სკულპტურული, გრაფიკული და ქალური კაბა

2009 წელს ლონდონის ყველაზე პრესტიჟული მოდის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, პირველი ვარსკვლავები, ვინც კომას სკულპტურულ, ფუტურისტულ ნამუშევრებს ყურადღება მიაქცია და მათი დიდ სცენაზე მორგება გადაწყვიტა, ბიონსე, ლეიდი გაგა და რიანა იყვნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, კომას ქალის ანატომიური სილუეტის ულტრასექსუალური კაბებით, თავს უკვე წითელ ხალიჩაზე იწონებდნენ ჰოლივუდის დახვეწილი სტილის მქონე მსახიობები. საკუთარი ბრენდის David Koma-ს სწრაფი ტემპებით განვითარების პარალელურად, ლეგენდარულ ფრანგულ მოდის სახლ Mugler-ში შემოქმედებითი დირექტორის პოზიციის დაკავებიდან 2 წლის თავზე, წარმოშობით ქართველმა, სანქტ-პეტერბურგში გაზრდილმა დევიდ კომამ იმდენი მოახერხა, რომ მილენიუმის შემდეგ მივიწყებული 1980-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ Mugler-ის ბრენდს ახალი სული შთაბერა და განსაკუთრებულად პრეტენზიული 20 წელს გადაცილებული ნორჩი კლიენტურის ყურადღებაც მიიპყრო. თუ შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ და მკაცრი, ინტელექტუალური და სხეულზე იდეალურად მორგებული ქალის სამოსი წარმოიდგინოთ, თქვენ David Koma-ს სამოსს უყურებთ - მტკიცე ხასიათის სამოსი ძლიერი ქალისთვის.

 

ინდიგო: გახსოვთ თუ არა მომენტი, როცა მოდით დაინტერესდით?

დევიდ კომა: პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რომ როდესაც ვხატავდი, ვხატავდი ძირითადად გოგონებს, მათ ტანსაცმელს, ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ეს სერიოზული გატაცებაა. მერე კონკურსებშიც მივიღე მონაწილეობა. 15 წლისას უკვე საკუთარი ატელიე მქონდა, ვაწყობდი ჩვენებებს და, მადლობა ღმერთს, რაღაც მომენტში გავიაზრე, რომ ამ ყველაფერს ასე ვერ გავაგრძელებდი, თუ საფუძვლიანად არ ვისწავლიდი მოდას. 7 წელს ვსწავლობდი ჩენტრალ შაინტ Martins-ში. 2009 წელს, როცა დიპლომის კოლექციის ჩვენება გავმართე ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში, რამდენიმე გრანტი მოვიგე, მათ შორის იყო ლონდონის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის Harrods-ის დაწესებული პრიზი. ჩემზე დაწერეს პრესაში, რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა მოირგო ჩემი კაბა. ეს უკვე აღიარება იყო. მალევე ჩემი ბრენდი David Koma ლონდონში დავაფუძნე.

ინდიგო: რა სირთულეებს უკავშირდება ლონდონში საკუთარი ბრენდის მართვა?

დევიდ კომა: თუ განათლება ლონდონის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში გაქვს მიღებული (30-ზე მეტი ასეთი სასწავლებელია მოდის მიმართულებით და კონკურენციაც, შესაბამისად, ძლიერია) და ყურადღების მიქცევაც შეძელი, ასეთ შემთხვევაში არსებობს ბრიტანეთის ნაციონალური საბჭო, რომელიც დიზაინერებზე სხვადასხვა ტიპის გრანტებს და დაფინანსებას გასცემს. თუ გაგიმართლებს, ფინანსურ დახმარებასთან ერთად, პრესაში სათანადო გაშუქებას, მოდის კვირეულის ფარგლებში ჩვენების უფასოდ ორგანიზებას და, რაც ყველაზე მთავარია – ამ ორგანიზაციის წევრების კეთილგანწყობას იღებ, რაც იმის გარანტიაა, რომ შენს ჩვენებას საჭირო ადამიანები დაესწრებიან. რეალურად, ლონდონში ან პარიზში ჩვენების გამართვა დიდი სირთულე არ არის, თუ ფული გაქვს, მაგრამ გადამწყვეტია – ვინ დაესწრება მას. 4-5 წლის განმავლობაში ბრიტანეთის ნაციონალური საბჭოს გრანტი რამდენჯერმე მოვიპოვე. მეც ეს დამეხმარა ძალიან, თან განვვითარდი, თან ახალ-ახალი გრანტი მოდის ახალი იდეების განსახორციელებლად, თან პარიზში, ლოს-ანჟელესში, აზიაში, ბრაზილიაში მნიშვნელოვან ბაიერებთან და პრესის წარმომადგენლებთან ვაბამ კონტაქტს… აი, ამ ყველაფრის დამსახურებაა ის, რაც დღეს ვარ.

ინდიგო: ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ლეგენდარული და ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული მოდის სახლის Mugler-ის შემოქმედებით დირექტორად მუშაობა თქვენი საოცნებო საქმე იყო.

დევიდ კომა: როცა 12 წლის ასაკში მოდით სერიოზულად დავინტერესდი, დოკუმენტური ფილმი ვნახე ტიერი მაგლერის შესახებ. მახსოვს, ვიდეოკასეტაზე ჩავიწერე და შემდეგ დიდი გულისყურით ვუყურე. მაგლერი რეალურად პირველი იყოს, ვინც ჩემზე მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა, თითქმის პირველი სიყვარულივით იყო ჩემთვის. მას შემდეგ, რაც ლონდონში გადავედი საცხოვრებლად, ბევრი საინტერესო დიზაინერი აღმოვაჩინე, რომლებიც დღესაც ძალიან მიყვარს, თუმცა მაგლერი პირველი ბავშვური სიყვარული და ოცნება იყო.

ძალიან მიყვარს 1980-იანი წლების პერიოდი და მაგლერიც ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ როცა მაგლერის მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის პოზიცია შემომთავაზეს, ეს ნამდვილად იქცა ჩემთვის ახდენილ ოცნებად.

ასე რომ, ახლა ორ ბრენდზე ვმუშაობ ერთდროულად – ლონდონსა და პარიზს შორის ვანაწილებ დროს და ენერგიას.

ინდიგო: შემოქმედებითი თვალსაზრისით არ არის რთული საკუთარი ბრენდის გარემოცვიდან სრულიად ახალ გარემოში გადასვლა? გარემოში, სადაც იქაური „ბრენდკოდი“ გხვდება, ალბათ სულ სხვა ძალისხმევაა საჭირო ბალანსის საპოვნელად.

დევიდ კომა: ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ ფრანგულ სახლში იქაური კულტურა და ისტორია დამხვდა, ტრადიცია, რომელსაც თანამედროვე ინტერპრეტაციებით უნდა გავუძღვე. ჩემს მისიას ასე ვხედავ – ახალგაზრდებს ეს უნიკალური ბრენდი გავაცნო. რასაკვირველია, ჩემი ესთეტიკა და ხელწერა ორივე ბრენდშია გამოხატული, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვახერხებ მათ დაბალანსებას.

ინდიგო: თქვენი ესთეტიკა, ხელწერა – სკულპტურასავით ჩამოსხმული სხეული, გეომეტრიული ფორმები – რა იქცა ამ ყველაფრის საფუძვლად?

დევიდ კომა: ქალის სხეული ყოველთვის განსაკუთრებულად მხიბლავდა და მაჯადოებდა. მინდოდა, ყველაფერი ისე მეკეთებინა, რომ ღმერთის შექმნილი სხეულის სილამაზე არ დამერღვია. თუმცა, რაც ყოველთვის მამოძრავებდა, იყო ძლიერი ქალის იდეა; ქალის, ვისთვისაც მიუღწეველი არაფერია; რომელიც ყველასთვის სასურველია.

ინდიგო: „სამოსი ქალისთვის, რომელიც გსურს, რომ გააღმერთო“ – ერთ-ერთმა მოდის კრიტიკოსმა ასე დაახასიათა თქვენი სამოსი.

დევიდ კომა: დაახლოებით ასე ვხედავ მეც.

ინდიგო: კოლექციაზე მუშაობას როგორ იწყებთ?

დევიდ კომა: ყოველი ახალი იდეა ინსტინქტს ეფუძნება. ინსტინქტს და სხეულს. ინსპირაცია კი ნებისმიერი სფეროდან შეიძლება მოდიოდეს, თანამედროვე მხატვრობით დაწყებული, ბალეტითა და თანამედროვე ცეკვით დამთავრებული.

ინდიგო: დღეს უკვე ზღვარი მოდასა და ხელოვნებას შორის სულ უფრო შეუმჩნეველი ხდება, თქვენთვის სად გადის ეს ზღვარი?

დევიდ კომა: გააჩნია, როგორ მიუდგები, მე ამ საქმეს ვუდგები, როგორც მოდას, მაგრამ ამოსავალი წერტილი ჩემთვის ყოველთვის არტია, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი ხელოვნებით გატაცებას. ამიტომ მე ჩემს არტისტულ იდეებს სამოსის შექმნის გზით გამოვხატავ. რასაკვირველია, პარალელურად არსებობს ბიზნესმხარეც – სამოსი უნდა იყოს სასურველი, მისი ჩაცმა უნდა შეძლონ ადამიანებმა და ამ ყველაფრის კომბინაციით იქმნება სწორედ ძლიერი ბრენდი.