ეს ის ემიგრაციის ისტორიაა, რომელიც გზაზევე შეწყდა

გოგი, 44 წლის, ცხინვალი

პატარები ვიყავით, მამაჩემმა ჟინვალჰესზე რო დაიწყო მუშაობა. იქით გადავედით საცხოვრებლად. სკოლა ჟინვალში დავამთავრე და ინსტიტუტში ჩასაბარებლად მოსკოვში წავედი. დედა და მამა უკვე გაცილებულები იყვნენ. დედაჩემი ჟინვალში დარჩა, უკვე პენსიონერი იყო, მამაჩემი ცხინვალში წავიდა. მას მერე აღარც მინახავს. მოსკოვში პირველ წელს ჯარში ვიმსახურე. აქეთ, ჩემი დები გათხოვდნენ, ძმამ რუსთავის მილიციაში დაიწყო მუშაობა.

1991 წელი იყო, გაზეთში საქართველო მარტო ქართველებისთვისო, წერდნენ. დედაჩემს ვეკითხებოდი, დედი, ეს რა ხდება-მეთქი და არ ინერვიულოო, მე ვინ რას დამიშავებს, სამოცი წლის ქალსო. ერთხელა ქუჩაში სცემეს, მითხრა რაღაც ქართული გვარი, ოსი რომ ვიყავი, იმიტომ მცემაო.

სულ ვეკითხებოდი, დედა, წამოვიდე-მეთქი? არაო.

ჩემი ძმა აფრთხილებდა, დედაჩემო, სახლიდან არ გამოხვიდეო. მაგრამ იმ სახლშიც, ხან რას უგდებდნენ, ხან რას, წადი აქედან, შე ოსოო. ბოლოს თვითონაც შეეშინდა, ცხინვალის ავტობუსს გავყვებიო, წავიდა და გორში, პიკეტზე, არაფორმალებმა გააჩერეს. ავტობუსში სტუდენტი გოგოებიც იყვნენ. დედაჩემი ქართულად თავისუფლად ლაპარაკობდა. იმათ სიტყვა ქართული არ იცოდნენ. თქვენი საბუთებიო, და ოსები, ყველა ქვევით ჩამოდითო. დედაჩემი წამოხტა, მერე რა, რო ოსები არიანო? თქვენ გირჩევნიათ ჩუმად იჯდეთო. მეც ოსი ვარო, ამან. ჩამოიყვანეს დედაჩემიც.

სამ წელში, 1994 იყო, ცხინვალში, ჩემი გოგო რო გაჩნდა, სამშობიაროში ბიცოლაჩემმა მომაკითხა – ვიღაც გოგოებს შენთან ლაპარაკი უნდათო. დები იყვნენ, ან ბიძაშვილები. არც გვარი მახსოვს. იმათ მითხრეს, რო ჩაიყვანეს დედა ავტობუსიდან, ეჩხუბებოდა თანა, რას აკეთებთო. იქვე გამოჭრეს ყელი.

ხელზე ოქროს ბეჭედი ეკეთა, 400 მანეთი კიდე ჩანთაში ედო, ხელი არაფერს არ ახლეს, მარტო პასპორტი წაიღეს. დედაჩემი სკრაში, ხიდის ქვეშ დააგდეს.

მეორე დღეს გლეხმა იპოვნა გვამი მდინარესთან, თვალები არ ჰქონდაო მკვდარს. მილიციამ ჩანთაში პატარა ბლოკნოტი უნახა, იქ ეწერა დრიაევი ელენა, ისე გაგლოევა იყო.

ჩემი ძმის ტელეფონიც ნახეს. ღამე დაურეკეს, ელენა დრიაევას იცნობო? სასწრაფოდ მილიციაში ჩამოდიო. მეც მილიციონერი ვარო, ამან. ეგრევე მივხვდიო, ძმაკაცებს დავურეკე და წავედითო. ჩემ ძმას გვარი უკვე გადაკეთებული ჰქონდა, პასპორტში გრძელიშვილი ეწერა. ქალაქის ადმინისტრაციაში უთხრეს, თუ ძმა ხარ, მტრებს ნუ გაიჩენ, გორში ვერ დაგასაფლავებინებთ, წაიღე ეს შენი ოსი დედის ცხედარი და სადაც გინდა, იქ დამარხეო. არადა, ცხინვალში არ უშვებდნენ. ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ყარდა გვამი. ფორმალინიც არ გაუკეთეს მორგში. ლპებოდა ცხედარი. მერე სიძემ უთხრა, მოდი, მეჯვრისხევში დავასაფლავოთ, ვერავინ ვერ გაიგებს ვინააო. ისე დაასაფლავეს, არც სახელი დააწერეს, შემოავლეს რაღაც ღობე და ეგრე დატოვეს.

1991 წლის ივლისი იყო.

ყველა მეუბნებოდა, რა გინდა თბილისში, არ წახვიდე, იქიდან ოსებს ყრიან, ხალხი გარბისო. დედაჩემი უნდა ვნახო-მეთქი.

აგვისტოში, ჯერ ორმოციც არ იყო გასული, რო ჩამოვედი. ჩემი და ვნახე, მერე ძმას ჩავაკითხე რუსთავში. რად მიდიხარ, დარჩი აქაო. რანაირად დავრჩე, დედიკოს ნახვა მინდა-მეთქი. როგორ, მარიზანმა არაფერი გითხრაო? არა-მეთქი. დედა აღარა გვყავსო. ისტერიკა დამემართა. ოცი წლისაც არ ვიყავი.

საქმეს ვინ აღძრავდა მაშინ.

ჩვენი ჟინვალის სახლში, უკვე ვიღაც ცხოვრობდა. ადმინისტრაციამ გვითხრა, სასწრაფოდ დაცალეთო. ნივთები წამოვიღეთ და გორში, ჩემ დას ჩავუტანეთ. არავინ მოგვშველებია, ყველას ეშინოდა. ვინ იტყოდა რამეს, ზვიადის დრო იყო.

ერთი კლასელი მოვიდა ჩემთან სამძიმარზე, ხელი დამადო მხარზე და ხო იცი, ოსებს აქ არავითარი მიწა არ ჰქონიათო, მითხრა. ჩვენ სახლში სხვები ცხოვრობდნენ და მე რუსთავში ჩემ ძმასთან ვრჩებოდი, როცა აქეთ ვიყავი. არსად არ მიშვებდა ჩემი ძმა, ეშინოდა. ერთხელ ნატახტარის გადასახვევთან, ავტობუსით გაგვაჩერეს არაფორმალებმა. იქით თამრიკო იჯდა, ჩემი სკოლელი, ჟინვალელი გოგო. ხო არაფერი გაქვსო, ჩუმად მკითხა. ეს მაქვს-მეთქი, პასპორტი მივაწოდე. ეგრევე დამალა. ავტომატიანი რო მომადგა, საბუთებიო, არაფერი არ მაქვს, სახლში მივდივარ-მეთქი.

მამიდაჩემი, ჩემი ნათესავები ყველა გაქცეულია. დაიცალა მაშინ ეს სოფლები.

გაგლოევი კობა წერს წიგნს და იქაცაა ეს ამბები.