდი ხოლმე კომპიუტერში, ვუყურებდი ქართულ ფილმებს, ვუსმენდი ქართულ სიმღერებს, ეს კიდევ ყურადღებას მთხოვდა, ჩემი ქმარი ეტყოდა, დაანებე დედას თავი, ეხლა ის საქართველოშიაო. მაგრამ აქ ბევრნი ვართ ქართველები, უმეტესობა 90-იანებში ჩამოვიდნენ, ოცი წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ოჯახის წევრებივით ვარ. ეს ძალიან მშველის, რა თქმა უნდა.

შენახული მაქვს ძველი წერილები. მახსოვს იმდროინდელი სატელეფონო ბარათის დიზაინიც. შუა ლაპარაკში იცლებოდა ხოლმე და ახლის საყიდლად გავრბოდი, ამბავი რომ დაესრულებინა დედაჩემს. პირველი წელი, ვიდრე ჩემი შვილი ენას აიდგამდა, დედაჩემი აქ იყო. ლაპარაკი ბავშვმა ქართულად დაიწყო, მაგრამ 10 წლის რომ გახდა, მივხვდი, რომ ქართული დაავიწყდა. ჩამოვიყვანე საქართველოში და მთელი ზაფხული დავუტოვე ისევ დედაჩემს. ეხლა უკვე აქცენტით, მაგრამ თავისუფლად ლაპარაკობს ქართულად. სახლში სულ ქართულად ველაპარაკები. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.