ქეთი, 33 წლის, სიონი
ფოტო: პირადი არქივი

პარკინსონის დიაგნოზი რომ დამისვეს, 28 წლის ვიყავი. ხელის და ფეხის მოძრაობა უკვე შეზღუდული მქონდა. ტკივილებიც დამეწყო. რამდენჯერმე შემიცვალეს მკურნალობა – ნული შედეგი. ჩემი და ნიკას მთელი ხელფასი წამლებზე მიდიოდა. ვეღარ ვქაჩავდით. ვერც ექიმები მაძლევდნენ იმედს. ნიკას ვუთხარი, მგონი უნდა წავიდეთ-მეთქი.

ჩემი და იყო შვეიცარიაში. მისგან ვიცოდი რაღაცეები ლტოლვილის სტატუსზე. მკურნალობა ყველა შემთხვევაში შედიოდა, რა სტატუსითაც არ უნდა ყოფილიყავი. 2016 წელს ჯერ სავიზო რეჟიმი გვქონდა ევროპასთან. შვეიცარიის ვიზა კიდევ უფრო რთული საქმე იყო. ვიფიქრეთ, მოდი, ჩვენით ვცადოთო და საბუთები ჰოლანდიის საელჩოში შევიტანეთ. უარი მოგვივიდა. ჯერ კიდევ ქაოსში ვიყავი, ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ეს დაავადება მქონდა, თან ჩემს ასაკში. ერთი პერიოდი, თბილისში ისეთ წამლებს ვსვამდი, აქ ბიჭებმა რომ გაიგეს, დაიხოცნენ სიცილით. მაგ წამალს აქ ციხეში ტიპებს ჩასაბეტონებლად ასმევენო. მადას გიკარგავს, რამდენიმე საათი გულის რევა გაქვს. მარტო სტაფილოს ვჭამდი. ბოლოს, ძლივს ვიპოვე ექიმი, ვინც ბევრი ტრალი-ვალის გარეშე დამისვა დიაგნოზი და დამინიშნა მკურნალობა, მაგრამ ისეთი კვლევები გჭირდება, თურქეთში მაინც მოგიწევს წასვლაო. მაგდენი ფულით შვეიცარიაშიც წამოვიდოდი და ეგრეც გადავწყვიტეთ. ამჯერად ფული გადავიხადეთ ვიზებში. ვიღაც ტიპმა გაგვიკეთა, ორი ათას ევროდ თითოს. შვეიცარიაში საბერძნეთიდან შევედით, ჯერ ათენში ჩავფრინდით და იქიდან ჟენევაში. ეგრე გვაწყობდა, რადგან საბერძნეთს არ აქვს ლტოლვილთა თავშესაფარი, ამიტომ ვერ დაგვაბრუნებდნენ იმ ქვეყანაში, ვინც ვიზა გასცა. ჩავფრინდით თუ არა, ეგრევე თავშესაფარი მოვითხოვეთ.

პირველი სამი თვე არ ვამბობდი, რომ ცუდად ვიყავი. იქ ვიღაცეებმა გვირჩიეს, ეგრევე რომ უთხრა, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვსო, საქართველოში დაგადეპორტებენო.

ეს პატარა ქალაქი, სადაც ლტოლვილთა ბანაკია, ჩვეულებრივი ჯოჯოხეთია. სამ თუ ოთხსართულიანი შენობაა, ღია კიბეებით, სადაც სულ, გაუჩერებლად დადის ხალხი. ზაფხული იყო და ეს ასობით ფეხშიშველი აფრიკელი, აზიელი თუ სხვა წარმოშობის ბავშვი, ქალები, კაცები, ლაპარაკობდნენ ხმამაღლა, სხვადასხვა ენაზე და უწყვეტად ადი-ჩადიოდნენ კიბეზე. აბსოლუტური ბაბილონის გოდოლის შეგრძნება მქონდა. მახსოვს, მანდ რომ შევედი, ანკეტა ვერ შევავსე, ისე მიკანკალებდა ხელები. ჩვენ გაგვიმართლა, ხუთ დღეზე მეტი არ დაგვტოვეს. სხვა ქალაქში, უფრო პატარა ბანაკში გაგვანაწილეს. იქაც, პირველ სამ ღამეს, მე და ნიკას ცალ-ცალკე ფლიგელში გვეძინა. ადგილები არ იყო. მერე გადაგვიყვანეს ოთახში, სადაც ერთ, აფრიკელ ცოლ-ქმართან ერთად ვცხოვრობდით. იმ ცოლ-ქმარს სულ ვხვდებოდით ხოლმე მერე სხვაგანაც და ძალიან დავმეგობრდით. ორი ორსართულიანი საწოლი იდგა ოთახში, პირველზე იმათ ეძინათ, მეორეზე - მე და ნიკას. რა თქმა უნდა, კარი არ იკეტება შიგნიდან. ყველანაირი ბასრი საგნის შეტანა აკრძალულია, ტელეფონისაც. დილას, 6 საათზე გაღვიძებენ, რომ შვიდის ნახევარე ისაუზმო, თორემ მშიერი დარჩები. შემდეგი ბანაკი შედარებით მოწესრიგებული იყო. მერე ამბობდნენ, შეიცვალა კანონი და ტელეფონის შეტანა შეიძლებაო, მაგრამ მაშინ ჩვეულებრივი ციხის რეჟიმი ჰქონდათ. ახალ ბანაკში, მე და ნიკას უკვე ჩვენი ოთახი გვქონდა, ჩვენი აბაზანით. მალე დავიწყეთ მუშაობაც. ექვსი ცვლა ჯერ სამზარეულოში უნდა გემუშავა, რომ მერე გარეთ სამუშაოც მოეცათ. გარეთ უკვე ოცდაათ ფრანკს გიხდიდნენ დღეში, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი ფული იყო. სიგარეტს ვერ ვყიდულობდით და ინტერნეტკაფეში ვერ შევდიოდით, რომ სახლში მესიჯი მიგვეწერა.

ხელი მტკიოდა, მაგრამ ვმალავდი. ლტოლვილის სტატუსის მიმართვაზე პასუხს ველოდებოდით. სამი თვის მერე, ერთ პატარა ქალაქში გადაგვიყვანეს. არ დამავიწყდება, ერთი უზბეკი მეგობარი გვყავდა ბანაკში და თუთუნი გამოგვატანა. გაგვიხარდა, მაგრამ არ გვქონდა ქაღალდი, რომ გაგვეხვია. დავდიოდით ამ ქალაქში და ერთი გაზეთის ნაგლეჯიც ვერ ვიპოვეთ, მე ენა არ ვიცოდი, ვინმესთვის რამე რომ მეთხოვნა, ნიკას კიდევ, რომ მოკლა, არ შეუძლია ეგეთი რაღაცეები. მერე ქსეროქსის ქაღალდები რომაა, იმაში ვახვევდით და ვეწეოდით.

მალე კიდევ სხვა ბანაკში გადაგვიყვანეს, მოგვცეს ტანსაცმლის ვაუჩერი და სადღაც ჯანდაბაში გაგვიშვეს, იმ ქალაქში სტუმრადაც აღარ დავბრუნდები, მეჯავრება ის ადგილი. საფრანგეთის საზღვართან იდგა ეს საერთო საცხოვრებელი. წინ ჟენევის ტბა ჰქონდა და გზატკეცილი, სადაც შეუჩერებლად მოძრაობდნენ მანქანები, უკან კიდევ კლდეები. მაღაზიაში მატარებლით უნდა წასულიყავი. ყოველ დილით რომ ვიღვიძებდი, ან ამ კლდეზე ავალ და იქიდან გადმოვხტები, ან ამ ტბაში ჩავიხრჩობ-მეთქი თავს, ვფიქრობდი. სამ თვეში, ლტოლვილის სტატუსზე უარი მოგვივიდა. ჩვენმა ადვოკატმა წაიკითხა ეს ჩვენი საქმე და რაღაც შანსები მაინც გაქვთ, დრო უნდაო, გვითხრა. ნერვიულობაზე ხელის კანკალმა მიმატა, ფეხიც უარესად ამტკივდა, კიბეებზე ვეღარ ავდიოდი. ერთხელაც დავეცი. სასწრაფოთი ჰოსპიტალში გადამიყვანეს და იქ მითხრეს, ნევროლოგი გჭირდებაო. ოქტომბერი იყო, ექიმთან ვიზიტი დეკემბრის ბოლოს დამინიშნეს. ერთ შაბათ-კვირას ჟენევაში წავედით და იქ გავხდი ცუდად. შუა ქუჩაში ხელი და ფეხი საერთოდ გამიჩერდა. სასწრაფომ გადაუდებელში წამიყვანა და იმ ღამეს იქ დამტოვეს. ცალკე ნევროლოგმა გამსინჯა, ცალკე ფსიქოლოგი მელაპარაკა, ჩვენ ვერ დაგეხმარებით, იმიტომ რომ სხვა ქალაქში ხარ გაფორმებული, მაგრამ კარგ ადგილას გაგიშვებთო. ეგრევე, საავადმყოფოს პერანგიანად ჩამსვეს მანქანაში და გამიშვეს კლინიკაში, სადაც გავიცანი საოცარი რუმინელი ბაბუ, იმ ჰოსპიტლის მთავარი ექიმი. ყველა მეუბნება, ძაან გაგიმართლა, მაგასთან რომ მოხვდი, შვეიცარიაში საუკეთესო ნევროლოგების სამეულში შედისო. მარტო ოთხჯერ გადამიღეს კომპიუტერი, ათასი ანალიზი გამიკეთეს, ხერხემლიდან აიღეს სითხე, ანესთეზიის გარეშე და ისე დამისვეს დიაგნოზი. თვე-ნახევარი საავადმყოფოში ვიყავი და ვმკურნალობდი. რაღაც სხვანაირი პარკინსონი მაქვს, ეს არც გენეტიკურია, არც მუტირებული და სტრესზე ეგრევე რეაგირებს. რეაბილიტაციაზე, რაღაც ძალიან ძვირადღირებულ კლინიკაში გამიშვეს. დღესაც დავდივარ იქ. წესით, ლტოლვილებს არ ეკუთვნის ეგ სერვისი, მაგრამ ჩემმა ექიმმა რაღაცნაირად მოახერხა. ეს სამი თვე ნიკა საათობით ატარებდა გზაში, ორი საათის სავალზე იყო კლინიკა. მოდიოდა, რომ ეთარგმნა ექიმისთვის, თორემ მე არც ერთი ენა არ ვიცოდი მაშინ, მერე მიდიოდა უკან.

მაშინ დავუახლოვდით ჩვენს სოციალური სახლის შეფს, რომელსაც დღესაც რომ ვხედავ, მეტირება ხოლმე. მასთან ვმუშაობ ახლაც. წესიერად არც კი გვიცნობდა, ნიკას რომ უთხრა, საათობით გზაში რომ ხარ, ჩვენთან გადმოდი, კლინიკიდან ახლოს ვცხოვრობთ და იქიდან იარეო. სარეაბილიტაციო ცენტრიდან შაბათ-კვირას რომ გამიშვებდნენ ხოლმე, ეს უცხო ქალი, თავისი სახლის გასაღებს გვაძლევდა, მარტო იყავით და ცოტა დაისვენეთო. არ ვიცი, ამას როგორ უნდა დავუბრუნო რამე ოდესმე.

 

ერთ, პარასკევს საღამოსაც რომ მივედით, თქვენთვის ამბავი მაქვსო, გვითხრა. ბინას გაძლევენო, რაც დაუჯერებელი იყო, იმიტომ, რომ ნეგატივი გვქონდა მოსული. არ ვიცი, რანაირად მოახერხა.

ეს იყო პატარა სტუდიო, ვიწრო დერეფნით და ციცქნა აბაზანა-ტუალეტით, რომელსაც უკვე ჩვენი სახლი ერქვა. ამასობაში, ჩემმა ექიმმაც მომცა დანიშნულება, სადაც ეწერა, რომ შემიძლია ვიმუშაო, რადგან უკვე გავლილი მაქვს თერაპია, სიარულიც აღარ მიჭირდა. ჩემმა სოცმუშაკმა ეგრევე მომიძებნა სამსახური და მეორე ნეგატივიც მივიღეთ. ამას, როგორც წესი, მალე მოჰყვება ხოლმე გაფრთხილება, რომ სასწრაფოდ, ამა და ამ დღემდე დატოვო ქვეყანა. იმ დროს, მე გენეტიკურ ანალიზზე პასუხს ველოდებოდი, რომელიც თვე-ნახევარში უნდა ყოფილიყო. ვაგრძელებდით ჩვენს ცხოვრებას, ვიდრე ეს გაფრთხილება მოვიდოდა. უბრალოდ, ნეგატივის მერე სოციალურ დახმარებას გიწყვეტენ. დავრჩით მარტო მინიმალური ხელფასის ამარა. ნერვიულობისგან დამეწყო კანკალი, ისევ მიშეშდებოდა და ამტკივდა ფეხი. სამსახურშიც ახალი მისული ვიყავი. ვალაგებდი ოფისს და ძალიან მიჭირდა მუშაობა.

ერთხელ საკერავი მანქანა დავინახე და ჩემს უფროსს ვუთხარი, თუ რამეა, კერვაც შემიძლია-მეთქი. მერე სულ მაკერინებდა, ეს ბევრად იოლი საქმე იყო ჩემთვის. ამ ქალსაც რატომღაც ძალიან შევუყვარდი. ხელშეკრულებას რომ გაუვიდა ვადა, მერეც დამტოვა სამსახურში. სოციალური დახმარება რომ შეგვიწყვიტეს, იმ თვის ბოლოს, მახსოვს, კაპიკებამდე მქონდა დათვლილი ხელფასი. თბილისში ვალი მქონდა გამოსაგზავნი. ჩვენი წამოსვლის ვალები ბოლომდე კიდევ არ გვქონდა გასტუმრებული. თხუთმეტი ფრანკი მაკლდებოდა და იმას ვფიქრობდი, ვის გამოვართვა-მეთქი. ოთხასი უნდა ამეღო და ექვსასი მომცეს. ზედმეტი საათები ჰქონია მითვლილი. ეგრევე მივხვდი, ზუსტად ვიცოდი რამდენი ვიმუშავე, კალენდარზე მქონდა აღნიშნული. სულ ბღავილით წამოვედი სახლში. იქ კიდე პოლიციის წერილი დამხვდა, სასწრაფოდ დატოვეთ ქვეყანაო. მეორე დღეს წავხიკე მთელი საბუთები პოლიციაში, ვაჩვენე ექიმის დანიშნულება, რას გვერჩით, არაფერი დაგვირღვევია, ბოლო ანალიზის პასუხს ველოდებით, თვე-ნახევარი მაინც გვაცადეთ-მეთქი. ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო ამ დროს, თავიდანვე სულელურად მოვიქეცით, იმდენი ტყუილი ვროშეთ, ჩვენ თვითონვე ავიხლართეთ მერე. მარტო სიმართლის თქმა იყო, ამ დროს, საჭირო.

სამსახურშიც ვუთხარი, პოლიცია ქვეყნის დატოვებას გვთხოვს-მეთქი და მაშინვე დაწერა წერილი ჩემმა უფროსმა. მერე ჩემს პირადს ექიმსაც გავაგებინე, გაგიჟდა კინაღამ, როგორ თუ გიშვებენ, სასამართლოში მე გამოგყვებითო. წერილი იმანაც დაწერა, პაციენტის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე არ შეიძლებაო. დამავიწყდა მეთქვა, მეორე ნეგატივი რომ გავასაჩივრეთ, იმის საფასური ადვოკატების ბიურომ არ გამოგვართვა. თურმე ჩვენს ადვოკატს თვითონ გადაუხდია ეს ექვსასი ფრანკი, როცა გექნებათ, მერე დამიბრუნეთო. ცოტა ხნის წინ ვნახე რაღაც დღესასწაულზე და ნიკასთან კიდევ ნამცხვრები გამომატანა.

ჩვენ ეს ყველაფერი ბოლოს გავიგეთ. ისე ვიყავი უკვე, მართლა მინდოდა წამოსვლა. ვეღარ ვუძლებდი. რამდენი კართან ვიღაც გაივლიდა, პოლიცია მელანდებოდა. ნიკა მეუბნებოდა, ცოტა ხანი კიდევ მაცადეო. იმ დღესაც ექიმთან მიდიოდა ცნობაზე, ადვოკატმა რომ დაურეკა, აღარაფერი აღარ გჭირდება, საბუთი მოგივიდათო. არ ვიცი, რა დამემართა მაშინ, გული გამისკდებოდა მეგონა სიხარულისგან.

ეხლა ენას ვსწავლობთ და ვმუშაობთ. კიდევ ხუთი წელი გვჭირდება, რომ მუდმივი ცხოვრების და მუშაობის უფლება მივიღოთ. მერე ქვეყნიდან გასვლასაც შევძლებთ.

გვინდა აქ დარჩენა, იმიტომ, რომ უკვე ძაან გვიყვარს აქაურობა. თან არ ვიცი, ჩვენ გვიმართლებს ამ ადამიანებში თუ სულ ეგეთები არიან. ქუჩაშიც ყველა გესალმება, როგორ ხარო, გეკითხებიან. მთელ ქალაქს ვიცნობთ ეგრე. მე და ნიკასაც დაგვჭირდა იმის დამტკიცება, რომ კარგი ადამიანები ვართ. ეხლა უკვე გვენდობიან. მერე შენც გინდება, ეს იმედები რაღაცნაირად გაამართლო.

ერთადერთი, თავშესაფარი მახსენდება ცუდად, ძალიან უხეშად მოგვექცნენ იქ, მაგრამ ალბათ რთულია ეგეთი სამსახური. ხანდახან მათიც მესმის ხოლმე, ერთს შეიძლება ჩვიდმეტი ბენეფიციარი ჰყოლოდა, სულ სხვადასხვა ქვეყნიდან, არავინ ენა არ იცოდა, მიდი და გაუგე.

ქუჩაში ადამიანებს რომ ვხედავ, მგონია, რომ ყველა მათგანს მიუძღვის წვლილი იმაში, რომ დღეს ცოცხალი ვარ. თავიანთი ბიუჯეტიდან გვაჭმევენ და გვასმევენ. მე ის უძვირესი ოპერაციაც სახელმწიფომ დამიფინანსა. ასე მგონია, ახალი სიცოცხლე მაჩუქეს.

ამ ოპერაციას ყველა ქვეყანაში ვერ აკეთებენ, ვერც ჩვენთან. ექვსი საათი ვიჯექი და ვუსმენდი, როგორ მიბურღავდნენ თავის ქალას. არ დამაძინეს, ფხიზლად უნდა იყოო. ბოლომდე ძვალს კიდევ ვერაფერი აყუჩებს. ერთი ექთანი მედგა გვერდით. მთელი ექვსი საათი არ მომცილებია. სულ არ ევალებოდა იქ ყოფნა, უბრალოდ შემოგყვებიო. წინა დღეს კიდევ, ამ ექიმის სხვა პაციენტი შემხვდა, თვითონაც იგივე ოპერაცია გაუკეთებია ცოტა ხნის წინ. აბა, შენ იციო და ხელში რაღაც ჩამიდო. ეს იღბლიანი ანგელოზია, მთელი ოპერაცია მეც მუჭში მქონდა, დაგეხმარებაო. დიდი ქალია, სამოცს მიტანებული.

რამდენჯერმე კინაღამ ჩამეძინა და ექთანი მაფხიზლებდა, კიდევ ცოტაც გაუძელიო. ხან ეს ანგელოზი დამივარდებოდა და მაწვდიდა, გეჭიროსო. მერე ფოტოებს მიღებდა და ნიკას უგზავნიდა, არ ინერვიულო, ყოჩაღად ვართო. ეხლა იშვიათად, ექიმთან ვიზიტისას, შემთხვევით თუ გადამეყრება ხოლმე. ეს ელექტროსისტემა სიმპტომებს ასუსტებს, ხელს და ფეხს ბევრად უკეთ ვხმარობ, აღარ მიშეშდება. ეს იმიტომ, რომ ტვინში დოფამინის ხელოვნურად გამოყოფას უწყობს ხელს. ოპერაციიდან მეორე დღეს, გულთანაც ჩამიდგეს DBS-ის აპარატი, ასე ჰქვია. ჩავრთავ ამ აპარატს, ის კი მოძებნის პატარა ელექტრომოწყობილობებს, რაც ტვინში ჩამიყენეს, მერე ორჯერ დაიწკიპინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრს სიგნალი გადაეცა და დოფამინი გამოიყოფა. რაც გულთან მაქვს, ის ასანთის კოლოფის ზომისაა.

დედაჩემი იყო ჩამოსული ოპერაციაზე. ორი წელი არ მყავდა ნანახი. მას კიდევ, ჩემი შვილი, სანდრო არ ენახა ექვსი თვე. შარშან ჩამოვიყვანეთ. ჩემი მშობლების გაზრდილია. მაგათთან ცხოვრობდა წლები, სოფელში დადიოდა სკოლაშიც, მე რომ თბილისში ვმუშაობდი.

სანდროს გამოტანებული ნახატი ეხლაც საწოლთან მაქვს გაკრული. ნიკას მისცა, დასამშვიდობებლად სოფელში რომ ჩავედით: „ნიკა ეს შენ წაიღე, შეიძლება ვეღარ გნახო“, ზედ ეწერა. შვიდის იყო მაშინ. მე გამოსვლის წინ, ხელში გერგეთის სამებაში ნაყიდი, პატარა ღვთისმშობლის ხატი ჩამიდო, ძალით იცინოდა, რომ არ ეტირა. ორივე ცრემლებს ვყლაპავდით.

სახლი მოგვცეს თუ არა, მაშინვე ჩამოვიდა. ეხლა სკოლაში დადის, კარგად სწავლობს, მოსწონს აქაურობა. ამ ზაფხულს მამაჩემმა ჩამოგვაკითხა. ეხვეწებოდა, წამო, სოფელში, ჩვენთან იყავიო და არ გაჰყვა. აქ მინდაო. მაგრამ ყოველ საღამოს გაუმზადებდა აბაზანას ბაბუამისს, აუვსებდა წყალს, აუქაფებდა, ჩააწვენდა შიგ და მთელი საათი ზურგს ბანდა.