წარდგენა / ვინ არიან: გერმანულ-ნორვეგიული დუო, რომელიც შთაინ ომარმა და მაქს ბოსმა 2010 წელს დააარსეს. DIY ორიენტაციით გამორჩეული EASTER-ის მუსიკას პოპს მიაკუთვნებენ, მიუხედავად იმისა, რომ საუნდი ხაზგასმით ცივი და სტერილურია. დუო არ ერიდება პოლიტიკურ განაცხადებს და საკუთარ ვიდეოებში ხშირად პროვოცირებს გენდერის და სექსუალობის თემით. EASTER საქართველოში Muzame-ს მოწვევით ჩამოვიდა და Spacehall-ში ერთსაათიანი შოუ გამართა.

დოუს გამოცემული აქვს ორი სტუდიური ალბომი და რამდენიმე EP.

 

თქვენი პირველი შეხვედრის შესახებ ისტორია ინტერნეტში უკვე წავიკითხე, ამიტომ ამ კითხვის დასმას აღარ ვაპირებ.

Max Boss: ოჰ, მშვენიერია, მადლობა.

ისე, მანამდე რას აკეთებდით?

Stine Omar: მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ხელოვნების სფეროში მინდოდა მუშაობა. ამიტომ ნორვეგიაში ხელოვნების სკოლაში ვისწავლე. მაშინ უფრო ვიდეო მაინტერესებდა.

Max Boss: მე ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება იმ ღამით იწყება, როდესაც ერთმანეთს შევხვდით. იქამდე სულ მეგონა, რომ ცხოვრებაში ვერავინ გამიგებდა. მაშინ ბერლინში იმიტომ ჩავედი, რომ გამეგო, საერთოდ რისი კეთება მინდოდა.

ხშირად, ერთ ადამიანზე მეტი, სტუდიაში საქმეს ართულებს. თქვენ კი ამბობთ, რომ ჰარმონიულად მუშაობთ.

Stine Omar: ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. მანამდე მეგობრები ვიყავით. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ამ ურთიერთობიდან მოდის და ამიტომაც გამოგვდის ადვილად. ლეიბლთანაც არ ვთანამშრომლობთ, ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა, და მაშინ, როცა გვინდა.


სტუდიაში როლებს როგორ ინაწილებთ?

Stine Omar: მე ძირითადად ტექსტებს ვწერ, მაქსი მუსიკას.


თქვენს ნამუშევრებში პირდაპირი, ხანდახან სწორხაზოვანი ტექსტებია. როგორ იწყებთ ალბომზე მუშაობას? მახსოვს ამბობდით, რომ ბოლოს რამდენიმე სიტყვა-გასაღები გამოიყენეთ და მათ გარშემო მთელი ალბომის კონცეპტი ააგეთ.

Stine Omar: კი, ასეა, მაგრამ არ მახსოვს რა სიტყვები იყო.

Max Boss: რაღაც აბსტრაქტულს ვირჩევთ ხოლმე, რომელიც ცხოვრების კონკრეტულ პერიოდს ან მომენტს უკავშირდება.

თქვენ შესახებ რა ინტერვიუებიც წამიკითხავს, არსად მინახავს კონკრეტულ მუსიკალურ ბექგრაუნდზე გესაუბრათ. რას უსმენთ ხოლმე? ან ბოლოს ვინ მიიქცია თქვენი ყურადღება?

Max Boss: მოიცა, გავიხსენებ... (ჯიბიდან აიფონს იღებს და ფლეილისთს სქროლავს). აი, Stine საერთოდ არ უსმენს მუსიკას. გადავხედე ჩემს ფლეილისტს და ვისაც ვპოულობ, ყველა უცნობი და ანდეგრაუნდარტისტია.


საკუთარ თავს პოპმუსიკის ავტორებად მიიჩნევთ?

Stine Omar: კი, მომწონს ეს ტერმინი. პოპი. და ჩვენი მუსიკა აბსოლუტურად გამოხატავს ჩვენს ცხოვრებას.

თუმცა, პოპმუსიკა ხშირად პროგნოზირებადია, თქვენ კი მოგწონთ მეტი სიბნელის, ექსპერიმენტების შემოტანა.

Max Boss: ექსპერიმენტები პირველ ალბომში უფრო გვქონდა. ახლა ჩვენთვის მთავარია, მსმენელთან აბსტრაქტული მესიჯებით არ ვილაპარაკოთ და პირდაპირ ვთქვათ ის, რისი თქმაც გვინდა.