ზეიდი სმითი. 1975.  

ბრიტანელი მწერალი და ესეისტი. მსოფლიო პოპულარობა 2000 წელს გამოქვეყნებულმა სადებიუტო რომანმა „თეთრი კბილები“ მოუტანა. ჟურნალმა „თაიმმა“ ეს ნაწარმოები წლის საუკეთესო რომანების ათეულში შეიყვანა. დღეს ის ექვსი რომანის, მოთხრობებისა და ესეების კრებულის ავტორია. მისი შემოქმედების მთავარი თემა მულტიკულტურული საზოგადოება და იდენტობაა. 

ფილიპ როთი – 1933-2018.

ცნობილი ამერიკელი მწერალი, ესეისტი, სცენარისტი, პულიცერისა და ბუკერის პრემიების ლაურეატი. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მოთხრობების კრებულმა „მშვიდობით, კოლამბუს“, რომანებმა „ამერიკული პასტორალი“, „პორტნოის სინდრომი“, „ადამიანური ლაქა“ და სხვა. ფილიპ როთი 2018 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. 

მახსოვს, ერთხელ მე და ფილიპ როთმა აუზში ცურვაზე ვისაუბრეთ, რაც, როგორც აღმოჩნდა, ორივეს ძალიან გვიყვარდა. მას ცურვა ჩემზე უფრო სწრაფად და დიდხანს შეეძლო. ფილიპმა მკითხა: „ცურვის დროს რაზე ფიქრობ?“ მე მას მოსაწყენი სიმართლე ვუთხარი: „ვითვლი, ერთი წრე, ორი წრე, სამი წრე...“ ფილიპს გაეცინა და ალბათ გაინტერესებს, მე რაზე ვფიქრობო, მკითხა. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა. „მე ვირჩევ წელს, მაგალითად, ავიღოთ 1953, და ვიხსენებ, რა მოხდა ჩემს და ჩემი ახლობლების ცხოვრებაში. მერე ვიხსენებ, რა მოხდა ნიუარკში და ნიუ-იორკში, მერე ამერიკაში. შემდეგ, შეიძლება, ევროპაზეც გადავიდე და ა.შ.“ მისმა სიტყვებმა გამაოცა, ერთბაშად დავინახე მისი ენერგია, ნებისყოფა, მიზანდასახულობა, სიზუსტე, ცნობისმოყვარეობა, ინტელექტი. ფილიპ როთი აუზში ისეთივე იყო, როგორც ფილიპ როთი საწერ მაგიდასთან – სულით ხორცამდე მწერალი. ჩვენდა საბედნიეროდ, მას წერის გარდა არაფერი აინტერესებდა და ყველაფერი, რასაც აკეთებდა, მწერლობას ემსახურებოდა. ის უჩვეულოდ ადრე მიხვდა, რომ წერა სხვების კეთილგანწყობის მოპოვების საშუალება არ არის და არც სხვებისთვის მოსაწონი იდეების ჩამოყალიბება უცდია ოდესმე იმ მიზნით, რომ სხვებს სწორ ადამიანად ჩაეთვალათ. „ლიტერატურა არ არის მორალის სილამაზის კონკურსი“, მითხრა მან ერთხელ.

როთი მიიჩნევდა, რომ ლიტერატურის უპირველეს ფუნქციას მოვლენების აღწერა არ წარმოადგენდა. ის თაყვანს სცემდა ლიტერატურას, ჭეშმარიტად უყვარდა მხატვრული ლიტერატურა და (განსხვავებით ნახევარი თუ სამი მეოთხედი მწერლებისგან) ამის აღიარება არ ეთაკილებოდა.

ფილიპს ლიტერატურა უყვარდა მისი უპასუხისმგებლობის, კომედიურობის, ვულგარულობისა და ღვთიური დამოუკიდებლობის გამო.

მას არასოდეს ერეოდა ლიტერატურული ნაწარმოები სხვა ტექსტში, რომელიც ასევე სიტყვებისგან შედგება, მაგრამ ლიტერატურა არ არის. ასეთებია, ვთქვათ, მაღალი ზნეობის მაგალითები, ჟურნალისტიკა თუ პოლიტიკური განცხადებები, რაც, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია არალიტერატურული სამყაროსთვის, თუმცა, არცერთი მათგანი არ მიეკუთვნება მხატვრულ ლიტერატურას, რომელიც თავისებური მედიუმია ადამიანებს შორის და რომელიც თავს უფლებას აძლევს, წააქეზოს ადამიანი, რომ ინტიმური, და ხშირად, უხერხული სიმართლე ყველას გასაგონად თქვას.   

თავად ფილიპ როთი მუდამ სიმართლეს ამბობდა – თავისებურ, სუბიექტურ სიმართლეს და ამისთვის ლიტერატურულ ენასა და ტყუილს იყენებდა, ენერგიის ამ ორ განუყრელ წყაროს, რომელიც ლიტერატურის გულს ამოძრავებს და დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. ბუნებრივია, როთი ასეთი ადამიანების რიცხვში არ შედიოდა, მას ლიტერატურის გამო დისკომფორტი არასოდეს შექმნია.

მეორე მე, ყალბი მე, მოგონილი მე, შეცვლილი მე, შემზარავი მე, უცნაური მე, დამამცირებელი მე – ის ყველანაირ მეს გულთბილად ეგებებოდა.

ყველა მწერლის მსგავსად, მასაც ჰქონდა უამრავი იდეა და ამბავი, რომელიც მისი შემოქმედების უკან იდგა. მის წიგნებში შევხვდებით ცრურწმენებს, გაურკვეველ ადგილებს, მრავალ ისეთ მეს, რომელსაც ის მხოლოდ ნაწილობრივ თუ ხედავდა და აღიქვამდა, ან არასწორად ესმოდა მათი, მაგრამ სხვა მწერლებისგან განსხვავებით, არ ცდილობდა მათ იდეალურად დახატვას. როთს კარგად ესმოდა, რომ ამ კუთხით სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია. ამასთან, იცოდა, რომ სუბიექტივიზმსაც აქვს საზღვარი და ეს საზღვარი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხედავ ობიექტს, ხოლო მწერლის ყველაზე დიდი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ის საშუალებები გამოიყენოს სრულად, რაც ხელთ აქვს. ფილიპ როთმა ზუსტად ისეთი წიგნები დაწერა, როგორიც თავიდანვე ჩაიფიქრა და ზუსტად ის თქვა, რისი თქმაც უნდოდა. ფილიპ როთი წერის დროს ყველა რესურსს იყენებდა და არაფერს ინახავდა შავი დღისთვის. რა უნდა იყოს მწერლისთვის ამაზე დიდი შთაგონება! და თანაც, აუზში, ვითომც აქ არაფერიაო, ოთხმოცდახუთი წრე შეასრულო, ამოხვიდე და უკან არც მიიხედო!

როცა ფილიპ როთი გავიცანი, ის წიგნებს აღარ წერდა, კითხულობდა. შეიძლება ითქვას, მხოლოდ ამერიკის ისტორიას კითხულობდა და ყველაზე მეტად მონობა აშფოთებდა. მის მაგიდაზე დახვავებული იყო ამ საკითხზე დაწერილი უამრავი კანონიკური, ისტორიული თუ ბუნდოვანი წიგნი, რომელთაგანაც ბევრი პირველად ვნახე. ზოგჯერ, ჩემთვის საინტერესო წიგნი სახლში მიმქონდა, ერთი თუ ორი თვის შემდეგ კი ვუბრუნებდი და ერთად განვიხილავდით ხოლმე. როდესაც ვინმესთან როთის ამ გატაცებას ვახსენებ, ყველა გაოცებით შემომცქერის, მე კი ამას დიდი მწერლის სამუშაოს ვუწოდებ. როთი უაღრესად პატრიოტი ადამიანი იყო, თუმცა პატრიოტიზმს არასოდეს გადაუწონია და არც გაუქრია მისი ჯანსაღი ინტერესი საკუთარი ქვეყნის მიმართ. სურვილი ჰქონდა, ამერიკა მთელი თავისი მშვენიერებითა და სისასტიკით შეესწავლა, გამოეკვლია ამერიკის კეთილშობილი იდეები და, ამასთან, სისხლიან რეალობაზე თვალები არ დაეხუჭა. არ იყო აუცილებელი, რაიმე საკითხი თუ ამბავი ყოფილიყო იდეალური, რომ ფილიპში ინტერესი და ცნობისმოყვარეობა გაეღვიძებინა. ამ ამბებს ის თავის სამყაროში აგროვებდა და წიგნების შესაქმნელად იყენებდა. ფილიპმა კარგად უწყოდა, რომ ადამიანი წარმოადგენს სათაყვანო და არაჯანსაღი, იდეალური და აბსურდული, მშვენიერი და მახინჯი მხარეების ნაზავს და ამიტომ, ის სხვებს არასოდეს განსჯიდა, მაშინაც კი, თუ სხვები ფილიპს მათი სისუსტეების დანახვას არ პატიობდნენ. ვიცი, ალბათ არ მოეწონებოდა იმის გაგონება, რომ მისი ლტოლვა პარადოქსულისა და არასრულყოფილის მიმართ მისი წარმომავლობიდან მოდიოდა, მაგრამ მე ამას მაინც ვიტყვი. 

ამოუწურავი ენერგია – აი, რა იყო ფილიპ როთის ღვთისგან ბოძებული თვისება. და ეს მან მთლიანად ამერიკას მოახმარა – ქვეყანას დაუტოვა დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც უდავოდ დიდ გავლენას მოახდენს მომავლის ლიტერატურაზე. როთის განწყობა და სული, ასევე, ადამიანებით, ამბებით, მხიარულებით, ისტორიით, სექსით, მძვინვარებით სავსე მისი შემოქმედება მანამდე იქნება ახალი მწერლებისა და შემოქმედების ინსპირაციის წყარო, ვიდრე ლიტერატურა იარსებებს. 

როდესაც მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე, პირველი აზრი, რამაც თავში გამიელვა, ის იყო, რომ ფილიპ როთი ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი, ყველაზე გონიერი ადამიანი იყო, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. და მადლობა ღმერთს, მისი ნიჭი, ინტელექტი, ემოცია, ხედვა მის წიგნებშია.