ზაზას პირადად სულ რამდენჯერმე შევხვდი. სამი მახსენდება განსაკუთრებით კარგად. პურპურში, მაშინ პირველად ვნახე სალომესთან ერთად, და კიდევ ორჯერ - ჩვენთან. მას მერე, როცა ჩემი აივნიდან პირდაპირ მდგარ კორპუსში მღვდლის ჩარაზულ ფანჯრებს ვუყურებ ხოლმე, ზაზას შეკითხვა მახსენდება: "გოგო, და რატომ გაუკეთა ეს გისოსები, ეშინია, ეშმაკი არ შეუფრინდეს?"

"ტურისტის საუზმის" შავ ყდაზე ოქროსფერი ბორჯღალი ბრდღვიალებს. ამ წიგნში ერთადერთი უმანკო არსებაა - 2 წლის ალისა ტიჰირო, რომელიც პლასტმასის ვედროში ბერლინის სკვერებში დაყრილ მკვდარ ჩიტებს აგროვებს. მთელი წიგნი ზმანებასავითაა - მისი გმირები, რომლებიც რეალური ადამიანების ნიღბებს ატარებენ, ზაზას ხილვებით შექმნილი მულაჟებია.

"ტურისტის საუზმე" - ესაა ჰიპერტექსტი, რომელსაც ეფექტური დასაწყისიც აქვს და შემზარავი დასასრულიც, მაგრამ იმდენი გასასვლელი აქვს პარალელურ რეალობებში, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კითხვას საიდან დაიწყებ, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი კარგი ფსიქოდელიური თრიფი გელოდება.

რაღაცნაირი ვაჟკაცობა უნდა გქონდეს ადამიანს, რომ აღიარო, ზაზა ბურჭულაძეცა და მისი წიგნიც ძაან მაგრები არიან. ცალსახა შეფასებებისთვის ორივე რთულად მოსახელთებელია, სულ ხელიდან გისხლტებიან. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს და ძვირფასს მიაგნებ, გახსენდება, რომ ზაზას ზურგს უკან ნიჩურტი აქვს.

რომ გავიზრდები, მინდა ვიყო პატარა ბიჭი
ჯოზეფ ჰელერი, „ხაფანგი 22“

ნინო: როდესაც იწყებ „ტურისტის საუზმის“ კითხვას, თავიდანვე ცხადი ხდება, რომ საქმე ზაზა ბურჭულაძის ავტობიოგრაფიასთან გაქვს, თუმცა, მეორე მხრივ, ტექსტი ისეა დაწერილი, რომ ბოლომდე ვერასდროს მიხვდე, მოყოლილი ამბები გამოგონილია თუ რეალური. ჰოდა, რა შევიდა ამ წიგნში – შეთხზული ისტორიები თუ მომხდარი ფაქტები?

ზაზა: ნებისმიერი მონაყოლი უკვე ტყუილია, როგორც ნიცშე ამბობს: „არ არსებობს ფაქტები, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაციები“. ასე რომ, რა არის ეს? რა თქმა უნდა, გამონაგონია. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ჭეშმარიტებაა. ეს არის ჩემი ჭეშმარიტება. როგორ შეიძლება რამე არსებობდეს ჩემი ემოციების, ჩემი გამოცდილების გარეშე? მე ვიტყოდი, ეს ბიოგრაფია კი არა, უფრო საიდენტიფიკაციო ცნობაა, რომელიც სხვისთვის ფუჭი დოკუმენტია, იგი არავის არგია. „ტურისტის საუზმე“ მხოლოდ ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ფრაგმენტებისა და დეტალების მოფრთხილება, მათი მოვლა და მათზე ზრუნვაა.

პირადად მე ბერლინი უფრო მაღელვებს ცის ქვეშ, ვიდრე ცა ბერლინის თავზე.

თბილისში ვიყავი მზეჭაბუკი, ბერლინში ვარ მზეთუნახავი. ნაწვეტი წიგნიდან "ტურისტის საუზმე"

ნინო: რატომ მოხვდა ტექსტში, მაგალითად, შარლოტენბურგის „ტეკამაქსიდან“ შვეიცარიული „ბალის“ საფულის მოპარვის პასაჟი, შენ მართლა იქურდე თუ ამით იმის თქმა გინდა, რომ ზაზა ბურჭულაძე ამაზე წამსვლელია?

ზაზა: ნებისმიერ პასაჟზე შეიძლება იგივე იკითხო: კი მაგრამ, ეს ნამდვილად იყო? ჩემთვის იყო, რა თქმა უნდა, იყო. ყველაფერი იყო. უფრო მეტიც, რაც ტექსტში არ მოხვდა, ისიც იყო. მე ეს განვიცადე, მე ეს ყველაფერი მესიზმრა. ეს ჩემი რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობ.

ნინო: როდესაც წერ, ალბათ პირობითია ის, თუ სად ხარ, მაგრამ ეს პირველი წიგნია, რომელიც საქართველოდან წასვლის შემდეგ, ბერლინში დაწერე. რა შეგრჩა წერის დასრულების შემდეგ, რა დაგიტოვა პირადად შენ „ტურისტის საუზმემ“?

ზაზა: დანტე რომ არ გაეძევებინათ ფლორენციიდან, გვექნებოდა კი „ღვთაებრივი კომედია“? არა მგონია. უნდა მოვმწყდარიყავი იმას, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, რომ მასზე დამეწერა გულწრფელი ტექსტი. „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები“. დისტანცირება იყო საჭირო. მგონი, ამას თბილისში, უბრალოდ, ვერ შევძლებდი.

ნინო: როგორი ცინიკურიც უნდა იყოს ეს წიგნი, იგი საქართველოსთვის სიყვარულის ახსნაა. ერთი შეხედვით, ეს ტექსტი არქეტიპულად ძვირფასის დეკონსტრუქცია და, ამავე დროს, შენი ძალიან ცალსახა, მკაფიო იდენტიფიცირებაა ქართველობასთან. ყოველთვის იცოდი, რომ საქართველო, თბილისი ძალიან გიყვარდა თუ ეს ბერლინში აღმოაჩინე?

ზაზა: დრო გჭირდება მისახვედრად, ვინმე ან რამე გიყვარს, თუ ჩვენში არსებულ სიყვარულს თავიდანვე ვიაზრებთ? არ ვიცი. ვერ ვიტყვი, რომ ამის გააზრებაში მაინცდამაინც ბერლინი დამეხმარა. უბრალოდ, სასარგებლო აღმოჩნდა დისტანცირება. თბილისი ფანტომური ტკივილივითაა ჩემთვის, როგორც ამპუტირებული კიდური. შეიძლება თითი არ გქონდეს, მაგრამ გექავებოდეს. თბილისი ჩემი ნერვული დაბოლოებასავითაა. ასეა თუ ისე, ბერლინში მივხვდი, რომ მე ვარ ქართველი.

მთელი ეს ტექსტი რაღაცნაირი სევდიანი კარნავალია, თუ ვინმე შემოვა ამ კარნავალში და ისიც მიიღებს მონაწილეობას, ნიღაბს გაიკეთებს და გაერთობა, მე ბედნიერი ვიქნები.

ნინო: წიგნის თითქმის დასაწყისში წერ – „რა ხანია ბერლინში ვცხოვრობ, რომელიც ყველასთვის მუდამ ღიაა, როგორც მორიგე აფთიაქი, მაინც განცდა მაქვს, რომ თბილისში ვარ. რაც დრო გადის, მით უფრო მძაფრად ვგრძნობ, რომ წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული“. რა არის, რას ემთხვევა შენთვის ქართველობა?

ზაზა: ერთ-ერთი მთავარი საიდენტიფიკაციო ნიშანია ჩვენი ლტოლვა უბედურებისკენ. ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ადამიანის უმაღლეს ღირებულებად მოტანილია სიცოცხლე, თავისუფლება და ლტოლვა ბედნიერებისკენ, რაც თავისთავად ჯონ ლოკის მოსაზრების შეკუმშული ვერსიაა. თუმცა ჩვენ სულ სხვა აზრი გვაქვს ამაზე, როგორც ზოგადად ყველაფერზე. პირველ ორზე, სიცოცხლესა და თავისუფლებაზე, კიდევ შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ მესამე სრულიად უკამათოა – „ლტოლვა უბედურებისკენ“. ესაა ჩვენი უმაღლესი ღირებულება. მაგრამ პირადად ჩემთვის მთავარი საიდენტიფიკაციო ნიშანი ენაა. ჩემთვის ქართველობა არის ქართული ენა. მე ეს ენა მიყვარს, მე ამ ენაში ვარ. მე ვარ ეს ენა.

ნინო: კონცეფცია – „ვიტანჯები, მაშასადამე ვარსებობ“, რომელსაც შენს ტექსტში ავითარებ, და ამბობ, რომ ქართველები ტანჯვითა და ტანჯვაში პოულობენ ბედნიერებას, პერსონალურად შენზეცაა, როგორც ქართველზე?

ზაზა: მე თუ არ ვიტანჯები, დისკომფორტი მაქვს, მეტიც, მეეჭვება ხოლმე, რომ ვარსებობ, და თუ ვარსებობ, რატომ, რისთვის? ეს შეკითხვა ისედაც სულ თავს დამტრიალებს, მაგრამ, თუ არ ვიტანჯები, მაშინ სიცოცხლე ჩემთვის ფუჭი, არადამაჯერებელი ხდება. მე ვარ საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანი, მე ვიცი რას ნიშნავს გამოიგონო პრობლემები და მერე გმირულად გაუძლო მათ. მე მიყვარს ბუზიდან სპილოს შექმნა. ეს ისეა, მაილს დევისი რომ ამბობს „ავტობიოგრაფიაში“:

I would look into the mirror and see a whole fucking movie, a horror movie. 

ნინო: „ტურისტის საუზმე“ ძალიან ირონიული ტექსტია, მკაფიოდ ვერ იტყვი, რაღაცას სერიოზულად ჰყვები თუ მასხარაობ, შენ ყველას და ყველაფერს დასცინი, დაწყებული ჰუმბოლდტჰაინის ციყვებიდან, დამთავრებული საკუთარი თავით. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს, თვითირონია იარაღია შენთვის, იარაღი დაუსჯელად დარჩენის.

ზაზა: ალბათ. ეს ჩემი ინსტინქტია, რაღაც თანდაყოლილი რეფლექსივით, ნიჩურტია ერთგვარი. დროულად ნახმარი ნიჩურტი კი იგივე ხმალია. ჰოდა, ალბათ ასეცაა. მაგრამ მთელი ეს ტექსტი რაღაცნაირი სევდიანი კარნავალია, თუ ვინმე შემოვა ამ კარნავალში და ისიც მიიღებს მონაწილეობას, ნიღაბს გაიკეთებს და გაერთობა, მე ბედნიერი ვიქნები.

ნინო: მგონია ხოლმე, რომ შენი წიგნები პერსონალურად ქართველებისთვის იქმნება, თითქოს ზედ აწერია კიდეც, ვაგზავნი ამა და ამ მისამართზე, გადაეცით ამას და ამას პირადად, ხელში. როგორ იგებ ბერლინში აქაურ ამბებს?

ზაზა: ამ ამბავში ჩემი კურიერი სალომეა და ისიც გაფრთხილებულია, რომ მაქსიმალურად გაფილტრული ინფორმაცია მომაწოდოს. და თუ რამე ექსტრაორდინარული არ მოხდა, უბრალოდ, ვერ ვიგებ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, ნამდვილი შედევრი, ბოლო მომენტში ამოვიღე ტექსტიდან, რაზეც ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ამოვიღე შეგნებულად, იმიტომ რომ, იმდენად დიადია ეს ისტორია, რომ მთელ ტექსტს ანგრევდა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტივენ კინგის რომანივით იწყებოდა სიუჟეტი: „ჩიკო – ასე ჰქვია თუთიყუშს, რომელიც ლაპარაკობს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლოცვებსაც კითხულობს“. ეს ხომ ნამდვილი კოლოსია! მოკლედ, ვინმე მამა აკაკის ეს ჩიტი ჰყავდა გალიაში, რომლის კარიც ერთხელაც ღია დარჩა და ჩიკოც გაფრინდა. ჰოდა, ბევრი იფრინა თუ ცოტა, ბოლოს ჩიტი ერთ-ერთ თბილისურ ოჯახში ფანჯრიდან შეფრინდა. შეფრინდა და ლოცვების კითხვაც დაიწყო. ამბავი იმით დამთავრდა, რომ იმ კორპუსში ბევრი მოექცა. წარმოიდგინე, თუთიყუში რომ მოგაქცევს, რამდენად ძლიერია შენი რწმენა... ეს ხომ სიგიჟეა!

ნინო: მიუხედავად იმისა, რომ მთელ შენს ბერლინურ ცხოვრებას პირდაპირი და მგონი გადატანითი მნიშვნელობითაც თან გასდევს გულისრევის გრძნობა და რკინის გემო პირში, მაინც არ წუწუნებ. „მუცელში ნელი მოქმედების ბომბი მიდევს და არა უბრალოდ ღვიძლი. ეს კი უკვე მთელი შაჰიდური პოეზიაა, გნებავს, მოჯაჰედური ბლუზი“, – წერ „ტურისტის საუზმეში“. რა გეხმარება იმაში, რომ, იგივე, C ჰეპატიტის მკურნალობით გამოწვეული ტანჯვაც კი ტექსტად აქციო?

ზაზა: მე მომხმარებელი და პერფექციონისტი ვარ. მე ვიყავი მხატვარი, ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ არ იყო ეს ჩემი საქმე. მერე როგორღაც წერა დავიწყე. თუმცა დიდი განსხვავება ამათ შორის არაა. უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ საღებავები შევცვალე სიტყვებით. ასეა თუ ისე, მე მივუძღვენი საკუთარი თავი მწერლობას. და, რაღაც აზრით, გამიმართლა. ცხადია, უკეთესს ვისურვებდი, მაგრამ ძალიანაც არ მაქვს საწუწუნო. თუმცა მიძღვნა ბევრ რამეზე უარის თქმასაც გულისხმობს. მე მაქვს განცდა, რომ სრული და ფერადი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრე. არადა, ჩემს ტექსტებში ბევრად უფრო უდარდელის შთაბეჭდილებას ვახდენ, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ბევრს ჰგონია, რომ მე თავზეხელაღებული ტიპი ვარ და კლუბებიდან არ გამოვდივარ. ეს კომპლიმენტია, ე.ი. ტექსტი დამაჯერებელია. სინამდვილეში კი მატყუარა ვარ, The Great Pretender, მსახიობი, რომელიც ათას როლს ირგებს. ჩემი ცხოვრება არის კომედია, ერთი მხრივ, Mein Kamp და, მეორე მხრივ – ჩემი პირადი „რვანახევარი“ და „ქალთა ქალაქი“ ერთად. პერფექციონიზმს რაც შეეხება, მე სულ ვეძებ სწორ სიტყვებს, რადგან მუდამ მახსოვს მარკ ტვენის ნათქვამი: „სწორ სიტყვასა და თითქმის სწორ სიტყვას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც ელვასა და ციცინათელას ბჟუტვას შორის“.

ფელინის „ამარკორდიდან“ ერთი სცენა, ეკლესიაში ტიტა აღსარებას რომ ეუბნება მღვდელს, დონ ბალოზას. ამ დროს მღვდელი თან უსმენს, თან საკუთარი ხელის თითებს ყნოსავს, და შენ ხვდები, რომ სადღაც ცუდ ადგილას ჰქონდა მანამდე ეს თითები. მაშინ მივხვდი, რომ მნიშვნელოვანია დეტალებზე დაკვირვება, დეტალებით შედეგში შეგიძლია იპოვო მიზეზი.

ნინო: რა არის ის, რაც სხვებისთვის გაზიარების სურვილს გიჩენს, რა ვნებაა, დაწერო საკუთარი სისუსტეების შესახებ, და კი არ დაწვა ტექსტი, არამედ მიიტანო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში და დაბეჭდო რაც შეიძლება დიდი ტირაჟით?

ზაზა: თავიდან ვფიქრობდი, რომ წიგნად კი არ დამებეჭდა, არამედ ინტერნეტში უფასოდ დამედო და ნებისმიერ მსურველს შეძლებოდა ტექსტის წაკითხვა. მაგრამ მერე დავფიქრდი და მარტო იმიტომ არ გავაკეთე ასე, რომ შემეშინდა, უფასო და მუქთა ვის დააინტერესებს-მეთქი. პროდუქტი სათანადოდ თუ არ შეიფუთა, ადრესატამდე ვერ მიაღწევს. არცერთი წიგნი აღარ ჩაიდება ძვირფასი თვლებით მოჭედილ ყდაში, როგორც „ვეფხისტყაოსანი“, რომ მზითევში გაატანონ ქალს. დღეს ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გვინდა. სანამ არ ვნახავთ კოკა-კოლას რეკლამას, არ გვახსოვს, რომ თურმე გვწყურია.

ნინო: შენ ამბობ, რომ სწორად, ლამაზად შეფუთვა მნიშვნელოვანია. ანუ ისიც მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურები, არა? როგორ აკეთებ შენი გარეგნული იმიჯის კონსტრუირებას?

ზაზა: მგონია, რომ გარეგნული მხარე შინაარსსაც ცვლის, სხვანაირად გვაკითხებს შიგთავსს. როცა სტილი თითქმის უნიფორმა ხდება, ანუ ყველას თითქმის ერთნაირად აცვია, ამ ერთნაირობიდან ოდნავი გადახრაც კი გიქმნის ილუზიას, რომ იმაზე მაღლა დგახარ, რასაც გაექეცი. ამან კი თავბრუსხვევა იცის. ბულგაკოვის „ძაღლის გულში“ შარიკოვი ხომ მაშინ იწყებს თავისნაირებზე ძალაუფლების დემონსტრირებას, როცა ჩაიცვამს, ანუ მისნაირებზე მაღლა დადგება. ზოგადად, პრანჭია კაცი ვარ. არის ასეთი კარგი ამერიკელი მწერალი ტომ ვულფი, რომელსაც მუდამ თეთრი კოსტიუმი აცვია. რატომ? იმიტომ, რომ უნდა, გამორჩეული იყოს.

რაც შეეხება გაზიარების სურვილს, ჯონ კოლტრეინი ამბობდა: „მე მინდა ადამიანებს ვაგრძნობინო, რომ მესმის მათი. მესმის მათი ტკივილი და მინდა შევუმსუბუქო იგი“. მე ასეთი მაღალი მიზნები არ მამოძრავებს.

არ ვიცი, ეს ალბათ იცი რა არის, კოსმოსში გამოკიდებული ადამიანური სევდაა, როცა ხვდები, რომ არაფერი ხარ, საერთოდ არაფერი. ყველაფერი წარმავალია, და გინდა მოასწრო და კედელზე დაფხაჭნო, რომ აქ იყო ვანო, გურამი, ნანა, არ ვიცი, ვინმე… რომ აი, მეც ვიყავი აქ. ალბათ ეს გაქრობის შიშია. „ცუდად მაინც ხომ არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება“. როგორც ჰელდერლინი ამბობს: „ჩვენ არაფერი ვართ, რასაც ვეძებთ, ისაა ყველაფერი“.

ნინო: გიფიქრია როგორ სიკვდილს ისურვებდი?

ზაზა: ვისურვებდი თვითმკვლელობას, თუ შინაგანი ძალა მექნა, მინდა, რომ გავაკონტროლო ჩემი სიკვდილი.

ნინო: როგორ, იარაღს დაიხლიდი შუბლში?

ზაზა: არა მგონია, მე ესთეტი ვარ. იარაღით ტვინის გასხმა არ მგონია ლამაზი იყოს. ეს სიკვდილ-სიცოცხლის შეხვედრაა, ლინჩის ფილმი ხომ არა. მაინცდამაინც არც ჩამოხრჩობა მიზიდავს. არ მინდა სიკვდილს ჩაჯმული შევეგებო. ისიც მეყოფა, რაც სიცოცხლეში ჩავიჯვი. ოდესღაც მხიბლავდა ცხელ აბაზანაში მაჯის გახსნის იდეა, მაგრამ ჩაცმული არ იზამ ამას, არაა ლამაზი. მე კი სიშიშვლის მრცხვენია. ასე რომ, ალბათ ოვერდოზი. თუმცა გაზიც კარგია, გაზი! იაპონელები მაგრები არიან ამ ამბავში.

მე არ ვარ სავარძელში ჩაფლული ჰომერულად მოხარხარე ღმერთი, მე ვარ გრეგორ ზამზა – კაცი, რომელიც დაცოცავს და ბრჭყვიალა ნაკვალევს ტოვებს. ყველაზე შემზარავი გმირი მსოფლიო ლიტერატურაში, კაცი, რომელიც ისე კვდება, არ იცის, რომ ფრთები აქვს და შეუძლია გაფრინდეს.

ნინო: უცბად ეს ფრაგმენტი გამახსენდა წიგნიდან: „ძლიერ მომინდა მამის „ჟიგულიში“ დაბრუნება: იქ, სადაც სრულიად დაუცველად და უმწეოდ ვგრძნობდი თავს. იმიტომ ხომ არა, რომ დროთა განმავლობაში სულ უფრო კომფორტული გეჩვენება კაცს ყოველგვარი წარსული, რაკი ნებისმიერი ამბავი იქ მზა სახით არსებობს და მისი უარესად დასრულების საშიშროება აღარ არის“. არადა, თვითმკვლელობაზე ისე საუბრობ, ვითომ სიკვდილისაც კი არ გეშინია.

ზაზა: მე მშიშარა ადამიანი ვარ, რა თქმა უნდა. მე მაქვს ჭკუა და, შესაბამისად, ვაღიარებ საკუთარ თავთან, რომ ვარ სუსტი. მე ვერაფრით ვიშორებ შიშს, რომ ალისა ტიჰირო რამეს იტკენს ან დაიზიანებს. ჩემზე რომ იყოს, ისეთ ოთახში მოვათავსებდი, აგრესიულ გიჟებს რომ სვამენ. ჩემი აზრით, ალისა ტიჰიროსთვის იდეალური იქნებოდა რბილკედლებიანი ოთახი, სადაც წამახული არაფერი მოიძებნებოდა.

ეს ყველაფერი არის ჩემი თავდაცვა, ჩემი ფარია. ეს სათვალეც ჩემი ფარია, ხომ შემიძლია, მხედველობის კორექცია გავიკეთო და მოვიხსნა, მაგრამ მე მომწონს სათვალე, მე იგი მიცავს. ეს არის ფარდა, საზღვარი თუ ტიხარი, ჩემსა და სხვას, ჩემსა და გარე სამყაროს შორის. თავის გადაპარსვაც, წვერიც, ყველაფერი ფარებია. გალაკტიონს ვიტყვი: „მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს“, ვერ მომიხელთებთ, „სხვა სივრცეების ვარ ბინადარი“. სინამდვილეში მე პატარა კაცი ვარ და მიწაზე დავღოღავ. მე არ ვარ სავარძელში ჩაფლული ჰომერულად მოხარხარე ღმერთი, მე ვარ გრეგორ ზამზა – კაცი, რომელიც დაცოცავს და ბრჭყვიალა ნაკვალევს ტოვებს. ყველაზე შემზარავი გმირი მსოფლიო ლიტერატურაში, კაცი, რომელიც ისე კვდება, არ იცის, რომ ფრთები აქვს და შეუძლია გაფრინდეს.

ნინო: შენ ხომ შეგიძლია საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა. ჰოდა, შეგიძლია ამიხსნა, რას ამბობ ისეთს, რასაც სხვები ვერ ამბობენ, რითი ხარ გამორჩეული მწერალი?

ზაზა: მეჩვენება, რომ მესმის იმ ავტორების, ვისაც ვკითხულობ. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ გაგება, მამარდაშვილის თქმით, რთული აქტია. ეს ნიშნავს მოსმენილის, გნებავს, წაკითხულის საკუთარ გამოცდილებაში გადატანას. ცხადია, ყოველთვის არაა ასე. ხან დგება ეს აქტი, ხან – არა, მაგრამ რაღაც აუცილებლად გელექება. ჯონ კოლტრეინი გენიალური მუსიკოსი, მაძიებელი და იმპროვიზატორი იყო, მაგრამ ისე მოკვდა, რომ რევოლუციურად დიდი, რაც მუსიკის მიმართულებას შეცვლიდა, ვერ შექმნა. კოლტრეინი გავლენების ქვეშ იყო მთელი თავისი ცხოვრება. სონი როლინზიდან ორნეტ კოულმენამდე, უსასრულოდ. მეც სულ გავლენების ქვეშ ვარ, ჰოდა, ვცდილობ, ეს გავლენები ჩემებურად შევმიქსო. ეს არის და ეს. ვთქვათ, ერთი წინადადება თუ მთელი აბზაცი ისე დავწერო, რომ სენეკაზე ან რაბლეზე ვფიქრობდე, მაგრამ ჰანტერ თომპსონის ან ბეროუზის ენით ვწერო, ან პირიქით. მსგავსი შემიქსვები ძალიან უცნაურ, მშვენიერ სამყაროებს ბადებს ხოლმე.

ამიტომაც ვუკიდებ Sonic Youth -ის ალბომზე გამოსახული სანთლიდან სიგარეტს. მე ვიკვებები ამ გავლენებით. ფოტოზე არ ვართ მარტო მე და Sonic Youth. აქ არის გერჰარდ რიხტერიც, ვინც ეს სანთელი დახატა. მაგრამ ეს საუბარი შორს წაგვიყვანს.

„ტურისტის საუზმე“ ამის მცდელობა იყო. როცა ასეთ ბოზურ რამეს ხარშავ, უნდა ეცადო, რომ სადღაც შენი ხმაც ისმოდეს. მაილს დევისის Bitches Brew ერთ-ერთი ის ალბომია, რამაც მუსიკის მიმართულება შეცვალა. ისე, დევისს ოხრად აქვს შედევრები, მაგრამ Kind of Blue და Bitches Brew ორი აუღებელი მწვერვალია. ამ ბოლოს რაც შეეხება, აქ ხვდება ერთმანეთს ჯაზი და როკი, ცოტაც ფანქი, ესაა ფიუჟენი. ფიუჟენია მთელი ჩემი ლიტერატურაც. მე ვიტყოდი, ესაა რაღაც ლურჯსა და ბოზურ ნახარშს შორის.

ნინო: გიორგი ნაკაშიძემ დაახლოებით ასეთი რამე მითხრა: როდესაც „ტურისტის საუზმე“ დავასრულე, ფინალმა ტვინში თავისთავად ამომიტივტივა წარწერა – coming soon-ო. რაზე იქნება შემდეგი წიგნი, ისევ საქართველო, ისევ საკუთარი თავი?

ზაზა: არასდროს ვიცი, კონკრეტულად, რაზე უნდა დავწერო. თუ დაწყებამდე ჩანაფიქრის ხერხემალი გაქვს, უკვე კარგია. ხერხემალს ნელ-ნელა რაღაცებს ამატებ, და თუ ორგანიზმში გულმა დაიწყო ფეთქვა, ფილტვებმა სუნთქვა, მერე ცდილობ, რომ ეს ახალი სიცოცხლე გადაარჩინო, ფეხზე დააყენო და ხალხში გაუშვა. თუმცა, ზოგჯერ, შენი შვილი გამოდის მახინჯი და ის მახინჯიც გიყვარს, როგორც მშობელს და იმასაც უშვებ სამყაროში და ხელსაც აშველებ. მაგრამ ხშირად გარეორსულობასავით არის, უფრო ზუსტად, მშობიარობის შეჩერებასავით, გწყდება მუცელი, ვერ შთაბერავ სულს.

ნინო: გჭირდება ცნობიერების ხელოვნურად შეცვლა მუშაობის რაიმე ეტაპზე? ჰალუცინოგენები არის თუ არა საშუალება შენთვის, „ითამაშო“ ცნობიერებით?

ზაზა: ნარკოტიკები არ მჭირდება. მე კი ვარ საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი, მაგრამ ამავე დროს მაქვს ილუზია, რომ მართვის სადავეები მიპყრია ხელთ. მეშინია, რომ ეს სადავეები გამექცევა ხელიდან და ამიტომ არ მსიამოვნებს. ფხიზელი გონებითაც შემიძლია ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობის თითქმის იდენტური სიამოვნების მიღება.

მე სულ ვმუშაობ. ჩემი სამუშაო დღე და ღამე ერთმანეთს გავს, თუ წერის პროცესში ვარ, მაშინ ჩემი ტვინი ყველაფერს საშრობივით იწოვს. ქართველები ხომ მომხმარებლები ვართ, მეც მომხმარებელი ვარ იმ ფანტომებისა, რომელიც გარს მარტყია, ვცდილობ მოვიხელთო, ჩემს ფილტრში გავატარო და ვაქციო ტექსტად.

 

ნინო: რატომ ხარ ასე ძალიან მძაფრად მოცული კონტროლით?

ზაზა: არ ვიცი, ალბათ ბავშვობაში მიღებული ტრავმები ძალიან გამიმძაფრდა და ბუმერანგივით დამიბრუნდა. ჩვენ, კულტურული ადამიანები, საკუთარი ტრავმებიდან მოვდივართ, და აი, ამ კულტურულ ადამიანს მინდა, იმაზე ლამაზი და მომხიბვლელი ვიყო, ვიდრე ვარ, იმაზე ძვირად გავყიდო საკუთარი თავი, ვიდრე ვღირვარ... არადა, ჩირადაც არა ვღირვარ.

ნინო: არასდროს გეზარება იმის ხაზგასმა, რომ ცხოველები ადამიანებზე მეტად გიყვარს. რატომ? ადამიანები გძულს?

ზაზა: არ მძულს. ჩვენც ცხოველები ვართ. მხოლოდ აბსტრაქტული აზროვნების უნარშია სხვაობა. ჩვენ ყველაზე დიდი მტაცებლები ვართ. ადამიანის სიცოცხლისთვის ხორცის ჭამა არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც ჭამს. ცხოველთა ბედი სრულიად არ აღელვებს. სანამ თბილისში ვიყავი, ყოველ დილით მივდიოდი ზოოპარკში, სადაც გული მებერებოდა ცხოველების სევდით. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ზოოპარკის, ცხოველთა დატყვევების, დატუსაღების. აღარ არის საჭირო, ჩვენს შვილებს გალიაში ვაჩვენოთ ცხოველები იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ მათზე. მაგრამ ჩვენ ჯიუტად გვინდა, გვქონდეს ზოოპარკი. ცხოველთა სამყარო იმდენად შევავიწროვეთ, რომ მე გამიჩნდა დიდი დანაშაულის გრძნობა. აქედან – გამძაფრებული სიყვარულიცა და პატივისცემაც მათ მიმართ. ადამიანი დამნაშავეა ცხოველების წინაშე.

ყველაზე მზრუნველი და კეთილი ხმა, რაც კი ცხოვრებაში მსმენია, ჰქონდა საბჭოთა შემეცნებითი გადაცემის „ცხოველთა სამყაროში“ წამყვანს ნიკოლაი დროზდოვს. ეს იყო თითქმის შეუძლებელი კაცი. ვირთხაზეც კი, ისე ლაპარაკობდა, თითქოს პეპელა ეჭირა ხელით.

გომბროვიჩი ერთგან თავის დღიურებში წერს: ადამიანი ცხენზე ბუნებისთვის ისეთივე გაუგებრობაა, როგორც მაიმუნი სპილოზეო. ჩვენ მთელი სამყარო ლაჯებქვეშ ამოვიდეთ, ყველა და ყველაფერი ტრაკში ამოვისვით.

ნინო: არის რამე, რასაც განსაკუთრებით აფასებ ადამიანებში?

ზაზა: თავდადებას, მიძღვნის უნარს. მე მივუძღვენი ჩემი თავი ჩემს პროფესიას და გავხდი რაღაცით ატანილი. მეცნიერი, არტისტი, სპორტსმენი... თუ არ არის ახირებული, ვერაფერს მიაღწევს. ადამიანმა ხშირად უნდა იმეორო გალაკტიონივით – „ავანგრევ ქვეყანას და ხელახლა შევქმნი“.

ნინო: შენს წიგნებში დეტალები მნიშვნელოვანი ხდება და მნიშვნელოვანი ამბები ფუტურო, ცარიელი. გახსენდება რამე ისეთი მომენტები შენი ცხოვრებიდან, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა შენი ბედი, აღქმა, შეგცვალა თავად შენ?

ზაზა: პირველი, რაც მახსენდება, არის ჯოი ადამსონის „ორი სამყაროს ძუ ლომი“. აქედან დაიწყო ცხოველებზე დაკვირვება, მათი ბედით დაინტერესება.

ფელინის „ამარკორდიდან“ ერთი სცენა, ეკლესიაში ტიტა აღსარებას რომ ეუბნება მღვდელს, დონ ბალოზას. ამ დროს მღვდელი თან უსმენს, თან საკუთარი ხელის თითებს ყნოსავს, და შენ ხვდები, რომ სადღაც ცუდ ადგილას ჰქონდა მანამდე ეს თითები. მაშინ მივხვდი, რომ მნიშვნელოვანია დეტალებზე დაკვირვება, დეტალებით შედეგში შეგიძლია იპოვო მიზეზი.

და ცივი ბებიაჩემი, რომელიც ძილში მოკვდა. ერთ ლოგინში ვიწექით. დილით ბაბუაჩემს გაეღვიძა, მე მისმა შეძახილმა გამომაფხიზლა. ფეხებით ვგრძნობდი, რომ მკვდარს ჯერ კიდევ შემოენახა სითბო საბნის ქვეშ, არადა, სახე უკვე გალურჯებული ჰქონდა. როგორც კი საბანი გადახადეს, სითბოც გაქრა, როგორც ღამის ზმანება.

არაფერი შეედრება განცდას, საჯაროდ ჩასვრისას რომ გეუფლება კაცს, უცბად სხვების თვალწინ სრულად რომ გაშლი დამცირებისა და შეურაცხყოფის მთლიან სახეს, როგორც ფარშავანგი კუდს. სლოკინიც რომ აგიტყდება, ენაც პირსახოცივით გაგიშრება და ზურგზეც ჭიანჭველები ჩაგაცოცდებიან. ოდნავ რომ შეგაყანყალებს მიწისძვრა. პირველი ტალღა რომ გაივლის და ორმაგი გრძნობა გრჩება ‒ არ იცი, უკვე შეგეშინდა თუ კიდევ შეგეშინდება, მთავარმა ბიძგმა უკვე გადაიარა თუ ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი. აი, რა მაკლია ბერლინში ყველაზე მეტად. დამცირება და შეურაცხყოფა.

ნაწვეტი წიგნიდან "ტურისტის საუზმე"