მარიამი, 31 წლის, ფლორენცია

ერთხელ დამირეკა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, იუსტიციაში მოდიო. მივედი და მითხრა, პასპორტი უნდა გააკეთო და იტალიაში წახვიდეო. ფინანსური მდგომარეობა გვქონდა ძალიან რთული. მე, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი, ორი შვილი მყავდა, ხუთი და ექვსი წლის და თან დედაჩემიც ემიგრაციაში იყო, საბერძნეთში მუშაობდა. ბავშვები ძალიან პატარები არიან-მეთქი, მაგრამ, რასაც ეს ადამიანი იტყოდა, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, სხვა გზა არ მქონდა. თან ისეთი ეჭვიანი იყო, მაშინ უკვე ვფიქრობდი, იქ რამე საბაბი არ მოიგონოს-მეთქი.

მაგრამ, როგორც მითხრა, გავაკეთე პასპორტი, ავიღე ვიზა და ორ კვირაში იტალიაში წავედი. დამპირდა, მეც მალე ჩამოვალო. დილის ექვსი საათი იყო, ბავშვებს ეძინათ, შევედი ოთახში, დავჯექი საწოლზე და მძინარეებს ვეფერებოდი. მახსოვს, როგორ ვტიროდი ჩუმად, რომ არ გამეღვიძებინა.

იტალიაში თავიდან ჩემი მეუღლის დასთან ვცხოვრობდი. ძალიან მძიმეა, ენა არ იცი, არ გაქვს საბუთი, თან ხარ ახალგაზრდა. არავის არ უნდა ახალგაზრდა სახლში იმიტომ, რომ იტალიელი ქალებიც ძალიან ეჭვიანები არიან. თვალში რომ არ მოვხვედროდი, განგებ უფრო ასაკიანივით ვიცვამდი, მივდიოდი ცოტა მოუწესრიგებელიც, რომ არ ეფიქრათ, სხვა მიზნით მოვიდაო.

ცხრამეტი წლიდან კოშმარში ვიცხოვრე. მიყვარდა და ვიყავი ადამიანთან, ვისთანაც არაფერი არ გამდიოდა, ჩემს სიტყვას ფასი არ ქონდა. რაც ჩემი მეუღლე გავიცანი, მას მერე მოსვენება დავკარგე. არ უნდოდა, რომ მესწავლა, რომ მემუშავა. ჩემით დავიწყე მუშაობა, მახსოვს, ბოლო ხმაზე ყვიროდა, როცა ვუთხარი, კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი მაქვს და ჟურნალისტად ვიწყებ მუშაობას-მეთქი. ისეთი ფინანსური მდგომარეობა გვქონდა იმ დროს, რომ აუცილებლად უნდა მემუშავა. ცოტა ხანი მაცადა, მაგრამ მერე დამაწერინა განცხადება სამსახურში და წამოვედი.

ისე ვიყავი დაპროგრამებული, რომ მეტყოდა ეს მანქანა მინდაო, წავიდოდი და მე ჩემს მშობლებს ვეტყოდი. მე დედისერთა ვარ და ჩემი მშობლები არაფერზე არ მეუბნებოდნენ უარს. ჯერ ერთი მანქანა უნდოდა, მერე მეორე, მესამე. უნდოდა ოქრო, უნდოდა ფული, უნდოდა სადმე წასვლა, უნდოდა ჩაცმა, უნდოდა ვიდეოსამონტაჟო სტუდია – ყველაფერში ჩვენი მშობლები გვეხმარებოდნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ მამაჩემის სახელზე დიდი თანხა გამოიტანა ბანკიდან და ჩადო ჩემი მშობლების სახლი. პლუს ამას ჩემი ნათესავებისგანაც ისესხა ფული. მთელი ჩემი ოქროულობა ლომბარდში ჩადო, მომატყუა, ბიძაშვილს სჭირდებაო. გავატანე ოქრო და რამდენიმე თვის შემდეგ, სახლში აღმოვაჩინე ფურცლები, ლომბარდის ხელშეკრულება, სადაც ჩემს ქმარს ყველაფერი თავის სახელზე ჰქონდა დალომბარდებული. დიდ თანხაზე იყო ლაპარაკი, რამდენიმე ათას დოლარზე.

ეს თანხა ჩემი შრომით გადავიხადე, ემიგრაციაში, საქართველოში ამას ვერ მოვახერხებდი.

იტალიაში რამდენიმე თვეში ავეწყე სამსახურებში. ყოველ წამს მომდიოდა მისი შეტყობინებები, ან მირეკავდა და რომ ვერ ვპასუხობდი, სკანდალებს მიწყობდა. მე დღის დალაგებებზე დავდიოდი, საათობით მქონდა ანაზღაურება და ვინ მომცემდა ტელეფონზე საუბრის უფლებას. მერე მწერდა, რომ მე სამსახურში კი არა, ვიღაცასთან ვარ სექსით დაკავებული. ეს ხდებოდა ექვსი თვის განმავლობაში. რომ დამირეკავდა, უნდა მეჩვენებინა, აი, ახლა აბანოს ვალაგებ, ახლა კუხნას, აი, ამ სახლში ცხოვრობს ეს, ვინ შედის, ვინ გამოდის – ყველაფერი უნდა სცოდნოდა. ჩემი ფეისბუქის პაროლებიც კი მოითხოვა და მივეცი. ისე მოქმედებდა ჩემზე, რომ საკუთარი თავი დავკარგე, საერთოდ აღარ ვარსებობდი.

ექვს თვეში ფული გამაგზავნინა და ჩამოვიდა. მინდოდა, ენახა, სად ვმუშაობდი, რომ თავი დაენებებინა. ჩამოსვლიდან მეორე დღეს მცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ბინაში, სადაც მე ავიღე ოთახი, ცხოვრობდნენ სხვა ადამიანებიც, ერთი ბიჭი და ცოლ-ქმარი. ბუნებრივია, ბინაში შედიხარ და ესალმები ადამიანებს. ასეთი წვრილმანების გამო შეეძლო ხელითაც შემხებოდა. თვითონ იშოვნა სამსახური, მაგრამ ორ დღეში მიატოვა, სხვის კონტროლს ვერ ავიტან, უფროსებს ვერ შევეგუებიო. და მორჩა. ყველაფერი ჩემი გასასტუმრებელი იყო. ისეთ სამსახურებში ვმუშაობდი, სადაც არავინ არ შედიოდა, მეტი ანაზღაურება რომ მქონოდა.

აქ ყოფნის დროს, უკვე ძალადობდა ჩემზე ფიზიკურად. ვეღარ ვუძლებდი. რამდენჯერმე გონება დავკარგე. ერთ დღეს პოლიციიდან დარეკეს, დაჭერილი იყო. პიჟამოზე მოვიცვი კურტკა და გავიქეცი. პოლიციიდან გამოვიყვანე და ცემა დამიწყო, სპეციალურად მოხვედი გვიან, იქ რო დიდხანს ვყოფილიყავიო. ქუჩაში, ტროტუარზე ჩამოვჯექი, სისხლს ვიწმენდდი, რომ ქართველი, ნაცნობი ცოლ-ქმარი შემხვდა. იმათ მიმაცილეს სახლამდე. იქ კიდევ გაგრძელდა ჩვენი კამათი და ზუსტად იმ დღეს დავკარგე გონება. თვითონ სახლიდან გაიქცა. რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. რო დაბრუნდა, მე სხვა ოთახში გადავედი, არ შემეძლო მასთან მარტო დარჩენა. მერე 24-საათიანი სამსახური ვიშოვნე და ასე გავარიდე თავი. ვერავინ ვერ ეგუებოდა, არ ენდობოდნენ. ყველა ემიგრანტი ქალი ქუჩის ქალი და ბოზიაო, ხმამაღლა ამბობდა. ამ ლაპარაკის გამო ვერავინ ვეღარ იტანდა.

ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ საქართველოში მიდის. ფული გამომართვა, ბილეთი იყიდა და წავიდა. საღამოს ბავშვების ამბის მოსაკითხად დავრეკე და ჩემი ყოფილი დედამთილის განწირული კივილი მომესმა: შე უნამუსო, ქუჩის ქალო, ჩემი შვილი როგორ დაადეპორტეო. დავრეკე ჩემს მშობლებთან, ისინიც ჩაერთვნენ ამ ამბებში და წავიდა ძალიან დიდი დაძაბულობა. სამ დღეში გავიგე, რომ ჩემმა მეუღლემ განქორწინებაზე შეიტანა, ბავშვებზე მეურვეობა და ალიმენტები მომთხოვა. მეგონა მეხუმრებოდნენ, მაგრამ ბავშვებთან ლაპარაკიც ამიკრძალეს და მერე მეც გავფრინდი საქართველოში.

იმის მშობლებმა ყველაფერი იცოდნენ, რამდენჯერ მითხოვნია, დალაპარაკებოდნენ, თქვენთან ვერ ბედავს და დამეხმარეთ-მეთქი. ცოდვას ვერ ვიტყვი, ხშირად დამდგომიან გვერდში. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანი მამაჩემს აყენებდა შეურაცხყოფას, ან მე მამცირებდა ყველას თვალწინ.

პირველი ორი წელი, რაც ხელფასი ამიღია, ან მისი მშობლებისთვის და ჩემი შვილებისთვის გამიგზავნია, ან ისევ მასზე დამიხარჯავს. ჩემს მშობლებს ჩემთვის არასოდეს არაფერი უთხოვიათ, სანამ დედა ძალიან ავად გახდებოდა. ეხლა ოთხი წელია იტალიაში ვარ. ზუსტად ორი წლის წინ დამატყდა თავზე, რომ დედაჩემს მეოთხე სტადიის კიბო ჰქონდა. დამირეკეს და მითხრეს, რომ დედა ისე ავადაა, საბერძნეთიდან საქართველოში უნდა დაბრუნდესო. ჩემმა მეუღლემაც, მისმა ოჯახმაც იცოდნენ, რაც სჭირდა, მაგრამ არ მეუბნებოდნენ. და როცა დედას ყველაზე ძალიან სჭირდებოდა ჩემი დახმარება, მე ყველაფერს ისევ ჩემი მეუღლის სახლში ვაგზავნიდი. ყველა გადარიცხვის ქვითარი ეხლაც შენახული მაქვს. მითხრეს, ეს იმიტომ, რომ არ გენერვიულაო, მაგრამ მე ხომ ვიცი, ფულის გამო აკეთებდა ამას. მარტო ფული იყო მისთვის მნიშვნელოვანი. მეც ფულით ვიშორებდი თავიდან, რომ გავუგზავნიდი, რამდენიმე დღე თავს მანებებდა ხოლმე.

დედაზე არაფერი არ ვიცოდი, სანამ თბილისში არ ჩამოვედი, ექიმთან არ წავყევი და მე თვითონ არ გავარკვიე ყველაფერი. დედა დამხვდა სულ სხვა ადამიანი. ბავშვები შეშინებულები, პირველად რომ მივედი, ბებიას და ბაბუას ამოეფარნენ უკან. ისინიც იმას მეძახოდნენ, რაც მამასგან ესმოდათ, მაფურთხებდნენ. ამ ჩემმა დედამთილ-მამამთილმა და ქმარმა, გაწევ-გამოწევაში კურტკა შემომახიეს. იქამდე კიდე პოლიცია გამოიძახეს, თავს დაგვესხაო, სახლში გვივარდებაო. პოლიცია რომ მოვიდა, გაარკვია ყველაფერი, დაზარალებული აქ თქვენ კი არა, ეს ქალიაო. წამოვიყვანე ბავშვები და წამოვედი. ის ოთხი თვე, რაც თბილისში ვიყავი, ბავშვები ჩემთან იყვნენ. ეს ჩემი ყოფილი მაინც არ მეშვებოდა, სადაც ვმუშაობდი, ბავშვებით წავიდოდი, მოვარდებოდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, მაგრამ თან უკვე განქორწინებაზე უარს ამბობდა და შერიგებაზე მელაპარაკებოდა.

დედაჩემის ექიმებთან ტარებამ მიმახვედრა, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების ერთადერთი გზა თურქეთში წაყვანა იყო. გავყიდე ჩემი მშობლების მეორე სახლი და დედა თურქეთში წავიყვანე. უკვე ვიცოდით, რომ მალე დაიღუპებოდა. მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდებოდა, ნათესავებიც გვეხმარებოდნენ, მე და მამაც ვმუშაობდით, მაგრამ უკვე ვეღარ ვწვდებოდით. ისევ იტალიაში უნდა დავბრუნებულიყავი, რომ ხარჯები დამეფარა.

ბოლო ორი წელი, სამ და ოთხ ადგილას ერთდროულად ვმუშაობდი, რომ მკურნალობის ფული მომეგროვებინა.

ბავშვები ჩემს მშობლებთან დავტოვე, მაგრამ, როგორც კი გაიგეს, მე იტალიაში წავედი, მოვიდა და თავისთან წაიყვანა. იმ დღიდან ჩემი შანტაჟი დაიწყო. ბავშვებთან აღარ მალაპარაკებენ. დედამთილსაც დავურეკე და ადამიანურად ვუხსნიდი, ბავშვები ორივე ბებია-ბაბუასთან უნდა იყვნენ-მეთქი, მაგრამ არაფერი. ის კი არა, დედაჩემს ურეკავდნენ, საავადმყოფოში იწვა ქალი და აგინებდნენ, უვარგისები ხართ, შენც და შენი შვილიცო. სასამართლოში იმან კიდევ ახალი სარჩელი შეიტანა, ისევ განქორწინება და ალიმენტები მოითხოვა, ბავშვები ისევ მიისაკუთრა. დაიწყო სასამართლოები. პირველ სასამართლოზე ალიმენტები დამენიშნა, მაგრამ ბავშვებთან კონტაქტის საშუალებას აღარ მაძლევდა. ვიდეოზე გადაიღო და მაჩვენა, როგორ აჭამა ძაღლებს გოგოს დაბადების დღეზე გაგზავნილი საჩუქრები და ტორტი. კინაღამ გული გამისკდა, როცა ვნახე 3 მარტს ჩემი შვილის გაკეთებული მისალოცი ბარათი, ბებიამისს დედის დღეს ულოცავდა. ჰოდა, დავჯექი ერთ დღესაც, დავუკავშირდი ადვოკატებს, გადავეცი ყველა ჩემი სოციალური ქსელის პაროლი, მოვაგროვე მასალები და სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე.

სასამართლომ მეურვეობა მე მომანიჭა, მაგრამ სანამ იტალიაში ვიყავი, მინდობილობით მე დედაჩემს გადავეცი. ბიჭი არ გაჰყვა, მარტო გოგო წავიდა ცოტა ხნით, მაგრამ მალე ისევ უკან დედამთილთან დაბრუნდა. ძმა მენატრება და გამიშვიო, მთხოვა. მერე დედა დამძიმდა. ისე დაიღუპა, უფროსი შვილიშვილი არ უნახავს. დასაფლავებაზე ვერც მე ვერ ჩამოვედი, კაპიკი ფული აღარ მქონდა.

ეხლა ვემზადები წასასვლელად. ის გაუთავებლად მწერს, რომ როგორც კი ჩავალ, მომკლავს. ხომ იცი, რომ დამჭირდეს, ამის გამკეთებელი იტალიაშიც ვარო.

ჩემს შვილებს ასეთ ადამიანთან ვერ დავტოვებ, დაიღუპებიან.

პოლიციაც საქმის კურსშია, გადაგზავნილი მაქვს მასალები, მაგრამ თუ ფაქტი არ იქნა, ადამიანს ვერ დავაკავებთო. გაფრთხილება ორჯერ აქვს უკვე მიღებული.

ზუსტად ვიცი, რომ გოგო მელოდება და წამომყვება. ბიჭი ძალიან შეშინებულია, მამამისის ეშინია და ვიცი, რომ შეიძლება გამიჭირდეს, მაგრამ ყველა დედას აქვს იმის ძალა, რომ შვილი დაიბრუნოს.

თუ ეს ადამიანი თავს დამანებებს, მაშინ იტალიაში აღარ დავბრუნდები. მაგრამ თუ ვიგრძნობ საფრთხეს, აუცილებლად წამოვალ, თუ დამჭირდა, საქართველოს მოქალაქეობაზეც ვიტყვი უარს.

იმიტომ, რომ იტალიაში შევძლებ უსაფრთხოდ ცხოვრებას. აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალია საქართველოდან ყოფილი მეუღლეებისგან გამოქცეულები. ჰყავთ ადვოკატები და ბარდებიან. ეს სახელმწიფო ბოლომდე გვიცავს.

ერთი გოგოა, რომელსაც ზუსტად ისევე აშანტაჟებს თავისი მეუღლე, თუ ფულს არ გაუგზავნის, ბავშვებს არ ალაპარაკებს. უნდა ეფეროს აქედან, უნდა გაუგზავნოს იმდენი, რამდენსაც მოსთხოვს, თუ არადა, ბავშვებს ვეღარ დაელაპარაკებიან.

აქ არიან განადგურებული ახალგაზრდა ქალებიც და ორმოცდაათი-სამოცი წლისებიც. ხელფასს აიღებენ თუ არა, ყველაფერს შვილებს რომ უგზავნიან, ათ ევროსაც არ იტოვებენ. ბავშვებს გავუგზავნეო, იტყვიან, ეს მათი ბავშვი, ამ დროს არის ოცდაათი და ორმოცი წლის. დაღუპულან აქ ქალები კიბოთი და შვილებს არ გადაუსვენებიათ.

აქ არის ერთი ემიგრანტი ქალი, რომელიც დაბრუნდა საქართველოში და საკუთარ სახლში დასაძინებელი ადგილიც კი არ დახვდა. ადგა და უკან ჩამოვიდა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, გაწყვიტა შვილებთან კონტაქტი და ყველა ნათესავს დაუბარა: რომ მოვკვდები, საქართველოში არ გადამასვენოთო.