მსოფლიოში ყოველი მეათე ბავშვი ფსიქიკური აშლილობის სინდრომით ცხოვრობს

მანეჟში ჩვილი წევს, ფეხებს ჰაერში იქნევს და თითებს ილოღნის. მისი უფროსი და, ანა ორი წლისაა. ოთახში მარტო არიან. გოგო მანეჟთან სკამს მიაჩოჩებს, მუხლებით ზედ აღოღდება და მანეჟში ძვრება. ჩვილს თავისკენ ექაჩება, მის სახეს ხელებში იქცევს და ლოყაზე კბილებით აფრინდება. ბავშვის ტირილზე ოთახში დედა შემორბის. პატარას გამოთავისუფლებას ცდილობს, მაგრამ ანა მას თვალებში უყურებს და კბილებს უფრო ძლიერად უჭერს. 

დედა ყვირის და გოგოს აჯანჯღარებს. „ეხლავე გაუშვი! გაუშვი-მეთქი! – როდესაც ჩვილს ხელში აიყვანს, ანა მანეჟიდან ისევ იმავე გზით ძვრება და ოთახიდან გარბის. – რა უქნა ბავშვს! ნახეთ, რა უქნა!“

რაც პატარა და გაჩნდა, ყველაფერი აირია. იქ, სადაც ადრე ანას ეძინა, ახლა მისი და წევს. დედა ძუძუს აწოვებს, სულ ხელით დაატარებს, რამდენჯერაც ჩვილს ხელში აიყვანს, ანა ისტერიკულ ტირილს იწყებს, იატაკზე გორავს, ყვირის, ხელ-ფეხს იქნევს. „ეჭვიანობს, ბავშვებმა ასე იციან, პატარა რო ჩნდებაო, ყველა ამას მეუბნებოდა, – ჰყვება ნათია, ანას დედა, – მაგრამ ასე მარტივად არ იყო საქმე“.

ნათიას რვა თვის ჩვილი პედიატრთან შემოწმებაზე მიჰყავს, ექიმი სახეზე ჩალურჯებულ ლაქებს ხედავს და მიზეზს ეკითხება, ნათიას სიტუაციების აღწერას სთხოვს. მერე სასწრაფოდ დანიშნულებას უწერს უფროსი შვილისთვის – დამამშვიდებელია, დღისა და ღამის. „ხომ გესმით, ბავშვი იმ ასაკში არ არის, მასთან ფსიქოლოგმა რომ იმუშაოს“, – ეუბნება. ნათია მოგვიანებით გაიგებს, რომ ფსიქიკური აშლილობის სინდრომის გამოვლენის დროს ბავშვებს წამალს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნიშნავენ, ისიც უფრო მოზრდილ ასაკში. ფსიქოლოგი კი, 3 და 4 წლის ბავშვებთან ძალიან იშვიათად მუშაობს. ის შედეგს მხოლოდ მშობლების შვილებთან ურთიერთობის სტილის ცვლილებით, აღზრდის მეთოდების კორექციით აღწევს. 

დამამშვიდებელმა ბავშვის ქცევა მაინც ვერ შეცვალა. ისევ გამეტებით სცემდა და მოულოდნელად ესხმოდა ხოლმე თავს პატარა დას. ახლობლები ეუბნებოდნენ, რომ ეს მალე გაივლიდა, რომ ბავშვი სიარულს დაიწყებდა და მერე ერთადაც შეძლებდნენ თამაშს. 

„როგორც კი ლაპარაკი დაიწყო, პირველი ის თქვა, მინდა ელენე აღარ იყოსო. მართლა უნდოდა, ვხედავდი ამას, მაგრამ ვერაფრით ვუხსნიდი მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომ ეს ჩვეულებრივ ეჭვიანობის სცენებზე უფრო სერიოზული რამე იყო“. წლები გავიდა ასე. იყო შედარებით მშვიდი ეპიზოდებიც, როდესაც თვითონ ნათიასაც ნაკლებად დატვირთული პერიოდი ჰქონდა და შვილებს შორის ურთიერთობასაც უფრო აკონტროლებდა. მერე პატარებიც გაჩნდნენ, ერთიმეორის მიყოლებით. შვიდნი არიან. უმცროს და-ძმას ანა ისე აღარ ერჩოდა, მაგრამ დედის მიმართ გაუჩნდა პროტესტი. ყველაფერში ეწინააღმდეგებოდა, თითქოს ღალატისთვის სჯიდა, შურს იძიებდა. ანას მთელი ღამეები არ ეძინა. ასეთ დროს დედა ვალერიანის კაფსულებს აძლევდა. „მგონი, პლაცებოს ეფექტი იყო. ამბობდა, უკეთ მძინავსო, მაგრამ ორ დღეში ისევ იგივე მეორდებოდა“. ბავშვი უძილობისგან იფიტებოდა, ხანდახან სკოლაშიც ვერ მიდიოდა. მერე შიშები დაეწყო, ობობას ხსენებაზეც ისტერიკულ კივილს იწყებდა. ნათიას ანა პედიატრებსა და ნევროლოგებთან დაჰყავდა, ასრულებდა ექიმების დანიშნულებას, წამლებსაც ასმევდა. უბრალოდ, მის ძალისხმევას არავითარი შედეგი არ ჰქონდა. ბოლოს, ახლობლის რჩევით, თბილისის კრიზისული ინტერვენციის ცენტრში მივიდა. 

პირველი, რაც იქ ასწავლეს, მორიგების და წახალისების გზები იყო: თუ შენ ამას გააკეთებ, აუცილებლად წავალთ ნაყინზე, ან მოდი, ჯეირანი ვითამაშოთ და ვისაც გაუმართლებს, ის დაჯდეს დედას გვერდით მანქანაში. „სულ მეგონა, რომ გაიზრდებიან და მერე ყველაფერს თავისით მიხედავენ, – ამბობს ნათია, – მაგრამ გახდა 10 წლის და ისევ ვჩხუბობდი ხელ-პირის დაბანაზე, დალაგებაზე. ყველაფერზე“. პირველად „თბილისი კის“-ში გააცნობიერა, რომ მშობლის მთავარი იარაღი ნებისყოფა იყო. იქ გაიგო, რომ ბავშვებს მონოლოგების მოსმენა და გრძელი დარიგებების აღქმა არ შეუძლიათ. მოკლე, ორსიტყვიან ინსტრუქციებს იმახსოვრებენ და, რაც მთავარია, მაგალითებით სწავლობენ. „შევეტენებოდით ხოლმე დილით აბაზანაში და ერთად ვიხეხავდით კბილებს. მე ვაჩვენებდი ყველას ერთად და სათითაოდ, რა, როგორ უნდა გაეკეთებინათ. მგონი, ორი კვირა დაგვჭირდა და ბოლოს ისწავლეს. ეს ჩემთვისაც ისეთი სიახლე იყო. დავინახე, რომ მთავარი პრობლემა ჩემში იყო – უდროობაში, უნებისყოფობაში, საკუთარი პრობლემებით გადატვირთვაში“.

ცენტრში, ქცევითი და ემოციური აშლილობის სიმპტომების სამართავად ანამ, დედასთან ერთად, კოგნიტური და ბიჰევიორული თერაპია გაიარა, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. შემდეგ ჩართეს ხელოვნებითი თერაპიაც, ეს უკვე აღარ ფინანსდება. არის აშლილობები, მაგალითად, დისლექსია, რომელიც საერთოდ არ ხვდება სახელმწიფო პროგრამაში. 

მედიკამენტი ანასთვის აღარ დაუნიშნავთ. მალე ისიც აღმოაჩინეს, რომ დახმარება ელენესაც სჭირდებოდა. ნათიას აუხსნეს, რომ ბავშვი წლების მანძილზე მსხვერპლის როლში იყო, საკუთარ ძალებში დარწმუნება აკლდა, ბოლოს კი, ჭარბწონიანობამაც შეაწუხა. სიმსუქნის გამო აბუჩად იგდებდნენ, ძალიან ჩაიკეტა.

„საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ ანასი მეშინოდა. როცა ვხედავდი, რომ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, მეშინოდა მისი უკონტროლო რეაქციების, ამიტომ ვცდილობდი, ყველა მისი სურვილი ამესრულებინა. და ელენე სულ დამეკარგა. მისი სიჩუმე, მისი მორჩილება ანასთან ურთიერთობას მიადვილებდა. მერჩივნა, ელენეს დაეთმო და მასაც ჩემსავით, ანას ყველა სურვილი შეესრულებინა“.

ოთხთვიანი ფსიქოთერაპიის შემდეგ, ელენესაც დაეტყო ცვლილება. თერაპევტებს მისთვის ჭამა, სხვა სიამოვნების წყაროთი უნდა ჩაენაცვლებინათ. ასე მიაგნეს ხელსაქმეს – ელენეს ქარგვა, ხატვა, კერვა, აპლიკაციების კეთება მოსწონდა. სახლში ფერადი ძაფები, მაკრატლები, ქაღალდები, ბისერები მიუტანეს. მერე ხელგარჯილობის წრეზეც დაიწყო სიარული. მანამდე ანასთან ერთად ტანვარჯიშსა და ინგლისურზე დაჰყავდათ. ორივეგან ტირილ-ტირილით მიდიოდა. ანას მის შეცდომებზე სულ ეცინებოდა, სხვების თვალწინ აბუჩად იგდებდა. ჯგუფში ისედაც ასაკით ყველაზე პატარა, კიდევ უფრო დაითრგუნა. „მანამდე ძალიან ბევრ რამეს ისე ვაკეთებდი, როგორც ჩემთვის იყო მოსახერხებელი. არ მქონდა დრო და ამიტომ წრეებზე ერთად დამყავდა. ხომ გესმით? ყველაფერს ჩემს თავზე ვირგებდი. ამ დროს, პირიქით იყო საჭირო“.

ახლა ოჯახში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდი პერიოდი აქვთ. დების ურთიერთობაში ძალადობა გაქრა, ანას სინდრომებმა სიმძაფრე დაკარგა. სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა, ბევრი მეგობარი ჰყავს. ელენეც გაიხსნა, ხელგარჯილობაზე დადის, უფრო ლაღი გახდა. აქამდე რომ მისულიყვნენ, ბევრი იარეს. პედიატრიდან პედიატრთან, წამლიდან წამლამდე, რაც მთავარია, უშედეგოდ, შეცდომებით. სწორ გზას დიდხანს ვერ მიაგნეს. 

ფსიქიკური აშლილობის მართვა სიტუაციის კომპლექსური ანალიზითა და სწორი დიაგნოზით იწყება. ვიდრე XX საუკუნის პირველ ნახევარში ახალი მიმართულება – ბავშვთა ფსიქიატრია გაჩნდებოდა, ბავშვებს ზრდასრულებივით მკურნალობდნენ. დღეს, მათ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს უსვამენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მწვავე ეპიზოდი რამდენჯერმე მეორდება, გამოვლენილი ნიშნები კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ქრება. ყველაზე დამაბნეველი ისაა, რომ ბავშვების ფსიქიკური აშლილობებისთვის დამახასიათებელი ერთი და იგივე სინდრომი შეიძლება სხვადასხვა დაავადებას ახასიათებდეს და გამოვლენისთანავე მისი რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირება არასწორი მკურნალობის რისკებს ზრდის. ამიტომ, ბავშვთა ფსიქიატრიაში ებრძვიან სინდრომს და არა დაავადებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბავშვის ქცევითი და ემოციური აშლილობა მძიმე ფსიქიკურ დიაგნოზს უკავშირდება, დაავადების განვითარებაზე დაკვირვება და სიმპტომების გადამოწმება მაინც რეგულარულად ხდება. მთავარი ნიშნების დროული ამოცნობაა. 

მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან, როდის გადასცდება ქცევა ნორმას. ფსიქიატრები ამბობენ, რომ ხდება ასეც: ბავშვის განვითარებისთვის სრულიად ნორმალური ქცევა მშობლებმა შეიძლება საგანგაშოდ ჩათვალონ, ან, პირიქით, გამოხატულად დევიაციური ქცევა უგულებელყონ. კიდევ უფრო რთულია მცირეწლოვანი ბავშვის განცდების, შფოთების წაკითხვა, რადგან ისინი ემოციებს არა სიტყვებით, არამედ ქცევით გამოხატავენ. ამერიკელი ფსიქოლოგების ასოციაციის კვლევის მიხედვით, ბავშვები, ვისაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ, უფრო იშვიათად იღებენ მკურნალობას, ვიდრე ზრდასრული ადამიანები, რადგან მშობლების უმეტესობას უჭირს დაინახოს საზღვარი ბავშვის ნორმალურ ქცევასა და ქცევით ან ემოციურ აშლილობას შორის. 

ბავშვებში სულ სხვაგვარად იშიფრება სიმპტომებიც. მაგალითად, თუკი ზრდასრული ადამიანი დეპრესიის დიაგნოზით დაუძლეველ სევდას, მოწყენილობასა და უიმედობას განიცდის, დეპრესიული ბავშვი შეიძლება განსაკუთრებულად ჰიპერაქტიული იყოს, ან იოლად ღიზიანდებოდეს. 

შიშები, შფოთი, გაღიზიანება, აგრესია, რომელიც ნებისმიერი ბავშვისთვის ნორმალური ქცევაა, სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის სიმპტომი მაშინ ხდება, როდესაც მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა იზრდება. ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელებული მოწყენილობა, ხასიათის სწრაფი და რადიკალური ცვლილება, უძილობა, მუდმივი შიშები და შფოთი, უკონტროლო ქცევა, გადამეტებული აგრესია, სხეულის განზრახ დაზიანება, კონცენტრაციის პრობლემა, წონის მოულოდნელი მატება ან კლება და სხვა სიმპტომები მშობლისთვის შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს და ამის შემდეგ უნდა გაუმართლოს, რომ გონიერ ექიმს შეხვდეს.

თანამედროვე ფსიქიატრიაში, ბავშვის სწორი დიაგნოსტირებისთვის, მნიშვნელოვანია არა მარტო თავის ტვინის ფუნქციების შეფასება, არამედ მთელი გარემოს გააზრება. „თბილისი კის“-ის გუნდიც სწორედ ამგვარ დიაგნოსტიკას ეყრდნობა. ერთობლივად – ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და სოციალური მუშაკი – ბავშვის ქცევითი აშლილობის გამომწვევ მიზეზებს კომპლექსურად ეძებენ: რას სთხოვენ უფროსები პატარას, რას ელიან მისგან, რას ჭამს საუზმეზე, არის თუ არა დამოკიდებული ციფრულ მოწყობილობებზე, როგორ და ვისთან თამაშობს. ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. პირველი კი, რაც აუცილებლად უნდა გამოირიცხოს – ნებისმიერი ფორმის ძალადობაა. 

ხათუნასთვის ის ზარი მეხის გავარდნასავით იყო. მთელი 15 წელი არაფერი შეუნიშნავს. ირინა საუკეთესო მოსწავლე იყო, ჩვეულებრივი მოზარდი, ჯიუტი, „მაგრამ ძალიან თბილი ბავშვი“. ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონია. ხათუნამ დღემდე არ იცის, საიდან გაჩნდა სიმპტომები და რამ შეუწყო ხელი ფსიქოზის ჩამოყალიბებას.

 

* * *

სოფელშია მამასთან. მიწა გვალვისგან დამსკდარია, მთელი თვეა არ უწვიმია. ღია ფანჯრიდან გამხმარი ბალახის სუნი შემოდის. საწოლზე ზის, უცბად პანიკა რომ იპყრობს. სტატია ახსენდება. ადრე წაიკითხა. სადღაც გოგო მოკლეს. ორგანოები ამოაცალეს და გაყიდეს. ახლა მასთან მოდიან. სადაცაა კარს შემოაღებენ და წაიყვანენ. ფეხის ხმაც ესმის. ყვირის, მამიდას, მერე ბებიას ეძახის. ვერ ამშვიდებენ. 

„ხმები მეუბნებიან, რომ ისინი უკვე აქ არიან. მეუბნებიან, ეხლა წადი, იქ დაიმალე“, – ჰყვება ირინა. ამ ზაფხულს 15 წლის იყო. 

ბიძაშვილის ხმა გაქცევის გზებს ასწავლის. სოფელში გამორბის და მარშრუტკას აჩერებს. შუაში ჯდება. ფანჯრიდან მაინც ყველაფერს ხედავს. დემონები უკან მოსდევენ. „სულ ოთხი ხმა იყო. მამაჩემის, დედაჩემის, ბიძაშვილის და კიდევ ერთი ნათესავის“.

მამიდა დედას ურეკავს. დედა ტელეფონით უხსნის, რომ ეს მისი წარმოსახვაა, რომ არავითარი ხმები არ არსებობს. დედასი სჯერა. 

ხმები ისევ ელაპარაკებიან. ღამეები არ სძინავს. რამდენიმე დღეში ძალა ეცლება, იფიტება, თვალებიც ეხუჭება, მაგრამ ვერ დუნდება. მამას და მამიდას თბილისში ჩამოჰყავთ და ფსიქოლოგთან მიდიან. „ისეთი არაფერი, გადაღლილობაა“, – ეუბნება ექიმი. ირინას მკურნალობას უნიშნავს. ორი მედიკამენტის დალევას იწყებს. ელოდებიან. „და არანაირი შედეგი“. წამლები არ შველის. უკვე მეორე კვირა დაიწყო, რაც არ უძინია. ძლივს დალასლასებს. 

მეორე დილას ბავშვთა ფსიქიატრთან მიდიან, კლინიკაში, თემქაზე.

უკვე წასასვლელად ემზადებიან, როდესაც ურჩხული ჩნდება. ირინამ იცის, რომ მკვდარია. ცოცხლები ურჩხულებს ვერ ხედავენ.

აივანზე გადის და მოაჯირზე ძვრება. სარეცხის თოკიდან კაბას სამაგრებს ხსნის და ძირს აგდებს. უყურებს, როგორ ეშვება ნელ-ნელა ბალახზე. ეს ხო შენი კაბაა? ახლავე ამოგიტან. ყრუდ ესმის მეზობლის ხმა. ძირს იყურება. ცალი ფეხით უკვე მეორე მხარესაა. მალე ყველაფერი გაქრება. ურჩხულებიც, ლანდებიც. იქ ხმებიც ვეღარ მისწვდებიან. 

„ოთახში, ტელეფონზე ვლაპარაკობდი, მეზობლის ხმა რომ გავიგე, – ამბობს ხათუნა, ირინას დედა, – ფანჯარაში გავიხედე და გავაგდე ტელეფონი ხელიდან. ბეწვზე მივუსწარი. ჭიდაობისგან მკლავები სულ ჩაშავებული მქონდა. არ ვიცი, როგორ მოვერიე, ისეთი ძალა ჰქონდა“.

„ეტყობა, დემონებისგან“, – ირინას ეცინება.

ბავშვთა ფსიქიატრი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანა ჭუმბურიძე, ჩივილებს ისმენს, დედას და მამიდას უხსნის, რომ ბავშვს კლინიკაში დარჩენა დღესვე მოუწევს.

მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიის დეპარტამენტი ერთადერთი კლინიკაა, სადაც ბავშვებს სტაციონარულად მკურნალობენ. იქ სულ 12 საწოლია. ყველაზე პატარა პაციენტი, 5 წლის ბიჭი იყო. იქ ბავშვებს მხოლოდ უკიდურესად მწვავე მდგომარეობისას აწვენენ და კლინიკიდან წერენ მაშინვე, როგორც კი სიმპტომების მართვა ოჯახის პირობებშიც ხდება შესაძლებელი. ანა ჭუმბურიძე ამბობს, რომ ამიტომ თავისუფალი საწოლები ყოველთვის არის. 

დეპარტამენტს სახელმწიფო აფინანსებს. კლინიკა სრულად უზრუნველყოფს პაციენტების მედიკამენტებსა და ნებისმიერი სახის კვლევას. თუმცა, არამედიკამენტოზურ მკურნალობას, ფსიქოთერაპიების კურსებს სახელმწიფო აღარ ფარავს. ირინას უხსნიან, რომ მერე, როცა სახლში წაიყვანენ, ფსიქოთერაპიაც დასჭირდება.

ირინას ექიმის ლაპარაკი შორიდან ესმის. ოთახში ექთანი შემოდის. დედა და მამიდა ეხვევიან, კოცნიან და ექიმის კაბინეტში რჩებიან, ირინა პალატაში გაჰყავთ. საწოლზე აწვენენ და პირველ ნეიროლეპტიკს უკეთებენ. ორი კვირის შემდეგ პირველად იძინებს. 

ყვირილის ხმა ესმის. იქვე ახლოს ბავშვი ტირის. უცხო ოთახში თავს მშვიდად ვერ გრძნობს. იცის, გვერდით პალატაში სხვა ბავშვებიც არიან. ისინი ხმაურობენ. შეიძლება წამალს ასმევენ. თვითონაც უნდა, რომ იყვიროს, მაგრამ ძალა არ აქვს. საწოლიდან წამოდგომა უჭირს. მთელი სხეულით ცახცახებს. „სახელურს ხელს ვერ ვკიდებდი, ისე მიკანკალებდა. მეორე ღამეს ვერც დავიძინე. ხმები მაინც მესმოდა. მეგონა, ექიმები ძაღლად გადამაქცევდნენ. იმასაც მეუბნებოდნენ, რო ჩემ ტვინს ვიღაც სხვას გადაუნერგავდნენ. წამლებს მირჩევდნენ და პირველი არ მომიხდა. ეს მახსოვს“.

ფსიქიატრი რიჩარდ ფრიდმანი ამბობს, რომ ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისას მედიკამენტის შერჩევა მონეტის აგდებას ჰგავს. არ იცი, გაგიმართლებს თუ არა. აშლილობების ნიშნების კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირება, შემდეგ კი ნეიროლეპტიკებზე ბავშვების რეაქციებზე დაკვირვება ძალიან რთული და მტკივნეული პროცესია. ექიმებს მედიკამენტის შერჩევა მხოლოდ ბავშვის რეაქციაზე დაკვირვებით შეუძლიათ, რაც შესაძლოა კვირების განმავლობაშიც გაგრძელდეს. „საშინელება იყო, – ამბობს ირინა, – ეს კანკალი და გაბრუება კიდევ რამდენიმე დღეც რომ გაგრძელებულიყო, მოვკვდებოდი“.

კვლევები მოწმობს, რომ ხანდახან ფსიქიატრები ბავშვებს ნეიროლეპტიკებს არა მხოლოდ მწვავე ფსიქოზური მდგომარეობის, არამედ ქცევითი და ემოციური პრობლემების დროსაც კი უნიშნავენ. დღესაც, 2000-იან წლებში, მედიკამენტოზური მკურნალობის შემთხვევები ისევ ხშირია, განსაკუთრებით, იმ ბავშვებში, ვინც დაბალშემოსავლიან ოჯახებში ცხოვრობენ. 

„მედიკამენტების დანიშვნისას პირველ რიგში ამ კითხვას უნდა უპასუხო: რა უფრო დააზიანებს ბავშვს – მედიკამენტი თუ სიმპტომის მოუხსნელობით გართულებული დაავადება“, – ამბობს თინა მეზვრიშვილი, ფსიქიატრი. 

ახალმა მედიკამენტმა ირინას განწყობა შეუცვალა. სხვა ხმები მოვიდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მის გადასარჩენად ანგელოზები იბრძოდნენ. მთელი სექტემბერი ეჩურჩულებოდნენ. ცახცახმა იკლო. გაშეშებული ხელიც ნელ-ნელა მოდუნდა. ღამით ეძინა. „ბავშვი კლინიკაში ერთ კვირაში გონს მოვიდა, – ამბობს ხათუნა, – ჩვენ ყოველდღე მივდიოდით და მოვდიოდით. იქ დარჩენა არ შეიძლება“. 

ირინას ახსოვს, მესამე დილას რომ გაიღვიძა, პალატაში ბიძაშვილი დახვდა, თავისი შვილით. ბევრი ილაპარაკეს. „გამიხარდა, რო მნახა. ძალიან ბედნიერი ვიყავი“. როცა მოიწყენდა, დედას ან მამიდას ტელეფონზე ურეკავდა. სეირნობდა დერეფანში, ან იჯდა საათობით და ფანჯრიდან იყურებოდა. უმეტესად მაინც ეძინა. 

კლინიკაში ბავშვები ყველაზე დიდი ხნით, ოცდაერთი დღე რჩებიან. შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებენ და ექიმთან შემოწმებაზე რეგულარულად დადიან.

ირინას პირველი ფსიქოზური ეპიზოდი ივლისში ჰქონდა. რამდენიმე თვეში, ექიმთან ვიზიტებს შორის შუალედი გაიზარდა, წამლების დოზამაც იკლო. ოქტომბერში უკვე სკოლაშიც მივიდა. თავიდან კონცენტრაცია, განსაკუთრებით კი, კითხვა და დამახსოვრება უჭირდა. „რომც ვერ მესწავლა, – ამბობს ირინა, – სკოლაში მაინც უნდა წავსულიყავი. ძალიან მეხმარებოდნენ მასწავლებლები. მეც ვეცადე და დავეწიე პროგრამას“. ცურვაზე სიარული დაიწყო. ახალი მეგობრებიც გაიჩინა. თვითონ აღარაფრის ეშინია. „ჩვენ კიდე სულ ვეკითხებოდით ანა ექიმს, ხომ ისევ ისეთი ბავშვი იქნება-თქო, – ამბობს მამიდა, – ის კიდე გვაწყნარებდა, ირინას უბრალოდ დრო სჭირდებაო“. 

მწვავე ფსიქოზური სიმპტომები ირინას წამალმა მოუხსნა, თუმცა მის სრულ რეაბილიტაციას ფსიქოთერაპიაც სჭირდება. ოჯახს ფინანსური პრობლემის გამო, მედიკამენტების გარდა, სხვადასხვა სახის სერვისზე ხელი არ მიუწვდება. 

ცენტრები, სადაც ბავშვებს კომპლექსურ, მრავალფეროვან თერაპიის კურსს შესთავაზებენ, ქვეყანაში სულ სამია – ყველა დედაქალაქში და ბოლომდე თბილისში მცხოვრებ ბავშვებსაც ვერ სწვდება. ბევრი ბავშვი სტატისტიკაშიც ვერ ხვდება, რადგან უსახსრობის ან იმის გამო, რომ რეგიონებში ცხოვრობენ, ცენტრებს ვერ აკითხავენ. „ოცდაათ, მაქსიმუმ ოცდათხუთმეტ ბავშვთან შეგვიძლია ერთდროულად მუშაობა. გაცილებით ბევრად მეტია მოთხოვნა. ჩვენთან სულ მომლოდინეთა გრძელი რიგებია“, – ამბობს ქეთი აბდუშელიშვილი, ფსიქიატრი, „თბილისი კის“-ის ხელმძღვანელი. 

ბავშვები, ვინც რეგიონებში ცხოვრობენ, არათუ ფსიქოთერაპიის გავლას, ხშირად, ფსიქიატრთან კონსულტაციასაც ვერ ახერხებენ. რეგიონების ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში, ბავშვთა ფსიქიატრიც იშვიათად ჰყავთ და მშობლებს კონსულტაციაზე შვილები თბილისში დაჰყავთ.

ცენტრები და პროგრამები, რომლებიც აშლილობების ადრეულ ასაკში გამოვლენასა და მათ მართვაზე მუშაობენ, მოთხოვნას განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ ფარავენ. ბრიტანული კვლევა აჩვენებს, რომ ხშირად, ფსიქიკური პრობლემების საფუძველი სწორედ ბავშვობაში შეუმჩნეველი და უგულებელყოფილი ქცევითი და ემოციური აშლილობებია. არადა, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ბავშვების უმეტესობა თერაპიის გარეშე რჩება. 

„როცა ხედავ, რომ ერთი შვილი მეორის მოკვლას ცდილობს, ისე გეშინია, გინდა, გაიქცე და სადმე გადაიკარგო. მაგრამ შორს ვერსად მიდიხარ. დგები სარკესთან და რამდენჯერმე იმეორებ იმას, რისი აღიარებაც ყველაზე მეტად გიჭირს. ნელ-ნელა შიში ქრება და მოქმედებას იწყებ“, – ამბობს სალომე. მის რვა წლის გოგონას უკვე მესამე წელია, ქცევითი და ემოციური აშლილობის სინდრომები აქვს. 

 

ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი